ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ცხოვრება, მისთვის გასაგებ ერთადერთ ენაზე საუბრობს

1972 წელს იოსიფ ბროდსკიმ საბჭოთა კავშირი სამუდამოდ დატოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე პოეტმა მიჩიგანის უნივერსიტეტში სლავისტიკის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის თანამდებობა დაიკავა. აქ მან ცხრა წელი იმუშავა. 1988 წელს ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ბროდსკი სიტყვით გამოვიდა. მაშინდელმა კრიტიკოსებმა გამოსვლას „პოლიტიკურად არაკორექტული” უწოდეს. აი, რა ურჩია კურსდამთავრებულებს ადამიანმა, რომლის შემოქმედება არასოდეს კარგავს აქტუალობას.
1.ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ენობრივ სიზუსტეზე. ეცადეთ გაიმდიდროთ სასაუბრო ლექსიკონი და მას ისე მოექცეთ, როგორც საკუთარ საბანკო ანგარიშს. დიდი ყურადღება დაუთმეთ და გაზარდეთ დივიდენდები. თქვენი მიზანია საკუთარი თავის ზედმიწევნით და ზუსტად წარმოჩენა. ერთი სიტყვით, წონასწორობის შენარჩუნება, რადგან ბოლომდე გამოუთქმელ ან გაუმჟღავნებელ სათქმელს ნევროზამდე მიყვანა შეუძლია. ამ უსიამოვნებისგან თავის ასარიდებლად აუცილებელი არ არის წიგნის ჭიად იქცეთ. უბრალოდ, ლექსიკონი შეიძინეთ და ყოველდღიურად ჩახედეთ, ზოგჯერ კი ლექსებიც წაიკითხეთ. ეს წიგნები საკმაოდ იაფია. ძვირიც რომ იყოს, მაინც უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ფსიქიატრთან ვიზიტი.         
 
2. ეცადეთ კეთილი იყოთ მშობლების მიმართ. თუ ეს ისე ჟღერს, როგორც „პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა”, ბოდიშს მოვითხოვ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ნაკლებად აუმბოხდეთ ხოლმე მშობლებს, რამეთუ ისინი, სავარაუდოდ,  თქვენზე ადრე გარდაიცვლებიან. ასე შეძლებთ სინდისის ქენჯნისგან გათავისუფლებას, რადგან უბედურების განცდას ისედაც ვერ აცდებით. თუ ამბოხი აუცილებელია („მე არ გამოგართმევთ არცერთი გროშს” – მსგავსი მოთხოვნებით), იამბოხეთ მათ წინააღმდეგ, ვინც ნაკლებად მგრძნობიარეა. მშობლები ზედმეტად ახლო სამიზნეს წარმოადგენენ (ისევე, როგორც დები, ძმები, ცოლები ან ქმრები). დისტანცია ისეთია, რომ მიზანს ვერ ააცდენთ.

3. ნაკლებად გქონდეთ პოლიტიკოსების იმედი. არა იმიტომ, რომ ისინი უგუნურები ან უსამართლოები არიან, რაც საკმაოდ ხშირია, არამედ მათი სამუშაოს მასშტაბიდან გამომდინარე. მათ შეუძლიათ სოციალური ბოროტების შემცირება, მაგრამ არა აღმოფხვრა. როგორი საგრძნობიც არ უნდა იყოს სასიკეთო ცვლილება, ეთიკური თვალსაზრისით ის ყოველთვის მცირე იქნება, რადგან ყოველთვის იარსებებენ ისეთი ადამიანები ან თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთიდან მოგებას ვერ ნახავს.           
     
მსოფლიო სრულყოფილი არ არის. ოქროს ხანა არასოდეს ყოფილა და არც დადგება. ამიტომ თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარ სამზარეულოში მომზადებული საკვების იმედი, ანუ თქვენ თვითონ უნდა მართოთ მსოფლიო. თუმცა თქვენივე გამომცხვარი ნამცხვრის „ფარგლებშიც” უნდა შეემზადოთ საიმისოდ, რომ მაინც მოგიწევთ თანაბრად იგემოთ როგორც მადლიერება, ისე გაწბილება.          
4. ეცადეთ იყოთ მოკრძალებული. ამჟამად ისედაც ძალიან ბევრნი ვართ და მალე კიდევ უფრო გავმრავლდებით. მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრება ყოველთვის სხვის ხარჯზე ხდება. ის, რომ ვიღაცაზე გადავლა გიწევთ, მის მხრებზე წამოსკუპებას არ ნიშნავს. ასე რომ, თუ გსურთ მდიდარი ან ცნობილი გახდეთ, გზა დამილოცნია, მაგრამ ნუ მიეცემით ამ სურვილს მთელი არსებით.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ გვერდით ადამიანია. არავინ გთხოვთ მის სიყვარულს, მაგრამ ეცადეთ ნაკლებად შეაწუხოთ და ატკინოთ. უარეს შემთხვევაში, გაიხსენეთ, რომ ახლობლის სიყვარული შორეთიდან მოდის – ვარსკვლავებიდან, სამყაროს სიღრმიდან… ეს თითქმის იგივეა, რაც გიყვარდეთ მოყვასი თქვენი, ისე როგორც საკუთარი თავი.          
5.ყველანაირად მოერიდეთ მიიწეროთ მსხვერპლის სტატუსი. რა საძაგელ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ნუ დაადანაშაულებთ გარე ფაქტორებს: ისტორიას, სახელმწიფოს, ხელმძღვანელობას, რასას, მშობლებს, მთვარის ფაზას, ბავშვობას, ღამის ქოთანზე უდროო დროს დაჯდომას. მენიუ მრავალფეროვანი და მოსაწყენია. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ამ ყველაფერში ვინმეს ბრალს დებთ, საკუთარ სიმტკიცეს ვნებთ და ზრდით უპასუხისმგებლობის ვაკუუმს, რომლის შევსებაც ასე უყვართ დემონებსა და დემაგოგებს, რამეთუ პარალიზებული ნებისყოფა ანგელოზებს სიხარულს სულაც არა ჰგვრის.            
საერთოდ, ეცადეთ პატივი სცეთ სიცოცხლეს არა მხოლოდ მისი სიტურფის, არამედ სირთულის გამო. სირთულე თამაშის ნაწილია და კარგი მასში ის გახლავთ, რომ ის არასოდესაა ცრუ – ნამდვილია. ყოველ ჯერზე, როდესაც სასოწარკვეთილებაში ან მის ზღვარზე იმყოფებით, უსიამოვნებაში ეხვევით ან სირთულეს აწყდებით, გახსოვდეთ: ცხოვრება თქვენთან მისთვის გასაგებ ერთადერთ ენაზე გესაუბრებათ. 
    
შესძელით პატიება. სამყარო, სადაც ფეხი შემოვდგით, ცუდი რეპუტაციისაა. ეს არ არის საყვარელი ადგილი. ამას მალევე აღმოაჩენთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ის არც მას შემდეგ გაუმჯობესდება, როდესაც ჩვენ მას დავტოვებთ.    
თუმცა ამ მოცემულობაში ეს სამყარო ერთადერთია. სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია და რომც გაგვაჩნდეს, არ გვექნებოდა გარანტია იმისა, რომ ის ამაზე უკეთესი იქნებოდა. ამიტომ ეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ მათ, ვინც თქვენი ცხოვრება არცთუ ბედნიერი გახადა.  ასეთები ბევრნი იქნებიან, როგორც ოფიციალურ თანამდებობებზე, ისე თვითმარქვიათა შორის. 
თქვენი არაკეთილმსურველების ქმედება მნიშვნელოვანებას მხოლოდ თქვენი რეაგირების შემდეგ იძენს. ამიტომ ჩაუქროლეთ მათ ისე, თითქოსდა წითელი შუქის ნაცვლად ყვითელი ენთოს. ასე დაზოგავთ თქვენი ტვინის უჯრედებს უსარგებლო დაძაბვისაგან. გადართეთ არხი: თქვენ არ ძალგიძთ შეწყვიტოთ მისი მაუწყებლობა, მაგრამ ძალა შეგწევთ, რომ შეამციროთ მისი რეიტინგი.     

მოამზადა ირმა კახურაშვილმა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი