პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მოზარდების საიდუმლოებანი

წინა პოსტებში გაკვრით ვახსენე ჩარლი, პატრიკი და სემი. მერე თავი უხერხულადაც კი ვიგრძენი, მეტი რომ არ გიამბეთ ამ შესანიშნავი სამეულის შესახებ და საერთოდაც, გამოგიტყდებით, სტივენ ჩბოსკის “მარტოსულობის უპირატესობანი” წაკითხვამდე ბანალური, თინეიჯერული, ცუდად დაწერილი დრამა მეგონა. რა სისულელეა!

ჩბოსკის რომანს ამერიკაში დაახლოებით იგივე ბედი ეწია, რაც ბუღაძის “ბოლო ზარს” საქართველოში. მართალია, “ბოლო ზარი” არ აკრძალულა, თუმცა ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, ქართველი ერი ლაშა ბუღაძეს სიამოვნებით დაწვავდა კოცონზე, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა, ისევე როგორც მე-11 კლასელი ნუციკოს იდეაფიქსი: საძულველი სკოლის აფეთქება. “ბოლო ზარი” ქართული გროტესკია ძველი ბიჭებით, მზესუმზირას ქერქებით, ფურთხის გუბეებით, “დერსკი”, უტვინო გოგოებით, დაჩაგრული, წიგნიერი მოსწავლეებით და მასწავლებლებით, რომლებიც უმოქმედონი არიან და შეუძლიათ, მოსწავლეების ვიზუალიზაციის მიხედვით განსაზღვრონ საკუთარი დამოკიდებულებები. რელიგიური ფანატიზმის გაშარჟებაც ბუღაძის სტილია. ალბათ ამიტომაც განსაკუთრებით არ უყვართ. ქართველი ერი ვერ აიტანს როკერ ჯამბულას, ნაკურთხ დისკოთეკებსა და ათას “სატანისტურ გამოხდომას”. ვაითუ, რომელიმე მათგანის ნაკურთხ ჯიპს ჩრდილი მიადგეს და კიდევ ათასი “ვაითუ”. “ბოლო ზარი” ცოტა არ იყოს, საგმირო რომანიც გახლავთ: ნადრიკუჩას დაუჯერებელი გაქცევა ციხიდან ბასრი კბილისა და გაზრდილი თმა– წვერის დახმარებით საინტერესო და კომიკური ჰიპერბოლაა. ეს ახალგამომცხვარი, მამრობითი სქესის რაპუნცელი საკუთარ თავს ისე მარტივად გადაარჩენს, როგორც დიდი მარკეტების მზა კერძებს გადავურჩენივართ მოულოდნელი სტუმრების “თავდასხმისას”.
როგორები არიან 90–იანელი ამერიკელი მოზარდები?! რა პრობლემები აწუხებთ? რაზე ფიქრობენ? როგორ ერთობიან? როგორ ახერხებენ ადაპტაციას სოციუმთან? – კითხვებზე პასუხი ახლახან ქართულ ენაზე გამოცემულ რომანშია, სათაურით “მარტოსულობის უპირატესობანი”. ყდის დიზაინი არ გაგაკვირვებთ: ალბათ გეცნობათ კიდეც სამი მეგობარი პოპულარული ეკრანიზაციიდან.
მოზარდებს ყველაზე მეტი საიდუმლო აქვთ, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, იმდენი. ნამდვილი საიდუმლო ისეთი საიდუმლოა, რომელიც მაქსიმუმ ორმა კაცმა იცის. ერთი შენ ხარ. მეორე კი ვერ იქნება მასწავლებელი, მათი ხელობა თქვენი დატუქსვა და მშობლების საქმის კურსში ჩაყენებაა, ვერც მშობლებს მოუყვებით, მშობლები ისე გაიზარდნენ, რომ თქვენი აღარ ესმით და დედამ ტორტის ბისკვიტის უნაკლოდ შექმნის საიდუმლო უფრო კარგად უწყის, ვიდრე საკუთარი შვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები. სჯობს, ყველაფერი წვრილად მოუყვე შენს უცნობ მეგობარს, თან წერილების წერა ძალიან რომანტიკულად გამოიყურება, ეს ყველაფერი აუცილებლად შენი ცხოვრების მე–15 წლიდან უნდა დაიწყო. ჩარლიც, ეს მარტოსული, ჩაკეტილი მოზარდი, რომელსაც უახლოესი მეგობარი ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, წერილების წერას იწყებს. დიახ, სულაც არ არის უცნაური, რომ გყავს მეგობარი, რომელსაც არ იცნობ. თქვენ შესანიშნავები ხართ, რადგან შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთოთ ჩაკეტილი სივრციდან გასაღწევად, თქვენ იცით, ეს წრე არ გაწყობთ, დიახაც, არ გაწყობთ, თქვენ ნამდვილი მეგობრები გჭირდებათ და ძიებას იწყებთ ასე: არა სატელეფონო წიგნიდან, არამედ კლასელების მონაყოლიდან: “საშინლად ვიყავი, მაიკლი რომ გარდაიცვალა, ამ დროს კლასში შევამჩნიე ერთი გოგო, რომელიც თავის მეგობარს შენზე ესაუბრებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობდი, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით, რადგან მისი მონაყოლიდან შენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ისეთ ადამიანად აღგიქვი, რომელსაც ბავშვისგან წერილების მიღება არ შეაწუხებდა. ისეთ ადამიანად, რომელიც მიხვდებოდა, რომ წერილები დღიურზე უკეთესია, რადგან მიწერ-მოწერა ურთიერთობაა და გარდა ამისა, დღიური, შეიძლება, ვინმემ აღმოაჩინოს”. ეს ჩარლია, რომელიც შემდგომში უკვე რეალურ, ნამდვილ მეგობრებს, პატრიკსა და სემს გაიცნობს. ამ მხიარულ და–ძმასთან ერთად მას შეუძლია, თავი უსაზღვროდ იგრძნოს. შეუძლია, სემი შეუყვარდეს და საკუთარ თავს ეროტიკული სიზმარი მხოლოდ იმის გამო არ აპატიოს, რომ სემი მისი ნებართვის გარეშე ნახა შიშველი. მას შეუძლია იტიროს, როცა ბედნიერია და მაშინაც, როცა უბედურია. დიახ, დიახ, ნუ გიკვირთ; ბიჭებიც ტირიან და ეს არც ისეთი უხერხულია.
ამერიკელი მოზარდები ქართველი მოზარდებისგან თითქმის არ განსხვავდებიან. საერთო პრობლემები ხომ ინტერნაციონალურია, მხოლოდ ფონია კონტრასტული. ამერიკელი მოზარდების თვისება ხმაურიანი წვეულებების მოწყობაა და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდული აურზაური რომელიმე “მმკ”-ს არ შეაწუხებს, მაქსიმუმ, მშობელი მოვიდეს საკუთარი არაფხიზელი შვილის შინ წასაყვანად და მასწავლებელმაც მხოლოდ იმ შემთხვევაში უსაყვედუროს, თუ რომელიმე მოსწავლე საკუთარი საძინებლის ნაცვლად რატომღაც სახურავზე ძილს გადაწყვეტს. იქაური ესთეტიკა “არაბაბულიკურია” და ვერც ფურთხების ტექნიკაში დაოსტატებულ ახალგაზრდებს იტანს, სამაგიეროდ იქაც ქვებს ესვრიან “არატრადიციული ორიენტაციის” მქონეებს, იქაც მოკრძალებით ეპყრობიან სკოლის პოპულარულ მოსწავლეებს, რომელთა მიღწევებიც სპორტსა და წარმატებულ ხუმრობაში საჯარო და მისასალმებელია. იქაც ისევე განიცდიან სასიყვარულო ურთიერთობებს და საერთოდაც, ურთიერთობებს; იქაც ჰგონიათ, რომ მამები არ ტირიან (გვ. 28– 30, ეს მნიშვნელოვანია) და დედები კი “ვარსკვლავურ ჟურნალებს” გაფაციცებით კითხულობენ და რომელიმე “სთარის” მიერ გამოცდილ დიეტაზე ჯდებიან, იქაც ძალადობენ ბავშვებზე, მოზარდებსა და ზრდასრულებზე. რა თქმა უნდა! ასე ხდება, სამწუხაროდ, ასეც ხდება.
მაგრამ მხოლოდ 90-იანელი მოზარდები უსმენენ “The Smiths”-ის “Asleep”-ს და საშობაოდ მხოლოდ ისინი ჩუქნიან ერთმანეთს კასეტაზე ჩაწერილ ჰიტებს.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი