ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ღია წერილი

გამარჯობა, მარიკა!
მე მგონია, უნდა გახსოვდე. მრავალი წლის წინ, საპირველსექტემბრო ზეიმზე ულამაზესი, ფრიალა კაბა მეცვა. შენი გაცრეცილი მაისური უფროსი დების სუნს ინახავდა. მე მაშინ ვერ ვიგრძენი ეგ სუნი, რადგან ვიყავი ათი წლის და ჩემი კაბის აბრეშუმი მესმოდა. დაქალის გრძელ, ოქროსფერ თმებს ვხედავდი და ვიღიმოდი. შენი ბიჭურად შეჭრილი თმა კი იყო ისეთივე უხმაურო, როგორც სტუდენტი მდგმური ნაქირავებ ბინაში. შენი კლასელები ბოროტი დიასახლისებივით გაკვირდებოდნენ. 

მინდა გამოგიტყდე, ცხოვრებაში მეორე წერილს ვწერ. ერთხელ ლინდგრენს ავუხსენი სიყვარული, ახლა კი, დიდი და მოკლეთმიანი პატიებას ვითხოვ. 

გახსოვს, ნაძვები?.. სკოლის ეზოები ნაძვების გარეშე ისე გამოიყურებიან, როგორც დედები ამპუტირებული მკერდით. ფიზკულტურის გაკვეთილები გახსოვს?- ჩვენი „სახლობანა” ხეების ჩრდილში და ერთადერთი ბარბი, რომელიც მე მქონდა. ყოველთვის მე ვიყავი დედა და აზრად არ მომსვლია, ერთხელ მაინც მეთქვა, რომ მინდოდა, შენნაირი მოკლეთმიანი შვილი მყოლოდა.

გახსოვს უწიგნობა?- ჩვენი გამოსავალი ცოდნის მოსაბეზრებელი აუცილებლობისგან. ზიზია სახელმძღვანელოებიც, მგონი, მარტო მე მქონდა და თავს ცოტათი კი ვგრძნობ სულელ ტირანად. ალბათ გაგეღიმა და გაიფიქრე, რომ ბავშვობა გარკვეული დოზით მონსტრების კორპორაციაა, უნებლიე ცოდვებით, უნებლიე დაუნდობლობით და მაინც უზარმაზარი, კეთილი გულებით. მე კი მთელი ბავშვობა ფეხებს ვაბაკუნებდი და ბატკანი არავინ დამიხატა. შენ მთელი ბავშვობა ჩუმად, ფეხაკრეფით დადიოდი და დღემდე მგონია, რომ ნებისმიერი გამვლელის შლაპა სპილოგადაყლაპულ გველს გაგონებდა. 

მაპატიე, რა. რამდენჯერმე რომ არ გათამაშე, მაპატიე. რამდენჯერმე რომ ვერ დაგინახე, ეგეც. შენი გაცრეცილი მაისური მართლა ძალიან მაგარი იყო და მიკი მაუსი ეხატა, უბრალოდ, მაშინ ძალიან უგემოვნო ვინმე ვიყავი და რაც მთავარია,- კოლექტიური. 

საინტერესოა, როგორ ხარ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით მომავალ პროფესიებზე, ჩუმად კი ვფიქრობდით, რომ სუპერგმირები გამოვიდოდით და წარმატება ისეთივე ჩვეულებრივი, არაეგზოტიკური ხილი იქნებოდა, როგორც, მაგალითად, ლეღვი. ალბათ, გაგეღიმა სიტყვაზე „ლეღვი”. ფსიქოლოგობა გინდოდა და ყოველთვის მიკვირდა: მაშინ ძალიან მოსაწყენ საქმედ მეჩვენებოდა „ქექვა სხვების ტვინებში”. მსოფლიოს ცენტრი მე ვიყავი და იმიტომ. როგორი უხერხული იყო ჩემი ჩემდამი სიყვარული. 

სიმართლე რომ გითხრა, ბავშვობა მომენატრა და ქუჩები სხვანაირად რომ ახმაურდება, ნაძვების სანახავად წავალ. ზაფხულის მოწყენილი ნაძვები არ ვნახე,- ისინი იწყებიან შემოდგომიდან. დავჯდები და ვიფიქრებ, მაინც როგორი სევდიანია თხუთმეტი პირველი სექტემბერი. მაინც როგორ ჰგავს სკოლა  ყოფილ შეყვარებულს, რომელმაც ცხოვრება გასწავლა და როცა გტოვებდა, გითხრა, რომ ასე აჯობებდა. რომ არ უნდოდა, ასე მომხდარიყო, რომ ძალიან წუხს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. 

დავჯდები და ვიფიქრებ ჩვენზე,  რომლებიც ვერ გამოვედით სუპერგმირები. ჩავიცვით გაცრეცილი მაისურები და თმა ბიჭურად შევიჭერით. ზოგიერთმა მათგანმა გარს წიგნები შემოიწყო, ზოგმა- ადამიანები, ზოგმა- უზარმაზარი ოფისები და ყველა თავისთავად შესანიშნავი დარჩა. იმის მიუხედავადაც კი, რომ ასეთი შესანიშნავები ხანდახან ნოსტალგიურ წერილებს სასექტემბროდ წერენ, ბავშვების ჟრიამულამდე რამდენიმე დღით ადრე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი