ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

უჩინარი ბავშვი

რომანტიკული სნუსმუმრიკი, რომლის მელოდიაც ერთ წილ მოლოდინს, გაზაფხულის ორ წილ სევდას და მარტოობითა და ხეტიალით მოგვრილ დაუოკებელ სიამოვნებას შეიცავს; სიურპრიზების მოყვარული მუმინტროლი, რომლის პაწაწინა, ოქროსფერი გველეშაპის არსებობა ოჯახის ცნობისმოყვარე წევრების დამსახურებით საიდუმლო და, შესაბამისად, მოულოდნელი ვერაფრით აღმოჩნდა; ფათერაკების ჟინით შეპყრობილი მამა მუმინი, ზომბების მსგავსი ჰატიფნატები, რომლებსაც მხოლოდ ჭექა-ქუხილი მუხტავს; წარსულისგან გათავისუფლებული ფილიფიონკა და სიჩუმის მოყვარული ჰემული; დედა მუმინი, ბებიის ძველი რეცეპტით ეტაპობრივად რომ გამოაჩენს ბავშვს, რომელმაც ირონიული და ბოროტი დეიდის წყალობით დაკარგა სხეული და გაუჩინარდა; მიმლა, ჰომზა, ფრეკენ სნორკი და სხვა ზღაპრული არსებები, რომლებიც თავიდან გაბნევს და მერე ყველა ისე გიყვარდება, როგორც თავის დროზე შეგვიყვარდა პროპელერიანი კარლსონი.
არც ისე დიდი ხანია, რაც ტუვე იანსონის წიგნები ქართულად ითარგმნა. მე ლინდგრენის ბავშვი ვარ და მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ არსებობდა ქალი, რომელიც არანაკლებ საოცარ ამბებს წერდა იმავე ენაზე, რაზეც ლინდგრენი – შვედურად. არა მხოლოდ წერდა, საკუთარ ამბებს ხატავდა კიდეც. ამ ილუსტრაციების გარეშე როგორია წარმოიდგინო ჰატიფნატების პირისპირ დარჩენილი, იმედგაცრუებული მამა მუმინი, რომელსაც ერთბაშად მოუნდა სახლში დაბრუნება. 
ეს უცნაური არსებები სრულიად ადამიანურები არიან. არაჩვენნაირი ანფასებითა და ჰაბიტუსით ზუსტად ჩვენნაირად განიცდიან. მაგრამ, მათ შეუძლიათ, იყვნენ ჩვენზე მეტად კეთილები. ერთ წვეთ სიბოროტეს ვერ იპოვნით: ერთობ არტისტულ სნუსმუმრიკს ვაპატიოთ პატარა, უხეში გამოხდომა “ტი-ტი-ტუუსადმი”. აქაური კეთილმეზობლური დამოკიდებულება, მაგალითად, მუმინებსა და ჰემულებს შორის სულაც არ არის შემთხვევითი. აქაური სიყვარული მასშტაბურია: არ ცნობს გარეგნულ განსხვავებას, როგორც საზღვრებს; აქ არ ომობენ: მაქსიმუმ, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა გამოუცხადოს სისხლისმღვრელი ბრძოლა ფილიფიონკას. ეს შტორმი კათარზისად ჩავთვალოთ: ფილიფიონკას ახალი ცხოვრების დასაწყისად, ცხოვრების, რომელსაც რასაც უნდა იმას უზამს, რადგან თავისი ცხოვრებაა და მორჩა; სადაც წინაპრების ნივთები სუნთქვის საშუალებას მისცემენ, იმიტომ რომ ისინი უკვე განადგურდნენ.  

აქაური მშვიდობა ნამდვილია. ყოველგვარი ათიათასმეერთე რეზოლუციის გარეშე. აქ შეიძლება, მუმინების ოჯახმა ბავშვი ისე ბუნებრივად შეიფაროს, თითქოს ამაზე მარტივი ამბავი მსოფლიოში არ არსებობდეს. მათ იციან: ბავშვები ჯურღმულებისთვის არ იბადებიან. წარმოიდგინეთ, როგორია, იშვილო არსება, რომელიც არ ჩანს. რომელიც დეიდის უამრავმა საყვედურმა გახადა გამჭვირვალე და უსახო. ფიზიკური გაუჩინარების იანსონისეული ხრიკი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ არასწორი მოპყრობა ყველაზე დიდი დანაშაულია: ამ დროს პატარები იკარგებიან. უძვირფასესი საჩუქარი – ინდივიდუალიზმი – ისე სწრაფად ქრება, როგორც მატარებლის ფანჯრიდან დანახული თითოეული ხე და პეიზაჟი.
გახსოვთ თქვენი ბავშვობის პეიზაჟები? იქ, სადმე, რომელიმე ბუჩქის ძირას პატარა ლეკვიც ხომ არ გახსენდებათ? მიტოვებული ლეკვი, რომლის ერთადერთი ხსნა სახლში წამოყვანაა, ხომ შეიძლება, შიმშილით მოკვდეს, ბოლოსდაბოლოს, რომ იწვიმოს?! ლეკვის უსახლკარობა იმხელა ტრაგედიად იქცევა, ერთი სული გაქვთ, ხელი მოჰკიდოთ, საკუთარ სახლს შეაფაროთ. პრობლემა – მშობლების ალერგია. წინააღმდეგობა, რომელსაც ვერ გადალახავთ, მეტისმეტად პატარები ხართ. აი, მუმინტროლის დრაკონს ყველა აღფრთოვანებით ხვდება. პატარა, მაგრამ საშიშ დრაკონს, რომელმაც ცეცხლიც რომ ამოაფრქვიოს და მაგიდაც ამოწვას, მაინც არავინ გააგდებს სახლიდან. ნამდვილი დრაკონები უცეცხლოდ ვის გაუგონია. პატარა კოცონსაც აიტან. მთავარია, მუმინტროლი იყოს ბედნიერი.
ტუვე იანსონი პატარა, მატყუარა ბავშვებზეც წერს. შეუძლებელია, იყო პატარა და ტყუილებისგან თავი შეიკავო. ყოველ შემთხვევაში, ძალიან რთულია. “ეჰ, ჭაობში ჩავარდა. უცბად გველი გამოძვრა თავისი ხვრელიდან. პატარა, მსუქან მუცელზე შემოეხვია და ცხვირი მოაჭამა. აბა, მე რას გავაწყობდი? ამქვეყნად იმდენი გველია. გაცილებით მეტი, ვიდრე უმცროსი ძმები” – პატარა ჰომზა ისევ ოსტატურად ცრუობს. სასჯელი: შიმშილი, დესერტსაც ვერ მიიღებს. საბოლოოდ კი, კიდევ უფრო პატარა და კიდევ უფრო მატყუარა მიმლა, სახელად მი, ისე გააცურებს, საშიში ამბების გამოგონების ყოველგვარ სურვილს დააკარგვინებს. პრობლემების მშვიდად გადაჭრა მუმინების ხეობაში ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ჩვენ ვჩხუბობთ და ვნერვიულობთ, თორემ იქ სიჩუმის მოყვარული ჰემულიც კი ახალ პარკს ააშენებს მსოფლიოში ყველაზე ხმაურიანი არსებებისთვის – ბავშვებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი