ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სუპერგმირები

სუპერგმირები არსებობენ. დამიჯერეთ

ჰერმიონ გრეინჯერი– სუპერძალა სწავლა
გოგონა მაგლების ოჯახიდან ჰოგვორტსის პირველი მოსწავლეა. მას შეუძლია, თავიდან შეგაყვაროს წიგნები, რადგან ისინი არიან პასუხები. მან კარგად იცის, სწორედ წიგნებს შეუძლიათ ვოლდემორის დამარცხება და რომ არა ჰერმიონის გათვლილი, დაგეგმილი ქმედება, ჰორკრუქსების მოპოვება– განადგურება ბევრად რთული იქნებოდა. ჰერმიონი ისეთი მაგარი გოგოა, რომ შეუძლია, ავი ჩიტები დაუშინოს რონის, ჩვენ კი გაბრაზებისას მხოლოდ მობილურსა და სხვა ნივთებს დროებით ვასწავლით ფრენას. ჰერმიონი, ეს ყოვლად ჯადოსნური გოგო ბავშვობიდან ზრუნავს დაჩაგრული მაგიური არსებების უფლებებზე და უკვე დიდობისას, მუშაობას მაგიის სამინისტროს ჯადოსნურ არსებათა აღრიცხვისა და კონტროლის დეპარტამენტში იწყებს. უფრო მოგვიანებით კი სამართლის დეპარტამენტში გადადის და მონაწილეობას იღებს წმინდა სისხლის დასაცავი კანონპროექტების გაუქმებაში. მამაცი და ჭკვიანი გოგო ჰერმიონი ჩემი საუკეთესო მეგობარია, რადგან პირველად მისგან გავიგე, რომ ნამდვილი მეგობრები ჩუმად, თავისთვის ზუსტად ისეთსავე ფიცს დებენ, როგორც წყვილები– საკურთხეველთან. და ეს ფიცი ბევრად უფრო რომანტიკულია, არგაცხადებული და ინტიმური. მას შემდეგ ჩემი მეგობრები ჩემს სუსტად განათებულ ოთახს ჰგვანან, მსოფლიოში ყველაზე მყუდროს, ყველაზე ცოცხალს და ყველაზე ახლობელს. მე კი, მართალია, ჰერმიონის წკრიალა ხმით ჯადოსნურ, დამცავ და მხსნელ შელოცვებს ვერ ვიმეორებ, მაგრამ ხანდახან მაინც ვამბობ: “ლუმოს”, ოთახის კარგად გასანათებლად და ჩემი საუკეთესო მეგობრებისთვის საუკეთესო კაპუჩინოს მოსამზადებლად.
მიჩინიო– სუპერძალა სიყვარული
ალექსანდროს კამორელი ძმა ის იდუმალი პერსონაჟია, რომელიც მკითხველს შიშის ზარს სცემს. დომენიკოსაც. ეს დაუნდობელი, ბოროტი მიჩინიო, მკითხველები და პერსონაჟები სქელტანიანი წიგნის ბოლო ფურცლებამდე რომ ლანძღავენ, არანორმალურად რომ ეზიზღებათ, მის კისრისმოგრეხვას რომ ნატრობენ და თავზე ლაფს ისე გულმოდგინედ ასხამენ, როგორც კონდიტერი ასხამს ნამცხვარს შოკოლადის მინანქარს, “სამოსელი პირველის” ფინალში ისე მოულოდნელად გვევლინება დიდ ჰუმანისტად, საკუთარი თავების გვეუხერხულება. როგორ ვერ მივხვდით, ვინ იყო ალექსანდროს ძმა, მინიშნებები გამოვტოვეთ, ყველაფერი გამოვტოვეთ, ან როგორ გვძულდა, როგორ გამოგვრჩა რომ არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც სიკეთეს თვალებში ნაცარივით არ გაყრიან, რომ სიკეთე და სიყვარული ხანდახან ისეთი დიდია და თან ისეთი შეუმჩნეველი, როგორც ჩვენი ბავშვობისდროინდელი გულწრფელი აღტაცება გამოწვეული ახალშეძენილი, სურნელოვანმელნიანი კალმის მიერ. მხოლოდ მიჩინიოს შეეძლო, მკითხველის დანახვა. სხვა შემთხვევებში მკითხველები უხილავები არიან. მაგრამ, აი, მიჩინიო ჩვენ ზიზღსაც გრძნობდა, ასე მეგონა და ნირწამხდარი, იმ ფურცლებივით გაყვითლებული ვკითხულობდი ბოლო გვერდებს, რომლებიც ყველაზე მეტად იყო სიკეთის და სიყვარულის ფურცლები. მიჩინიო ჩემი მეგობარი არ არის. მეგობრებთან ერთად ჩაის სმა უნდა გაბედნიერებდეს. მიჩინიოსთან ერთად ჩაის ვერ დავლევდი.

პეპი– სუპერგოგო. თავიდან ბოლომდე
პეპი ჩემი ფემინისტი მეგობარია. სუპერძალები: ჭორფლი, მაღალი წინდები, გრძელი ფეხები, მანდილის უგულებელყოფა, გულუბრყვილობა, სიტყვების დამახინჯება, კრეტიულობა, სუპერმძლეოსნის მონაცემები, ფულისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ქაოსის შექმნის ნიჭი და სუპერდიასახლის მონაცემები. სამზარეულოს მოწყენილობის უფლებას არასდროს აძლევს: მაჭკატები აუცილებლად იატაკზე უნდა გამოცხვეს. სხვანაირად არ შეიძლება. ვილა “ყიყლიყოში” დამასახლეთ, ჰოგვორტსი აღარ მინდა.
თორნიკე– სუპერძალა ღიმილი
მომსახურების სფერო ერთი დიდი ტრაგედიაა. სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო. უჟმურ მომხმარებლებს აქციები უნდა შესთავაზო, სულ “თქვენობით” უნდა ილაპარაკო, მენეჯერს უფლება მისცე, დაუმსახურებლად გისაყვედუროს, დამახსოვრო სულელური კოდები და ბადალი არ გყავდეს პროდუქციის აღწერილობის ზუსტ ცოდნაში. კალორიების რაოდენობაშიც თუ ერკვევი და ცოტათი ცბიერიც ხარ, შესაძლოა, დაგაწინაურონ. ფერხორციანი ქალბატონი უხვკრემიანი ტორტის კალორიულობის შესახებ თუ გკითხავთ, მშვიდი სინდისით უნდა უპასუხოთ: “ქალბატონო, თქვენს მშვენიერ აღნაგობას ეს უგემრიელესი ტორტი ვერაფერს დააკლებს”. ასეა თუ ისე, მე, როგორც 21– ე საუკუნის სრულფასოვან შვილს, ადამიან– მომხმარებელს ძალიან მიყვარს, როცა მიღიმიან. ამიტომ სულ ერთ მარკეტში ვყიდულობ პროდუქტებს, იქ, სადაც მსოფლიოში ყველაზე ხალისიანი, მოღიმარი და სიმპათიური ბიჭი, თორნიკე მუშაობს. მისი სუპერძალა ღიმილია და ჩემი უჟმური ხასიათის გაკეთილშობილების უნარი. მერე რა, ხანდახან საერთოდ რომ არ ეღიმება. მაინც ისეთი ბუნებრივია, როგორც სხეულზე ბამბით ნაქსოვი ფუმფულა ჯემპრი.
დედა– სუპერძალა სიცოცხლე
ღრმა ბავშვობაში დედაჩემის სუნთქვას ვუსმენდი ხოლმე. მერე ახლოს მივუჩოჩდებოდი, თავს მკერდზე დავადებდი და უფრო ყურადღებით ვუსმენდი. დედებს სიკვდილის უფლება არ აქვთ, არც ერთ დედას მსოფლიოში, ვფიქრობდი და მაინც ეჭვი მეპარებოდა. მერე პირობას ვადებინებდი, რომ სიკვდილს არც კი გაიფიქრებდა. დედაჩემიც მონდომებით და საზეიმოდ წარმოთქვამდა უგრძეს ფიცს და დროებით ვმშვიდდებოდი. ჩემი ბავშვობა ერთი დიდი პირობაა. მერე, როცა გავიზარდე და დედა დაპატარავდა, პირობების დადების ტრადიცია დაარღვია და მარცხენა მკერდში სიმსივნე დაუსახლდა, მეორე ტრადიციაც დაირღვა: მეგონა, მის მკერდზე თავის დადებისას ვიღაც უსახო, ური ჰიპის მსგავსი არსების სუნთქვაც მესმოდა. ასე დავდექი ჩემი ბავშვობისდროინდელი წინასწარმეტყველების წინაშე: ბავშვები ასეთ სისულელეებზე არ ფიქრობენ და რადგან მე ვფიქრობდი, ე.ი. ყველაფერი ჩემი ბრალია. მე მოვიყვანე ური ჰიპი. ეს ორმაგი სუნთქვა ჩემი ბრალია. ის მძიმე ოპერაციაც, რომელიც სიცოცხლის გაგრძელების შანსს გვაძლევს და ქიმიოთერაპიის დაუსრულებელი კურსებიც. ჩემი ბრალია დედაჩემის უგრძესი და ულამაზესი, პრიალა შავი თმით მოფენილი იატაკიც. დედას ერთ– ერთი სიცოცხლე ეგ თმა იყო, იატაკზე დაყრილი თმა კი მკვდარი თმაა. ახლა, როცა ყველაფერი კარგადაა და დედამ სიცოცხლე გადაწყვიტა, გეუბნებით: მოერიდეთ პირობებს, მოერიდეთ ხმამაღლა დადებულ ფიცებს და ათას მსგავს უსარგებლო ხარა– ხურას, რადგან ერთხელაც მათი ბოლო გაგაკვირვებთ. მანამდე მაინც, სანამ კეთილი დასასრული საკუთარი ფეხით მოგადგებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი