ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წლის ბოლოს ერთად გავიცინებთ

„განყოფანი სიცილთანი ესე არს: ღ ი მ ი ლ ი არს სიცილი სიმშვიდით, უჴმო, ბაგეთა ოდენ შეეტყობოდეს; ს ი ც ი ლ ი არს მცირედ ჴმიანი და მდაბალი; კ ა შ კ ა შ ი არს სიცილი მაღალი და მოჴდომილი; კ ა ს კ ა ს ი არს სიცილი მაღალი და წვლილი; რ ა ხ რ ა ხ ი არს სიცილი მაღალი და უშვერი; თ ქ ა რ თ ქ ა რ ი არს სიცილი მრავალთაგან შეჴმობილი; ღ ი ნ ც ი ლ ი არს სიცილი მიწყივ უწესო; ხოლო ფ რ უ ს ტ უ ნ ი, ვის არა ენებოს სიცილის გამოჩინება და ერთს საცინელს საქმეზედ წარსცინოს და მალიად დაიდუმოს”. 
„იცინეთ, იცინეთ, წლის ბოლოს მე გავიცინებ!” – მასწავლებლის ეს დაპირება-მუქარა ნაცნობია ჩემი მშობლების და ჩემი თაობისთვის. დღესაც კი შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყნის N სკოლის N კლასში მავანი მასწავლებელი ასე პასუხობდეს ონავარი მოსწავლეების მხიარულ გუნება-განწყობილებას. არ არის იოლი საქმე სიცილი აუკრძალო ბავშვებს, მით უმეტეს, დეკემბრის ბოლოს, როცა „სხვაგან ქრის” მათი გონება, შინ მორთული ან მოსართავი ნაძვის ხე ელოდებათ, ჯიბეში „ასაფეთქებლები” უწყვიათ და თოვლის ბაბუასთან წერილიც გაგზავნილი აქვთ. ძვირფასო მასწავლებლებო, სიტუაციის განსამუხტად და კლასში დისციპლინის დასამყარებლად სცადეთ გაიცინოთ მათთან ერთად. რა თქმა უნდა თქვენც მართალი ხართ, როცა ფიქრობთ, რომ „სასაცილოდ გვცალია ახლა?!” ჟურნალების შევსება, სემესტრული ნიშნების გამოყვანა, დახასიათებების დაწერა, სილაბუსები, გეგმები, სქემები, საოჯახო საქმეები… როგორც დედაჩემი (26 წელია ქიმიას ასწავლის) ამბობს: „მასწავლებელი ფიგაროა, „ფიგარო – იქ, ფიგარო – აქ”, რადგან  საკლასო ოთახში ის არის მასწავლებელიც, ფსიქოლოგიც, თარჯიმანიც, ჟესტების ენის ექსპერტიც. სიცილი კი დადებითია და თვითონ მასაც ეხმარება სტრესისგან თავის დაღწევაში. 

ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერებების პროფესორი რობერტ პროვაინი  სიცილის გადამდებობის შესახებ ამბობს, რომ ჩვენ ვიცინით უფრო ნაკლებად მაშინ, როცა ვართ მარტო და 30-ჯერ მეტად, როცა გვახლავს სხვა ადამიან(ებ)ი. მისი აზრით, სიცილი უმეტეს შემთხვევაში არ არის პასუხი ხუმრობაზე და მისი თავდაპირველი მიზანი სხვა ადამიანებში დადებითი განცდის გამოწვევა იყო. როცა ერთი ადამიანი იცინის, შეიძლება გარშემომყოფებმაც მიბაძონ და საბოლოოდ, მთელი ჯგუფი გამხიარულდეს და განიტვირთოს. ამრიგად,  სიცილი ხელს უწყობს ჯგუფში დაძაბულობის განმუხტვას და ერთიანობის განცდის ჩამოყალიბებას. 

თუ მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში დოზირებულად იყენებს იუმორს, იზრდება იმის ალბათობა, რომ მოსწავლეებს ის მოეწონებათ, რაც ხელს შეუწყობს მას, უმტკივნეულოდ მართოს მათი ქცევები. საჭირო დროს ნათქვამი ხუმრობა კლასში დადებით განწყობას ქმნის, მასწავლებელთან ერთად სიცილის დროს მოსწავლეები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ და უფრო მეტად მოტივირებულნი არიან.

 

„იუმორი გამოყენებულ უნდა იქნას კლასში”, – გვიზიარებს გამოცდილებას პამელა მეტვეი, ამერიკელი მასწავლებელი, რომელიც მე-6 კლასს საზოგადოებრივ სწავლებებს ასწავლის, – „ხუმრობა, სიცილი, ცეკვა, სიმღერა. მე ამ ყველაფერს ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ყველა მასწავლებელმა უნდა გააკეთოს. ეს ეხმარება ბავშვებს, გაკვეთილზე ყურადღებით ყოფნასა  და ხანდახან იდეის დამახსოვრებაშიც კი. ამიტომ დადექით მაგიდაზე და იცეკვეთ, როცა აძლევთ ინსტრუქციებს, ლაპარაკობთ ინგლისური აქცენტით ან წაიმღერეთ პასუხები საშინაო დავალებაში მიცემულ კითხვებზე. 

შავი იუმორი, ცინიზმი, ირონია  – ეს იუმორის ისეთი სახეებია, რომელიც მასწავლებელს კლასში არ გამოადგება, რადგან ამან შეიძლება მოსწავლეებთან კონფლიქტი გამოიწვიოს. მან იუმორის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე რჩევა: 

ხუმრობა უნდა იყოს ეთიკური და არ უნდა დასცინოს მოსწავლეს, რათა ის არ ჩავარდეს უხერხულ სიტუაციაში.

არ არის მიზანშეწონილი ხუმრობა იმაზე, რასაც მოსწავლე ვერ შეცვლის, მაგალითად მის გვარზე, ფიზიკურ შესაძლებლობებზე, სხეულის უჩვეულო პროპორციებზე, მეტყველების დარღვევებზე. აგრეთვე, არ შეიძლება დაცინვა სიყვარულზე. ეს ყველაფერი ტკივილს აყენებს მოსწავლეს. 

დაუშვებელია უწმაწური ხუმრობა, რადგან ეს მეტყველებს მასწავლებლის დაბალ კულტურაზე.

როგორც სხვა სიტუაციებში, აქაც ცუდ ტონად ითვლება საკუთარ ხუმრობაზე პირველად გაცინება, რადგან ეს იმთავითვე მიუთითებს დადებით დამოკიდებულებას საკუთარი ხუმრობისადმი და შეიძლება მოსწავლეების მხრიდან უკუშედეგი გამოიწვიოს. 

არ შეიძლება დაცინვა მოუხერხებლობაზე. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის თვითშეფასებაზე და/ან გამოიწვიოს კონფლიქტი მასწავლებელთან. 

მასწავლებელი ყოველთვის მზად უნდა იყოს პასუხი გასცეს მწარე სიტყვებს, პირველმა აღიაროს საკუთარი წარუმატებლობა.

ძვირფასო მასწავლებლებო, წლის ბოლოა, სემესტრის დასასრული, ჰოდა, უკანა მერხზე სიცილის ხმას რომ გაიგებთ, გულწრფელი ღიმილით (იქედნურს – მიხვდებიან და აღარ გაგიღიმებენ) უთხარით: „ერთად გავიცინოთ, რომ მომავალი წელი იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ვგეგმავთ და წარმოგვიდგენია”.

მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს დაესწარით!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი