პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩემი თავგადასავალი

ბებიაჩემს მაინცდამაინც არასდროს უყვარდა ჩემი საზაფხულო ვიზიტები. ორსართულიანი სახლი ორ ნაწილად იყოფოდა: პირველი სართული- ჩემი სამფლობელო და მწირი ბიბლიოთეკა, მეორე სართული- ბიცოლაჩემის წესრიგი და მდიდარი ბიბლიოთეკა. სულ ტომებად ჩაწყობილი წიგნები, ფერისა და მოოქროვილი ზედაპირის ბრწყინვალების მიხედვით განლაგებული ლიტერატურა, ალუბლის ხის უძვირფასეს თაროებზე შემოლაგებული ტექსტები, რომლებიც ისე მედიდურად გამოიყურებოდნენ, როგორც მოდური მაღაზიის კონსულტანტები იმ ძველი ფილმიდან “ლამაზმანი”. და მე, თვითმარქვია ჯულიას, ხელში მსხვილ- მსხვილი ბანკნოტები არ მეჭირა, სამაგიეროდ, მეტისმეტად თავხედური ბუნების გახლდით და მეტისმეტად მიყვარდა კითხვა. ჩემთვის დაბრკოლებები არ არსებობდა, მითუმეტეს- აკრძალვები. სწორედ ამიტომ, მეორე სართულის თავდაყირა დაყენების მცდელობა მცდელობად არ რჩებოდა და ჩემი ვიზიტიდან ერთ საათში გამეფებული ქაოსის დანახვაზე შეძრწუნებულ ბებიაჩემს ასე ვპასუხობდი: “კარგი რა, მე თვითონ დავალაგებ, არ მოგბეზრდათ ეს კომუნისტური, “უმტვერო” წესრიგი?!” ერთი სიტყვით, მაშინ ვფიქრობდი რომ ჩემი მიზანი ამ მედიდური, კუდაბზიკა თაროებისა და წიგნების გაადამიანურება იყო. რომ ყავა თუ დაგექცა წიგნის რომელიმე გვერდზე, ტრაგედია სულაც არ არის, რომ ლაქები უხდება ტექსტებს, რომ ავტორებს სუფთა ფურცლები არ უყვართ და რომ ჩაკეცილი ფურცლების არაესთეტიკურობა ბებიების და ბიცოლების მიერ მოგონილი მითია.

ამ აკრძალული ბიბლიოთეკის გვერდით კიდევ ერთი მტკივნეული რეალობა არსებობდა: “აკრძალული ლიტერატურა” და პირიქით- “აუცილებლად საკითხავი ლიტერატურა”. ეს სულაც არ ჰგავდა ორ ცეცხლს შუა მდგომი ადამიანის გასაჭირს, რომელიც რატომღაც ვერ ხვდება, რომ კიდევ ორი გზა აქვს: მარცხენა ან მარჯვენა. დედაჩემის აზრით, 13 წლის გოგოს არ უნდა წაეკითხა დიტერ ნოლის “ვერნერ ჰოლტი” ზედმეტად ეროტიული სცენების გამო, სამაგიეროდ, აუცილებლად უნდა დაეძლია სერვანტესის მწვერვალები. რაღა დაგიმალოთ, მაშინ დონ კიხოტის “ქარის წისქვილები” სულაც არ გახლდათ ჩემი სულის მამოძრავებელი მექანიზმი, ხორბლის ვერცერთ მარცვალს ჩამომიფქვავდა, სამაგიეროდ, სიამოვნებით ვკითხულობდი ალფონს დოდეს წისქვილის ამბებს. და თავხედურად, მალულად ვიჭყიტებოდი “ვერნერ ჰოლტისკენ”, რადგან გაცნობიერებული მქონდა “მარჯვენა” და “მარცხენა” ბილიკების არსებობის თეორია. კითხვა მაშინ ცოტათი ჰგავდა ქურდობას და ეს დღემდე ძალიან მაბედნიერებს, რადგან “აკრძალული ხილის” ქურდი ქურდი არ არის, ისევე, როგორც ხუთი მწიფე მსხლის ქურდობა ვერ იქნება დასჯადი ქმედება.

აუუუ, რამდენ რამეს გვიკრძალავდნენ. სკოლაში- სამკაულებს: მძაფრად მახსოვს, როგორ მახსნევინებენ საყურეებს, ფაქტობრივად, ჭრილობიდან, ახალგახვრეტილი, შეუხორცებელი ყურებიდან. მართმევენ ბავშვურ ბედნიერებას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა- ორი, მცირე ზომის მოოქროვილი მეტალი. სკოლა ფიქრობდა, რომ ლაქი ფრჩხილებზე მხოლოდ დიდური სილამაზის შტრიხი იყო და ჩვენი, პატარა გოგოების უმწიკვლოება დიდწილად გახლდათ დამოკიდებული შეურყვნელი ფრჩხილების სისპეტაკეზე. მაკიაჟის არსებობაზე, რა თქმა უნდა, ლაპარაკი ზედმეტია. სკოლისთვის მისაღები მოსწავლეების იდენტიფიცირება მაშინ ვიზუალური ეფექტის მიხედვით ხდებოდა.

აქეთ- ოჯახი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ეცინებოდა სკოლის ქარაფშუტულ მიდგომებზე და თვლიდა, რომ ყურის გახვრეტა სულის გახვრეტა არ არის, რომ, დაე, მისმა შვილმა ტუჩზე წითელი პომადა მოიცხოს, მთავარია, 13 წლის ასაკში არ წაიკითხოს “წითელი და შავი”, სამაგიეროდ, აუცილებლად ჩაუჯდეს “გულივერს”.

დედაჩემის “განათლებული” შვილის მიერ წაკითხული წიგნების სია აუცილებლად ითხოვდა სვიფტს! მაგრამ გულმა მაინც ვერ მიიღო გულივერი! ბოლოსდაბოლოს, რაღას იზამდა დედაჩემი,- ადგა და შინაარსი მიამბო. ეს გახლდათ ჩემი დიდი და ბნელი საიდუმლო და ისტორია, რომლის გახსენებაც ღიმილს მგვრის.

…ჩვენი მეხსიერება უზარმაზარი ყუთი არ არის, სადაც მოუწესრიგებლად ყრია უამრავი სხვადასხვა ისტორია, პირიქით: სულ დახარისხებული წარსული გვაქვს, რომელიც, მართალია ძვირფას თაროებზე ვერ შემოვაწყეთ, მაგრამ ვიზრუნეთ, სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით გაგვენაწილებინა. ჩვენი ემოციური დამოკიდებულება მისდამი კი საზომად გამოვიყენეთ. არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ერთი და იგივე ლაქიანი და ულაქო, საყურეებიანი და საყურეების გარეშე, სვიფტწაკითხული და სვიფტწაუკითხავი?!- ერთი კია, სწორედ ძველმა აკრძალვებმა, ხანდახან ქარაფშუტულმა და თითქმის სულელურმაც კი, მასწავლა დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობის ტექნიკა, რომელიც განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა რუტინა შენი დღეების ზედაპირზე ისე ახლოს დევს, როგორც- შორთქათი კომპიუტერის ეკრანზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი