ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საშინაო დავალება

საზაფხულო დავალებები გახსოვთ?!-  ბოლომდე შესავსები „ოკულ დეფტერები”, რომლებიც ისე მკაცრად გამოიყურებოდნენ, როგორც- მასწავლებლები ყოველი არშესრულებული საშინაო დავალების შემდეგ. ჩვენ კი, სოფლის ორღობეებს მოდებულები, მუხლებგადატყავებულები, სიმინდისა და ბლის ქურდობის „ცოდვით” დამძიმებულები, ხან- სოფლის გოშიების ლუკმები, ხან- ბებოების და პაპების ცრუ მრისხანების ობიექტები, აგვისტოს ბოლომდე მივიდოდით, მივირბენდით.  ბოლოს ნაჩქარევად შევავსებდით რვეულებს, რომლებიც, თავისთავად, იყო ხაფანგი, რომლებშიც საგანგებოდ დიდი ასოები იყვნენ გაჩხერილები. სისხლი სდიოდათ „წაკითხული წიგნების” სიებს და ყველა ავტორი „ოკულ დეფტერებიდან”  თავგამოდებით ცდილობდა გაქცევას.
 ერთი სიტყვით, რვეულების ნაცვლად მასწავლებლებს ტომისა და ჯერის „დაჭერობანას” სრულ ქრონოლოგიურ სურათსა და ისტორიას ვაბარებდით. მაშინ გვეგონა, საშინაო დავალებები მხოლოდ იმისთვის მზადდება, რომ ჩაიბარონ. მაშინ გვეგონა, ყველა სუფთა რვეული ხაფანგი იყო და სახელმძღვანელოები- უსასრულო უდაბნოები, სადაც მირაჟების ადგილიც არ რჩებოდა. 

არადა, ვსწავლობდით. სწავლა- განათლება მაშინ, რა თქმა უნდა, აბსტრაქტულ ცნებად გვეჩვენებოდა. პატარა, ქორფა თავები ტვინგამოდებით მუშაობდნენ და დისციპლინაც არ გვავიწყდებოდა. ეს ის სიტყვაა, რომელიც, რამდენჯერმე რომ გაიმეორო, მნიშვნელობას კარგავს და ასოების გროვად იქცევა. ასაკის მატებასთან ერთად ამ ტერმინის ჩვენ მიმართ გამოყენების  სიხშირემ როგორც კი იმატა, უდისციპლინოები გავხდით. ყოველ შემთხვევაში, სულ ცოტათი მაინც, ვიდრე- ადრე.

საშინაო დავალებებზე გიყვებოდით. მახსოვს, ერთ- ერთ მორიგ საზაფხულო არდადეგებზე ურეკში წავედით. მაშინ ზღვა პირველად ვნახე და შემეშინდა, რადგან ცასავით იყო. ცა კი იმდენად არამატერიალური მეჩვენებოდა, იმდენად მისტიკური და საშიშად არანივთიერი, სადღაც, თავისთვის მყოფი, განმარტოებული სუბსტანცია, რომ მას შემდეგ ზღვაშიც ვერ ვიკიდებ ფეხს, ვერც- ხელს. ერთი სიტყვით, დღემდე ვერ ვისწავლე ცურვა და დღემდე ყველა დამცინის ამის გამო. ახლა ამას ასე მძაფრად, რაღა თქმა უნდა, აღარ განვიცდი. მაგრამ მაშინ, სექტემბერში სკოლაში მისულმა, გარუჯულმა და ბედნიერმა სკოლაში ტკბილი საზღვაო არდადაგებით ინსპირირებული საზაფხულო საშინაო დავალება მივიტანე. ახლაც მძაფრად მახსოვს საკუთარი ემოციური დიაპაზონი. მასწავლებელმა ტექსტი ხმამაღლა წაიკითხა და აი, იმ მომენტამდე მივიდა, სადაც ზღვა ცასავით საშიშია, სადაც ზღვას ხელში ვერ დაიჭერ, „იქსელის” ქილასავით ვერ მოჭმუჭნი და ვერ გადააგდებ, ფეხსაც ვერ დაადგამ, რომ მოგინდეს, ვერც კი იხტუნავებ. იმათ რა იცოდნენ, რომ ბედნიერების მომენტებში ჩემი თვისება სწორედაც რომ ჯამბაზივით ხტუნვა გახლდათ. ბავშვებმა გაიცინეს და მე, გარუჯული, პატარა და ბედნიერი კიდევ უფრო დავპატარავდი და  გავიფიქრე, რომ მიწის გასკდომა ბუნების საჩუქარი იქნებოდა.

მიწა, რა თქმა უნდა, არ გასკდა. ძალიანაც კარგი. სამაგიეროდ, კლასელების უბოროტო სიცილის შემდეგ (რომელიც, ახლა მგონია, რომ ვერაფრით იქნებოდა დაცინვა), ჩემი ემოციური ინტელექტის სრულყოფას მივყავი ხელი. მაშინ მსგავსი ტერმინოლოგიის არაფერი გამეგებოდა და ჩემი შეუგნებელი ქმედებაც ინსტიქტური საწყისების შედეგი იყო.  მე მაშინ პეპიზე ვგიჟდებოდი, ჩემს ფემინისტ ლიდერზე, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, მეკობრე გამოვიდეს თუ ნამდვილი მანდილოსანი. ის არც ისეთი დახვეწილია და ვერც კარგი აღზრდით გამოირჩევა, ზრდილობაში ცოტა მოიკოჭლებს კიდეც, სამაგიეროდ, შეუძლია, ყველაფერი გრძელ, კნაჭა ფეხებზე ეკიდოს და მსოფლიო თავის გარშემო ატრიალოს. მისი ემოციური ინტელექტის კოეფიციენტი დაბალი ნამდვილად არ უნდა იყოს. სიმართლე  გითხრათ, სწორედ პეპი დამეხმარა, გადამელახა  ბავშვური ტრაგედია  და ხმამაღლა ბევრჯერ გამემეორებინა რომ დიახ, ზღვა ცასავითაა და ამაში არაფერია უცნაური. რომ ინდივიდუალიზმი ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც ოდესმე შეიძლება, გქონდეს. რომ თუ შენნაირად არ განიცდიან, ამაში არაფერია დრამატული. რომ მიწის გასკდომა დიდი ვერაფერი ნატვრაა, ამას სჯობს, გვერდით ისეთი მეგობრები გყავდეს, როგორებიც ტომი და ანიკა არიან. 

ერთი ეგაა, დღემდე მძულს ჩემი ძმისშვილის საზაფხულო დავალებები და საერთოდაც, ყოველგვარი შრომა, რომელიც ზაფხულს უკავშირდება, რადგან სრულიად ფუქსავატურად მგონია, რომ ადამიანები ზაფხულში მხოლოდ უნდა ისვენებდნენ. განსაკუთრებით კი ბავშვები, რომლებსაც ძალიან ცოტა დრო აქვთ გრძელი მაგალითების გამოსაყვანად, რადგან ჯერ კიდევ ბევრი სიმინდია მოსაპარი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი