პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თამთა დოლიძე – „საკუთარი ოთახი“

ვირჯინია ვულფი წერს: „თუ თვალს გავუსწორებთ სინამდვილეს, რომ არ არსებობს მაჯა, რომელსაც შეგვიძლია ჩავეჭიდოთ, არამედ მარტონი მივდივართ ცხოვრების გზაზე, მაშინ ცხადად დავინახავთ საკუთარი ოთახის არსებობის აუცილებლობას”. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი აქ მხოლოდ ქალებსა და ლიტერატურაზე ლაპარაკობს, მე ვიტყოდი, რომ ეს მოსაზრება ნებისმიერ პიროვნებასა და საქმიანობას მოერგებოდა.

 

„გამოსაჯახუნებელი კარის” არსებობის აუცილებლობა საკამათო აღარაა. წარუმატებლობის მიზეზად ადამიანები ყველაზე ხშირად განმარტოებისთვის აუცილებელი პირადი სივრცის უქონლობას ასახელებენ. და-ძმას შორის ყველაზე მწვავე კონფლიქტი სწორედ საერთო სივრცის, ნივთებისა თუ „გასაყოფი” სიყვარულისთვის ბრძოლის პროცესში წარმოიშობა.

„ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა” – ყველას უნდა, სახლში მაინც დაცულად და კომფორტულად იგრძნოს თავი. თანაც, თუ არსებობ, თუ ხარ, ერთ მტკაველ მიწას მაინც ხომ უნდა ერქვას „შენი”. საერთო სივრცის თითოეული გოჯისთვის შინ – დედმამიშვილებთან, სკოლაში კი თანაკლასელებთან გიწევს ბრძოლა. ხანდახან განმარტოების ერთადერთ საშუალებად საკუთარ ფანტაზიაში გაქცევა გრჩება.

პირადი სივრცის უქონლობას მოზარდი მტკივნეულად აღიქვამს. კარგია, როცა მშობელს აქვს ბავშვისთვის ცალკე ოთახის გამოყოფის საშუალება. ოთახი თუ არა, პატარებს საკუთარი კუთხე (მაგიდა, საწოლი, პირადი ნივთების სათავსი) მაინც უნდა ჰქონდეთ. პირადი საკუთრების პატივისცემა კი ოჯახის მთავარ წესად უნდა აქციოთ. ბავშვები ისედაც მოკლებულნი არიან არჩევანის უფლებას: ისინი არ წყვეტენ, სად იცხოვრონ და ისწავლონ, რითი იკვებონ, რა ჩაიცვან… ბაღში, სკოლაში თუ სახლში მცირეწლოვანი ადამიანი უფროსების მიერ წაყენებული პირობების ტყვეობაშია და ნელ-ნელა კარგავს საკუთარი თავისკენ მიმავალ გზას.

მართალია, მშობლებს მხოლოდ საუკეთესო სურთ შვილებისთვის, მაგრამ რატომღაც არასოდეს უსმენენ პატარებს. უმეტესად თავიანთი განუხორციელებელი, ბავშვობისდროინდელი ოცნებების ასრულებას ცდილობენ და ვეღარ კი ითვალისწინებენ, რომ ეს ოცნებები შესაძლოა „მოდაში” აღარ იყოს.

რა სურთ ბავშვებს? – ალბათ ის, რაც დიდებს სურდათ, როცა პატარები იყვნენ, – ასე ფიქრობს „ბავშვობაგადატანილთა” უმრავლესობა. არადა, შეუძლებელია, ადამიანები ერთნაირად ოცნებობდნენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არც ერთი ადამიანი, არც ერთი ბავშვი არ ჰგავს ერთმანეთს.

დიდები ხმამაღლა და თამამად გამოხატავენ უკმაყოფილებას, ბავშვის ხმა კი სუსტია და გაუბედავი. მას არ შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა. მეტიც – ისიც კი არ იცის, რისი უფლება აქვს და გაქცევას ირჩევს. ბავშვმა არ იცის, როგორ დაიცვას თავი არასასურველ გარემოში ყოფნისგან. ის დაჰყავთ სტუმრად, სადაც ერთგვარ გასართობ ობიექტად იქცევა ხოლმე, აცმევენ ტანსაცმელს, რომელიც მოუხერხებელია, დიდურია და ბავშვის გარეგნობას მეტად სანახაობრივს ხდის…

გაგივლიათ ფეხშიშველს ცვრიან ბალახზე? გაჰქცევიხართ არასასურველ საზოგადოებას ხის კენწეროზე? გიჭამიათ მალულად სტუმრისთვის განკუთვნილი შოკოლადი? აი, ასე იწყება ბრძოლა პირადი სივრცის დასაბრუნებლად.

ბავშვს პატარაობიდანვე სურს ჰქონდეს რამე ისეთი, რაც მხოლოდ მისია, მაგალითად, ხეზე აშენებული ქოხი. ასეთი „საკუთარი ოთახის” მოწყობის ფუფუნება კი, სამწუხაროდ, ერთეულებს თუ აქვთ. თუმცა ეს არ არის მთავარი. ქოხმა ხის ტოტებიდან შესაძლოა თავისუფლად გადაინაცვლოს მაგიდის ან საწოლის ქვეშ, ტანსაცმლის კარადაში ან საკუჭნაოში. „სახლობანას” თამაში ნებისმიერი ბავშვისთვის აუცილებელია, რათა ხანდახან მაინც დააღწიოს თავი უფროსების მეთვალყურეობას და თავი სრულფასოვან პიროვნებად იგრძნოს. პატარების სამფლობელოში მხოლოს მათთვის მისაღები კანონები მოქმედებს.

მეც ხშირად ვმჯდარვარ მაგიდის ქვეშ, სად არ „მიმოგზაურია” ხის ტოტზე შემომჯდარს… ისიც კარგად მახსოვს, როგორ განვიცდიდი პირად სივრცეში უფროსების შემოჭრას. განა რა არის განმარტოებაში ასეთი საშიში?! თუ ბავშვს ასე სურს, შეძვრეს ტანსაცმლის კარადაში (იქნებ ნარნიაში მოგზაურობს?!), დაიმალოს საკუჭნაოში, შეჭამოს მურაბა წვნიანის ნაცვლად, დაიძინოს საწოლის ქვეშ… მოკლედ, ბავშვებს უფლება აქვთ, იყვნენ ბავშვები!

სამწუხაროდ, პატარები საკუთარ წარმოსახვაში სამოგზაუროდ უდროო დროსაც მიიპარებიან და იწყება მათი „გამოღვიძების” გაუთავებელი მცდელობა. უმეტესად მასწავლებლები ჩივიან, რომ მათი მოსწავლე „სადღაც დაფრინავს”. გამოკითხვის მიუხედავად, ბავშვები არასოდეს ლაპარაკობენ წარმოსახვით სამყაროზე. ამ დაკეტილ კარს ვერავინ შეაღებს – მის მიღმა ხომ პატარები ყველასათვის საიდუმლო ფიქრებსა და ოცნებებს ინახავენ.

ე.წ. „ორმაგი ცხოვრების” მქონე ბავშვების აღმოჩენა ძალიან ადვილია. ისინი ისე ძლიერ ცდილობენ პირადი სივრცის შენარჩუნებას, რომ თითქმის არასდროს სცილდებიან საკუთარ მერხსა თუ კუთხეს, არ ერთვებიან საკლასო/საოჯახო აქტივობებში, თამაშებში, საუბრებში, ვერ ახერხებენ თანატოლებთან საერთო ენის გამონახვას. მიზეზი ერთია – ასეთ ბავშვებს აშკარად „არ აძლევთ ხელს” გარემო, რომელიც ჩვენ, უფროსებმა შევთავაზეთ.

ბავშვების სამყაროში უხეში ჩარევა გარდატეხის ასაკში აუცილებლად შეგვახსენებს თავს. რაც უფრო მეტს ვიხეტიალებთ პატარების პირად სივრცეში, მით უფრო ხშირად მოგვიჯახუნებენ კარს მომავალში. სასურველია, არ დავარღვიოთ საზღვარი აღზრდასა და წვრთნას შორის. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ მას გამუდმებით წვრთნიან, ადრე თუ გვიან ის მწვრთნელს აუცილებლად გაექცევა.

აბა, წარმოიდგინეთ: გაძალებენ საჭმელს, რომელიც არ გიყვარს, ტანსაცმელს, რომელიც გბოჭავს, ძილს, რომელიც არასოდეს გერევა საჭირო დროს და გაღვიძებას, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახისა და საზოგადოების წინაშე, ან უბრალოდ იმას, რომ სხვანაირად ჯერ არავის უცხოვრია. ბავშვს დღის რეჟიმს, როგორც წესი, უფროსი უდგენს იმ უბრალო მიზეზით, რომ პატარამ „არ იცის დროის ფასი”. მშობელი გეგმავს შვილის ყოველ წუთს და რატომღაც თავგამოდებით ცდილობს, ისე დაღალოს ბავშვი, რომ შინ დაბრუნებულს საკუთარი სურვილების ასასრულებლად აღარც დრო დარჩეს და აღარც ენერგია.

ასეთი მკაცრი რეჟიმის ქვეშ მოქცეული ბავშვი ხშირად ავადმყოფობით გამოხატავს პროტესტს. ფსიქოლოგთა აზრით, მოზარდი ინერციით იწყებს ცხოვრებას, მისი არაცნობიერი ნელ-ნელა იჟღინთება უსუსურობის შეგრძნებით და თანდათან საკუთარი სხეულზეც კარგავს კონტროლს. შედეგად ვიღებთ იმუნიტეტის დაქვეითებას, სისუსტეს, დეპრესიას…

მშობელი იშვიათად იცავს ერთგვარ ინტიმურ/ესთეტიკურ საზღვრებსაც – 10-12 წლის მოზარდს ისევ თვითონ ბანს და არც კი ეკითხება, სურს თუ არა მას თავისი შიშველი სხეულის გამოჩენა; ურჩევს მისთვის მისაღებ ვარცხნილობას; დაჰყავს სხვადასხვა წრეზე, ბავშვს კი დაღლისა და უგუნებოდ ყოფნის უფლებაც არ აქვს – მისგან გამუდმებით ითხოვენ ღიმილს, კმაყოფილ გამომეტყველებას, მადლიერების გამოხატვას მშობლების მიმართ… ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უგეგმავენ მომავალს ცოცხალ თოჯინებს, მიერეკებიან წარმატების აღმართზე და „ფინიშთან” დაგვიანებულებს დაუნდობლად „ამათრახებენ”. თავისუფლებაწართმეული და სიამაყეშელახული მოზარდისგან კარგს არაფერს უნდა ელოდო; ის ან ბოლომდე სათამაშოდ დარჩება მშობლის ხელში, ან პირიქით – უკიდურეს მეამბოხედ იქცევა.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ვისაც თავიდანვე არ აკმაყოფილებს უფროსების მიერ შეთავაზებული გარემო და ურთიერთობები, ბავშვობაშივე იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იცხოვროს მომავალში. ხშირად ასეთი მოზარდები მარტოსულ ადამიანებად ყალიბდებიან. ოჯახური უთანხმოებებით თავმობეზრებულებს, წლების შემდეგაც ეშინიათ პირად სივრცეში სხვისი შემოშვების. მათ, როგორც იქნა, მოიპოვეს თავისუფლება და არაფრისდიდებით არ დათმობენ მას, თუნდაც იმ სასიამოვნო მიზეზით, სიყვარული რომ ჰქვია. ურთიერთობის კარგად ნაცნობი მოდელი არ აძლევთ მათ საწინააღმდეგო სცენარის წარმოდგენის საშუალებას.

მუდმივი კონტროლის ქვეშ გაზრდილი ბავშვები ხშირად ხდებიან მოძალადეები, უფრო სუსტები კი რეალობას გამოგონილ სამყაროებში გაურბიან: ან კომპიუტერული თამაშებით იკმაყოფილებენ წინააღმდეგობის სურვილს, ან სასმლითა და ნარკოტიკული საშუალებებით მოგვრილ გამბედაობას ეწირებიან მსხვერპლად. ასეა თუ ისე, ბავშვი, რომლის პირადი სივრცე ხშირად ირღვეოდა, მაქსიმალურად ეცდება, მისი სახლისა და ცხოვრების დიდი ნაწილი პირადად მას ეკუთვნოდეს და უნებართვოდ ვერავინ შეუღოს კარი. ისინი სწორედ განმარტოებით უხდიან სამაგიეროს ოჯახს.

იქნებ კობო აბეს მოთხრობის („საბავშვო ოთახი”) გმირსაც ჰგონია, რომ შვილებს საუკეთესო ალტერნატიული რეალობა შესთავაზა. სახლის სარდაფში, ხელოვნური ცის ქვეშ მოწყობილ საბავშვო ოთახს, ერთი შეხედვით, არაფერი აქვს დასაწუნი (სმოგით დაბინძურებულ ცას მაინც სჯობს). მშობლის არჩევანს ბრმად დამორჩილებული, ტყუილისთვის განწირული მომავალი თაობა ნადირობს გარე სამყაროდან შემოჭრილი სიმართლის ყოველ სხივზე – ასე იცავს პირად სივრცეს. აზრი არ აქვს ტყუილის აღიარებას, ისინი უკვე ვეღარ დაიჯერებენ მიწის ზევით არსებულ სამყაროს, ვეღარ შეელევიან უკანასკნელი ადამიანების სტატუსს. მათ ხომ იმ მომავლის გადასარჩენად ამზადებენ, რომელიც დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.***

ისევ ვირჯინიასა და საკუთარი ოთახის მნიშვნელობას თუ დავუბრუნდებით, აღმოვაჩენთ, რომ „მე” მხოლოდ მოხერხებული ტერმინია ვიღაცისთვის, ვინც სინამდვილეში არ არსებობს”. მე კი ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ შეუძლია ჯანსაღი ინდივიდების აღზრდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი