სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სოლ ბელოუს სევდიანი მილიონერი

მსოფლიო უზარმაზარი კორპორაციაა, სადაც ხშირად არ ვუფიქრდებით, რა გვსურს ჩვენ სინამდვილეში. ყოველდღიური რუტინა ცდილობს, არ დაგვაფიქროს მთავარზე. არც იმაზე, საერთოდაც, რა არის მთავარი?! საკუთარი თავების გამოტოვება მავნე ჩვევაა. მარტივია, გამოტოვოთ პუნქტუაციის სრული პაკეტი მთელს უზარმაზარ ნაწარმოებში, მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, როგორ შეგიძლიათ, საკუთარი თავი გამოტოვოთ ამავე ნაწარმოებში?!- დიახ, ავტორობა გამორიცხავს ეგოს დაუფიქსირებლობას. მაშინ, როცა კონექტიკუტელი მილიონერი მიხვდა, რომ საკუთარი ცხოვრება თვალსა და ხელს შუა მეზობლის ცხოვრებასავით გაეპარა, თითქოს სწორედ მეზობელი ყოფილიყოს მისი ცხოვრების ავტორი, თითქოს სასახლეში ღორების ფერმაც სრულიად გაუცნობიერებლად ვიღაცამ, სხვამ აუშენა, თითქოს შვილებიც და ცოლებიც სიზმრებში მოახდინა, ძალიან არ მოეწონა თანაავტორობის 55 წლიანი ციკლი და აფრიკაში წავიდა. საკუთარი ცხოვრების და პასუხების საპოვნელად ასეც მიდიან ხოლმე. სხვაგან.

სოლ ბელოუს რომანი “ჰენდერსონი, წვიმის მეფე” სულ რამდენიმე თვის წინ გამოსცა “დიოგენემ” ლელა დუმბაძის შესანიშნავი თარგმანით. ნობელიანტი ბელოუ უმნიშვნელოვანესი ამერიკელი რომანისტია და როგორც ამბობენ, აფრიკაში საკუთარი თავის საპოვნელად გაქცეული ჰენდერსონის შესახებ დაწერილი რომანი მისი საყვარელი ტექსტი გახლდათ. ასეა თუ ისე, კოლექტივიზმის და უამრავი სხვადასხვა ვალდებულების ქვეშ შეყუჟული ინდივიდუალობის გადარჩენის თემა დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ადრე.
დღესაც აქტუალურია ეს “გაქცევები”. თბილისელი სალომე იმავე მიზნით გარბის ქვეყნის დასალიერში, რა მიზნითაც- ლონდონელი ჯონი. არა, ბაკურიანი მსოფლიოს დასალიერი, ალბათ, არ იყო (გააჩნია, რომელი გეოგრაფიული პუნქტიდან შევხედავთ), მაგრამ, მე კარგად მახსოვს ჩემი ათდღიანი გადახვეწა და ის სიმარტოვე, რომელმაც კიდევ უფრო ბევრი კითხვა გამიჩინა. მოვუსმინე საკუთარ თავს, იმდენი ვუსმინე, იმდენი, რომ თავი რამდენიმე მეგონა და მარტოობა არ გამომივიდა. მერე საკუთარ თავებს ყავა მოვუდუღე, ფუმფულა პლედები მოვახურე და ნარჩევ- ნარჩევი წიგნები დავურიგე. ვერაფერი ვიპოვე იმ ზამთარს ბაკურიანში, შესაძლოა, ასაკის სიმცირის გამოც. 19 წლის ასაკობრივ განმარტოებად შევრაცხე და დავივიწყე.
მაგრამ 55 წლის იუჯინ ჰენდერსონი ტოვებს ყველაფერს და მიდის აფრიკაში, სამყაროში, რომლის უცხო ცივილიზაციაც, წესით, ცოტა დამაბნეველი ამბავია მილიონერისთვის. მაგრამ იუჯინს, შეუძლია, დაუმეგობრდეს ერთ- ერთი ტომის ბელადს, რომელიც ისეთი ბრძენია, როგორი ბრძენებიც, საერთოდ, ტომის ბელადები არიან. ცხოვრებისეული, ბუნებრივი, უცნაური სიბრძნეებით. გაუგებრად ბრძენ ბელადებს საოცარი ნიჭი აქვთ, ადამიანების ცხოვრება შეცვალონ.
უხეში, სევდიანი, ჩვეულებრივი, ადამიანური ჰენდერსონის ცხოვრებისეული მოვალეობა: მუდმივი თავისმართლება და სწორად ცხოვრების მცდელობა ძალიან ჰგავს უნიჭო სპექტაკლს, რომლის მსახიობები განსაკუთრებულად კარგი გრიმისა და კოსტიუმების ხარჯზე იმსახურებენ მოწონებას. აი, აფრიკაში კი, სადაც ძროხები წყურვილით მხოლოდ იმის გამო კვდებიან, რომ წყალსაცავის გასუფთავება დაპატრონებული ბაყაყებისგან არც ისე მარტივია, რადგან საქმე სხვა ცივილიზაციასთან და შეხედულებებთან გვაქვს, სადაც დინამიტის ჩაგდება ხელის ერთი მოძრაობა არ არის და არც სპექტაკლები იმართება, იუჯინს მოქმედების საშუალება ეძლევა. აქ, ადამიანების თითქოს გულუბრყვილო, გულწრფელი სახეების, ემოციების პირისპირ მდგომს, წარმოდგენა არ აქვს, რა არის სწორი ან არასწორი, ის არ იცნობს ამ საზოგადოებას, შესაბამისად, უნდა ჩაჰკიდოს ხელი საკუთარ თავს და იმოქმედოს საკუთარი პრინციპების მიხედვით.
ჰენდერსონი ნელ- ნელა ცოცხლდება ზღაპრულ წიგნში, იწყებს სუნთქვას და თქვენ წარმოიდგინეთ, ვარირის ტომის კერპადაც კი იქცევა. მას შეუძლია, იყოს წვიმის მეფე, გვალვის დამმარცხებელი და დაჰფუსთან, მეფესთან საინტერესო დიალოგები გამართოს, არა იმიტომ, რომ ვინმეს თავი მოაწონოს, არა, მას ჭეშმარიტების, პასუხების პოვნა უნდა.
ეს წიგნი მათთვისაა, ვისი “სულიერი ნგრევაც ბავშვობიდან დაიწყო”, მათთვისაც, რომლებსაც ეს ეტაპი მოგვიანებით დაუდგათ და მათთვისაც, რომლებსაც ყველაფერი რიგზე აქვთ. რადგან კაცმა არ იცის, როდის მივხვდებით, რომ საკუთარ ცხოვრებას უნდა დავეწიოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი