ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„ჩვენი ცხოვრების მდინარე“

შემოდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი დროა მასწავლებლებისთვის – ახალი სასწავლო წელი იწყება, ბავშვები საინტერესო სიახლეებს ელიან ჩვენგან, ახალ მოსწავლეებს ადაპტირების პერიოდი აქვთ გასავლელი და მათთან განსხვავებული მიდგომით უნდა იმუშაო. ყველა პედაგოგი ცდილობს, მოზარდებს რაც შეიძლება მეტი სიახლე შესთავაზოს, სკოლის ცხოვრება მათთვის უფრო საინტერესო და ნაყოფიერი რომ გახდეს.

წელს ჩვენმა სკოლამ ბიბლიოთეკისთვის ბევრი ახალი წიგნი შეიძინა და მკითხველთა კლუბის დღეების ორგანიზება მომანდო. დამეთანხმებით, რაც არ უნდა თავგამოდებით ამტკიცო, რომ კითხვა კარგია, ტექნოლოგიების თაობას მხოლოდ ლოზუნგებით ვერ მიიზიდავ, ეს შეხვედრები გაკვეთილებს არ უნდა ჰგავდეს. აქ სხვა რამაა საჭირო, საერთო მიზანი – კომპასი, რომელიც ქაღალდის გემის ეკიპაჟს ღირსეულ მეგზურობას გაუწევს სიტყვების ქვეყანაში.

 ბოლო ხანს სოციალურ ქსელებში გახშირდა ე.წ. გამოწვევები. ჯერ იყო და, წიგნები გამოვიდნენ სახეტიალოდ (სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ შევხვედრივარ), ახლა კი, საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან წააწყდებით წიგნების ათეულს, რომელმაც ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მეც დავინტერესდი ამ წამოწყებით და ჩემი თავი გამოვიწვიე – ათეულის შედგენა ვცადე.

საყვარელი წიგნი ბევრია, ლინდგრენის საგანძურით დაწყებული, „ხისსუნიანი” ფოლკნერით დამთავრებული. მაგრამ სტატუსს „წიგნი, რომელმაც შემცვალა” მხოლოდ ერთი გადაუღებელი ამბავი იმსახურებს. მეც მხოლოდ ამ წიგნზე მოგიყვებით.

***

„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა”.

ჩემი წილი ყინული წლების წინ, თავსხმა წვიმების სეზონზე აღმოვაჩინე. მახსოვს, ჩემი მოსწავლეობის დროს შემოდგომის არდადეგები გვქონდა და წვიმიან დღეებს ბებიასთან, კითხვაში ვატარებდი. ოქროს თევზების გადადნობა, ანუ ნაცნობი წიგნების გადაკითხვა რომ მომბეზრდა, ფეხებმოყანყალებულ კარადაში შევრგე თავი და ოდესღაც 2 მანეთად და 30 კაპიკად შეძენილი ასი წლის სამყოფი მარტოობა გამოვაცოცე. დიდხანს ვაკვირდებოდი წიგნის ყდას – ციცაბო ფერდობზე შეფენილ წითელკრამიტებიან სახლებს, გაფრენილ ზეწრებს, გამოცხადებულ სიყვარულსა და ბუენდიების მდედრული საწყისის გასამებულ გამოსახულებას. შემდეგ გადავფურცლე და პირველი წინადადების ამოკითხვისთანავე ვიგრძენი, რომ ამ წიგნში მარტო მაკონდოელების კი არა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მდინარე მიედინებოდა.

ვისაც ჯერ არ გიმოგზაურიათ მაკონდოში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადამიანებით დასახლებულ უკაცრიელ სამყაროში. მოემზადეთ! თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ, გაიქცევით, დამარცხდებით, დაბრუნდებით და ყველაფერს დაკარგავთ, რადგან კაცთა მოდგმის ასწლოვან მარტოობის ხეს მხოლოდ ერთი შემოდგომის სამყოფი სიცოცხლის გამოსხმა შეუძლია.

 

 

 2014 წლის 17 აპრილია. ბუენდიების ნასახლარი ნელ-ნელა ივსება წარსულის ხმებით – ბებერი ბაბუაწვერების ჩურჩულით. პოლკოვნიკი მარკესი ფეხაკრეფით მისდევს თავისი წარმომავლობის საიდუმლო ბილიკებს და ისე გატაცებით იწყებს საკუთარი თავის კითხვას, ვერც კი ამჩნევს, რომ, როგორც მოსწავლე დაფიდან – ცარცის ნაკვალევს, ისე შლის მიწიდან გრიგალი მოჩვენებით ქალაქს და მასში დარჩენილ სიცოცხლის ნაპერწკალსაც აქრობს. „ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის, სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი”.

მაკონდოში ახლა ალბათ წვიმს

 რაც დრო გადის, ადამიანების ცხოვრება უფრო და უფრო ემსგავსება ოქროს თევზების გადადნობა-ჩამოსხმას. მათ ისევ ავიწყდებათ, მეორდებიან, ნაკლებად სწამთ სიყვარულის და სიბერის წარმოდგენაც კი ზარავთ. არადა, „სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის… ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე”.

რაც თავი მახსოვს, ვიბრძვით და ვმარცხდებით, უცხოტომელები ისე ოსტატურად იკავებენ ჩვენი ქვეყნის მიწას, ისღა დაგვრჩენია, საკუთარი სახლის წინკართან ჩამოვსხდეთ და გაოგნებული, თუ გავბედავთ, შეურაცხყოფილი სახეებით დაველოდოთ, როდის შეგვამჩნევენ ჩვენსავე სახლში, როდის გვიწყალობებენ ორიოდე ლუკმა სიცოცხლის უფლებას.

„არ გასულა ცოტა ხანი და ჩვენ, ამ ადგილის პირველაღმომჩენებმა და დასახლების დამაარსებლებმა, უცხოდ და უთვისტომოდ ვიგრძენით თავი შუა ქუჩაში გაშლილ კარვებსა და შიმშილით ფერდებჩაცვენილ ჯორებს შორის, რომელთა პატრონები მოურიდებლად, ყველას თვალწინ იცვლიდნენ ტანისამოსს, მათი ცოლები კი გაშლილი ქოლგებით ხელში ისხდნენ ჩემოდნებზე.

ომის შემდეგ მაკონდოში რომ ჩამოვედით და ამ მიწების ნაყოფიერება ვიხილეთ, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ სულ მალე ხალხი ამ ადგილისკენ იხუვლებდა, მაგრამ ვაი რომ ვერავინ განჭვრიტა ყველა უბედურება, რაც მათ ჩამოსვლას მოჰყვა. და ამიტომ, როცა ლავის მოახლოება ვიგრძენით და ხალხის ნიაღვარი წალეკვით დაგვემუქრა, ისღა დაგვრჩენოდა, თეფშები და დანა-ჩანგალი გამოგვედგა კარში და მოთმინებით გვეცადა, როდის შეგვამჩნევდნენ ახალმოსულები”.

 მეც სწორედ ასეთი დამარცხების მეშინია – მოჩვენებით სიმშვიდეში ცხოვრების, დაბადებისთანავე უიმედობის ჭიანჭველები რომ გაცლიან ხელიდან. უკვე რამდენი წელია, ვდგავართ კედელთან და გამოცხადებული ზამთრის დადგომას ველოდებით. იქნებ დადგა კიდეც, ჩვენ კი, პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას მსგავსად, ბავშვობაში გავექეცით.

  

***

ჩემი მოსწავლეები ჯერ მეტისმეტად პატარები არიან მათი ცხოვრების მთავარი წიგნის აღმოსაჩენად, მაგრამ საყვარელი წიგნების ათეულის შედგენა მგონი ძალიან დააინტერესებთ. მკითხველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ საღამოებზე ბავშვები წაკითხული წიგნებით გამოწვეულ შთაბეჭდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ. უქმე დღეებში საკუთარი ინტერესების მიხედვით შერჩეულ ახალ კრებულებს სახლში წაიყვანენ, მომდევნო შეხვედრაზე საყვარელ პერსონაჟებს მეგობრებსაც გააცნობენ, ერთმანეთს წაკითხულ წიგნებს გაუცვლიან და სიხარულით გაეხვევიან ახალ თავგადასავლებში. წლის ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ათეულის ამორჩევას ყველა მოსწავლე შეძლებს. მკითხველთა კლუბის ბოლო შეხვედრაზე კლასის, სკოლის რჩეულების გამოვლენაც შეიძლება (გზადაგზა პროექტი დაიხვეწება და უფრო მრავალფეროვანი გახდება).

ასე რომ, გამოწვევა მიღებულია, ჩვენი სკოლის წიგნები ბევრს იხეტიალებენ და, ბიბლიოთეკის თაროებიდან გაპარულები, მოსწავლეების გულებში დაიდებენ ბინას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი