პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გზაზე

ზაფხული მე ასეთი მახსოვს: მოვიკიდებდით ზურგჩანთებს და მივდიოდით. გზების სირთულე ვის შეაშინებდა: შეშლილები, შეშლილები. ქართული მასშტაბები მაშინ გრანდიოზული გვეჩვენებოდა და საზღვრების გადაკვეთას არ ვგეგმავდით. მერე ვიღაცებმა მსოფლიო შემოიარეს და მსოფლიო ამბები გვიამბეს. ოცნება მაშინ უკვე დაწყებული გვქონდა ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვის რომანტიკულ მოცემულობაზე, ავტოსტოპით მოგზაურობის ხიბლსა და მსოფლიო რკალის თვისებაზე – აუცილებლად შემოიარო. “მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის” ოცნებიდან უფრო მყარ პოზიციაზე – გეგმაზე, როგორც რეალობის  აუცილებელ წინაპირობაზე გადავედით. რა თქმა უნდა, ვერც ამაზონია მოვიარეთ და ვერც ევროტურის ფარგლებში მოვაწყეთ დებოში რომის პაპის რეზიდენციაში. მერე ზოგი ძალიან გაიზარდა და ზოგიც – ისე რა. ზოგმა ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში დაიწყო მოგზაურობა. ზოგმა ლოკაციები არ შეიცვალა და ქართული მიწების ათვისება განაგრძო, ზოგმაც – ოცნება. მე კერუაკი აღმოვაჩინე, ბიტ თაობის მანიფესტი და რაღაცნაირი, უვადო თავისუფლება, ცოტათი მოსაწყენიც კი. სალ ფარადაიზისა და დინ მორიარტის უსასრულო მარშრუტი ცხოვრების გზების შეცნობისა და დროის, როგორც მატერიალური და არამატერიალური მნიშვნელობის. ისინი დროის სისწრაფით მიჰყვებიან გზებს იმისთვის, რომ არ დაკარგონ პირადი სივრცე. 
პირადი სივრცეა დინის გაქუცული ჩემოდანი, რომელიც სულ საწოლის ქვეშ გდია, მომზადებული მომავალი მოგზაურობისთვის.
პირადი სივრცეა ალკოჰოლი, რომელიც ხანდახან არის თავისუფლება.
პირადი სივრცეა მუსიკა, რომელიც სულ, მუდმივად არის თავისუფლება.
პირადი სივრცეა დინის რამდენიმე ცოლიც კი. და ბავშვები. მხოლოდ დინს შეუძლია, ყველა ცოლი ერთნაირად უყვარდეს.
პირადი სივრცეა სალის მამიდა, რომელიც წიგნში სულ რამდენჯერმე, გაკვრით გამოჩნდება და უხერხულად უჩინარი პერსონაჟია, მინიმალური შეზღუდვებითა და სილაღით, რომელიც თითქმის არცერთ ქართველ მამიდას არ ახასიათებს.
პირადი სივრცეა მიწისქვეშა თუ არამიწისქვეშა ბარები მარიხუანას კვამლითა და ახალგაზრდული ხმაურით.
პირადი სივრცეა დინის ნატკენი ხელი, რომელიც მთელი წიგნის განმავლობაში ჩირქდება.
პირადი სივრცეა დინისა და კარლოს საუბრები, რომლებიც ზედმეტად სიზმარეულია და რომლებიც, საბოლოოდ, სიტკბოგაცლილ საღეჭ რეზინასავით უგემური ხდება.

ერთხელაც ყველას ამოსდის ყელში საკუთარი სივრცე. და სალიც მოგზაურობას იწყებს ახალი ამბების შესაგროვებლად, ახალი ადამიანების გასაცნობად, ძველი სურვილების ასახდენად და ახალი სურვილების შესაქმნელად, დიახ, შესაქმნელად. სურვილების შექმნაც ისევე შეიძლება, როგორც შემწვარი კარტოფილის, რომელიც მექსიკური მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა სუნელებითა და წიწაკით შეაზავებ.
ეს არ არის იძულებითი მოგზაურობა. როგორ შეიძლება, მოგზაურობა იძულებითი იყოს? – იფიქრებთ. აბა, მაწანწალა რასმუსი გაიხსენეთ. აბა, კარგად გაიხსენეთ. იმასაც, დინ მორიარტივით მამის პოვნა უნდა. არა, დინი დიდი ბიჭია და რასმუსივით ოჯახურ სიმყუდროვეს არ მიელტვის. მაგრამ ორივე დაკარგულია. დინი – ომისშემდგომი თაობის უცნაური პირმშო, ახალი სურვილებითა და დიდი ენერგიით და ლინდგრენის რასმუსი – ბავშვი, რომელიც, სამწუხაროდ, თმახუჭუჭა არ არის და არავის, საერთოდ არავის უნდა, იშვილოს გარდა ოსკარისა, რომელიც გამოუსწორებელი მაწანწალაა – გზების შვილი, თავისუფლების შვილი.  
 “გზაზე” ცოტათი იმედგაცრუებაცაა და მცდელობა, ცივილიზებულმა სამყარომ არ გამოტოვოს  პირველყოფილი სიკეთეები: “მაღალი მთებიდან ჩამოვიდნენ, ხელი რომ გაეშვირათ იმისკენ, რაც, მათი აზრით, ცივილიზაციას შეეძლო მათთვის შეეთავაზებინა და არც კი დაესიზმრებოდათ, რომ ცივილიზაცია საბრალო, დამსხვრეული ილუზიებია. არც ის იცოდნენ, რომ არსებობს ბომბი, რომელსაც შეუძლია, ყველა ჩვენი ხიდი და გზა მიწასთან გაასწოროს და რომ, შეიძლება ჩვენც გავღარიბდეთ და მათსავით გავიშვიროთ ხელი”.
ცივილიზაციის უზარმაზარი, ტექნიკური სხეული ხანდახან ისე გღლის, ერთი სული გაქვს,  ზურგჩანთა მოიკიდო და გზას გაუდგე. ხელი ჩაკიდო ისეთ რეალურ პერსონაჟებს, როგორებიც არიან გინსბერგი, კესიდი, ბეროუზი და გაგეღიმოს კერუაკის სპონტანურობაზე, რომელიც ისეთი მომხიბვლელია, როგორც დედაჩვენი, რომელიც სახლიდან გასვლისას სიტყვას გამოგვაყოლებს, ნაცნობს, მაგრამ ჩვენი ასაკის მიხედვით მოდერნიზებულს. ეს მართლაც გზაზე დაწერილი ტექსტია საგზაო ემოციებით საგზაო ნიშნების გარეშე, რადგან ამ დროს, შესაძლოა, დინი შემოვარდეს თავისი “ჰადსონით” და ყველა ნიშანი მილეწ–მოლეწოს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი