ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

,,ჩემი და მარეკის მეგობრობის ხათრით”

უკუღმა პოსტ-სკრიპტუმი: ეს სტატია მოსწავლეებისათვისაა, მხოლოდ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლები არ დაიშვებიან. ანდა დაიშვებიან, ოღონდ მხოლოდ ყველაზე საყვარელი მასწავლებლები.

,,ამ ამბავზე, შესაძლებელია, არაფერი მეთქვა, ჩემი და მარეკის მეგობრობის ხათრით, მაგრამ მაშინ მოთხრობა დაკარგავდა თავის გამომხატველობას და, საერთოდ, ბევრი რამ გაუგებარი იქნებოდა. ასე და ამგვარად, იძულებული ვარ ვაღიარო, რომ იმ დღეს მარეკი გაკვეთილებიდან გაიპარა,” _ ედმუნდ ნიზიურსკი, ,,მარეკ პეგუსის თავგადასავალი”. 

არ გინდათ სიცხემ აგიწიოთ? სულ ცოტათი მაინც? ასე ოცდათვრამეტამდე, მეტი არა, მერე თვალები იბინდება, გონებაც; კითხვა ჭირს, სიცილიც; 37.8 ჩემი საყვარელი ტემპერატურაა, არავინ აღარაფერს გთხოვს, არანაირი პასუხისმგებლობა არ გაკისრია, გარდა იმისა, რომ ლიმონიანი და ჟოლოსმურაბიანი ჩაი ბოლომდე დალიო სანამ ცხელია და საბნიდან ხელი არ ამოჰყო, თუკი ფურცელი არ გაქვს გადასაშლელი. სიცხის დროს რამე მსუბუქი უნდა შეარჩიო, რამე ისეთი, ხმამაღლაც რომ იკითხო, შვილიდან დაწყებული ბებიით დამთავრებული ყველა რომ მოგისმენს. ასეთი წიგნები აქვს ასტრიდ ლინდგრენს, მარკ ტვენს, ნოდარ დუმბაძეს, მაგრამ მათზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს ჟურნალში. მოდით, მე ჩემს საყვარელ თავის მოავადმყოფებისას საკითხავებზე გიამბობთ.

სადღაც ალბათ, 6-7 წლამდე ჭეშმარიტი მკითხველისთვის აუცილებელია, წიგნი იყოს ფერადი და სურათებიანი, ხოლო შემდეგ კი, მე რომ მკითხოთ, წიგნი უნდა იყოს აუცილებლად ძველი და გაცვეთილი, ,,სკოჩით” დაწებებული, შეიძლება დასაწყისი (ოღონდ, ღმერთმა არ ქნას, დასასრული) აკლდეს. უნდა წააწყდე სადმე წიგნის თაროს მეათე რიგში, ყდა უნდა ჰქონდეს მოხეული, უნდა გადაშალო და…

შიგ უნდა იყოს ბიჭი, რომელსაც არასოდეს უმართლებს, როგორც შენ, როგორც ყველა შენს თანატოლს ამ ასაკში, ყველა უბედურება ხომ მეექვსე-მეშვიდე კლასელებისთვის მოიცლის ხოლმე: ჭორფლები გაყრის, შენ ოთახში მშვიდად ვერ გიმეცადინია, შენს სახლში კუნთმაგარი ბიძაშვილი, ახირებული მდგმური, ორი საძაგელი და და ას ხუთი რწყილი დახტის. მეგობრები ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნება მათი ნახლაფორთევი ბომბი შენთან ააფეთქონ. სკოლაში მორიგე ხარ, ასაკგადასულები გჩაგრავენ და პაპკევიჩზე სულ თვალი უნდა გეჭიროს, პითაგორას გაკვეთილამდე ცარცი რომ არ შეჭამოს.

მე ყველაზე მეტად პანი ოკულუსოვასი მშურს. პანი ოკულუსოვა ხომ კლასის ყველა მოსწავლეს უყვარს, ასაკგადასულებსაც კი (ჩემს წიგნს სატიტულო გვერდი მოხეული აქვს და არ ვიცი, ვინ არის მთარგმნელი, მაგრამ გენიალური ვინმე კია, ,,ასაკგადასულებს” მოფიქრება ხომ უნდა?), პანი ოკულუსოვა რომ კლასში შემოდის, მისი გული ხომ მზესავით ასხივებს და მოსწავლეები, როგორც ბალბიფოთლები, მის სხივებში იფურჩქნებიან.

გამომძიებლები უფროსების სამყაროში ცხოვრობენ, მათ ჰყავთ ჰოლმსიც და პუაროც და მარპლიც; ჩვენ მხოლოდ კალე ბლუმკვისტი გვყავს და კიდევ იპპოლლიტ კვასსი, რომელიც იქით გახდება თეოდორისა და მისი რაზმის დასახსნელი. თუმცა მაპატიეთ, დეტექტივის წინასწარ მოყოლა არ შეიძლება.

ყველა პოლონელს, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია, გაცნობისთანავე ვეკითხები, თუ იცის მარეკ პეგუსის შესახებ და ყველა მათგანს თვალები უბრწყინდება, ეს მათი ბავშვობაა. სწორედ ამიტომ იქ, სადაც ბევრი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელია შეკრებილი, მე ყველაზე სწრაფად პოლონელებს ვუმეგობრდები. ასე გავიცანი გულჩათხრობილი მართა და მხიარული და ნიჭიერი სოფია; გულუბრყვილო ბიზნეს-მრჩეველი დოროთა და უსინათლო და ენამწარე ვოიტეკი, რომელმაც ნახევარი ბოთლი ღვინო დალია და თავისი საიდუმლოებები გამანდო. მაგრამ ჩემი ნამდვილი პოლონელი მეგობარი მხოლოდ მარეკია.

სწორედ ჩემი და მარეკის მეგობრობის ხათრით იყო ექიმს რაც ვუთხარი, აი, იმას მეორე დღეს ოპერაცია რომ უნდა გაეკეთებინა ჩემთვის და მსინჯავდა და გაოცდა, ვერც ხელები რომ გავწიე წესიერად გვერდზე და იმის მაგივრად, რომ ჩამესუნთქა და ამომესუნთქა, ორჯერ ზედიზედ ამოვისუნთქე, მან კი ,,გოგო პიტკინი” მიწოდა: ,,გოგო პიტკინი კი არა, გოგო პეგუსი”.

ჰოდა, საერთოდაც ნუ გექნებათ სიცხე, რა საჭიროა, გქონდეთ საშობაო არდადეგები და ბევრი თავისუფალი დრო. გქონდეთ ნაძვის ხე და ბევრი გემრიელი სასუსნავი. პირი არ დააკაროთ ვეროკოკოს აბებიან ბარდის ჩასქელებულ წვნიანს და დილაობით გემრიელად ჩაკბიჩეთ ცხელი ხაჭაპური. ოღონდ ჩაწექით თბილად ლოგინში, გამორთეთ ყველა ელექტროხელსაწყო და წაიკითხეთ მარეკის ძალიან სასაცილო და სახალისო თავგადასავალი.
ჩემი და მარეკის მეგობრობის ხათრით წაიკითხეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი