სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

,, ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“ ანუ თანასწორობის გაკვეთილები

ამას წინათ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც  ,,მშიერი” ახალგაზრდა ლუკმის გაყოფას სთხოვს სხვადასხვა საკვებით ხელდამშვენებულ გამვლელებს. ვინ რა დოზის გულუხვობა გამოიჩინა, ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. პირადად მე,  ექსპერიმენტის  უნებლიე მონაწილეთა ,,დამუხრუჭებულმა” ემოციამ უფრო  დამაინტერესა. გამახსენდა  ,,ტრაგედია უგმიროდ”, ბატონი ნიკოს მიერ მოყოლილიც და ბავშვობის ბნელ და მშიერი დღეებში  ჩემს თვალწინ არაერთხელ  გათამაშებულიც. მაშინ ყოველდღიური მწირი სადილის მოყვასისთვის განაწილება გადარჩენის ტოლფასი იყო. საკვებთან ერთად , სიყვარულის და თანაგრძნობის ლუკმას ყოველდღიურად ვუყოფდით ერთმანეთს და ,,ქვაზე დადებული სიკეთე” უკან მართლა გვიბრუნდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სიკეთისგან სარგებელის მიღებაზე არავინ ფიქრობდა.    

        

დღეს,  ქვაზე დადებული სიკეთის ნაცვლად, ქვადქცეულ თანაგრძნობას თუ წამოვკრავთ ფეხს, დასახმარებელი ხელების რაოდენობა კი იზრდება და იზრდება… მზერასთან ერთად სმენასაც ვიხშობთ, ყურსასმენებით შეიარაღებულები ვიცავთ საკუთარ მარტო ყოფნას, მიწას თვალს არ ვაშორებთ და გამუდმებით დაუმთავრებელი საქმეებისკენ მივიჩქარით.  საინტერესოა,  ასე რამ ,,გაგვავარჯიშა” გულგრილობაში?! ქვეყანაში ერთი-ორად გაზრდილ  რეალურ  უპოვრებზე შეჩვეული თვალის ბრალია, თუ მათმა გათავხედებულმა მიმბაძველებმა ,,გაანიავეს” ჩვენი თანაგრძნობა.

ზემოდან საუბარივით რომ არ გამომივიდეს, დავამატებ, რომ მეც ხშირად ჩამივლია მიწასჩაჩერებული მზერით გამოწვდილ ხელთან და კარგად მესმის, როგორი ძნელია ახალი საუკუნის თავბრუდამხვევი ტემპის წნეხში მოხვედრილი ადამიანებისთვის ენერგიის,  ემოციის გადანაწილება ,,სხვის ჭირზე”, როცა საკუთარი ცხოვრების მართვაც გვიძნელდება. ყველაზე ხშირად  უსუსურობის შეგრძნებას გავურბივართ, მაგრამ საკითხავი ისაა, რა უფრო ძნელია – გაქცევა თუ დარჩენა.

აქვე, გვერდს ვერ ავუვლი იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც, საბედნიეროდ, ჩემ გვერდითაც მრავლად არიან და, მიუხედავად მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორისა, ერთისთვის ერთად დგომის ნამდვილ მაგალითს წარმოადგენენ. მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრას ბევრად მეტი ასეთი ადამიანის  სჭირდება. ეს მხოლოდ დუღაბის ერთი წვეთია იმ გაბზარულ საძირკველში რომელსაც შეგვიძლია საზოგადოებრივი ცნობიერება ვუწოდოთ.

რა თქმა უნდა, მარტო ეკონომიური თუ ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე მდგომი მოყვასის დახმარებით არ განისაზღვრება საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი  ემპათიის  არსებობა-არარსებობის საკითხი. 

ამას წინათ,  ეტლით მოსიარულე ბავშვებს საგანმანათლებლო სივრცეში შესასვლელი კარი ,,თანაგრძნობით” ჩაურაზეს. ალბათ მსგავსი თანაგრძნობის შიშის გამო, აღარ ატარეს  სკოლაში ჩემი ახლობელი ეტლში ჩაჯდომის შემდეგ. ბევრისგან გამიგონია, სმენა ან მხედველობადაქვეითებულს ოჯახში რძლად ან სიძედ როგორ შემოვუშვებო…  ასეთ დროს კომენტარის გაკეთება ძნელია. სჯობს ეს  ვიდეო ვნახოთ, საზოგადოების გამთლიანების მაგალითად თუ არა, იქნებ ზემოთხსენებული სტერეოტიპის დასამსხვრევად მაინც  გამოგვადგეს:

არსებული  დამოკიდებულების შესაბამისია ქართული  გარემო, რომელიც იშვიათად ითვალისწინებს უნარშეზღუდული ადამიანების საჭიროებებს. ისინი მიჯაჭვულები არიან სხვა ადამიანს და მის გარეშე ქუჩაში გასვლა არ შეუძლიათ. შესაბამისად, უჭირთ სამსახურის შოვნაც და ჩვენთვის ჩვეული სხვა საზოგადოებრივი აქტივობების განხორციელებაც.  ამას წინათ, ჩემი ახლობელი, რომელიც  ეტლით სარგებლობს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაითხოვეს  სამსახურიდან (ვირუსი შეხვდა, დიდი დრო დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად და აღარ აღადგინეს), მაინც ვერ შეძლებდით ასეთი დატვირთული რეჟიმის დიდხანს ატანასო,  – უთანაგრძნეს,  რას ვერჩით.

თანაგრძნობა რომ ერთად ყოფნისთვის საკმარისი ყოფილიყო, არ იარსებებდა სიტყვა თანასწორობა და არც ზრუნვას განვიხილავდით მის თანამდევ მოქმედებად. ჩემი აზრით, წვნიანი, რომელიც მხოლოდ სიბრალულის ცეცხლზე იხარშება, საყოველთაო შიმშილს ვერ მოკლავს.

****
ზოგი ამტკიცებს,  ლიტერატურა ცხოვრების ანარეკლიაო, ზოგი – პირიქით, ცხოვრებას უწოდებს ლიტერატურის აჩრდილს. როგორც არ უნდა იყოს, კარგი ტექსტი სარკედ ნამდვილად გამოდგება, ჩაიხედავ და აჩეჩილ თმას ხომ მაინც დაინახავ, თუ არ დაივარცხნი.  ჰოდა, მეც სარკეში ჩახედვას ვასწავლი ბავშვებს. 

ხანდახან ისიც საჭიროა,  წიგნი გვერდზე გადადო და ესაუბროთ მათ, თქვენს წინ მსხდომ პატარა ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ და უნდათ ერთად ყოფნა, ახალი საზოგადოებრივი შიმშილის – წარმატების ელექსირის დაგემოვნების მიუხედავად.

მე ვინ ვარ… ჩემი წილი ერთი გოჯი მიწა ალბათ უჩემოდაც გაითოხნებოდა, მაგრამ რადგან ვარ და არც მსმენელი მაკლია, რაც შემიძლია, ვცდილობ. ვფიქრობ,  ერთად ყოფნის  გაკვეთილები ბავშვებისთვისაც საინტერესო და, რაც მთავარია, სასარგებლო აღმოჩნდა.

წავიკითხეთ  მოთხრობა კეთილი მოხუცის შესახებ, რომელიც მომავალი თაობის საკეთილდღეოდ  შრომობს, შემდეგ ვნახეთ ნაწყვეტი ქართული ფილმიდან – ,,ნერგები”.  ,,ნამდვილი ადამიანის” ძიებამ საკმაოდ შორს წაგვიყვანა. ვინ აღარ ვახსენეთ:  მეგობრისთვის თავგანწირული ჭიანჭველა (,,რწყილი და ჭიანჭველა”),  ,,კეთილი ამხანაგი” (ი.გოგებაშვილი) , ,,ორი ძმა” (სულხან-საბა ორბელიანი) და სხვა.  ზრუნვის  მაგალითები კლასშიც გავითამაშეთ – ბიჭებმა გოგონები თავაზიანად მიაცილეს მერხებამდე. ზოგმა ჩანთა წამოაღებინა, ზოგმა – ქურთუკი ჩამოართვა და კარადაში შეკიდა. გოგონებმაც შესაბამისი თავაზიანობა გამოიჩინეს, გაკვეთილის მსვლელობის დროს, ხან კალამს ათხოვებდნენ დაბნეულ მოსწავლეს, ხან  ცხრილის დახაზვაში ეხმარებოდნენ…  კვირის ბოლოს ხელისგულებზე მოვიგროვეთ  ჩვენ მიერ ჩადენილი სიკეთეები და ,,მზრუნველი ხელების” გამოფენაც მზად იყო. მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც ბოლომდე ვერ ვთქვი, თითქოს სახლი ავაშენე და კარი ვერ შევაბი. სასწრაფოდ ,,თარაზო”  მოვიშველიე  და ბავშვებს  ერლომ ახვლედიანის ნიკოზე და ვანოზე მოვუყევი, იმ მონაკვეთზე, ერთმანეთს რომ ეტოლებიან და ბოლოს, ორივე  თითო-თითო სანტიმეტრით მაღალი აღმოჩნდება. წრეც შეიკრა. 

მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს რა იარაღს გამოვიყენებთ. ჩემი აზრით, ყველა ისტორია, რომელსაც დიდი მწერლების კალმები ყვებიან, ,,შემთხვევით შეხვედრილი ამბებისგან” აკინძული ერთად ყოფნის გაკვეთილებია, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გაბნეული მარტოსული ადამიანების თვალებში რომ ამოიკითხეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი