პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჯენტლმენთა სკოლა

ალბათ ყველას გითამაშიათ  ,,ასოციაციობანა”: ჩაიფიქრებ რომელიმე სიტყვას და შემდეგ ცდილობ, შენს მეწყვილეს რაც შეიძლება ზუსტი ასოციაციური გასაღები მიაწოდო. 
სტუდენტური თავშეყრის დროს, პურმარილი და ცეკვა-სიმღერა რომ მოგვყირჭდებოდა, თავს სხვადასხვა თამაშით ვიქცევდით, მათ შორის იყო ასოციაციობანაც.  სათამაშო ,,მასალად”, პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, ლიტერატურას ვიყენებდით: ჩავიფიქრებდით რომელიმე წიგნს ან პერსონაჟს და ვცდილობდით მისთვის დამახასიათებელი ხასიათის, ჟესტებისა თუ ტერმინოლოგიის გამოყენებით გაგვეცოცხლებინა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვა არავის გვეზარებოდა და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ბიბლიოთეკაში ვატარებდით, წაკითხული წიგნების ერთმანეთისთვის თამაშ-თამაშით გაზიარებამ  ფსკერამდე ,,ყვინთვას” მიგვაჩვია. 

გეოგრაფია ჩემი სუსტი წერტილი იყო, მასზე ზოგადი წარმოდგენა მქონდა. ამ მხრივ, ინფორმაციულ ვაკუუმს მოგზაური მეგობრების მონათხრობი და მხატვრული ლიტერატურიდან მიღებული ინფორმაცია მივსებდა. ჩემთვის გერმანია ჯადოსნურ მთის ძირში დასახლებული ტონიო კროგერების სამშობლო იყო. საფრანგეთის დედაქალაქშიც გერმანელი მწერლის წყალობით მოვხდი, ტრიუმფალური თაღის ქვეშ პირველად გერმანელ ექიმთან ერთად გავიარე. მოგვიანებით, ჩემს ლიტერატურულ გლობუსზე წვიმიანი მაკონდო გაჩნდა. მის გვერდით ,,აღმოცენდა” ფოლკნერის ამერიკა, რომელიც ჩემთვის დღემდე მეზობელ კარმიდამოსავით ახლობელი, ხისსუნიანი ადამიანებით დასახლებული შემოდგომაა. 

პირველი წიგნი, რომლის წყალობითაც ნისლიანი ალბიონი აღმოვაჩინე, დღემდე ქვაფენილიან ქუჩასთან, ეტლის ბორბლების ავისმომასწავებელ ღრჭიალთან და, რაც მთავარია, შესაშურ წონასწორობასა და თავდაჭრილობასთან ასოცირდება. გოლზუორთის რომანში დღემდე ყველაზე დიდი დოზით ვგრძნობ ინგლისს, მთელი მისი თავშეკავებისა თუ თავაშვებულობის პიკით. მალე ბეიკერ-სტრიტის 221ბ  სახლში ნამდვილ ,,ჯენტლმენთა ბუდე” აღმოვაჩინე და იმდენჯერ წავიკითხე, ვნახე და მოვისმინე მათი ამბები, სანამ ჭეშმარიტ ,,ჰოლმსოლოგად’’ არ ვიქეცი… 

***
რომელი მშობელი იტყოდა უარს, მათი ვაჟი თავაზიან, თავშეკავებულ, გაწონასწორებულ ადამიანად რომ ჩამოყალიბებულიყო?! ჯენტლმენთა სკოლა, თუ ასეთი დაწესებულება მართლა არსებობს, პირველ რიგში, ბრიტანეთის კუნძულებზე უნდა ვეძიოთ. 

ერთი შეხედვით, ინგლისური აღზრდის პრინციპი მატივია.  ჯონ ლოკის აზრით, ბავშვის აღზრდა ნიშნავს ჯენტლმენის აღზრდას. რაც უფრო ჩქარა დაიწყებს ბავშვი გაზრდას, მით უფრო მალე იქცევა პიროვნებად, ანუ დაიწყებს დამოუკიდებლად აზროვნებას და დაეყრდნობა საკუთარ თავს. კრიტიკოსთა ნაწილი ჯონ ლოკს პატარებისთვის ბავშვობის წართმევას აბრალებდა. თავის მხრივ, ფილოსოფოსი ამტკიცებდა, რომ თუ მოზარდს დროულად არ ,,წაართვი” ბავშვობა, მთელი ცხოვრების მანძილზე ბავშვად დარჩება. 

როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ნისლიანი ალბიონის აღსაზრდელთა პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს სკოლა ასრულებს. ბრიტანული განათლების სპეციფიკასთან დაკავშირებული კვლევების  მიხედვით, ნამდვილი ბრიტანული სულის ჩამოყალიბება მხოლოდ ამ სასწავლო დაწესებულებაში –  ,,Public School” – არის შესაძლებელი. მეოთხედი საუკუნის წინ, Public  School -ის კურსდამთავრებულებს ადვილად იცნობდით გამორჩეული მსჯელობისა და დგომის მანერით. ახლა ჯენტლმენებისთვის დამახასიათებელი გარეგნული შტრიხების უმეტესობა დაკარგულია.

დროთა განმავლობაში ბრიტანული სკოლებიც შეიცვალა. დღეს ინგლისელი მოსწავლეები თავს პოპულარული სპორტული ბრენდების ტანსაცმლით იწონებენ, უსმენენ რეპს, ყოველი წინადადების ბოლოს უწევენ ხმას (სატელევიზიო ,,საპნის ოპერებისთვის” დამახასიათებელი საუბრის მანერა ), ლაპარაკისას უხვად იყენებენ სლენგს…  თუმცა ამ ფაქტორებს უარყოფითად თითქმის არ განიხილავენ: ,,თქვენი ბიჭუნა ვერ შეიძენს ცუდ ჩვევებს, თუ მას კარგ სკოლაში არ გაგზავნით” – მსგავსი შინაარსის ფრაზებს არც თუ იშვიათად მოჰკრავთ ყურს, ე.წ. მაღალ საზოგადოებაშიც კი.

იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პ.გ. ვუდჰაუსი (Public  School-ის კურსდამთავრებული) აღნიშნავდა, რომ  საინტერესო ავტობიოგრაფიისთვის აუცილებელია, სულ მცირე, სამი კომპონენტი: ექსცენტრული მამა, უბედური ბავშვობა და მძიმე სკოლის წლები.

Public school  სრულიად განსხვავებული ინსტიტუტია, უნიკალური სოციალური ფუნქციით. სწორედ ეს სკოლები ქმნიან ქვეყნის ელიტას. ფაქტია, თუ ქვეყანა საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებს განსაკუთრებულობას, ესე იგი  ეფექტურად მუშაობს ,,ჯენტლმენთა სკოლა”.

მსგავს პრივილეგირებულ სასწავლო დაწესებულებებში სწავლა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ასეთი სკოლები მცირერიცხოვანი კლასებითაა დაკომპლექტებული. მოსწავლეებთან მუშაობენ მხოლოდ უმაღლესი რანგის პროფესიონალები, თითოეულ აღსაზრდელზე მორგებული, ინდივიდუალური პროგრამებით. სკოლებში ფუნქციონირებს უძველესი ბიბლიოთეკები, რომლებიც მორგებულია თანამედროვე მოსწავლის საჭიროებებს, მათი საცავი ასიათასობით ტომს ითვლის. 

წარმატებული სოციალური სტარტის თვალსაზრისით, Public school-ის კურსდამთავრებულთა უპირატესობას ორი მიზეზით ხსნიან: პირველ რიგში, დახურული სკოლა დახურული კლუბის მსგავსი დაწესებულებაა. აქ სწავლის პერიოდში მოპოვებული კავშირები მთელი ცხოვრების მანძილზე დაურღვეველი რჩება. მაგალითად, უძველესი ინგლისური კოლეჯის, Harrow-ს კურსდამთავრებულმა – უინსტონ ჩერჩილმა, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი თანაკლასელებით ,,გაამდიდრა”. თუმცა საქმე მხოლოდ კავშირებში არაა. ჩერჩილისა და მისი თანაკლასელების მიერ მიღწეული წარმატება იმაზე მეტყველებს, რომ მათ საშუალო სკოლაში საჭირო ადამიანებთან ერთად უმაღლესი ხარისხის განათლებაც შეიძინეს.

თუმცა ცალსახად არც ინტელექტს და არც განათლების მიღების შესაძლებლობას შრომის გარეშე წარმატება არავისთვის მოუტანია. ისევ უინსტონ ჩერჩილს გავიხსენებ, რომელიც საკმაოდ სუსტი მოსწავლე ყოფილა, მაგრამ ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკოსად იქცა. უდიდესი ძალაუფლების მოპოვების მიუხედავად, ინგლისელი ორატორი და ნობელიანტი მიიჩნევდა, რომ სკოლის მასწავლებლები ფლობენ ისეთ ძალაუფლებას, რომელზეც  პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია. 

 მსგავსი ძალაუფლება ნებისმიერი სკოლის მასწავლებელს აქვს, მაგრამ ინგლისის დახურული სკოლების მიერ არჩეული აღმზრდელობითი კურსის მთავარი  მიზანი თითოეულ მოსწავლეში პიროვნების აღმოჩენა, მაღალი მოტივაციის შექმნა და რეალური მომავლისთვის შემზადება გახლავთ. ოჯახს მოშორებულ ადგილობრივ თუ უცხოელ მოსწავლეებს ,,ჯენტლმენთა” სკოლაში საკმაოდ რთული გზის გავლა უწევთ. აქ უნდა იყო ძლიერი, მიზანდასახული, შეუვალი და კატეგორიულიც კი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.

 თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად,  IQ-ს დონეზე მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტის განვითარებაა, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული მოზარდის წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბება. ინიციატივის გამოჩენის, კონკურენციის, ადაპტირების… მოკლედ რომ ვთქვათ, გამარჯვების ნიჭი განაპირობებს პიროვნების სოციუმში წარმატებით თვითდამკვიდრებას. თუმცა, სანამ გამარჯვებას მოიპოვებ, ჯერ საკუთარი თავი უნდა გაიცნო, დარჩე ,,მე”-დ ყველა შესაძლო სიტუაციაში.

ინგლისური სკოლებისთვის დამახასიათებელი სწრაფვა ახალი ადამიანების, ე.წ. ჯენტლმენთა ჯგუფის შექმნისკენ, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან როგორც საუკეთესო განათლებით, ასევე საკუთარი თავისა და საზოგადოების მართვის, ლიდერისთვის საჭირო უნარებით, სხვა არაფერია, თუ არა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გამოვლილი ჯონ ლოკის თეორიის ხორცშესხმა, სადაც გადამწყვეტი ადგილი უჭირავს ბავშვის ადრეული ასაკიდან აღზრდას.
***
ამ წერილის დაწერის სურვილი  პ.გ. ვუდჰაუსის ჯენტლმენების გაცნობის  შემდეგ გამიჩნდა. ვუსტერების გვარის ღირსეულ წარმომადგენელს და მის გამჭრიახ კამერდინერს უსასრულო პერსონაჟების სიაში, ჰოლმსისა და უოტსონის გვერდით მივუჩინე ადგილი. თუ ოდესმე ,,ჯენტლმენური მარილის” დაგემოვნების სურვილი გაგიჩნდათ, ინგლისელი არისტოკრატის – ბერტი ვუსტერისა და მისი ერთგული ლაქიის – ჯივზის დიალოგებზე უკეთეს ნუგბარს, ჩემი აზრით, ვერავინ შემოგთავაზებთ. 

მოკლედ, ვისაც ბრიტანული განათლების მიღებაზე ხელი არ მიუწვდება, ნუ მოიწყენს. მთარგმნელობითი საქმიანობა საქართველოში წლიდან წლამდე უმჯობესდება. ჰოდა, ვიკითხოთ ინგლისური ლიტერატურა და თუ ჯენტლმენად ვერ ვიქეცით, იუმორისა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწას რა უდგას წინ?!  

და როცა  საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა მამაკაცი ადგილს არ დაგვითმობს, შეყვარებული არ გაგვიღებს მანქანის კარს, არც სკამს გამოგვიწევს მაგიდასთან დაჯდომისას და არც ქოლგას დაგვიჭერს თავსხმა წვიმაში (ხელში აყვანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ,,დავიკიდოთ, ჯივზ!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი