ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„ლეგო“ ბავშვობიდან

ბავშვობისდროინდელი ცათამბჯენები გაიხსენეთ. ჭრელა-ჭრულა ლეგოშენობები. მაშინ კონსტრუქციის შესაფასებლად ერთადერთ კრიტერიუმი – „სიმაღლე” – კმაროდა. ჩვენი ინჟინერია იქ დასრულდა: სიმაღლეში გავიზარდეთ, ლეგოაგურები დაპატარავდა. პლასტმასის უზარმაზარი სახლებიდან ბეტონის სახლებში გადავინაცვლეთ, რომელთა პარამეტრებიც კვ.მ.- ებით განისაზღვრა. პრაქტიკულები გავხდით და ჩეხურ პროექტსაც განვასხვავებთ „ხრუშჩოვკისგან”, ხანდახან თეთრსა და შავ კარკასებზეც ვსაუბრობთ. გვყავს მეზობლები, რომლებიც შიგადაშიგ წყალს გვიშვებენ ხოლმე და მერე რემონტის ფულს გვიხდიან. ერთი სიტყვით, პლასტმასის აგურები ნამდვილი აგურებით ჩავანაცვლეთ, უფრო ხშირად – ორით.
„ლეგოც” ჩვენთან ერთად გაიზარდა. ანიმაციური სივრცე დაიპყრო, კომპიუტერულ თამაშებში შეაღწია და ხელოვნების საზღვრებიც ხმაურიანად გადაკვეთა. 
„ლეგოს” მთავარი პრინციპია, იყო პარალელურ სამყაროში. ეს ის იყო, რაც ბავშვობაში ასე გვართობდა. ქმნის პროცესი არასოდეს ყოფილა ისეთი სახალისო და მნიშვნელოვანი, როგორც მაშინ. პლასტმასიდან დაწყებული შენება ერთგვარი შემზადება იყო იმ პრაქტიკული და ზოგჯერ რუტინული ამბისა, რომელსაც ცხოვრება ჰქვია და რომელიც დიდობისას ასე აქტიურად აღარ უნდა ანგრიო. 

უკვე უფროსებმა კი „ლეგოს მულტფილმიც” ვნახეთ ნაცნობი და უცნობი გმირებით: „ჰარი პოტერის”, „ბეჭდების მბრძანებლის”, თუ „ვარსკვლავური ომების” პერსონაჟებით, რომლებიც კუბიკების სამყაროში ცხოვრობენ და თავადაც საკმაოდ გეომეტრიულად გამოიყურებიან. ეს აუცილებლად სანახავი ანიმაციაა განსაკუთრებით უფროსებისთვის, რომლებსაც კომუნალურების გადახდა მობეზრდათ და ბავშვობა მოენატრათ.
 უფროსები, რომლებსაც ძველებურად უყვართ და ართობთ მულტფილმები, ხშირად ხდებიან დაცინვის ობიექტები, ისევე, როგორც 12 წელს გადაცილებული ბავშვები. მათ შეუძლიათ, აღფრთოვანებით ისაუბრონ, მაგალითად, “Brave”- ზე და ეს არაჩვეულებრივია, რადგან სიკეთე და სიყვარული, რომელიც ანიმაციების თვისებაა, ყველა ასაკისთვის საჭირო ატრიბუტია. წრეს ფარგლის გარეშეც შემოხაზავთ, შეგიძლიათ, ფანქარიც არ გამოიყენოთ და თითით მონიშნოთ წარმოსახვითი რკალები, მაგრამ ბედნიერები სიკეთისა და სიყვარულის გარეშე ვერ იქნებით. არც კი ეცადოთ, არც კი მოინდომოთ.
ბავშვობის ატრიბუტებზე ვსაუბრობდით, ლეგოზე, რომელიც გაიზარდა და იმდენად უზარმაზარი გახდა, „დისქავერის” მუზეუმში გამოიფინა. ნათან სავაიას ლეგოფიგურა 11 014 აგურისგან შედგება და თქვენ თვალწინ იხსნის გულს. იქედან გადმოცვენილი კუბიკები აუცილებლად დაგტოვებთ იმედგაცრუებულს. არადა, თითქოს შეგუებულები ხართ მის არც თუ ისე ადამიანურ მონაცემებსა და შემადგენლობას. თქვენ დგახართ, უყურებთ ყვითელ, თქვენნაირ HOMO FABER-ს, რომელიც აგურ-აგურ გეშლებათ. ბავშვობაში შეგეძლოთ, პლასტმასისთვის სიცოცხლისუნარიანობა შეგეძინათ, ახლა –  პირიქით. ახლა კუბიკები ნგრევაა და არა – შენება. პროფესიით იურისტმა ლეგოინჟინერმა, ნათან სავაიამ ყვითელი ადამიანის გარდა მსოფლიო შედევრების ლეგორეპროდუქციებიც შექმნა. მაგალითად, „მონა ლიზა”, რომლისთვისაც 4 773 დეტალი იკმარა. დინოზავრის ჩონჩხს კი მან 80 020 კუბიკი მოანდომა. 
ეს უცნაური ექსპოზიცია ამით არ დასრულებულა, სავაიამ კუბიკებს ხმაც ამოაღებინა და ლეგოინსტრუმენტი შექმნა. მართალია, ცოტა განსხვავებული ჟღერადობის ვიოლონჩელო გამოუვიდა, მაგრამ, რაც მთავარია, ხმაურიანი.
დიახ, კუბიკები ხმაურიანი უნდა იყოს. აუცილებლად. ისინი ხომ ბავშვობიდან მოდიან. ისინი არ უნდა დადუმდნენ, რადგან მულტფილმების გარდა მუზეუმებშიც ბევრი აქვთ სახეტიალო. მუზეუმის სიჩუმის დარღვევა კი მხოლოდ ბავშვების უფლებაა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი