შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ერთხელ ავრანლოში

ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამის, UGRAD-ის, გასაუბრებაზე ვთქვი, რომ თუ შტატებში ვერ წავიდოდი, აუცილებლად ვასწავლიდი ინგლისურს საქართველოს რომელიმე რეგიონში.

კონკურსის გავლის შემდეგ, სექტემბერში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრგორამამ „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში გამგზავნა. რა თქმა უნდა, მასწავლებლები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაგვანაწილეს და ასე მოვხვდი სკოლაში, სადაც 136 მოსწავლეა.
უკეთეს პირობებს ვერც ინატრებ. მთიანი აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები და ბერძნები ერთად მულტიკულტურულ გარემოს ქმნიან – ენობრივად, ტრადიციებით, სარწმუნოებით.

მთელმა სოფელმა – არ ვაჭარბებ, უკლებლივ ყველამ – იცოდა, ვინ ჩავიდოდა, რამდენი წლისა, სადაური, „ვისი გორისა”, ზოგიერთმა სოციალურ ქსელშიც მეძება.

ორი დიდი ჩემოდანი, მინიავტობუსი… თურმე დიასახლისის ზარები მძღოლ მეუღლესთან – როგორი გოგო ვჩანდი, „პრეტენზიული თბილისელი” თუ არა მიშავდა რა. მეუღლე ამშვიდებდა, მხიარული გოგო ჩანსო.

ცხრა თვის შემდეგ ჩემი მასპინძელი ოჯახის ბიჭებმა გამახსენეს, მთელი დღეს თქვენს ოთახში იჯექით და დედაჩვენს ვეუბნებოდით, შეიხედე, ხომ არ მოკვდაო.

მახსოვს პირველი რეაქცია, როდესაც თეფში ავსწია (ჩვენებურად – ავწიე) და ნიჟარაში ჩავდე – ეს იყო თბილისელ გოგონებზე შექმნილი სტერეოტიპის უნებლიე მსხვრევა. და აი, როცა ერთ დღეს ჭურჭელიც დავრეცხე, სტერეოტიპები ინტერნეტმიმოწერაში გავრცელებული გაცეცხლებული „ღიმილივით” გაწითლდა და ნაკუწებად იქცა.
ხუთი თვის შემდეგ დიასახლისმა მითხრა, რძლის შემოსვლისა აღარ მეშინია, მგონი, მის შეყვარებას შევძლებო.

დღეს ავრანლოში მეორე ოჯახი მაქვს, სადაც კი არ მივდივარ, მივქრი (დედაჩემი ეჭვიანობს).

მე, საბა და მახარე (ჩემი მასპინძელი ოჯახის შვილები) შინ მეგობრები ვიყავით, სკოლაში – მასწავლებელი და მოსწავლეები. ჩემი მასწავლებლური სახელი „ელისო მასწსა” და „ელისო თიჩერს” შორის ვარირებდა.

არასოდს მისწავლებია სკოლაში. მყოლია კერძო მოსწავლეები, მაგრამ სკოლა სულ სხვა სამყაროა. დედაჩემი მასწავლებელია და, რაღა დაგიმალოთ, მინდოდა, მისგან მოსმენილი შთაბეჭდილებები – კლასში პირველად შესვლისას თავიდან ფეხებამდე რომ ცახცახებდა – არ გამემეორებინა. მე ხომ NGO-ების, ბევრი ახალგაზრდული პროექტის თაობა ვარ და ჩემს თინ-ასაკში თვითონაც გავძღოლივარ ბავშვების სხვადასხვა სიმულაციურ თამაშს.

ღამით უბრალოდ ვიფიქრე გასაცნობ თამაშებზე და ასე შევედი საკლასო ოთახში, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე, ღიმილით. არაჩვეულებრივად ჩაიარა იმ დღემ.

ნელ-ნელა გავერკვიე წიგნებში, სილაბუსებში, თემატურ გეგმებში, ჟურნალის შევსებაში და შევუდექი მასწავლებლობას.

თუმცა მე, მასწავლებელი, მაინც მოსწავლედ ვრჩებოდი. ბავშვებივით ყოველდღე ვამზადებდი გაკვეთილებს და დიდი ზურგჩანთით დავდიოდი. ჩემი ყვითელი ჩანთა სავიზიტო ბარათი იყო, რომლითაც კილომეტრზე მცნობდნენ.

გაკვეთილის დაგეგმვისას ერთი პრინციპი მქონდა: გაკვეთილმა უნდა გაიაროს ისე, რომ არავინ დახედოს საათს. ყოველ საღამოს ვჯდებოდი წიგნებთან და ვფიქრობდი: მე რომ მოსწავლე ვყოფილიყავი, როგორ გაკვეთილზე შევიდოდი ხალისით, რა აქტივობები მომეწონებოდა.

ვიზუალურმა მასალამ საკანცელარიო ნივთების მასწავლებლად მაქცია. ვხატავდი, ვჭრიდი, ვაწებებდი ბავშვებთან ერთად და ასე ვხსნიდით და ვიმახსოვრებდით გრამატიკულ საკითხებს.

მახსოვს, მონიტორინგზე ჩამოვიდნენ და დირექტორს უთხრეს, ეს გოგო გაკვეთილის ახსნისას თვითონაც სიამოვნებას იღებსო.

ყოველ შაბათ-კვირას მავიწყდებოდა, რომ მასწავლებელი ვიყავი, ორშაბათიდან კი ხელახლა განვიცდიდი ჟურნალის (რომელიც საშინლად არ მომწონს) და ცარცის გემოს.

ეს ღია ეთერში გასვლას ჰგავდა.

ცხრათვიანი სწავლების განმავლობაში ხმისთვის არასოდეს, არასოდეს ამიწევია (მახსოვს მერვეკლასელმა გოგონამ მომწერა: „მას, ნუთუ არასდროს არაფერზე ნერვები არ გეშლებათ და წონასწორობიდან არ გამოდიხართ?”). ისე გამეცინებოდა, როცა საკუთარ თავს გაცოფებულს წარმოვიდგენდი, რომ ვფიქრობდი, არაფრით არ უნდა მივსულიყავი ამ ზომამდე. ერთხელ ყური მოვკარი – ადამიანმა რომ იცოდეს, გაბრაზებული რა საშინლად გამოიყურება, აქამდე არასოდეს მივიდოდაო.

სკოლის დირექტორმა მითხრა: „პროფესიით მასწავლებელი არ ხარ, მაგრამ მასწავლებლის კრიტერიუმებს ათიანზე აკმაყოფილებ: 1) უანგაროდ გიყვარს ბავშვები; 2) შეყვარებული ხარ შენს საგანზე; 3) ბავშვებს შეაყვარე ინგლისური”.

ავრანლომ შემიყვარა მე, მე – ის. ჩვენ ერთმანეთი 30°-იან ყინვაში გამოვცადეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი