ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკოლის ღია კარი მწერლებისთვის

მეოთხე-მეხუთე კლასელ ბავშვს ერთი სული აქვს, გაკვეთილები დამთავრდეს, მოიკიდოს ჩანთა და სახლისკენ გაიქცეს, მით უმეტეს ასე იყო იმ დროს, რომელზეც ახლა მე ვყვები. ჩემს ბავშვობაში, 90-იანი წლების ბნელ, ცივ, ნავთისა და შეშის სუნით სავსე სკოლაში. 
დღეს ამ ყველაფერს ასე ვიგონებ, ხარანაულის სიტყვებით: „სწორედ ჩემ წინ გათავდა პური”. ის ერთი დღე მაინც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. ვიღაც შემოვიდა და დამრიგებელს უთხრა, რომ არსად გავეშვით, ბოლო გაკვეთილის დასრულების შემდეგ სკოლაში სტუმარი გვეყოლებოდა და მას უნდა დავხვედროდით მოსწავლეები ღიმილით, ყვავილებით. მერე ვიღაცამ მისი სახელიც ახსენა, ანა კალანდაძე მოდისო. 
აბა მე რა ვიცოდი მაშინ ანა კალანდაძე. ინტერნეტი არ იყო, ტელევიზორი იყო, მაგრამ ელექტროენერგია – არა. იქნება უბრალოდ თვალი მქონდა მოკრული ანას ლექსების კრებულისთვის მამაჩემის საოჯახო ბიბლიოთეკაში, ან მხოლოდ რომელიმე ერთი ლექსი და ორწინადადებიანი ბიოგრაფია თუ ვიცოდი, მაგრამ ახლა არ მახსენდება რამე აკვიატებული ფრაზა მეჩურჩულა, ეს ანაა, ანას ლექსი-მეთქი.  
სკოლის შესასვლელის კიბიდან იწყებოდა და სპორტდარბაზამდე გრძელდებოდა საპატიო კორიდორი, რომელიც სტუმარს უნდა გაევლო. მივედი მეც, ჩავწიე თანაკლასელები, დავდექი და დაველოდე. ხელებს ვიორთქლავდით, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით და თან ყველას თვალი ეზოსკენ გვეჭირა. 
ის მერე ცუდად ჩამრჩა გულში, რომ შემოვიდა, აქეთ-იქით ბავშვებს ესალმებოდა. ზოგი გადაკოცნა თავიდან, მერე ხელს ართმევდა, ბოლოს ბავშვებს თავზე ეფერებოდა. ჩემ წინ მდგარს რაღაც ჰკითხა, ხელი ჩამოართვა. 
მე ვდგავარ და ვფიქრობ ათას კითხვაზე, რომელიც შეიძლება დამისვას და ვპასუხობ ათას კითხვას ისე, როგორც მინდა, რომ ვუპასუხო და მერე წარმოვიდგენ, როგორ მკოცნის, ან მომეფერება და დამიხსომებს. ამ დროს ის მომიახლოვდა, მარჯვნივ გაიხედა და მასწავლებელთა ჯგუფისკენ წავიდა ისე, რომ ჩემზე შეწყდა ყველაფერი. სხვა არაფერი მახსენდება ისეთი, რომ ასე მტკენოდეს გული იმ ასაკში. 
იმ წელს მახსოვს, სკოლაში შეჯიბრება იყო, ვინ მეტი ლექსი იცოდა, მე სამოცდასამი ლექსი ვთქვი უშეცდომოდ, მაგრამ კალანდაძის ლექსების კრებული მაშინღა გადავშალე, იმედი რომ გამიცრუვდა და გული მეტკინა, მაგრამ თან მიხაროდა, სათქმელად მქონდა მე ანას ვიცნობ-მეთქი და ეს სულ არ ნიშნავდა ცოტას. ავიღე წიგნი და დავიწყე კითხვა და არ ვიცი რა გავიგე, რა გავიაზრე თუ ვიგრძენი, იქნებ ძალიან ბევრი ჩემი ასაკისთვის, ან ძალიან ცოტაც, მაგრამ იმის მერე, უფროსკლასელობამდე, ბავშვობაში ხშირად ვჩერდებოდი სკოლის მოსაცდელ დარბაზში და ვფიქრობდი, კიდევ თუ მოვიდოდა ვინმე, მწერალი, პოეტი, საკუთარი წიგნი რომ ჰქონდა, საკუთარი ამბები. 
არაფერი სხვა, მე იქიდან არც ის ვიცი, ანამ რაზე ისაუბრა შეხვედრის დროს, რა მოხდა, როგორ იქცეოდა, მაგრამ წასვლის და მოსვლის მომენტები ჩამრჩა გონებაში ცოცხალ კადრებად. იმ დროს ალბათ მისმა საუბარმაც შეცვალა რაღაც ჩემში, ესენიც რომ მახსოვს.
ამ ყველაფრით კი ის მინდოდა მეკითხა ჯერ და მერე მეთქვა… მაგრამ ჯერ შეკითხვა იყოს: „დადიან დღეს სკოლებში მწერლები?”  ახლა თქმისა იყოს: ქართული ენისა და ლიტერატურის ახალ წიგნებს ახალი ავტორები დაემატნენ ბოლო წლების განმავლობაში. მათი ნაწილი ჩვენი თანამედროვეა, რომლებიც ამ ქვეყნის ქალაქებში ცხოვრობენ, ამ ქუჩებში დადიან და ძალიან ადვილია, სკოლამდე მათი მიყვანა. იქ ჩემნაირი ბევრი დახვდება მათ, ზოგი სიცილით, ზოგი დიდი მოლოდინით და ინტერესით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანს წლების მერეც ეხსომება იმ მწერლის სტუმრობა, ვის ამბებსაც კითხულობენ და სწავლობენ. 
დაბოლოს, დასასრულ, თუ რომელიმე მწერალი ამას წაიკითხავს, მინდა შევახსენო გარდამერის სიტყვები, რომ არცერთი ადამიანური სიტყვა სულის სრული გამოხატულება არ არის და ამიტომ, მიდით ბავშვებთან, სკოლებში მიდით და თქვენი სული დატოვეთ მათთან. თქვენს სიტყვებს ისინი თვითონ დაგახვედრებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი