პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

არჩევანის წიგნი

არა, მე მიყვარს ბიბლიოთეკები. რაღა თქმა უნდა. მიმობნეულები სოფლებსა თუ ქალაქებში, მომცროები და უზარმაზარები, ხანდახან– პანდორას ყუთები: გახსნი და თავს ათასი უბედურება დაგატყდება. ამ შემთხვევაში, ბერძნული მითოსი  ტრანსფორმირდება: ყუთიდან აუცილებლად ამოფრინდება იმედიც, რადგან  კაცობრიობის სასჯელი წიგნები ვერ იქნება–  ლიტერატურის ალტერნატიულ რეალობას ხომ თავდაცვითი ფუნქციაც აქვს. ერთი სიტყვით, მე რაღა თქმა უნდა, მიყვარს ბიბლიოთეკები, ამბების, როგორც აზროვნების უნიკალური საცავები. მაგრამ იქ არასდროს მოვკალათებულვარ,– კითხვის რიტუალი ჩემთვის ყოველთვის სახლის  სიმშვიდეს უკავშირდებოდა. სხვა სიმშვიდეს ისევე ვერ ვეჩვეოდი, როგორც– დედინაცვალს, თუნდაც– კეთილს. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მურაკამის 15 წლის პერსონაჟი თავს სწორედ ბიბლიოთეკას აფარებს. 
კაფკა თამურა– ძალიან რეალური პერსონაჟი, რომელიც ყოველ დილით კბილებს იხეხავს, ტრუსს იცვლის, უყვარდება, სძულდება, კრივის ილეთებს გულმოდგინედ სწავლობს,  საბოლოოდ, მაინც ისეთი მისტიკურია, როგორც ცნობილი ვირთხა ტრილოგიიდან. ისევე არ არსებობს, როგორც ცხელი, ჩახუთული ზაფხულის საღამო. მამამისის წყევლა, შეიყვაროს დედა და გააბახოს საკუთარი და, მას აიძულებს, წავიდეს სახლიდან, რომელიც არასდროს ყოფილა ისეთი მშვიდი, როგორიც– ჩემი სახლი. ბიჭიც წყევლას ირწმუნებს და მიიღებს, როგორც წინასწარმეტყველებას. წინასწარმეტყველებას, როგორც სასჯელს. შეცდომა #1: სიტყვები მხოლოდ მაშინ განსაზღვრავს თქვენს მომავალს, როცა  ისევე დაიჯერებთ, როგორც პირველი სიყვარულით გამოწვეული იმედგაცრუების შედეგად ნათქვამ ფრაზას, რომლის მიხედვითაც, ყველა ბიჭი ნაგავია. 
კაფკა საკუთარ მე– 15 დაბადების დღეზე მსუბუქი ზურგჩანთით სამხრეთისკენ გაექცევა ბედისწერას. მიმართულება შემთხვევითია, თუმცა მთავარი პუნქტი  დაცულია: ზურგჩანთის პარამეტრები და სიმსუბუქე.  შემთხვევითია რომელიღაც ავტობუსი და თანამგზავრიც,– საკურა. ბიჭი ირწმუნებს, რომ საკურა საკუთარი დაა. შემთხვევითობები და ერთ ადგლზე არდგომის შესაძლებლობა განსაზღვრავს ბედისწერას, რადგან მოძრაობა მხოლოდ მაცივრამდე მისვლის ინსტინქტი კი არა, ცვლილებების დასაწყისია. რა თქმა უნდა, ყველა გზას კეთილი დასასრული ვერ ექნება. ან თავად გზა ვერ იქნება კეთილი, თუნდაც ის ერთ– ერთ ბიბლიოთეკაზე გადიოდეს.  კაფკა თამურა და ბიჭი, სახელად ყვავი ბიბლიოთეკაში დასახლდებიან. 
პარალელური თხრობა მისტიკით იწყება და ასევე გრძელდება. ოქმები წარსულში მომხდარ უცნაურ ამბავს ასახავს: როგორ დაკარგეს გონება სალაშქროდ წასულმა ბავშვებმა. კოლექტიური ძილიდან რამდენიმე წუთში კი მხოლოდ ერთმა ვერ მოახერხა გამოღვიძება. ნაკატა  კარგავს მახსოვრობას, მაგრამ შემდეგში, უკვე ხნიერი, იძენს კატებთან საუბრის უნიკალურ ნიჭს.  
დიახ, რომანში შემოდიან კატები, რომლებიც, ზოგჯერ, ისე დახვეწილად საუბრობენ, ლამისაა, უბნის ყველა კატას დაეჭვებით შეხედო და ინსტინქტურად გამოელაპარაკო. კატები წიგნის სრულუფლებიანი პერსონაჟები არიან, რადგან მათ უკვე უკვე ჰქვიათ ნაკატას შერჩეული სახელები და ზოგიერთი მათგანი, მართალია, ბეჰემოთის მონაცემებს ვერ ფლობს, მაგრამ კატის კვალობაზე ერთობ დახვეწილადაც კი საუბრობს. ნაკატა, დაკარგული კატების მაძებარი, კოიჩი თამურას კვალამდე მიდის, რომელიც ცხოველების სულებისგან ფლეიტის შექმნას ცდილობს. კოიჩი თამურა, შესაძლოა, არის კაფკას მამა. 
მურაკამის ამ პერსონაჟების  უნიკალურობა საკუთარი სახელების დამსახურებაა მაშინ, როცა ვირთხის ტრილოგიის ჩემი საყვარელი, ბოლო ნაწილი უსახელო პერსონაჟების რომანია და პიროვნებების განმსაზღვრელიც, იმ შემთხვევაში, მხოლოდ მათივე თვისებებია. იქაური, ახირებული ზნის ცხვარი ადამიანებში ჩასახლების მოყვარული გახლავთ, აქაურ კატებს კი პირიქით–  “ჯონი უოკერი” სადისტურად აწამებს. 
…მიღმური სამყარო არა მხოლოდ იაპონური კულტურის თვისებაა. “მზეს უყურე და ჩრდილებს ვერ დაინახავ”– გახსოვთ ინდიელთა ეს სიბრძნე? ნაკატა სამხრეთისკენ საკუთარი ჩრდილის საპოვნელად მიდის, კაფკა თამურა კი ბიჭია, სახელად ყვავი. თითქოს ინდიელი ბიჭი იყოს უცნაური თიკუნით. ის ინდიელი ბიჭებივით ისეთი ძლიერი და შეუპოვარი უნდა გახდეს. მსოფლიო სახეების და კულტურების კოქტეილი ყველაზე უცხო სასმელია, სწორედ ამიტომ მოსწონს რომანი მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს. ხანდახან მისტიკაც შეიძლება იყოს ახლობელი. მით უმეტეს მაშინ, როცა ყვავები “რედიოჰედს” უსმენენ და დამბაჩის ხმაზე არ ფრთხებიან.
“კაფკა პლაჟზე” მხოლოდ ბედისწერის კი არა, არჩევანის რომანია. არჩევანს აქ ხან სპონტანურად, ხანაც კარგა ხნის აწონ– დაწონის შემდეგ აკეთებენ. ჩვენ ხან ლუდს ვირჩევთ, ხან– არაყს, ხანაც– კოკა– კოლას. ეს ყველაფერი მომავალი დღის განრიგსა და გეგმებზეა დამოკიდებული. განრიგის არარსებობის შემთხვევაში კი საკუთარი რეცეპტორები განსაზღვრავენ ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელის შერჩევას. კაფკა თამურა ირჩევს “არაყს” და ფეხებზე იკიდებს ვერდამთავრებულ სკოლას და მამას, რომელიც არ უყვარს. მას გეგმები არ აქვს. ნაკატას გაქცევას მკვლელობა განაპირობებს. ეს არ არის საპყრობილის სტანდარტული შიში. უცნაურია, მაგრამ მკვლელობა ერთგვარი სტიმულია. წასვლის. 
ამ წიგნში ჩვეულებრივადაც კი არ წვიმს.
ამ წიგნს ჩვეულებრივად არ კითხულობთ.
ამ წიგნს, შესაძლოა, თავადაც კი წერთ.
ეს წიგნი ისევე შეგიძლიათ, დაგესიზმროთ, როგორც კაფკას– ახალგაზრდა მის საეკი.
ამ წიგნს შეუძლია, დამაწერინოს პოსტი და შეგნებულად არ მახსენებინოს ოსიმა და მის საეკი.
ამ წიგნმა გადაწყვიტა, რომ წაკითხვამდე იდუმალება შეინარჩუნოს. 
მისთვის არ არსებობს კომპრომისები.
ამ წიგნში არის ტყე, რომელიც მიყვარს.
იმ ტყეში არის ადგილი, სადაც მარადი ჯარისკაცები დგანან.
ჯონი უოკერს წითელი ფრაკი აცვია, მაგრამ ვისკის სახლში არ ცხოვრობს.
აქ ვერ შეხვდებით ჯადოსნურ ყურებს, რომელსაც დაბლოკვის ფუნქცია აქვს, აქ მხოლოდ ჯადოსნური ქვის იმედად უნდა დარჩეთ.
რომელიც არ უნდა ააგდოთ, რადგან სანამ თავს შეუშვერთ, ძალიან მნიშვნელოვანი კარი დაიხურება,

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი