სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

გაძლიერდი და შეცვალე

“ყველაფერი დაიწყო ხეიბართა ინსტიტუტში, სადაც სამი წლის ასაკიდან მომათავსეს. დავიბადე ტვინის მოტორული ფუნქციის დარღვევით. ამას ახლავე ვამბობ, რათა ერთბაშად მოვიშორო ეს საკითხი და სხვა რამეზე გადავიდე. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ჭრილობაა, რომ ამ სახე-ხატზე დავყავართ, მისით მაფიქსირებენ, თითქოს კანზე მაქვს მოკრული, ჩემი დანახვისთანავე სიტყვა “ხეიბარი” ჩნდება”, – წერს ფრანგი მწერალი ალექსანდრ ჟოლიენი. 

ეს მწერალი  დროდადრო მახსენდებოდა, მაშინ, როცა თბილისის ერთ უბანში მაცხოვრებლებმა შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი საქანელები ჩამოხსნეს, როცა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლაში კარი შეადუღეს, რათა ამ ბავშვებს მათი სიბრალული არ გამოეწვიათ, როცა ბაღში 4 წლის აუტისტ ბავშვს სცემეს. არ ვიცი კიდევ რამდენი იყო ასეთი – სააშკარაოზე გამოტანილი გარიყვის და დამცირების ფაქტები და რამდენი ისეთი, რომ მიჩუმათდა და მათზე არაფერი გაგვიგია. ან, პირიქით, აღარ მოგვინდომებია კიდევ რამე გაგვეგო, კიდევ შევწუხებულიყავით და კიდევ ერთხელ დაგვენახა ჩვენი სუსტი მხარე, რომელსაც რეალობის მიღება არ შეუძლია. 

როცა, არასასურველ რამეს ვხედავთ, ვცდილობთ თვალები დავხუჭოთ, დავიძინოთ, დავივიწყოთ ან კიდევ სხვა, ჩვენთვის მისაღები და კომფორტული მოცემულობა წარმოვიდგინოთ. არავის ვაძლევთ უფლებას, ჩვენს თავკერძა სიხარულში სხვისი მწუხარების განცდა შემოგვიტანოს და აგვაღელვოს. იმ შედუღებული კარის ფოტო, მგონი ყველაზე ნამდვილი დადასტურებაა ჩვენი საზოგადოების გულგრილობის, რომელიც ამა თუ იმ გარეგნული ნიშნის გამო მოიძულებს ადამიანებს და მის გარიყვას ცდილობს.

რამდენიმე თვის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში “გაძლიერდი და შეცვალე” – ასეთი სახელწოდების ბლოგი აღმოვაჩინე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ჩანაწერები თავსდებოდა. ისინი ყვებოდნენ თავიანთ ოჯახზე, სიხარულზე, სირთულეებზე, გარემო პირობებსა  და ბავშვებზე, მათი ცხოვრება რომ შეცვალა. პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის მშობლების გაძლიერებაა, რათა მათ შეძლონ თავიანთი შვილების უფლებების დაცვა  და გამოცდილების გაზიარება იმ მშობლებისთვის, რომლებიც არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას შვილების უფლებებზე. მშობლები  წერდნენ, თუ მათ მოერიდებოდათ მათი უფლებების დაცვა და ამ უფლებებისთვის  ბრძოლა, თავად იქნებოდნენ დამნაშავე თავიანთი პასიურობით  შვილების უფლებების დარღვევაში. მრავალი სირთულის გადალახვის შემდეგ, დედებმა შეძლეს  ნორმალური გარემო შეექმნათ თავიანთი შვილებისთვის, ებრძოლათ მათი უფლებებისთვის, დაეცვათ ისინი, როცა მათ გარიყვას და მოკვეთას ცდილობდნენ. 

“ოთხი წლის წინ ექიმის კაბინეტში განაჩენი მოვისმინე: თქვენს შვილს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება აქვს მიღებული. უკეთეს შემთხვევაში ის ვერ იცოცხლებს, უარესში – “მცენარე” გეყოლებათ. ცხოვრება იქცა ერთ დიდ კოშმარად და გაუთავებელ ბრძოლად საკუთარ თავთან, ახლობლებთან, ექიმებთან, კეთილის მსურველებთან და სრულიად მსოფლიოსთან. ბრძოლა ჩემი შვილის სიცოცხლისა და უფლებებისთვის”.

“ლიკა ჩვენ როგორც ტკივილი კი არა, როგორც დიდი მადლი, ისე მივიღეთ. მან შექმნა მის ირგვლივ უბედნიერესი გარემო, სიყვარულით და სიკეთით სავსე. არასოდეს გვიფიქრია მისი დამალვა ან იზოლირება, პირიქით, ჩვენ ირგვლივ თითქოს განმტკიცდა პირობა რომ, ის, ვინც ლიკას პატივს სცემდა და მიიღებდა მას არა როგორც საცოდავ, უსუსურ ადამიანს, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის სრულფასოვან, განსაკუთრებული ყურადღების, სიყვარულის საჭიროების პირს, ის ადამიანები იყვნენ ჩვენი კეთილისმსურველები და იმსახურებდნენ ჩვენი მხრიდან უდიდეს პატივისცემას”.

“ვურჩევ ყველა დედას, რომელსაც ჰყავს შშმ ბავშვი, იბრძოლოს იმისთვის, რომ მისი შვილი გაიზარდოს ნორმალურ გარემოში, მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოიჩინოს ბავშვის აღზრდის დროს, არ დაუშვას არანაირი შემაფერხებელი გარემოებები, გაეცნოს სამართლებრივ კანონებს, რომლის მეშვეობითაც ბავშვი შეძლებს მიიღოს სრულყოფილი განათლება, გახდეს ქვეყნის სრულყოფილი, ღირსეული მოქალაქე და არა საზოგადოების დანამატი, რომელიც მხოლოდ შემწეობით ცხოვრობს”, – წერენ დედები.

ალბათ, მათაც და ჩვენც ძალიან დიდხანს გვემახსოვრება  შედუღებული კარი და ჩამოხსნილი საქანელები და რა მიზეზითაც არ უნდა ვეცადოთ ასეთი ქმედების  გამართლება, რთული იქნება მას რაიმე ახსნა მოვუძებნოთ, გარდა იმისა, რომ არ შეგვწევს უნარი მივიღოთ ადამიანები ისეთი, როგორიც არიან, თავიანთი უნიკალური ცხოვრებით  და თვისებებით. ისინი კი ჩვენგან არ ითხოვენ არც სიბრალულს და არც შემწეობას, მათ საზოგადოებაში მხოლოდ თავიანთი წილი ადგილი სჭირდებათ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი