პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რამდენიმე შემდგომის ამბავი

ყველაფერი მნიშვნელოვანი შემოდგომით ხდება. ამ თეორიის ისე მტკიცედ მჯერა, როგორც ამერიკას- სუპერგმირების. შემოდგომით, როცა ხეების ნუდისტური გადაწყვეტილება სახალხო სახეს იღებს ამას არავინ აკრიტიკებს, როცა ნაქსოვი, ფუმფულა ჟაკეტები იწყებენ სიცოცხლეს და მზეს ერთ- ერთი მთავარი მოვალეობა, გაგვათბოს, რამდენიმე გრძელი თვით ავიწყდება, ჩემი ცხოვრება იცვლება. იბადება ჩემი ძმისშვილი, ვიწყებ ახალ სამსახურს, ახალ ურთიერთობას ან საერთოდაც, მივდივარ ჩემი ქვეყნიდან რომელიმე უფრო დიდ, შესაბამისად, ოცნების ქვეყანაში. ეს დიდური შემოდგომებია, ბავშვობაში ცოტა სხვანაირად იყო.  რთული ბავშვობა არ მქონია, უბრალოდ, მტკივნეული მომენტები ისე მძაფრად გვამახსოვრდება, თითქოს სახლებში კი არა, რომელიმე გეტოში გავიზარდეთ.
ძველი შემოდგომა 1

მაშინ ნათლობის მთავარი კრიტერიუმი სტუმართა რაოდენობა და საჭმელ- სასმელის მოცულობა იყო. აუცილებლად ალავერდის მირონი უნდა მოეცხოთ და აუცილებლად დაეკლათ საკლავი. მე ვიყავი სამი წლის და ღმერთის არსებობის შიში არაფრით ჩამოუვარდებოდა გუდიანი კაცის ღამეული სტუმრობის მუდმივ  მოლოდინს. გუდიანი კაცის მთავარი იარაღი მისტიკური, ნემსებიანი გუდა იყო, ღმერთს კი დასჯის კიდევ უფრო მისტიკური მეთოდები ჰქონდა. გადამყიდველისთვის, ზინა ბაბოსთვის კევი, სახელად “ლოვე” რომ ამეწაპნა, ღმერთს ისე ეწყინებოდა, წლების შემდეგ თავის ულამაზეს “სახლში” აღარ მიმიპატიჟებდა და პირდაპირ ჯოჯოხეთში გამამწესებდა. მე კი წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მიმემართა საძაგელი ეშმაკებისთვის, როლებიც კასრებში მოთუხთუხე კუპრისკენ წამიძღვებოდნენ. ვფიქრობდი, რომ არანაირი კევი არ ღირდა საუკუნო ტანჯვა- წამებად, თანაც, მიდი და მუდამ ამ უშნო არსებებს უყურე. 

ჰოდა, მომნათლეს. რა თქმა უნდა, ჩემი ნათელი მომავლისთვის. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ამ მომავალს ჩემი “ნიშა” შეეწირა, თაფლისფერი ხბო თეთრი ლაქით შუბლზე. შემრცხვა და შემეშინდა: თუ ეს ყველაფერი ჩემი ბედნიერებისთვის ხდებოდა, ღმერთი როგორ შემინდობდა ხბოს მკვლელობას?!   

ეს ტრაგიკული შემოდგომა ვერ გამოვტოვე. ძალიან კი მინდოდა, დამევიწყებინა.

ძველი შემოდგომა 2

ცოტა ხნის წინ რომელიღაც ფილმის გმირი, პატარა გოგონა ჭადრის კენწეროზე შემოჯდა და ქვემოთ არაფრით ჩამოვიდა. უფროსების გადაწყვეტილება, მოეჭრათ ხე და მის ადგილას სახლი აეშენებინათ, ისე ალოგიკურად მოეჩვენა, ისე გაუკვირდა, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფანჯრებიდან მომზირლებს გვიკვირს ხოლმე გაზგასამართ სადგურზე შეჩერებული “პორშე კაიანი”. 

გამახსენდა ჩემი ბებერი ალუჩა და ჩემმა ფეხისგულებმა კვლავ იგრძნეს იმ კრამიტის სახურავის სითბო, რომელიც იყო ერთადერთი გზა ხის უზარმაზარ ტანამდე მისაღწევად. ის ალუჩა ნოემბერში მომიჭრეს, რადგან ბებერი ხეების დანიშნულება ღუმლის აგუზგუზებაა. 

გოგონაც ჩამოიყვანეს ჭადრის კენწეროდან, უფროსებმა გაკიცხეს, თანატოლებმა კი ცხვირი აუბზუეს  ჯიუტ, უცნაურ ბავშვს, რადგან ბევრისთვის წარმოუდგენელია, გულწრფელად აფასებდე, გულწრფელად გაღელვებდეს ისეთი რამ, როგორიც ხეა და მით უმეტეს, სიმაღლიდან მთლიანობაში აღქმული ულამაზესი ხედები. 
ძველი ახალი შემოდგომა

ცხრა წლის წინანდელი შემოდგომა ჯერ კიდევ არც ისე შორია. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ძმისშვილი იბადება. თექვსმეტი წლის გოგოსთვის უფლება, იყო მამიდა, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მალულად დალია ალკოჰოლური სასმელი. თომა პირველი ერთი თვე ჩემთვის აკრძალული იყო: ბუნებით მოუხერხებელს, ვაითუ, ხელში არასწორად დამეჭირა, ვაითუ, ფიზიკურად სუსტს ეს მცირეწონიანი არსება ხელში ვერ შემეკავებინა, ვაითუ, რამე დამეშავებინა.. მაშინ მივხვდი, რომ ბავშვები მხოლოდ იმისთვის არ იბადებიან, რომ ეს ვინმეს “ქალური ხვედრი” ან “ბუნების კანონია”. არც იმისთვის, რომ ბიჭებმა “გვარი გააგრძელონ” და გოგონებმა კვლავ ახალი სიცოცხლე შვან. ეს ყველაფერი უცებ დიდ, უზარმაზარ სისულელედ მომეჩვენა და ჩემს ძველ ეჭვებში დავრწმუნდი: ახალი სიცოცხლე და ახალი სურნელი ამ წვრილმანებისთვის არ იბადება, მას გაცილებით მნიშვნელოვანი რამეები შეუძლია. შეუძლია, ვიყო მამიდა, შეუძლია, ჰქონდეს თავისი, საკუთარი ცხოვრება და მაინც ვიყო მისი მამიდა, თავის საკუთარ ცხოვრებაში მას შეუძლია, წიგნები არ უყვარდეს და მე საშინლად ვდარდობდე ამაზე, ან პირიქით, მას შეუძლია, წიგნები უყვარდეს და მე ყველაზე ბედნიერი მამიდა ვიყო მსოფლიოში, მას შეუძლია, დახატოს შეყვარებული პინგვინები და ოცნებობდეს, გამოვიდეს ნატურალისტი, ფიქრობს ზოოლოგიაზეც ან იქნებ, სულაც ვეტერინარი გამოსულიყო?!

სევდიანი შემოდგომები ბედნიერი შემოდგომით უნდა დამთავრდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი