პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამაჩემი“

„დამიხატეთ
თქვენი ოჯახი” – ვეუბნები ბავშვებს. ისინი ხატავენ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილ  დედებს და მამებს, ხელიხელჩაკიდებულ და-ძმებს, ბებია-ბაბუებს,
ძიძებს, ძაღლებს, კატებს, თუთიყუშებს, „ბეთმენებს”, „სპაიდერმენებს”, პრინცესებს…
ყველას და ყველაფერს, რაც მათ აბედნიერებს. ხანდახან ისეთი შემთხვევებიც მხვდება, მზეც
რომ ხატია, ნაკადულიც მორაკრაკებს, ფიფქია და შვიდივე ჯუჯა ადგილზეა, თუმცა არც დედაა
ნახატზე და არც მამა. ბავშვის ოჯახთან დაკავშირებული ნეგატიური განცდები, როგორც ხატვის
პროცესზე, ასევე საბოლოო ნახატზეც აისახება.
როცა ბავშვი
ნაწყენია ოჯახის წევრებზე, ცდილობს გააჭიანუროს დავალების შესრულება ან თვითნებურად
შეცვალოს წესები, მაგალითად, თუ ის ხატავს სხვა საგნებს და ოჯახის გარეთ მყოფ ადამიანებს,
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავს მიტოვებულად გრძნობდეს და მეტ ყურადღებას მოითხოვდეს
მშობლებისგან. არის შემთხვევები, როცა ბავშვი უარს ამბობს ადამიანის დახატვაზე – „მე
ადამიანების ხატვა არ ვიცი” – ან „გამორჩება” 
ოჯახის ის წევრი, რომლის მიმართაც პრეტენზიები აქვს.
 მათი არდახატვით, ბავშვი თითქოს გაურბის
ნეგატიურ ემოციებს. მაგალითად, თუ არ ხატავს დედმამიშვილებს, ამით ცდილობს, მხოლოდ
თვითონ ეკუთვნოდეს მშობლების სიყვარული და ყურადღება.  კითხვაზე, თუ რატომ არ დახატეს ოჯახის ესა თუ ის
წევრი, ისინი თავს იმართლებენ, რომ „ადგილი არ დარჩა”, „ის სასეირნოდ  წავიდა”, „სამსახურშია”, თუმცა ხანდახან ისინი პირდაპირ
ამბობენ, რომ „არ მინდოდა დამეხატა, იმიტომ რომ მირტყამს”, „არ მინდა ჩვენთან ცხოვრობდეს”.

„მე
მინდა დედა და მამა ისევ ერთად იყვნენ, ოღონდ ამას დედას არ ვეუბნები
, იმიტომ
რომ  ჰგონია მამაზე ვნერვიულობ”, – მითხრა ერთმა
7 წლის გოგონამ, ფურცლის ერთ მხარეს დედა, „
Frozen-ის  გოგო” და თავისი თავი დახატა, მეორე გვერდზე – მამა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს 8089 წყვილი განქორწინდა,
აქედან 2398 ქორწინებიდან 0 – 4 წელიწადში განქორწინდა, რაც ზრდის იმის ალბათობას,
რომ მათ მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. მშობლების განქორწინების შემდეგ, ზოგიერთ ბავშვს
აღენიშნება ძილის და კვების დარღვევები, უხასიათობა, შფოთვა, დისციპლინასა და სწავლასთან
დაკავშირებული პრობლემები, ასევე გვხვდება სომატური ჩივილები, მაგალითად, თავის ან
მუცლის ტკივილი. თუმცა კვლევებით დასტურდება, რომ იმ ოჯახებში, სადაც გაყრის შემდეგ
არ არის კონფლიქტური სიტუაციები, ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთივეა, როგორც
განუქორწინებელი ოჯახების ბავშვებისა.

„ბავშვების
გამო არ ვეყრები”, – ამბობს ხშირად ქალი და ცხოვრობს კაცთან, რომელიც ა(ღა)რ უყვარს.
„ბავშვები მეცოდება, თორემ ერთი დღეც არ გავჩერდებოდი მასთან”, – ძმაკაცებთან იქარვებს
გულს მისი ქმარი. ამ დროს ბავშვებს უმეტესწილად არა თვითონ გაყრის ფაქტი, არამედ ის
კონფლიქტური სიტუაცია აშინებთ, რომელიც განქორწინების პროცესში აქვთ მშობლებს. კონფლიქტებში
ბავშვების ჩართვა მათ დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებს და საფრთხეს უქმნის მათი განვითარების
პროცესს. ოჯახური ძალადობის ფაქტები ბავშვებში შიშს იწვევს და შეიძლება მოზარდობის
ასაკში მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას მათ, მნიშვნელობა არ აქვს ასეთი სიტუაცია
ერთხელ იყო, თუ მუდმივად გრძელდება.

როდესაც
მშობლები დაშორებას გადაწყვეტენ, მათი ბავშვები მრავალ სირთულეს აწყდებიან. ისინი უნდა
შეეგუონ მთელ რიგ ცვლილებებს, ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ადგილის და/ან სკოლის
შეცვლა, ნაკლები კონტაქტი ოჯახის რომელიმე წევრთან (უმეტეს შემთხვევაში, მამასთან).
ამ სირთულეებთან საბრძოლველად, ბავშვები საკუთარი ასაკის შესაბამის ქცევას მიმართავენ.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ეგოცენტრიზმი ახასიათებთ და როგორც თითქმის ყველა სიტუაციაში,
აქაც საკუთარ ბრალს ხედავენ. მათ ჰგონიათ, რომ მშობლები მის გამო დაშორდნენ და მიიჩნევენ,
რომ აუცილებლად უნდა შეარიგონ ისინი ერთმანეთს. 9-10 წლის ასაკისთვის, ისინი უფრო მეტად
აცნობიერებენ დაშორების მიზეზებს, მათი ბრაზი მშობლის მიმართ უფრო გაცნობიერებულია.
მათ შეიძლება ერთ-ერთის მხარე დაიჭირონ. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ
მშობელმა, რომელიც რჩება ბავშვთან, აგრძნობინოს მას სითბო და სიყვარული, მიაქციოს ყურადღება
მის განვითარებას და ზრუნავდეს მასზე. ეს ბავშვს დაცულობის განცდას შეუქმნის. რაც შეეხება,
არამეურვე მშობელს, ბავშვები უფრო მშვიდად გრძნობენ თავს, როცა მათი ვიზიტი რეგულარული,
დაგეგმილი და უკონფლიქტოა. ამ დროს შეხვედრების გარემო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
სიხშირე. 

            ერთმა 5 წლის გოგონამ საინტერესო „ჩემი
ოჯახი” დახატა. ფურცლის ერთ მხარეს საკუთარი თავი და დედამისი, მეორე მხარეს – მამა,
მისი მეორე ცოლი და მათი შვილი. „ეს ჩემი დაიკოა, დედამისი და ჩვენი მამა”, – ასე ამიხსნა.
კვლევების მიხედვით, გოგონებს უფრო უჭირთ, მშობლების მეორე ოჯახებთან შეგუება, ვიდრე
ბიჭებს. მე ჩავთვალე, რომ უბრალოდ, ამ ბავშვს ორი თბილი სახლი ჰქონდა.

             იმის გაგება, რომ დედას და მამას ერთად აღარ უნდათ
ცხოვრება და საჭიროა ერთ-ერთი მათგანი სახლიდან წავიდეს, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის
იმედგაცრუებაა. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, როგორ იქნება მიწოდებული
ეს ინფორმაცია მისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ერთად დაგეგმონ და უთხრან ბავშვს
მათი გადაწყვეტილების შესახებ, თან მიახვედრონ, რომ ეს მისი ბრალი არ არის, ერთმანეთსაც
არ გადააბრალონ მომხდარი და რაც მთავარია, ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ორივე მშობელი
დაშორების  მიუხედავად განაგრძობს მასზე ზრუნვას
და სიყვარულს. 

არის
შემთხვევები, როცა მეურვე მშობელი ბავშვს უკრძალავს მეორე მშობლის ნახვას ან მასზე
ისეთ ისტორიებს უყვება, რომელიც აკნინებს მის რეპუტაციას შვილის თვალში. ამ დროს ბავშვი
ორად იხლიჩება და შესაბამისად მისგან ასეთი ფრაზები გვესმის: „მამაჩემი ცუდი კაცია.
მე და დედა მიგვატოვა, მაგრამ მალე ნახავს სეირს. რომ გავიზრდები, მაგაზე უკეთესად
ვითამაშებ ფეხბურთს!” ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობლები
შვილის თანდასწრებით არ იყვნენ კრიტიკულები ერთმანეთის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია,
რომ არ მოუწყონ „დაკითხვები”, მეორე მშობელთან სტუმრობის შემდეგ, რადგან ბავშვი შეიძლება
დაითრგუნოს.

            ამრიგად, იმისათვის, რომ მშობლების განქორწინება
ბავშვისთვის ტრავმად არ იქცეს, ისევე როგორც ბევრი სხვა  სირთულის გადალახვაში, აუცილებელი პირობაა მშობლების
სითბო, სიყვარული და ყურადღება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი