ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

“მამამარჩენალი” ქალები. წოდებაში დაკარგული იდენტობა

 აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ჩემს ბებიებზე, თავიანთი კაცებისგან დამარტოხელებული ცხოვრება ზურგზე რომ წამოიკიდეს ყველაზე კრიტიკულ დროში. ატარეს და ატარეს ეს მძიმე და ტკბილი ჯვარი ისე, რომ ერთხელაც არ დაუწუწუნიათ. ჯერ ერთ ბებიაზე მოგიყვებით, სახლის მშენებელ ბებიაზე, საკუთარი სახლი რომ აგვიშენა სოფელში –  თქვენი კერია უნდა გქონდეთო, თქვენი საძინებელიო და თქვენი ჭერი და კედელიო. მანამდეც  გვქონდა ჭერი და კედელი, მაგრამ ხომ იცით როგორია გაყოფილი ოჯახის ქონება. ქალიშვილების გათხოვების შემდეგ, ოჯახს და ქონებას ძმები იყოფენ. მშობლების სახლი უმცროს ძმას რჩება, უფროსი ძმა კი  უნდა წავიდეს და თავისი სახლი აიშენოს.  მოკლედ, ასეთი ამბავია და ცოტა რთული გასარკვევი რატომ არ ნაწილდება ქონება თანაბრად ყველა შვილზე, სქესის და უმცროს-უფროსობის გარეშე. ამის გამო, ბებიამ გადაწყვიტა სახლი აეშენებინა ჩვენთვის, უფროსი შვილისთვის და შვილიშვილებისთვის, ზაფხულში სოფლად ჩასულებს ჩვენი “ყურე” რომ გვქონოდა. შორს არ წავსულვართ, იქვე მისი სახლის გვერდით დაიწყო ჩვენი სახლის მშენებლობა.  მძიმე დროში  მოუწია სახლის შენება: ყველას რომ უჭირდა, შუქი და საკვები რომ არ იყო ქვეყანაში, ცალკე ომი და არეულობა.  მარტივი არ ყოფილა ჩვენი  სახლის მშენებლობის ამბავი, ხან რისი გაყიდვა მოუწია და ხან რისი. მაგრამ რაღაცნაირად, წვალებ-წვალებით მაინც აშენდა და შემდეგ სულ შენდებოდა და შენდებოდა. სახლი რომ გადაიხურა, შემდეგ ნარგავებსაც მიხედა, თხილის ნერგები ჩაყარა, ესეც თქვენი საკუთარი უნდა გქონდეთო, სადაც თავისუფალ მიწას გადააწყდებოდა გვირგავდა სხვადასხვა ხილის და თხილის ნერგებს, სახლის წინ ყვავილებს, მისი სიკვდილის შემდეგ რომ აღარ გვქონია ისეთებს. 

ზაფხულობით დიდი კალთით დადიოდა ამ თხილის ძირებში, ზამთრისთვის გვიგროვებდა, ცალკე  გასაყიდად ამზადებდა, ჩვენსასაც და საკუთარსაც. “ჩია” მოტკბო გემოს თხილს ინახავდა, “გურულს” ყიდდა. 

ბებიაჩემს ყველაფერი თავისი ჰქონდა: ვენახი  და ღვინო, თავისი ყანა და სიმინდი, თავისი ხილის ჩირები და ჩურჩხელები, გადადებული ფული სიკვდილისთვის – შავი დღისათვის. 

ბებია არაყსაც ხდიდა  სევდიან, კარალიოკის ფოთლებით მოფენილ, ნესტიან ამინდებში. ჭასთან ახლოს არყის სახდელს გააწყობდა და ასე წვეთ-წვეთად ველოდებოდით არყის ჩამოსხმას. 

ბებია იყო ქალი, რომელსაც ყოველთვის საკუთარი ფული ჰქონდა და ამას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ ყველას გვქონოდა ჩვენ-ჩვენი საკუთრება.

ჩვენი ახლადაშენებული სახლისთვის სილა მოჰქონდა, სატვირთოს მძღოლს ურიგდებოდა ფასზე, კალატოზს ანაზღაურებაზე, კარ-ფანჯრის ოსტატს ხარისხზე და ანაზღაურებაზე. ბებია იყო ყველგან, სადაც კი ჩვენ გაკეთებულ საქმეებს ვხედავდით. 

ვენახსაც თავად სხლავდა, შინაურ ცხოველს და ფრინველს უვლიდა, ოჯახსაც პატრონობდა. შვილიშვილებსაც გვკვებავდა და გვივლიდა. 

შეშასაც თავად ჩეხდა. თავისი ბარი და თოხი ჰქონდა, საკუთარი სამუშაო იარაღები.

ის ერთადერთი ქალი არ იყო სოფელში, რომელიც ბაზრის დღეებში ტომრით თხილს ზურგზე მოიკიდებდა და გასაყიდად მიჰქონდა. იქიდან კი საჭირო პროდუქტებით დატვირთული ბრუნდებოდა. 

როცა, ქალებზე და მათ შესაძლებლობებზე ვლაპარაკობთ, ან კიდევ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მათ კაცებთან შედარებით შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, რომ კაცებთან შედარებით ისინი სუსტები არიან, ყოველთვის მიჩნდება სურვილი ჩემს ბებიებზე ყველას მოვუყვე. მათ ცხოვრებაზე მოვუყვე, თუ როგორ შეძლეს თითქმის წარმოუდგენელ ვითარებებში გადაერჩინათ თავი, გადაერჩინათ ოჯახები. ყველაზე მძიმე სიტუაციებში ჰქონოდათ მეხამრიდის ფუნქცია – ფარივით აფარებოდნენ ოჯახს და შვილებს გასაჭირის დროს, ხანდახან საკუთარი თავიც დავიწყებოდათ  ან კიდევ გააზრებულად შეეწირათ თავი შვილების მომავლისთვის. 

მათი ყოველდღიური ცხოვრება იყო ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად შესწევდათ ძალა შეეცვალათ არსებული მდგომარეობა, შეეცვალათ ის  მოცემულობა, რომელიც ბევრს მყარ კანონზომიერებად ეჩვენებოდათ. მათი ყოველდღიური რუტინაც კი დაპირისპირება იყო არსებულ, ფესვგადგმულ მოსაზრებებთან, რომ ქალი სუსტი არსებაა და მას მამაკაცივით შრომა არ შეუძლია. 

ასეთ ქალებს შემდეგ “ოჯახის მამამარჩენლებს” ეძახდნენ. ამ თითქოს, განსაკუთრებულად პატივსაცემ  წოდებაშიც კი იკარგებოდა მათი სქესის ძალა და უპირატესობა. 

და აი ახლა, ამ ცივ დეკემბერში, როცა სოფლად მცხოვრები ქალები საკუთარ თბილ სახლებში შეიკეტებიან ზამთრისთვის მომარაგებული სარჩო-საბადებლით, ეზოში კოხტად აწყობილი დაჭრილი შეშის კედლები კი დაგვაიმედებს, რომ ისინი ამ ზამთარს თბილად გაატარებენ, მათი ვნებათაღელვის და მღელვარების საგანი ისევ შვილები,  შვილიშვილები და  შვილთაშვილები იქნება. და ისინი მაინც გააგრძელებენ მათზე ზრუნვას და შორიდან ნერვიულობას.

ზაფხულობით ჩემი მეორე ბებია საქმეებისგან რომ გადაიღლება,  ბოსტნის ეზოში, საქანელაზე ჩამოჯდება და ჩუმად მღერის. ასე ისვენებს და გულს იმსუბუქებს. ბებიას შვიდი  შვილი ჰყავს და არასდროს დაუსვენია. როცა ოჯახის ყველა წევრი ერთად მოვიყრით თავს, ის ხშირად მღერის ძველ სიმღერებს, ძველებურ დროზე და ძველ განცდებზე. ამბობს, რომ ყველაფრით კმაყოფილია, ბედნიერიც, მაგრამ როდესაც ახალგაზრდობის წლებზე დავიწყებთ ლაპარაკს, ყოველთვის სევდიანად იხსენებს ამბავს, როგორ ვერ მოახერხა მუსიკალურ სასწავლებელში ჩაბარება. ამ ერთი განუხორციელებელი სურვილის მიუხედავად, იგი ჩვენთვის მაინც რჩება იმ ადამიანად, რომელიც ხშირად გვაიძულებს ყველაზე რთულ მომენტებში ძალები მოვიკრიბოთ და უფრო მხნედ და შემართებით შევუტიოთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი