პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სიყვარულის ახსნა

ეს ამბავი ათი წლის გოგონებისთვის იწერება. და მხოლოდ ათი წლის ასაკში ხდება. მაშინ, ფართოდ გახელილ თვალებს შეუძლიათ, ხეების კენწეროებზე ჩიტის ბუდეები დაინახონ და მერე მუხლების სიმრთელე შესწირონ დაუძლეველ ცნობისმოყვარეობას: “აუ, ნეტა, იქ ჩვეულებრივი ბეღურას ბარტყები ცხოვრობენ?! ვაითუ, კოლიბრს  დაედო ბინა ?!”– ბეღურები ათი წლის გოგოებს მერე უყვარდებათ. კოლიბრის ბარტყებს კი ქართულ ბუდეებში ვერ პოულობენ. ხიდან იმედგაცრუებულები ჩამოცოცდებიან და გზას გააგრძელებენ მეგობრის კორპუსამდე. იმ მეგობარს პასტელები აქვს, ათი წლის სალომე კი გიჟდება ხატვაზე და პასტელები არ აქვს. ის დღე ხატვის დღე იყო. ყველაფერი ხატვიდან და თამაშიდან დაიწყო. და ახალი ნაცნობებიდან.
ახალი სკოლა და ახალი ადამიანები ისე საშიშად გვეჩვენებიან, თითქოს სკოლა თელების ქუჩაზე მდებარეობდეს და სულ არ გაგვიკვირდება, ყოველი მეორე ადამიანი ფრედი კრიუგერი რომ აღმოჩნდეს. კლასის კარს კრძალვითა და ცახცახით ვაღებთ და მათემატიკის გაკვეთილზე ჩვენ, ხუთოსანი გოგონები სამიანს ვიღებთ. დაფა ჩვეულებრივი დაფა კი არა, უზარმაზარი გემია, რომელიც, შტორმში მოხვედრილი საშიშად ირწევა. გემზე ციფრებს ნალევი ცარცით ვერ დაწერ. ამიტომაც იღებ სამიანს. დამრიგებელს კი ვერასდროს გაუმხელ რომ შენი მუხლები გემზე მეტად ცახცახებდნენ. როგორ გაუმხელ, რომ დაფა შტორმში მოხვედრილ გემზე საშიშია. არასდროს. ეს ის სამიანი იყო, რომელსაც შეეძლო, ფეხი ფეხზე გადაედო, ჩემს დღიურში ბედნიერად მოკალათებულიყო, ცინიკურად გაეღიმა დედაჩემისთვის და ეთქვა, რომ ასეთი ქარაფშუტა შვილის ყოლა ნამდვილი ტრაგედიაა. არამც და არამც. ვერ მოგართვით. მათემატიკას ფიზკულტურა მოჰყვა, რომელიც არახმაურიანი და ჩუმი იყო. მე სპორტს სიჩუმეს ვერ ვაპატიებდი და ფიზკულტურის მასწავლებელს– ბოროტი ჯოხის ქონას. დამბლდორის ჯადოსნური ჯოხი მაინც ყოფილიყო. არა. ამ ჯოხს შეეძლო დაესაჯა ბავშვები, რომლებმაც არასპორტული ტანსაცმლით გადაწყვიტეს მოსვლა. ასე გავიცანი მარი– პასტელებიანი გოგო მარი. ზუსტად ჩემნაირად გამხდარი და მაღალი  ზუსტად ჩემნაირად ვერ იტანდა ფიზკულტურის გაკვეთილს და ზუსტად ჩემნაირად არ აფარებდა ხელს სხეულის ძვირფას, რბილ მონაკვეთს, რომელსაც აჭრელება ელოდებოდა. ჩვენ თვალებში უტიფრად ვუყურებდით ლელა მასწავლებელს და იობის მოთმინებით ვიტანდით ტკივილს. ჩვენ არ გვიყვარდა დისციპლინა და ამაში ტრაგიკული არაფერია. ყველაზე მაგარი გოგოები უდისციპლინო გოგოები არიან. 
ამ უდისციპლინო გოგოსთან ყოფნა ჩემთვის დიდი დღესასწაულია. იმისითვისაც. თან უკვე გაცნობიერებული გვაქვს, რომ მაგარი გოგოები ვართ. ჩვენთვის ხატვაც არ არის ჩუმად ყოფნა. როგორ შეიძლება, ათი წლის ბავშვების თვისება სიჩუმე იყოს. “გოგო, მგონი, გიოს მოწონხარ”,– სხვათაშორის მეუბნება და პეპის წინდის ბოლო ზოლს აფერადებს. გიო ის ბიჭია, რომელსაც სამიანი არასდროს მიუღია. სულ თეთრი პერანგი და ველვეტის მოყვითალო შარვალი აცვია.  ხატვის გაკვეთილზე კი ტრადიციულად, მე მხატავს.  მე მიკვირს და არ ვესალმები, რადგან მოსაწყენია, სულ ერთ ვინმეს ხატავდე. ვფიქრობ, რომ გიო მოსაწყენი ბიჭია. “გიო დებილია”– ვამბობ და ფოთლებს ისე ძლიერად ვაფერადებ, მწვანე პასტელს წვერი ტყდება. “გიო ჩემი მეგობარია, სხვათაშორის, მეზობელიც”,– აღნიშნავს მარი და კარის გასაღებად მიდის. გიოა. 
ათი წლის უსქესო გოგოები ფიქრობენ რომ უხერხულია, ინტერესთა სფერო ისეთი ვინმეებით გაამდიდრონ, როგორებიც ბიჭები არიან. მათ შეუძლიათ გაკოცონ მაშინ, როცა წრეში დგახარ და გადამწყვეტი ბურთის აცილებას ცდილობ. ან თმებზე მოგქაჩონ, რომლებიც დილით სიმწრით ჩაგიწნა დედამ და შესაბამისად, წმინდაა. ერთი სიტყვით, ბევრი სისულელის ჩადენის ნიჭი აქვთ. და ახლა, მარის ოთახში, ყოვლად სულელური “წითელი, ყვითელი, შავის” თამაშისას მე მტკიცედ ველოდები, როდის ახდება ჩემი წინათგრძნობა. ყველაფერი ამაზე მეტყველებს, გიომ ხომ კოლექტიური ხატვა არ ინება, ე.ი. ავი განზრახვა აქვს. წითელი. ბახ. მკოცნის. და სიმწრისგან მოკვნეტილ ტუჩზე თავად მადებს ხელსახოცს. სიყვარულის ახსნა მას შემდეგ არასდროს ყოფილა ასეთი სისხლიანი. და არც ასე მძაფრად  დამიმახსოვრებია რომელიმე მორიგი ბიჭი რომელიმე ბანალური ისტორიით. 
მერე სხვა სკოლაში გადავედი და ისე გავიზარდე, რომ დაფამ გემად ყოფნის სურვილი აღარცერთხელ გამოთქვა და ჩემი ხუთიანებიც თამამად ცხოვრობდნენ დღიურებში. არაირონიული, სტანდარტული ხუთიანები გაუნძრევლად ისხდნენ ფურცლებზე და ერთი ძარღვი არ შეუტოკდებოდათ. ის კდემამოსილი, სასაცილო ხუთიანები: ნამდვილი მანდილოსნებივით შეურყვნელი სახეებით, უმწიკვლო რეპუტაციითა და დიდი ამბიციებით ოქროს მედალს ელოდნენ. 
და მაშინ, როცა მედლებმა ძალა დაკარგა და ისე გავიზარდე, რომ ლექციების გაცდენა დავიწყე, კიდევ ერთხელ გამახსენდა გიო, რომელმაც დიდობისას ავარიაში მოხვედრა და მოძრაობის შეწყვეტა შეძლო. დავჯექი და ბავშვობა ვინანე. ვინანე ჩემი მოკვნეტილი ტუჩი, ჩემი მოსაწყენი შეხედულებები ბიჭებზე, გადამწყვეტი ბურთების აცილებაზე უმნიშვნელო კოცნები და გადავწყვიტე, რომ ღირსი ვიყავი ყველა იმედგაცრუების. დიახ, ბავშვობაში კოლიბრის კვერცხებიც ზუსტად ამიტომ ვერასდროს ვიპოვე. 
სახელები შეცვლილია. გიო კი ძალიან მაგარი ბიჭია, რომელმაც ინვალიდის ეტლიდან წამოდგომა შეძლო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი