ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

Βιβλιοθήκη – ანუ რატომ „ვიცავთ“ წიგნებს (I ნაწილი)

სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა პირველად მოვხვდი ქალაქის ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაში. წიგნსაცავის უზარმაზარ დარბაზებში ისე გაუბედავად მივაბიჯებდი, თითქოს საოცრებათა ქვეყანაში ვმოგზაურობდი. წიგნის შესაბამის კატალოგში მოძებნა-გამოწერის შემდეგ, მის მიღებას შეიძლება ერთსაათიანი ლოდინი დასჭირვებოდა. ეს დრო მაინც ბიბლიოთეკის მაგიდასთან გამყავდა, სახლიდან მოტანილი წიგნები სამკითხველო დარბაზში სულ სხვანაირად იკითხებოდა. წიგნის გამოწერა-ლოდინის პროცესი ჩემთვის დიდობანას თამაშის ერთ-ერთ მთავარ რიტუალს წარმოადგენდა. დილაუთენია გავრბოდი ბიბლიოთეკისკენ და მთელ დღეს იქ ვატარებდი. გაფაციცებით ვადევნებდი სამკითხველო დარბაზის ფანჯრიდან თვალს წიგნების ერთი კორპუსიდან მეორემდე გაჭიმულ ერთგვარ ბაგირს, რომელზეც პატარა საბაგირო-ყუთი დარახრახებდა. გულისგამაწვრილებელი ლოდინის შემდეგ, მოაღწევდა ჩვენამდე  ძველი, შეყვითლებულფურცლებიანი გამოცემები, რომლებსაც რამდენიმე დღით ,,ჩვენი” დაერქმეოდა. ასე ვისხედით მე და ბიბლიოთეკის სრულფასოვანი წევრები (სტუდენტები) ზაფხულის სიცხით გათანგულები ან სიცივისგან გალურჯებულები და ვკითხულობდით, ვსწავლობდით, ვაკონსპექტებდით, ვიზეპირებდით… დღის ბოლოს, ბიბლიოთეკის გაურანდავ სკამებს ჩვენს დაღლილ ჩრდილებს ვუტოვებდით.

დღეს, ციფრული ბიბლიოთეკების ეპოქაში, ვზივარ და ვიხსენებ  ,,საჯაროში” გატარებულ წლებს.  მიუხედავად იმისა, რომ ერთ თხელ პლანშეტში მთელი ბიბლიოთეკის ჩატევის და თან ტარების საშუალება მაქვს, აშრიალებული ფურცლების მუსიკის მოსმენა ხანდახან ძალიან მენატრება.
უძველესი დროიდან მთელ მსოფლიოში ბიბლიოთეკების არსებობის ფაქტი იმას ადასტურებს, რომ ძველი წელთაღრიცხვის ეპოქაშიც კი განათლება წიგნიერებასთან ასოცირდებოდა. 
თიხის ფირფიტების ეპოქაში

ნინევია  ასურეთის უძველეს ქალაქი იყო. მდებარეობდა მდინარე ტიგრის მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი ქალაქ მოსულის (ერაყი) ადგილას. ნინევიას სახელი მსოფლიოში პირველი ბიბლიოთეკის დაარსებას უკავშირდება.

 

ასურეთის ამ უძველეს ქალაქში პირველი დასახლება ძვ. წ. V ათასწლეულის შუა ხანებში გაჩნდა. როცა ნინევია მითანის სახელმწიფომ დაიმორჩილა, იგი ასურეთის სამეფოს დედაქალაქად აქცია. ქვეყნის მთავარ დასახლებას შესაბამისი მოვლა-გალამაზება ერგო წილად. აქ შენდებოდა დიდებული ტაძრები და სასახლეები. ამავე დროს, მეფე ასურბანიფალის ბრძანებით, საფუძველი ჩაეყარა ნინევიის იმ დროისათვის ყველაზე მასშტაბური ბიბლიოთეკის მშენებლობას. 

XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე ნინევიის გათხრების შედეგად აღმოაჩინეს და შეისწავლეს ასურბანიფალის სასახლეთა კედლების დიდებული მხატვრობა, ფრთოსანი ხარებისა და ლომების ქანდაკებები… მის ნანგრევებში აღმოჩენილია 30 000 ლურსმულად ნაწერი თიხის ფირფიტა. მათ შორისაა მსოფლიო შედევრად აღიარებული ეპოსი – ,,გილგამეში”. 
 
1907 წელს, თურქეთში წარმოებული გათხრების დროს, არქეოლოგებმა 10 ათასზე მეტი ბაბილონურ-ლურსმული დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტა აღმოაჩინეს. როგორც დადგინდა, ამ ადგილად მდებარეობდა ხეთების უძველესი დედაქალაქის ბიბლიოთეკა.  ვარაუდობენ, რომ ასურბანიფალის წიგნსაცავის შემდეგ, იგი არქაული ხანის ბიბლიოთეკებს შორის ყველაზე დიდი უნდა ყოფილიყო. ლურსმული ნაწერებიდან ჯერ ბაბილონური ამოიკითხეს, ხეთური შედარებით გვიან გაშიფრეს. სამწუხაროდ, თურქეთში აღმოჩენილი ლურსმული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერაც არ არის ამოკითხული.
 
შუამდინარეთის ყველაზე ხანდაზმული ბიბლიოთეკების დამაარსებლებად  შუმერებს ასახელებენ.                                                                                                                          პირველი მსოფლიო ომის დროს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს უძველესი ქალაქი ურუკი, მის ნანგრევებში კი – წარწერებიანი თიხის წიგნები, რომელთა უმეტესობა შუმერთა იმდროინდელ ყოფა-ცხოვრებაზე მოგვითხრობს. შუმერულ ქალაქებში ბიბლიოთეკები ნამდვილად არსებობდა. ამას ადასტურებს შუმერების რელიგიურ ცენტრში აღმოჩენილი რამდენიმე ათასი ფირფიტა და წიგნების კატალოგის ფრაგმენტები. 

ქალაქ შურუპაკში ნაპოვნი თიხის ფირფიტების წყალობით შედგა „არქაულ-ლურსმული” ნიმუშების სია. გაშიფრულია  თიხის ფირფიტების შენახვის წესებიც. თურმე თიხის წიგნებს სპეციალურად მოწნულ კალათებში ალაგებდნენ, თავზე კი  პატარა თიხის ფირფიტას ამაგრებდნენ წარწერით – „მუშების გაგზავნა”, „ბაღების შესახებ” და ა.შ.
როგორც ხედავთ, შუმერების ქვეყანაში წიგნის წარმოებისა და დაცვის საქმე მეფეებს ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო მოვალეობად მიაჩნდათ. გარდა ამისა, სწორედ მათ დაყვეს საათი სამოც წუთად და წუთი ამდენივე წამად. საინტერესოა, ე.წ. სვასტიკის შუმერებისეული გააზრებაც. ეს ორნამენტული კომპოზიცია ოდითგანვე მიიჩნეოდა მზის მისტერიად, სიცოცხლის უკვდავობის, ძალაუფლების, შემოქმედებითობის, კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ. შუმერებისთვის სვასტიკა სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთის – ინანას სიმბოლო იყო. გარდა ამისა, შუმერები სვასტიკის ფორმით გამოსახავდნენ გრაფიკულ კალენდარს, სადაც ოთხი ქალის სილუეტი წელიწადის ოთხ დროს ნიშნავდა, თითო სილუეტს სამი ნაწნავი ჰქონდა, რაც სეზონში სამი თვის არსებობაზე მიუთითებდა.
 
კალენდრის აღმნიშვნელი შუმერული თიხის ფირფიტა (ძვ.წ.აღ. IV ათასწლეული)
ბაბილონმა შუამდინარეთის წამყვანი ქვეყნის ტიტული სამართლიანად მოიპოვა. მან განვითარების დონით შუმერებს, ასურებსა  და აქადიელებს გაუსწრო და უდიდესი კულტურა შექმნა. ბაბილონში ყველაზე მეტად განვითარდა დამწერლობა და მეცნიერების სხვადასხვა დარგები.

ვარაუდობენ, რომ ბაბილონური ბიბლიოთეკის ფუნქცია მხოლოდ წიგნების შეგროვება-შენახვა არ გახლდათ, მისი სახელი განათლების მიღებასთანაც ასოცირდებოდა. ბაბილონში ყველა სასწავლო დაწესებულებას თავისი ბიბლიოთეკა ჰქონდა, სასახლეს და ტაძრებს კი – თავისი, მათ  „დაფის სახლებს” უწოდებდნენ. 
ალექსანდრიის (ეგვიპტე) გაუჩინარებულ ბიბლიოთეკაზე ალბათ ბევრი რამ გსმენიათ. მიიჩნევენ, რომ ალექსანდრიის წიგნსაცავი დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში  პტოლემეოს II-ის მეფობის ჟამს, მას შემდეგ, რაც პტოლემეოსის მამამ მიწასთან გაასწორა მუზათა ტაძარი („მუზეუმი”), რომელშიც მოგვიანებით ბიბლიოთეკის კომპლექსის პირველ ნაწილი განათავსეს.

ამ უძველესი წიგნსაცავის მასალებით გამდიდრებაზე ყველაზე მეტად პტოლემეების დინასტია ზრუნავდა. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა  ელინისტური ეპოქის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად ითვლებოდა. აქ მოღვაწეობდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მოაზროვნეები, რომლებიც მარტო მეცნიერების განვითარებაზე კი არ ზრუნავდნენ,  ლიტერატურული  და მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარებასაც უწყობდნენ ხელს.  

ბიბლიოთეკაში 700 000-მდე პაპირუსის გრაგნილი ინახებოდა. ეგვიპტის ფარაონების ბრძანებით, ნავსადგურებში შემოსულ თითოეულ გემზე ხელნაწერებს ეძებდნენ. თუ ფარაონის ჯარისკაცები საინტერესო მასალას აღმოაჩენდნენ, მათ  ასლს ამზადებინებდნენ და პატრონებს ორიგინალის ნაცვლად უბრუნებდნენ. 

 

ქრისტიანების, იუდეველებისა  და წარმართების დაპირისპირების შემდეგ, ალექსანდრიაში გამუდმებით ირბეოდა და იძარცვებოდა ტაძრები, მათთან ერთად კი ნადგურდებოდა უმნიშვნელოვანესი ხელნაწერებიც.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ხელნაწერთა უმეტესობა მაშინ განადგურდა, როცა  იულიუს კეისარმა ქალაქის ნაწილი გადაწვა. საბოლოოდ კი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ქვეყანაში გამეფებული რელიგიური არეულობების დროს წარმოქმნილი ქაოსის შედეგად გაუჩინარდა.

დღეს ალექსანდრიის ისტორიული წიგნსაცავი აღდგენილია. 2003 წელს ძველი ბიბლიოთეკის სავარაუდო მდებარეობასთან ახლოს  ახალი ალექსანდრია გაიხსნა.

მრავალიარუსიან სამკითხველო დარბაზს შენობის დიდი ნაწილი უკავია. მილიონობით წიგნი ბიბლიოთეკის მიწისქვეშა დარბაზებში ინახება. სამკითხველოების გარდა, შენობაში გამოყოფილია საგამოფენო სივრცე და ლექციებისთვის განკუთვნილი აუდიტორიები.  ოცდამეერთე საუკუნის მკითხველს ბიბლიოთეკა საჭირო ტექნიკური რესურსებით  ,,შეიარაღებული” ხვდება. გარდა ამისა, სამკითხველო კომპლექსი  სუსტი მხედველობის მომხმარებელთა საჭიროებებსაც ითვალისწინებს.
 

დღეს მსოფლიოში ძნელად შეხვდებით ისეთ ქალაქს, ბიბლიოთეკა რომ არ ჰქონდეს. მეტიც, წიგნები სტანდარტულ დასახლებულ პუნქტებსაც გასცდნენ. თავგადასავლების მოყვარულ კოლუმბიელებს უზარმაზარი ბიბლიოთეკა აუშენებიათ ქალაქ მედელინთან ახლოს მდებარე ჯუნგლებში. ეს ორიგინალური წიგნსაცავი ძველი ცივილიზაციისდროინდელ მიტოვებულ ქალაქს მოგაგონებთ.

მსოფლიოს მეგაპოლისების მოსახლეობის უმეტესობა დროის დიდ ნაწილს ატარებს ტრანსპორტში. არადა, XXI საუკუნეში დროს მართლაც ოქროს ფასი დაედო. როგორ დავიბრუნოთ დასაკარგად განწირული დროის ნაწილი?! ამაზე  ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაფიქრებულან. ალბათ ამიტომ არსებობს  მიწისქვეშა ბიბლიოთეკა ნიუ-იოკრში,  მეტროს სადგურში – 50th street, სადაც ყველას შეუძლია ითხოვოს წიგნი და მგზავრობის დროს  თავი კითხვით შეიქციოს.

გავიხსენოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარული ქუჩის მინიბიბლიოთეკებიც, რომლებსაც უმეტესად მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებთან ამონტაჟებენ, მგზავრებს ტრანსპორტის მოლოდინი რომ გაუადვილონ.
 
კომპიუტერული ტექნიკის განვითარებამ ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, წიგნების გაციფრებასაც შეუწყო ხელი, რაც, ჩემი აზრით, წიგნის ხელმისაწვდომობას თუ შეუწყობს ხელს, თორემ მსოფლიოს  სიცოცხლის ისტორია – წერილობითი ძველი თუ უახლესი წარსულის შენახვა და დაცვა  ისევ ბიბლიოთეკარების ხელშია.

შემდეგ  წერილში ქართულ ბიბლიოთეკებზე და ჩემი ბავშვობის ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებაზე მოგიყვებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი