ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ეძღვნება ქეთის და სხვა გოგონებს, რომლებიც მოიტაცეს

თხელი, სიფრიფანა გოგო იყო. ჩემზე ერთი წლით უმცროსი იქნებოდა. ჩუმი, უპრეტენზიო და მარტოსული. ხომ არიან მარტოსული თოჯინები, რატომღაც არც მეგობრები ჰყავთ, სადმე კუთხეში დგანან ან ფრთხილად ჩამოჯდებიან ხოლმე, თავდახრილები ფრთხილად დააბიჯებენ, კონტაქტში თითქმის არავისთან შედიან, არც კლასელ ბიჭებს ეჩხუბებიან, არც რაიმე აქტივობით გამოირჩევიან. არც კი ვიცოდი , როგორ უნდა მემეგობრა მასთან, თითქმის არ ლაპარაკობდა. მოწყენილი თოჯინა იყო. დედა სხვა ქვეყანაში წასულიყო სამუშაოდ და იქედან, ლამაზ ტანსაცმელს უგზავნიდა. დიდი დრო გავიდა და მეც დამავიწყდა მისი სახელი. ერთხელ სკოლიდან სახლში მიმავალს, ამ სიფრიფანა გოგონას ხელი დაავლო ერთმა უშველებელმა კაცმა და ცოლად წაიყვანა. მე ვფიქრობდი, რომ ეს გოგო უფრო სევდიანი გახდებოდა და, საერთოდაც, ის ჩამქრალი თვალები უფრო გაუქრებოდა. მოტაცების შემდეგ ერთხელ ვნახე ავტობუსის გაჩერებაზე, უფრო მეტად დასუსტებული, დაღლილად გამოიყურებოდა. მის სახეზე ბედნიერების ნიშანწყლის ძებნას აზრიც არ ჰქონდა.

ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ბოროტი ზღაპრებია გოგონებზე, რომლებსაც მოპარეს პირადი არჩევანი და სულ სხვა ცხოვრება შესთავაზეს. პრინციპში არც შეუთავაზებიათ, ისე სტაცეს ხელი და დახურულ სივრცეში გამოამწყვდიეს, როგორც ზღაპრებში, დევები რომ იტაცებენ მზეთუნახავებს და კოშკში გამოკეტავენ, საიდანაც თავის დაღწევის შანსი არ არსებობს.  არსებობს ერთადერთი უვნებელი გზა –  შეგუება. მართალია, ზღაპრებში გამოჩნდება ვინმე ყმაწვილი, რომელიც ბოროტ და მრავალთავიან დევს მოკლავს, მოტაცებულ მზეთუნახავს ციხე-კოშკიდან დაიხსნის და მერე ცოლად შეირთავს. მაგრამ ეს ზღაპრის ნარატივია და მისი კეთილი ბოლო, რომელიც პატარა გოგონებს და ბიჭებსაც კი არ აღელვებს და მშვიდად ჩააძინებს. 
90 – იან წლებში  მოტაცებული გოგონების ამბები დღევანდელი გადასახედიდან მითოსური ამბებივით გამოიყურება, მაგრამ თუ მითოსის და ზღაპრის ბოლო კეთილია, ამ გოგონათა ისტორიები ბედნიერი არ ყოფილა.
ასეთი სიფრიფანა გოგონები ბევრი მოიტაცეს იმ პერიოდში. ქორწილის და ბედნიერების ხმაურისგან სახლებს სახურავი ეხდებოდათ. ალბათ ყველა ბედნიერი იყო ამ გოგონების გარდა, რომლებიც  წაიყვანეს და გამოაწყვეს თეთრი ძაძებით, თითები მოუჭედეს ოქროებით, ნაადრევად აღჭურვეს ყველანაირი ვალდებულებებით ქმრის, ოჯახის და საზოგადოების წინაშე. როგორც იტყვიან  “თავად გამოზარდეს.”

მოტაცება იყო თითქმის ჩვეულებრივი მოვლენა, რომელზეც ნაწილი გოგონებისა ოცნებობდა კიდეც მისი ყალბი, ჰერეოიკული შეფერილობის გამო. ამ  მოვლენაზე ძირითადად აღტაცებით ლაპარაკობდნენ, მაგრამ იყვნენ სხვანაირი გოგონებიც რომლებიც მოტაცებისას წინააღმდეგობას უწევდნენ “მოძალადე პრინცებს” , ამის გამო ზოგს ფეხს ტეხდნენ, ზოგსაც ხელს. ე.წ თაყვანისმცემლების არსებობა თავსატეხი უფრო იყო,  ვიდრე მეგობრებთან საკეკლუცო. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა გოგოზე ბევრად უფროსი თაყვანისმცემელი”. ეს იყო დაუცველობის წლები, როცა ვერ გიცავდა ვერც ოჯახი და ვერც სახელმწიფო, იმიტომ რომ გოგო იყავი, რომლისთვისაც მარტივი იყო ყველაფრის წართმევა. 

მერე ჩემი კლასელი და მეგობარი ქეთი მოიტაცეს. ისიც ისე ჩატენეს მანქანაში, როგორც სხვები. თუმცა ქეთი დაბრუნდა და შემდეგ, ამ ამბავზე ბევრსაც გვაცინებდა, იმიტომ რომ, საერთოდ არ მოიქცა მორცხვ პრინცესასავით. ქეთის შუაღამემდე  ფილმების ყურება უყვარდა და დილით დიდხანს ძილი, ნამდვილად ვერ აიტანდა ამ მოცემულობის დარღვევას, თან სწავლის გაგრძელებას აპირებდა.  

ცოტა ხნის წინ ქუთაისში 12 წლის გოგონა გაუჩინარდა. შემდეგ, როგორც გაირკვა ის გათხოვილი აღმოჩნდა. ერთი კვირის შემდეგ პოლიციამ იგი სახლში დააბრუნა. 36 წლის ე.წ. “მეუღლე” კი  დააკავეს.
ერთი წლის წინ 16 წლის პატარძალი მომავალმა მეუღლემ და დედამთილმა ქორწილის ბოლო სტუმრის გაცილებამდე წაიყვანეს ქობულეთის პოლიციაში. გოგონას დილის 6 საათამდე აიძულებდნენ ეღიარებინა პირველი სექსუალური კავშირი. პოლიციელები მას უსირცხვილოს ეძახდნენ და სიმართლის დამალვის შემთხვევაში ნეკნების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ. გოგონას ორი ექსპერტიზა ჩაუტარეს. ორივეჯერ ქალწული აღმოჩნდა.
ამბავი, რომელიც შემდეგ მოხდა 15 წლის გოგონას ეხება. გოგონა მეზობელმა გააუპატიურა, არასრუწლოვანმა გოგონამ მოხმდარი ფაქტი 5 თვის შემდეგ გაუმხილა მშობლებს. მისი ტრაგედია სოფელში ქილიკის საგანი გახდა. მას კიდევ ეშინია ძალადობის განმეორების..

ძალადობით გამოწვეული სტატისტიკა შემზარავია და უფრო შემზარავია ამ ფაქტებით გამოწვეული საზოგადოების  გულგრილობა. ასეთი ამბავი კი შეიძლება დღესაც მოხდა, ალბათ გუშინაც და გუშინწინაც. ზოგი გახმაურდა, ზოგი დაიმალა და სამუდამოდ შეინახა სირცხვილის, სიმწარის და მარტოსულობის კოლექციებში. მგონი ისეთი რაოდენობითაც ხდება, რომ უკვე აზრი აღარ აქვს პირობითად რას დავარქმევთ ამ გოგონებს, მარიამი იქნება თუ კატო, ნათია თუ თამუნა, არასრულწლოვნები იქნებიან თუ წლოვანები, მათ ერთი რამ აერთიანებთ ძალადობა  და სირცხვილი.

 როცა სოციალურ ქსელში ამ თემაზე ისევ არასრულწლოვნები იწყებენ ლაპარაკს და თავიანთ პრობლემებზე ყვებიან, იმაზე თუ როგორი ტანჯვაა მათთვის ყოველდღიურად სკოლაში წასვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, იმიტომ რომ სადაც ისინი მიდიან, როგორც გოგონები ამბობენ “ყველგან ავადმყოფები ხვდებათ”. ეს ავადმყოფი კი არც მეტი და არც ნაკლები ფროტერია, რომელიც ძირითადად ქალებზე და ბავშვებზე ახორციელებს ძალადობას. ფსიქიატრიაში ფროტერიზმი კლინიკური დაავადების აღმნიშვნელი ტერმინია, რომელიც პარაფილიის ერთგვარ სახეობას გულისხმობს, რომლის დროსაც სექსუალური აგზნება ცალხმრივი შეხებით მიიღწევა… “ვერც ავტობუსში ავდივარ და ვერც მეტროში ჩავდივარ”, – მეუბნება 14 წლის გვანცა.

არ ვიცი უყვებიან თუ არა ის გოგონები თავიანთ მშობლებს ან მასწავლებლებს იმ ამბავს, როგორ ხდებიან ყოველდღიურად ფროტერიზმის მსხვერპლი ტრანსპორტში და როგორ ეზარებათ ყველაფერი, რაც გადაადგილებასთან  არის დაკავშირებული. ალბათ არავის უყვებიან და ძალიან სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოუსმენს მათ, რჩევებს მისცემს და მათ ტკივილსაც გულითადად გაიზიარებს.

არასრულწლოვან გოგონებთან დაკავშირებული ასეთი ამბები ძალიან ბევრია, მედია ხშირად ყველანაირი პროფესიული ეთიკური   ნორმების  დარღვევით გვაცნობს ამ ადამიანების პირად ტრაგედიებს, რითაც სამუდამო სტიგმას ადებს მათ  საზოგადოებრივ ცხოვრებას. სწორედ ჩვენი დაცინვის, ქილიკის და შეუწყნარებლობის გამო ეშინიათ მათ დანაშაულის გაცხადება, რადგან მათი შიში რეალურია, რომ საზოგადოება  მოიკვეთს, ქუჩაში არ დაელაპარაკებიან და არ მიესალმებიან, მუდმივად ეჭვის თვალით შეხედავენ და მის გამოჩენაზე უხერხულად შეიშმუშნებიან. 

ჩემი კორპუსის პირველ სადარბაზოში, ერთოთახიან კოპწია ბინაში დედა-შვილი ცხოვრობდა – პეპელა და ია. მართლა ასე ერქვათ. გაზაფხული რომ დგება, სულ ისინი მახსენდებიან. ცხოვრობდნენ მშვიდად, თავიანთი პრობლემებით თუ სიხარულით, ახარებდნენ ყვავილებს, არავის არაფერს უშავებდნენ, მუშაობდნენ ორი ადამიანის სამყოფი ლუკმაპურისთვის. ხალხს კი ისინი მაინც არ უყვარდა, მაინც ბოროტად ჭორაობდნენ მათზე, მაინც დასცინოდნენ და ათასნაირ ტყუილსა და ბოროტებას უგონებდნენ.  ახლა ვფიქრობ მათნაირი კეთილი ადამიანები მაშინ ნამდვილად არ მხვდებოდნენ. მე და ია ბაღში ერთად დავდიოდით და შუადღის ძილის დროს მტვრიან იატაკზე სველი თითებით ვწერდით ჩვენს სახელებს. შემდეგ ია კარატეზე შევიდა, ჩვენზე მეტად ძლიერი გოგო გახდა, ბიჭებს მისი ეშინოდათ და მგონი დიდად არ უყვარდათ. ქუთაისში რომ ჩავალ, გავიგებ მათ ამბავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი