პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ვზრუნავთ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება – ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ის ფრაზაა, რომელიც თანამედროვე მასწავლებლებს ყველაზე ხშირად ესმით. საზოგადოება მუდმივად ახსენებს პედაგოგს პროფესიული განვითარების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ბევრი მათგანისთვის მაინც ბუნდოვანია, კერძოდ რა ღონისძიებებს გულისხმობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, რატომ არის ის ერთნაირად აუცილებელი როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მასწავლებლისათვის და როგორ აისახება ეს პროცესი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე.

რა არის მასწავლებლის პროფესიული განვითარება?

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გულისხმობს იმ საქმიანობების ერთობლიობას, რაც მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და კარიერული შესაძლებლობების მოძიებაში ეხმარება. ეს ღონისძიებები ხორციელდება როგორც ფორმალურ,ასევე არაფორმალურ გარემოში,იწყება საუნივერსიტეტო განათლებით და გრძელდება მასწავლებლის სკოლაში მოღვაწეობის ბოლო დღემდე. პროფესიული განვითარება მხოლოდ აკადემიური კურსების მოსმენას და პროფესიული ტრენინგების გავლას კი არ გულისხმობს,არამედ კოლეგებთან თანამშრომლობას,მენტორობას,აკადემიური პროდუქტის შექმნის პროცესს,საკუთარი პროფესიის,საქმიანობის,რესურსებისა და შესაძლებლობების ახლებულად გადაფასებასაც. ეს ის ღონისძიებებია,რომლებიც მასწავლებლის როგორც პროფესიულ,ასევე პიროვნულ განვითარებასაც ემსახურება,შესაბამისად,პროფესიული განვითარება ყველაზე ეფექტური მაშინაა,როდესაც ის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს.

 

რატომ უწყვეტი პროფესიული განვითარება?

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მასწავლებლისთვის გასაგებია, რას გულისხმობს მასწავლებლის პროფესიული განვითარება,ხშირად ბუნდოვანია,რატომ არის პროფესიული ზრდა მნიშვნელოვანი და რატომ რთულდება ამ პროცესის სათანადოდ დაგეგმვა,განხორციელება და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოყენება.

თანამედროვე მსოფლიოში უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობის მთავარი არგუმენტი მასწავლებელთა სერტიფიცირებაა,რომელიც2014 წლიდან საქართველოშიც სავალდებულო გახდება. თუმცა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება არსებითია არა მხოლოდ მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად,არამედ უკეთესი საგანმანათლებლო შედეგების მისაღწევადაც. ამასთანავე, უკეთესად მომზადებული მასწავლებელი უფრო დაფასებულია მოსწავლეების, სკოლის დირექტორის, კოლეგების და მშობლების მიერ.

მასწავლებლის პროფესია ადამიანისგან დიდ ძალისხმევასა და პიროვნულ სიმტკიცეს ითხოვს. საერთაშორისო კვლევებმა ცხადყო,რომ მასწავლებელს საკუთარი პროფესიული მოვალეობების აღქმა და მოსწავლეებთან ურთიერთობის პრინციპები,პედაგოგიურ პრაქტიკასთან ერთად,ხშირად ეცვლება. შეხედულებებისა და დამოკიდებულებების ასეთი ცვლილებები გამოწვეულია როგორც მასწავლებლის პიროვნული გარდაქმნით,ასევე პროფესიული გარემოსა და გარშემომყოფების მიერ მისი როლისა და სტატუსის აღქმის შეცვლით. მეცნიერები მასწავლებლის პროფესიულ ცხოვრებაში გარკვეულ სტადიებს გამოყოფენ. ჰაბერმანის შეფასებით,დამწყები მასწავლებლები,პედაგოგიური პრაქტიკის პირველი ხუთი წლის განმავლობაში,როგორც წესი,თავს არიდებენ ექსპერიმენტებს და საკლასო ოთახში ბაძავენ ავტორიტეტებს,ვთქვათ,საყვარელ მასწავლებლებს ან ლექტორებს. ბევრი ვერც უძლებს სტრესს და ადრევე ტოვებს პროფესიას. შემდგომი10-15 წლის განმავლობაში მასწავლებელი ხვეწს სწავლების მეთოდებს,იყენებს მეტ ინოვაციურ მიდგომას,ასევე ეძებს კარიერული წინსვლის ახალ შესაძლებლობებს,რაც ხშირად იმაში გამოიხატება,რომ ინოვატორი მასწავლებელი ადმინისტრაციულ სფეროში განაგრძობს მოღვაწეობას. მომდევნო ეტაპზე ის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების მწვერვალს აღწევს. საბოლოოდ,კარიერის დასასრულს,მასწავლებელი გამოცდილი და კვალიფიციურია,მაგრამ მას ნაკლები ენერგია და ენთუზიაზმი აქვს საკლასო ოთახში ნოვატორული იდეების დასანერგად.

 

როგორც მკვლევარების მიმოხილვა ცხადყოფს, პროფესიული მოღვაწეობის ყველა ეტაპზე მასწავლებელმა გარკვეული სირთულეები უნდა გადალახოს. დამწყებ მასწავლებელს დახმარება სჭირდება იმისათვის,რომ საკუთარ ძალებში დარწმუნდეს და მეტად გამბედავი იყოს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისას. გამოცდილ პედაგოგებს კი თანამედროვე მეთოდების გაცნობა განელებული მოტიცავიის გაზრდასა და უფრო საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვაში ეხმარება. ხშირად მასწავლებლის შემოქმედებითი კრიზისი შეუმჩნეველი არც მოსწავლეებს რჩებათ. შესაბამისად,აუცილებელია,პედაგოგმა ახალი მეთოდები და მიდგომები ეძებოს იმისათვის,რომ მისი გაკვეთილები საინტერესო და სახალისო იყოს. არავის უკვირს მკვლევარების ის დასკვნაც,რომ პროფესიონალი მასწავლებლის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრების მისაღწევად.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრაქტიკა მსოფლიოში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მნიშვნელობის გადაფასება გასული საუკუნის 80-იან წლებში მოხდა. ამ პერიოდში მსოფლიოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები განხორციელდა,რამაც მასწავლებლების მიმართ საზოგადოების მოთხოვნები შეცვალა. პედაგოგებს მოეთხოვებოდათ,მოსწავლეებისთვის ესწავლებინათ ეროვნულ სასწავლო გეგმებზე დაყრდნობით და ამასთანავე,მსოფლიოში მიმდინარე ზოგადი ტენდენციებიც აესახათ სწავლების პროცესში. ისინი ფასდებოდნენ არა მხოლოდ სწავლების პროცესის ეფექტურობის,არამედ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მიხედვითაც.

 

მასწავლებლისთვის წაყენებულმა ახალმა მოთხოვნებმა მისი გადამზადების აუცილებლობაც გააჩინა. თუ ადრე მასწავლებლის პროფესიული განვითარება,ძირითადად,საუნივერსიტეტო განათლებით და ფრაგმენტული,საგნობრივი კომპეტენციების შეძენაზე ორიენტირებული პროფესიული კურსებით შემოიფარგლებოდა,ახლა მეტი ყურადღება პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას და პედაგოგიური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ეთმობა.

 

ახალი საგანმანათლებლო პარადიგმის შემოღებამ არსებული მოდელი ძირეულად შეცვალა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება უწყვეტ პროცესად გარდაიქმნა,სადაც საუნივერსიტეტო განათლების მიღება მხოლოდ ერთი,საწყისი ეტაპია,ხოლო პროფესიული განვითარება და ზრდა სკოლაში გრძელდება. სკოლები და პედაგოგიური უნივერსიტეტები ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ:პედაგოგების პრაქტიკული გამოცდილება და სკოლის წიაღში წამოჭრილი საგანმანათლებლო პრობლემები საუნივერსიტეტო პროგრამის განუყოფელი ნაწილია,ხოლო მოქმედი მასწავლებლები მუდმივად უბრუნდებიან პედაგოგიურ სასწავლებლებს სასურველი აკადემიური კურსების გასავლელად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. შესაბამისად,პროფესიული განვითარება მუდმივი,ციკლური პროცესია და თეორიისა და პრაქტიკის მჭიდრო კავშირს ეფუძნება.

 

დღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელები ქვეყნების ეკონომიკური,პოლიტიკური და სოციალური კონტექსტების მიხედვით განსხვავდება. მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება სავალდებულოა ევროპის20-ზე მეტ ქვეყანაში. საფრანგეთში,ჰოლანდიასა და შვედეთში პროფესიული განვითარების პერიოდული დადასტურება პედაგოგებისათვის სავალდებულოა. ესპანეთში,ლუქსემბურგში,პორტუგალიაში,სლოვენეთსა და სლოვაკეთში მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ნებაყოფლობითია,მაგრამ მჭიდროდ არის დაკავშირებული კარიერულ და ხელფასის ზრდასთან. ესპანეთსა და ლუქსემბურგში ის მასწავლებლები,რომლებიც პერიოდულად ესწრებიან პროფესიულ ტრენინგებს,ხელფასზე გარკვეულ დანამატს იღებენ. სხვა ქვეყნებში პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობით მასწავლებლები აგროვებენ პირობით კრედიტებს,რის შედეგადაც მათ ეძლევათ საშუალება,დაწინაურდნენ კარიერულ კიბეზე.

 

ზოგ ევროპულ ქვეყანაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი ტრენინგები ცენტრალიზებულად ტარდება(ბელგია,გერმანია,საფრანგეთი,ესპანეთი,ლიტვა,ლატვია,ფინეთი),ზოგ ქვეყანაში კი ეს პროცესი დეცენტრალიზებულია და უშუალოდ სკოლაა პასუხისმგებელი,იზრუნოს მასწავლებლის პროფესიულ ზრდაზე(გაერთიანებული სამეფო,დანია,ესტონეთი,შვედეთი).

 

რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის?

 

საქართველოში განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მათთვის მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება წარმოადგენს. 2006 წელს დაარსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,რომლის უმთავრესი მიზანი მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების,მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

დასახული მიზნის მისაღწევად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მრავალ პროექტსა და პროგრამას ახორციელებს.

სერტიფიცირებამასწავლებლის პროფესიის სტატუსის ასამაღლებლად ერთ-ერთი სახელმწიფო ინიციატივაა. მასწავლებლის სერტიფიცირება ხელს უწყობს პროფესიის რეგულირებას,პროფესიული განვითარების მიზანმიმართულ დაგეგმვას და სწავლებისა და სწავლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ამასთანავე,სერტიფიცირებულ მასწავლებელს საშუალება ეძლევა,ჩაერთოსმასწავლებელთაპროფესიულიგანვითარებისსქემაში,რომლის არსიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოტივირება და წახალისება. სქემა ხელს შეუწყობს მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას,მის პროფესიულ განვითარებას და კარიერულ ზრდას.

 

ამასთანავე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი კოორდინაციას უწევს სხვადასხვა საფეხურისა და საგნის მასწავლებლებისმიზნობრივიტრენინგებისჩატარებას. პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტრენინგების ჩატარების პარალელურად,ცენტრი პერიოდულად იწვევს უცხოელ ექსპერტებს ადგილობრივი ტრენერების გადამზადების მიზნით. მაგალითად, 2011 წელს იგეგმება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ექსპერტების მოწვევა ნოტინგენის უნივერსიტეტიდან(გაერთიანებული სამეფო)და ცერნის სამეცნიერო ცენტრიდან(შვეიცარია),ზუსტი მეცნიერებების მასწავლებლებისათვის,კვალიფიკაციის ასამაღლებლად,მოეწყობა საზაფხულო სკოლა ნოტინგენში. ამასთანავე,საქართველოს მასშტაბით,ყველა ინგლისური ენის მასწავლებელს სპეციალურ ტრენინგ-კურსს ჩაუტარებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტი. გარდა ამისა,იგეგმება სპეციალურიეროვნულიკონფერენციებისმოწყობა მასავლებლებისათვის.

 

21-ე საუკუნის მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თანამედროვე, განსხვავებული შესაძლებლობებისა და ღირებულებების მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებები და მოლოდინები დააკმაყოფილოს. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება,უპირველეს ყოვლისა,სწავლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების(ისტ)ინტეგრირებას გულისხმობს. დღეს,ღილაკის დაწკაპუნების შედეგად,მოსწავლეს წამებში შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია ნებისმიერი მოვლენის შესახებ. შესაბამისად,თანამედროვე მოსწავლისათვის,შესაძლოა,მოსაწყენი იყოს მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით სწავლა. ამიტომ,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს მასწავლებლებისათვისისტსაბაზოდაისტმეორედონისტრენინგებისკურსს.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ საკვალიფიკაციო ტრენინგ-კურსების მოსმენა,არამედ თანამედროვე პროფესიული ლიტერატურის გაცნობაც. ამიტომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს დამხმარე მეთოდური მასალით უზრუნველყოფს.

 

როგორ უნდა იზრუნოს მასწავლებელმა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე?

აუცილებელია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა და სკოლამ პედაგოგს შესთავაზოს მრავალფეროვანი კურსები და რესურსები კვალიფიკაციის ასამაღლებლად. თუმცა უმნიშვნელოვანესია,მასწავლებელი თავად იყოს მოტივირებული და დაინტერესებული,იყენებდეს ყველა ხელმისაწვდომ შესაძლებლობას. ამისათვის,მან უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები:

 

  • მასწავლებელს უნდა ჰქონდეს პირადი პროფესიული განვითარების გეგმა, რაც მას პროფესიული მიზნების დასახვას და განხორციელებას გაუადვილებს. ზოგ ქვეყანაში ასეთი გეგმის შემუშავება აუცილებელიცაა (მაგ., ბელგია, ლიტვა და გაერთიანებული სამეფო). ერთი შეხედვით, ამგვარი გეგმის შექმნა ფორმალურ და ბიუროკრატიულ ნაბიჯად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს წარმატებული პროფესიული განვითარების საწინდარია. პირადი პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემო, სადაც მას უწევს საქმიანობა. პედაგოგმა უნდა იცოდეს, რას ითხოვს მისგან სკოლა, საზოგადოება, მოსწავლეები. მისი პირადი გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეებისა და სკოლის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს. შემუშავებული გეგმით მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ახდენს შესაძლო რისკებისა და დაბრკოლებების იდენტიფიცირებას, საკუთარი შესაძლებლობებისა და მოლოდინების რაციონალიზაციას. პროფესიული განვითარების გეგმა არ არის მკაცრი ნორმატიული დოკუმენტი, რომლის შედგენა და დაცვა მძიმე შრომას მოითხოვს. ის წარმოადგენს მასწავლებლის გზამკვლევს, რომელიც მუდმივად იხვეწება და იცვლება პედაგოგისა თუ გარემოს მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.
  • მასწავლებელი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს კოლეგებთან.ის უნდა ითვალისწინებდეს კოლეგების აზრს პროფესიული განვითარების პირად გეგმაში. პროფესიული განვითარება არ არის მხოლოდ ერთ მასწავლებელზე დამოკიდებული პროცესი და ის მრავალი დაინტერესებული მხარის ჩართულობას გულისხმობს. ხშირად რთულია პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი გზებისა და მეთოდების მართებულად დასახვა. პროფესიული განვითარების კურსების არჩევანი დიდია და მასწავლებელს უჭირს ყველაზე შესაფერისი რესურსის იდენტიფიცირება, რაშიც მისი დახმარება სხვა მასწავლებლებს შეუძლიათ. კოლაბორაციული სწავლების შედეგად პედაგოგებმა უკეთ იციან, რა უნარების თუ კომპეტენციების განვითარება სჭირდებათ მათ კოლეგებს.
  • მნიშვნელოვანია მასწავლებლის კრიტიკული მიდგომა სიახლეებისადმი.ერთხელ ალბერტ აინშტაინმა თქვა: “ადამიანი, რომელიც ბევრს კითხულობს, მაგრამ არ იყენებს საკუთარ გონებას, მალე გადაეჩვევა ფიქრს”. მასწავლებელი, რომელიც კითხულობს ახალ მეთოდურ ლიტერატურას, ესწრება პროფესიული განვითარების კურსებს, აკვირდება კოლეგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, არ უნდა იყოს პროცესის პასიური დამკვირვებელი. მან უნდა სცადოს, გააანალიზოს ახალი მასალა, მოახდინოს მისთვის უფრო ღირებული ინფორმაციისა და ნაკლებად მნიშვნელოვანის დიფერენცირება და ისე გამოიყენოს პრაქტიკაში.
  • მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს მიღებული ცოდნა სწავლებისას.როგორც მრავალი კვლევა ცხადყოფს, პროფესიული განვითარების პროცესის ყველაზე პრობლემური ეტაპი სწორედ ახალი ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვაა. მასწავლებელს, შესაძლოა, საკმარისი ინფორმაცია ჰქონდეს ახალი მეთოდების შესახებ, მაგრამ არ ეყოს გამბედაობა, ისინი საკლასო ოთახში გამოიყენოს. ეს გასაგებიცაა: უფრო მარტივი და კომფორტულია ჩვეული, ნაცადი მეთოდებით სწავლება, მაგრამ აუცილებელია, პედაგოგი მუდმივად ცდილობდეს ახალი, საინტერესო გზებისა და საშუალებების ძიებას.
  • პროფესიული განვითარება არ ხორციელდება მხოლოდ ფორმალურ გარემოში. არაფორმალური შეხვედრები კოლეგებთან, კონსულტაციის მიღება განათლების სპეციალისტებისგან, ახალი სასწავლო მეთოდების დამოუკიდებლად მოძიება, საგანმანათლებლო პროდუქტების (სასწავლო გეგმა, სამოდელო გაკვეთილები) შექმნა ისევე სასარგებლოა, როგორც პროფესიული განვითარების კურსების მოსმენა.
  • საბოლოოდ, პროფესიული განვითარება სკოლის კულტურის ნაწილი უნდა გახდეს.კვლევა ცხადყოფს, რომ მასწავლებლის არჩევანი, იყოს თანამედროვე და ღია სიახლეების მისაღებად, მეტწილად მის პროფესიულ გარემოზეა დამოკიდებული. შესაბამისად, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა სკოლის კულტურის ნაწილი უნდა გახდეს.
  • ყველაზე მთავარია, მასწავლებელს ახსოვდეს, რომ პროფესიული განვითარება უწყვეტი განათლების მიღების პროცესია, ამიტომ კარგი მასწავლებელი ამავე დროს კარგი მოსწავლეც უნდა იყოს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი