სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

დედის მოსვლამდე

მამა დედინაცვალმა გაზარდა. მამიდები იტყოდნენ ხოლმე, დედინაცვალი ზღაპარშიც გვეჯავრებოდაო, მაგრამ მამაჩემი გამზრდელს დედას ეძახდა. ორი წლისა დაობლდა და ფაქტობრივად დედინაცვლის სუნმა დედისა ჩაანაცვლა. 

ასეთი ადამიანები, სხვის სისხლსა და ხორცს რომ მიიკრავენ და კარგად თუ ცუდად რომ ზრდიან, რომ იტვირთავენ ხოლმე, ძლიერი ადამიანები არიან. ასეთ ძლიერ ადამიანებს ხშირად საკუთარი შვილები არ ეძლევათ და ალბათ სწორედ იმიტომ არ ეძლევათ, რომ განსაკუთრებით ძლიერები არიან.

მაგრამ ეს პოსტი მე მაინც სულ სხვა რამეზე მინდა დავწერო. ეს პოსტი მე იმ ბავშვებს მინდა მივუძღვნა, ვისაც დედაც ჰყავთ და მამაც, ან ერთ-ერთი მაინც ჰყავთ.

ჩემო ბავშვებო, არ ვიცი ამას ოდესმე წაიკითხავთ თუ არა და თუ წაიკითხავთ, გულთან მიიტანთ თუ არა, მაგრამ მე მაინც თქვენი იმედი მაქვს. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ყველაზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ განსაკუთრებით ახლა, როდესაც თქვენი სულები ისევ სუფთა და სათუთია. ნურასოდეს აწყენინებთ მეგობრებს, კლასელებს, ნაცნობებს და უცნობებს, ვისაც დედა  ან მამა არ ჰყავთ. ბავშვებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ როდესაც თქვენ ავად ხდებით და დედა საბანს შემოგიკეცავთ, სწორედ მისი ხელების სითბო გკურნავთ და არა ექიმის გამოწერილი აბები. ზოგ ბავშვს კი, სამწუხაროდ, დედიკო არ ჰყავს. როდესაც თქვენ სიბნელის ერთი წამი ძალიან გეშინიათ, მაგრამ გაგახსენდებათ მამის ძლიერი მკლავები და სიბნელესაც უკვე თქვენი ეშინია, გაიხსენეთ ისიც, რომ ბევრ ბავშვს მამიკო არ ჰყავს. როდესაც თქვენ არ ზრუნავთ იმაზე, რა ჩაიცვათ, რა სათამაშოთი გაერთოთ და რა ჭამოთ, არიან ბავშვები, ვისაც მშობლები არ ჰყავთ და ისინი ამაზე ფიქრობენ, თქვენ და სწორედ თქვენ უნდა დაეხმაროთ მათ, ჩვენ, უფროსებს უკვე გულები გვაქვს გაცივებული. 

როდესაც თქვენ წაიქცევით და მუხლებს ტირილით გადაიყვლეფთ ხოლმე, დედა ან მამა ყოველთვის გულში ჩაგიკრავთ და დაგამშვიდებთ. იმ ბავშვებს კი, ვისაც მშობლები არ ჰყავთ არავინ ამშვიდებს ასე. 

როდესაც თქვენ უნებურად თუ ნებით რაიმეს დააშავებთ, მეზობლის შუშას ბურთით გატეხავთ ან შემთხვევით გუნდას გაარტყამთ გამვლელ პოლიციელს, ან სულაც გაკვეთილზე მეათედ დააგვიანებთ, ყოველთვის იცით, რომ დედიკო ან მამიკო ადრე თუ გვიან გაპატიებთ, მაგრამ არიან ისეთი ბავშვები, ვისაც ასეთი მპატიებელი არ ჰყავთ.
გახსოვთ ტომ სოიერი? როგორი კეთილი ბიჭი იყო? მერე რა თუ ხშირად ცელქობდა, მურაბებს ჩუმ-ჩუმად ჭამდა ან გაკვეთილებს ცოტა ნაკლებად კარგად სწავლობდა, მთავარია, ის გულისხმიერი ბიჭი იყო – უდედმამოდ გაზრდილი ჰეკი როგორ უყვარდა, ფერადკანიან ჯიმს როგორ იცავდა, საჩუქრები არავისთვის ენანებოდა. ამიტომაც უყვარდათ ტომი ყველას და როცა გაიზარდა, ალბათ ესეც გახსოვთ, ქალაქის თავიც კი გახდა.

დაიწყეთ თქვენ ირგვლივ, კლასელებისგან, მეზობლებისგან და თუნდაც საკუთარი თავისგან. როდესაც უდედმამო ბავშვი გაწყენინებთ, განსაკუთრებით აპატიეთ, მაგრამ აპატიეთ ჩუმად, ისე, რომ არავინ გაიგოს. იცოდეთ მხოლოდ თქვენ და მეორე ბავშვმა. 

ხშირად სთხოვეთ ხოლმე მშობლებს, ჩაგკიდონ ხელი და წაგიყვანონ ისეთ ბავშვებთან, ვისი დედიკო და მამიკო შორს არიან. დამიჯერეთ, ასეთი ბავშვები ძალიან კარგი მეგობრები არიან, მათ განსაკუთრებულად იციან ადამიანური სითბოს ფასი, თქვენ კი სწორედ ასეთი მეგობრები გჭირდებათ. 

აჩუქეთ სხვას ისეთი განსაკუთრებული ნივთი, რაც ძალიან გიყვართ მათ კი არ აქვთ (შეიძლება მშობლებმა ამის გამო ცოტა კი მოგჩეჩონ, მაგრამ არაფერია, კანის მასაჟია). თუნდაც სათამაშო აჩუქეთ ბავშვს, ვისაც ის არ აქვს, ან თუ არაფრის ჩუქება შეგიძლიათ, დავალება გადააწერინეთ (ვიცი, მასწავლებლები ამას რომ ნახავენ, გაბრაზდებიან, მაგრამ დაე, დარჩეს ჩვენ შორის, თქვენ კი ერთ საყვედურს აიტანთ), შეაქეთ და არასოდეს დასცინოთ, იცოდეთ, დაცინვა ადამიანს ძალიან აბოროტებს, თქვენ კი იცით, რომ გამარჯვებული მხოლოდ კეთილია ხოლმე.

დაიმახსოვრეთ, როდესაც თქვენ გულს სტკენთ ბავშვებს, ვისაც რომელიმე მშობლები არ ჰყავს, ისინი ღამით ძალიან ცუდ სიზმრებს ხედავენ, ბოროტ ძიებს და მახინჯ დეიდებს ხედავენ, ვინც მათ შეჭმას უპირებს, მაგრამ საკმარისია მოეფეროთ, აპატიოთ და უბრალოდ იმეგობროთ მათთან, რომ მათ სიზმრებში კეთილი ბიძები მოდიან საჩუქრებით ხელში, ხოლო მხიარულ და ლამაზ დეიდებს ძალიან თბილი და ნაზი ხელები აქვთ, როგორც თქვენ დედიკოებს, ძილის წინ რომ საბანს შემოგიკეცავენ ხოლმე.

ჩემო ბავშვებო, ჩემო პატარა მეგობრებო, იცოდეთ, რომ ბავშვები, ვისაც დედა და მამა არ ჰყავთ, მთელი ცხოვრება მშობლების გამოჩენას ელოდებიან, თქვენ, მე და ბევრ სხვას კი შეგვიძლია ეს ტკივილი ბევრად შევუმსუბუქოთ. აბა წარმოიდგინეთ, რა ძლიერები ვიქნებით, როდესაც სხვა ადამიანს ტკივილს შევუმსუბუქებთ, რომელი დიდი ექიმი შეგვედრება? ან რომელი ჯარისკაცი გვაჯობებს, როცა მეგობარს გასაჭირში გვერდით დავუდგებით? მასწავლებელი გაგვეჯიბრება, როცა კლასელს დავალების გაკეთებაში დავეხმარებით? თუ დიდ ქველმოქმედებსაც კი შეშურდებათ, როდესაც ყველაზე საყვარელ თოჯინასა თუ მანქანას იმათ ვაჩუქებთ, ვისაც დედიკო და მამიკო არ ჰყავს? 

და როდესაც ყველაფერ ამას შეასრულებთ, როდესაც თანაგრძნობას გაზრდით თქვენში, როდესაც უფროსები გკითხავენ, ვინ უნდა გამოხვიდე? შეგიძლიათ უპასუხოთ, მე უკვე ვარ, ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი