ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მალალა და გოგონების საერთაშორისო დღე

მარიამი ლამაზი ბავშვია, სკოლაში ყურადღება მიაქციე, არ მოიტაცონ! – მაფრთხილებდა ბებია და მეც შიშით ვეძებდი ჩემს უმცროს დას მეშვიდე კლასში. სამწუხაროდ, ბებიას შიშის საფუძველი ჰქონდა. ზუგდიდში, ჩვენს უბანში, ხშირად ხვდებოდნენ გოგონებს სკოლასთან, ძალით სვამდნენ მანქანაში, მიჰყავდათ სვანეთში ან ღვთისგან და კაცისგან მივიწყებულ სოფლებში, მერე “მოსახდენი ხდებოდა” და გოგოსთან მისული მშობლები, მის აზრს არც კითხულობდნენ, ისე ულოცავდნენ “გაბედნიერებას” შვილს. ასე გათხოვილ პატარძლებს მეორე  დღეს ვარდისფერი ხალათი ეცვათ და ხელებზე ბევრი ოქროს ბეჭედი ჰქონდათ ასხმული, თითქოს ბრილიანტის ბრჭყვიალებას უნდა დაეფარა მათი მწუხარე სახეები. ასე შექმნილი ოჯახები 2-3 წელიწადს  არსებობდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 15-19 წლის ასაკში დაქორწინებული ქალების 49.1% განათლების გარეშეა დარჩენილი.

2011 წლის 9 დეკემბერს მიღებული 66/170 რეზოლუციით  გაერომ 11 ოქტომბერი  გოგონების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანი გოგონების უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის ხაზგასმა და იმ განსაკუთრებული სირთულეების შესწავლაა, რომლის გადალახვაც უწევთ მთელ მსოფლიოში გოგონებს. “ყოველ წელს დაახლოებით 10 მილიონი არასრულწლოვანი გოგონა ქორწინდება. ამასთან ერთად, ხშირად მათი ასაკი 18 წელს არ აღემატება, ხოლო ქმრები ორჯერ ან სამჯერ უფროსები არიან მათზე”, ამის გამო 2012 წლის 11 ოქტომბრის თემა გოგონათა ნაადრევი ქორწინება იყო. რეზოლუციის ინიციატორებმა და მხარდამჭერებმა 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინებების აღმოფხვრის ვალდებულება აიღეს. მაშინდელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის გამოსვლაში რამდენიმე საშუალებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მის მიღწევას ითვალისწინებდა. მისი თქმით,  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გააძლიერებს ბავშვთა ქორწინებებზე დაკვირვებას. ხოლო USAID შეიმუშავებს სხვადასხვა მიდგომას ბავშვთა ქორწინებების პრევენციის მიზნით, გააფართოებს ჯანმრთელობის, განათლების და იურიდიული უფლებების საკითხებზე ზრუნვას. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ტრეინინგი მასწავლებლებისთვის იმ გამოწვევების შესასწავლად, რომლებიც აქვთ გოგონებს სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად.  

2013 წლის 11 ოქტომბერს ყურადღება გაამახვილეს  გოგონათა განათლების საკითხებში მიმდინარე სიახლეებზე. ამ საკითხზე მომუშავე ხალხმა რამდენიმე პუნქტი გამოყო გოგონათა განათლების ხელშეწყობისთვის:

– ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება, რათა გოგონებისთვის შესაძლებელი გახდეს სკოლაში ადვილად მისვლა – ავტობუსებით, მოპედებით, ველოდიპედებით, ნავებით, კანოეებით.  

– საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლობა ბანკთან, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და მოხერხებულ გადახდას. აგრეთვე, ხელფასები ქალ მასწავლებლებს და სტიპენდიები მოსწავლე გოგონებს. 

– სპეციალური პროგრამები ლიდერული უნარების შესასწავლად და შემდეგ უკვე სამსახურის იოლად შესაგუებლად. 

– სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში გოგონებზე ორიენტირებული სამეცნიერო და ტექნიკური კურსების წარმოდგენა;

– კორპორაციული აღმზრდელობითი (მენტორული) პროგრამები გოგონებისთვის კრიტიკული მუშაობისა და ლიდერობის თვისებების შეძენაში დასახმარებლად;

– სასკოლო პროგრამის გადახედვა ძალადობასთან, ბავშვთა ქორწინებასთან, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, მამაკაცისა და ქალის საოჯახო როლებთან დაკავშირებულ გენდერულ ნორმებთან მიმართებაში პოზიტიური შედეგების მისაღებად;

– მობილური ტექნოლოგიების განვითარება სწავლებისა და სწავლისათვის, გოგონებთან წვდომის მიზნით, განსაკუთრებით დაშორებულ რეგიონებში;

– ტრადიციული და სოციალური მედიის, რეკლამისა და კომერციული “შეფუთვის” გამოყენება, რათა გამოქვეყნდეს მონაცემები განათლებაში გენდერული უთანასწორობის, ძირითადი მიზეზებისა და მოქმედებების შესახებ. 

2014 წლის 11 ოქტომბრის თემა ძალადობის ციკლის დასრულება იყო.  ამ მიზნის მისაღწევად, გაერო მოუწოდებს სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ორგანიზაციებს, რომ გააერთიანონ საკუთარი შესაძლებლობები და იტვირთონ ვალდებულება – შეწყდეს ძალადობა ახალგაზრდა ქალებზე და უზრუნველყონ შემდეგი პუნქტები:

– ჩადონ ინვესტიცია გოგონებში, იმისთვის, რომ აღჭურვონ ისინი საჭირო უნარებით, თვითრწმენით და ცხოვრებისეული არჩევანით: ოჯახის, სკოლის ტექნიკური და პროფესიული განათლებითა და ტრეინინგით, ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიური მხარდაჭერის სისტემებით.  

– შექმნან ინფრასტრუქტურის სერვისის და ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა გოგოებისთვის, რაც ეფექტური იქნება და უპასუხებს მათივე უსაფრთხოების, მობილურობის და კავშირების დამყარების მოთხოვნებს. 

– გოგონების ჩართვა სამოქალაქო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

– გაგრძელდეს ბრძოლა, იმისთვის რომ გოგონებისა და ქალების წინააღმდეგ ძალადობა გახდეს ხილული და მიუღებელი, როგორც პირად, ასევე საჯარო სივრცეში; 
წინა კვირაში, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 60 წლის ინდოელ კაილიშ სატუარტსა და 17 წლის პაკისტანელ გოგონას მალალა იუსუფზაის ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიენიჭათ. 2012 წელს მალალას საკუთარ ქვეყანაში თალიბებმა იმის გამო ესროლეს, რომ  განათლების  უფლებისთვის იბრძოდა. “მე დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, რომ თალიბი მოვიდოდა და ჩემს მოკვლას შეეცდებოდა. თუ ის მოვიდოდა, რას გააკეთებდი შენ, მალალა?” – ვკითხე ჩემს თავს და ვუპასუხე, რომ “მალალა, უბრალოდ, აიღე ფეხსაცმელი და ჩაარტყი”. მაგრამ შემდეგ ვთქვი, “თუ შენ ჩაარტყამ თალიბს შენს ფეხსაცმელს, აღარ იქნება განსხვავება შენსა და მას შორის. შენ არ უნდა მოექცე სხვებს სასტიკად, შენ უნდა იბრძოლო, მაგრამ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ დიალოგით და მხოლოდ განათლებით”. “და ვეტყვი თალიბს – ამბობს მალალა, –   “მე მინდა განათლება შენი შვილებისთვისაც. ეს ის არის, რისი თქმაც მინდა შენთვის. ახლა, გააკეთე, რაც გინდა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი