პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დასასრულისა და დასაწყისის გასაყარზე

მასწავლებლების ჩვეული სამუშაო რეჟიმი დეკემბრის დადგომისთანავე იცვლება. ჩემი აზრით, არ არსებობს ამაზე რთული და, ამასთანავე, სახალისო სასწავლო პერიოდი. ჩვენს სამასწავლებლოში რომ შემოგახედათ, თავი სანტას სახელოსნოში გეგონებათ. მასწავლებლები ბავშვებთან ერთად ნაძვის ხეებს, თოვლის ბაბუებს, საშობაო ცას და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ რამეს ამზადებენ. საახალწლო მოსართავებად ქცეული გირჩების წყალობით ყველა ოთახში ტყის სურნელი დგას… ძალიან დამღლელი, მაგრამ ყველაზე ჯადოსნური თვეა დეკემბერი. მორთულ კლასებში გაკვეთილებიც სხვანაირი გამოდის, მყუდრო, ზამთრული. ერთმანეთს სითბოს ვუნაწილებთ, ყინულის პაპისგან საჩუქრებს ვიღებთ, საკვების ძებნაში სოფლად ჩამოსულ ცხოველებს კარს ვუღებთ და სახლში ვეპატიჟებით… არც ერთი ზღაპარი აღარ გვიკვირს, ყველაფერი გვენამდვილება. აი, ასეთი თვეა დეკემბერი.

 
ამას წინათ მეოთხე კლასში ნუგზარ შატაიძის „ძველი ადათი” წავიკითხეთ. მოთხრობის შინაარსიდან გამომდინარე, ბავშვები დაინტერესდნენ ძველი ქართული საახალწლო ტრადიციებით და მომავალი გაკვეთილის თემა თავად აირჩიეს. ერთად მოვიძიეთ და გავეცანით სხვადასხვა კუთხის საახალწლო წეს-ჩვეულებებს, საკალანდო კერძებიც „მოვამზადეთ”, ვიმღერეთ თოვლ- და სევდანარევი სიმღერები… ძალიან საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა.
 
ახალი წელი ძველ დროში ზამთარს სულაც არ უკავშირდებოდა. IV სუკუნეში მას 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII საუკუნიდან კი – სექტემბერში, რაც თვის ძველი სახელწოდებიდანაც ჩანს (სექტემბერი – ახალწლისა). IX საუკუნის 20-იან წლებში ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან დაიწყეს. იანვარში ახალი წელი პირველად XIV საუკუნეში დადგა. 
სამეფო კარზე ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მეჯინიბეთუხუცესი მეფეს სამ ცხენს მიართმევდა – რჩეულ ბედაურებს და ჯაგლაგს, რომელსაც კლავდნენ და მის ხორცს სანადიროდ შერჩეულ ადგილას ყრიდნენ ნადირის სატყუარად. ახალი წლის დილას, ცისკრის ლოცვის დაწყებამდე, სამეფო ოჯახს ჭყონდიდელი მეკვლეობდა, ლოცვის შემდეგ კი ნადირობა იმართებოდა. ამ დღეს ნადირისთვის არ უნდა აგეცდინა. ვისაც მიზანი უმტყუნებდა, იმას წელიც „გაუცუდდებოდა”.

ახალი წლის მსგავსად, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულსაც დიდი ზარზეიმით ხვდებოდა ქართველი ხალხი. შობა 25 დეკემბერს IV საუკუნიდან აღინიშნებოდა და ახალ წელს წინ უსწრებდა, რადგან რელიგიური თვალსაზრისით სამყაროს განახლება ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებას უკავშირდება. XX საუკუნის დასაწყისში ასტროლოგიური გამოთვლების საფუძველზე კალენდარში ცვლილებები შეიტანეს და შობის დღესასწაულმაც ორი კვირით გადაიწია. აქედან წარმოიშვა ძველი და ახალი სტილის კალენდრები, ძველ სტილს – საეკლესიო, ახალს კი სამოქალაქო ცხოვრება დაუკავშირეს. 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული ტრადიცია კარდაკარ ალილოს სიმღერით სიარულია. „ალილო” მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან „ალილუია”, რაც ღვთის დიდებას ნიშნავს. საქართველოში ალილოს მომღერლები ტრადიციულ გალობა-სიმღერას ასრულებდნენ. კარს მომდგარი მეალილოეები უხვად უნდა დაგესაჩუქრებინა, რადგან მათი სტუმრობა ბარაქიან წელს ჰპირდებოდა მასპინძელ ოჯახს. 

ალილოზე სიარულის ტრადიცია კვლავ ააღორძინა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც შეგროვებულ სანოვაგესა და შესაწირავს უმწეოებსა და პატიმრებს უნაწილებს.

 
საახალწლო რიტუალებს რელიგიური ფესვები აქვს. ძველად ახალ წელს ბუნების გაღვიძებას, ნაყოფიერების ღვთაების მიწისქვეშეთიდან ამოსვლას უკავშირებდნენ. სწორედ ამ დროს იწყებოდა სიცოცხლის ციკლის ახალი ეტაპი, ანუ ახალი წელი. გაზაფხულის პირველი დღე პირველი ხნულის გავლებით იწყებოდა, ამას მიწის გაღვიძებას უწოდებდნენ. პირველ ხნულს მიწისქვეშეთიდან ნაყოფიერების ღვთაება ამოჰყავდა. მას თან ახალი სიცოცხლე მოჰქონდა და დამხვდურებიც ხელდამშვენებულები ეგებებოდნენ. ამიტომ გამოირჩევა ახალი წელი სანოვაგის სიუხვით.

პირველი ხნული იმას გაჰყავდა, ვისაც დავლათიანი კაცის სახელი ჰქონდა. მის მოხნულ მიწას მოსავლიანობა დაებედებაო, ასე სწამდათ ძველად. აქედან მოდის მეკვლეობის ტრადიციაც. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახალი წლის აღნიშვნამ საოჯახო ხასიათი მიიღო და მეკვლეც, ხნულის გაყვანის ნაცვლად, ჩვენი სახლისკენ მომავალ ბილიკს კვალავს.

საქართველოს ყველა კუთხეში ახალი წლის სამზადისი რამდენიმე დღით ადრე იწყებოდა. სახლისა და კარ-მიდამოს დასუფთავებას, საახალწლო სუფრისთვის სანოვაგის მომარაგებას, სხვადასხვა ფორმის (ცხოველების, ფრინველების, შრომის იარაღების) კვერების ცხობას ერთი დღე როგორ ეყოფოდა… ყურძნის უხვი მოსავლის მისაღებად ყურძნის მტევნის მოყვანილობის პურს – აგუნას აცხობდნენ. რადგან ახალ წელი საქართველოში წმინდა ბასილის მოხსენიების დღეს ემთხვევა. აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე აცხობენ ადამიანის ფორმის პურებს – „ბასილას კვერებს”.
 
გამომცხვარი კვერები თუ პურები, ხონჩაზე ან ცხრილზე დაწყობილ საახალწლო ნუგბართან ერთად, ოჯახის უფროსს მარანში შეჰქონდა, სადაც მისალოც სიტყვებს წარმოთქვამდა და თან გადაბრუნებულ საწნახელს ნაჯახის ყუას უკაკუნებდა. მარნის „მოლოცვის” შემდეგ ოჯახის უფროსი ახალი წლის მოსვლას შინაურ პირუტყვს, ფრინველს და მთელ კარ-მიდამოს ულოცავდა. ვენახში ვაზის პური, ხელადა ღვინო და ნასუქი მამალი მიჰქონდა. 
ეზოს შემოვლის შემდეგ ოჯახის უფროსი სავსე ხონჩით სახლში შედიოდა, მიმოაბნევდა ხორბალს (ან სხვა მარცვლეულს) და დაილოცებოდა, ოჯახის წევრებს ტკბილეულით „დააბერებდა”. 

ახალ წელს კერაში ცეცხლი ჩაუქრობლად უნდა შეენახათ. ანთებული მუგუზლიდან დაცვენილი ნაპერწკლების სიმრავლე პურის, ღვინის, დოვლათის, ოჯახის გამრავლების სიმბოლო იყო.

მთაში ახალ წელს წყალსაც ულოცავდნენ. დიასახლისები წყაროს წყალში შინაური ფრინველისთვის მარცვლეულს ალბობდნენ, სჯეროდათ, რომ „დამწყალობებული” საკენკი მათ ფრინველს გაამრავლებდა. ხევსურები ახალი წლის პირველ დღეს მდინარესაც უმასპინძლდებოდნენ, მასში ერბოიან-ყველიან პურის ნაჭერს აგდებდნენ. მომადლიერებულ მდინარეს ნათესები ზომიერად უნდა მოერწყა, არ უნდა დაეტბორა. აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის წინა დღეს ოჯახში აუცილებლად მოიტანდნენ წყაროს უმძრახ წყალს და ეზოში მოასხამდნენ.
 
განსხვავებული საახალწლო ტრადიციების მიუხედავად, საქართველოს ყველა კუთხეში, თითოეულ ოჯახში არის ბავშვი, რომელიც თოვლის ბაბუას ელოდება, უფროსები კი მეკვლის გარეშე ახალ წელს არ ითენებენ.
თეთრ ჩოხაში გამოწყობილი, წვერულვაშიანი კეთილი მოხუცი მხარზე ხურჯინგადაკიდებული მიიჩქარის ქართველი ბავშვების დასასაჩუქრებლად. ახალი წელი ხომ, უპირველესად, ბავშვების დღესასწაულია. ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მათი სურვილების ასრულებაა.

მეკვლეობა, სავარაუდოდ, სტუმარმასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. საქართველოში სტუმრის მიღება ოჯახის მთავარ ღირსებად ითვლებოდა და რა გასაკვირია, რომ საახალწლო დღის წესრიგში პირველ ადგილს სწორედ მეკვლის შერჩევა იკავებს. დღეს მეკვლეობას ოჯახის წევრებიც ითავსებენ, მაგრამ ძველად გზის გამკვალავი აუცილებლად ფეხბედნიერი სტუმარი უნდა ყოფილიყო. და რადგან ამ სტატუსით არცთუ ისე ბევრი ადამიანი სარგებლობდა, სოფლის სანატრელ მეკვლეს ხშირად ერთ ღამეში ყველა ოჯახის შემოვლა უწევდა. „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა”, – ამ სიტყვებით ლოცავდა მასპინძლებს წლის პირველი სტუმარი.

მეკვლე შეიძლება სულაც არ შესულიყო ოჯახში. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში ის მასპინძლის ვენახს სტუმრობდა და საგანგებოდ შემონახულ ყველაზე დიდ მტევანს ვაზის ძირში წურავდა. ამ რიტუალის მიზანი კარგი მოსავლის დაკვებება იყო. ვაზის დაწურვის ნაცვლად დღეს მეკვლეს ოჯახში ხორბალი შეაქვს და ტრადიციული დალოცვის შემდეგ იატაკზე მთესველივით ფანტავს.

გურულ ახალ წელს რომ კალანდა ჰქვია, გეცოდინებათ. ახლა კალანდას 14 იანვარს ანუ „ძველით ახალ წელს” ეძახიან. ქართველებს ხომ ორი ახალი წელი გვაქვს – ძველი და ახალი კალენდრის მიხედვით. 

14 იანვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისებურად აღნიშნავენ. გურულები ამ დღეს ჩიჩილაკს რთავენ, შუაღამის დადგომას კი თოფების ბათქაბუთქით ეგებებიან. სწამთ, რომ ძველით ახალ წელს აუცილებლად გათოვდება და ხშირად ასეც ხდება. კალანდობა ღამისთვის წინასწარ საცეცხლედ იმარაგებენ ცხემლას და 13 იანვრის მიწურულს ბუხარში დიდ ცეცხლს აჩაღებენ. ოჯახის უფროსი ცეცხლს შეუჩხიკინებს, ნაპერწკლებს გააყრევინებს, თან ლოცულობს: „ღმერთო, მომეცი ამდენი ძროხა, ამდენი ღორი, ამდენი ქათამი, ამდენი ბატი, ამდენი იხვი, კაცთა მშვიდობა და კარგად ყოფნა”. ამ რიტუალს „გალოცვა” ეწოდება.

საახალწლო რიტუალის სამი მთავარი ატრიბუტი: სიცოცხლის ხე, ღორის თავი და ბასილას კვერები – გურიის საახალწლო ტრადიციაშიც ფიგურირებს. 

სიცოცხლის ხეს ჩიჩილაკი განასახიერებს. მას „ბასილას წვერებსაც” ეძახიან. მორთული ხის სიმბოლიკა ძალიან ძველია და ნაყოფიერებას უკავშირდება. ფიქრობენ, რომ ჩიჩილაკი თავისი ბურბუშელებით მზის სხივებს განასახიერებს. მის თავზე ჯვრის გამოსახულებას აკეთებენ და ჩირით, ხილით, სუროს ფოთლებით რთავენ. ნათლისღების წინა დღეს ბასილას წვერებს წვავენ და მის ფერფლს გასული წლის უსიამოვნებებს ატანდნენ. ზეპირი გადმოცემით, პირველი ჩიჩილაკი იესოს გაუკეთა მისმა მამობილმა იოსებმა.

დროთა განმავლობაში საახალწლო მორთულობაში წამყვანი ადგილი ნაძვის ხემ დაიკავა. ევროპაში მარადმწვანე მცენარეები მოსავლიანობის სიმბოლოდ ითვლებოდა, ამიტომ ტოტები ან მთელი ხე მოჰქონდათ სახლში. ეკლესია ებრძოდა ამ წარმართულ ჩვეულებას, მაგრამ მერე დააკანონა და შობას დაუკავშირა. ნაძვის ხე ერთგვარი სიცოცხლის ხეა. მას თავდაპირველად ვაშლებით რთავდნენ (როგორც სამოთხის ხის სიმბოლოს), ტოტებზე ჰკიდებდნენ ვაფლის ნაჭერსაც (ზიარების პურს), ნაძვის წვერს კი „ბეთლემის ვარსკვლავი” ამშვენებდა. სავარაუდოდ, ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ჩვენში რუსეთიდან შემოვიდა. დღეს ქართულ ოჯახებში ისევ მკვიდრდება ჩიჩილაკი. მას ნაძვის ხესთან ერთად რთავენ.

ღორის თავის სიმბოლოც წარმართულია. ძველად იგი წმინდა ცხოველად მიიჩნეოდა, მხოლოდ დღესასწაულზე კლავდნენ და ღვთაებებს სწირავდნენ. ეს რიტუალი ზამთრის პერიოდში სრულდებოდა და ქრისტიანულ საქართველოში შობა-ახალ წელს დაუკავშირეს. 

დღეს წმინდა ბასილს ოჯახის უფროსი მოსავლიან, ჯანმრთელ და ბედნიერ წელიწადს შესთხოვს. მეკვლის მსგავსად, ისიც ამ სიტყვებით ლოცავს თავის ნაგრამს: 

„შემოვდგი ფეხი, გილოცავთ, 
გწყალობდეთ წმინდა ბასილი, 
იმისი მადლით იყავით 
პურით და ღვინით ავსილი”.
***
და მაინც, რა არის ახალი წელი? ჩემთვის მთელი ეს აურზაური, ერთი წლის მომატებასთან ერთად, ახალი დღის გათენებას ნიშნავს. რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა იმედი გაქვს, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ეს „ხვალ” აუცილებლად გათენდება. ჰოდა, ყოველი ახალი დღის დადგომას გილოცავთ, ადამიანებო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი