ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

,,ძალა, რომელიც უფრო მძლავრია

წინასიტყვაობის მაგიერ: ეს წერილი უკვე დასრულებული მქონდა და შენახული, რათა რედაქტორთან გაგზავნამდე კიდევ ერთხელ წამეკითხა, როდესაც კიევში, მაიდანზე, ძალოვანები მშვიდობიან დემონსტრანტებს დაესხნენ თავს, მიტინგი დაარბიეს და უიარაღო ადამიანები დახოცეს. . .

,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების” _ თქვა დავით გურამიშვილმა; ,,იპოვე შენი საყვარელი საქმე და ერთი დღეც არ მოგიწევს მუშაობა” _ ეს კი კონფუცმა ბრძანა, თუ ამ ორ გამონათქვამს ერთმანეთზე დავამყნობთ, რაღაც ასეთი გამოვა: ისწავლე ის, რაც მოგწონს და არასოდეს იგემებ სიმწარეს. თუკი ეს გამოთქმა ჭკუაში დაგიჯდათ და ოდესმე გამოიყენებთ, ნუ დაიზარებთ ჩემი სახელის მითითებას, გეთაყვა. ეს ხუმრობით, ისე კი იმაზე, რომ სწავლა ერთდროულად სასარგებლოცა და სასიამოვნოც უნდა იყოს, დიდი ხანია ყველანი შევთანხმდით და ამ მხრივ პროგრესიც იგრძნობა. თუკი ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ხშირად ქართულ ლიტერატურაში საშინაო დავალება არ მომიმზადებია, რადგან ამ დროს რამე თანამედროვე და აქტუალური ნაწარმოების კითხვას ვუთმობდი, ახლა სასკოლო პროგრამაში მრავალი ასეთი თხზულებაა და მასწავლებლებს ისღა დაგვრჩენია, მოსწავლეებს მათი თანამედროვეობა და აქტუალურობა სწორად დავანახოთ. ამჯერად მსურს ოთარ ჭილაძის პოემაზე ,,ადამიანი გაზეთის სვეტში” გესაუბროთ, რომელიც ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მეცხრე კლასის პროგრამაშია შეტანილი.
ზოგადად მსოფლიო ისტორიაში აღწერილი საზოგადოებრივი პროტესტის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით მეოცე საუკუნემდე, ძალადობასა და სისხლისღვრასთან არის დაკავშირებული. მშვიდობიანი პროტესტი, როგორც უკმაყოფილების გამოხატვის ფართოდ გავრცელებული საშუალება, წინა საუკუნის მონაპოვარია და დემოკრატიული წყობისათვის დამახასიათებელ ფასეულობას წარმოადგენს _ იგი ეხმარება ერთი საერთო იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს, სისხლიანი მსხვერპლშეწირვის გარეშე შეცვალოს სამყარო. ცნობისათვის, აზრის ამ უაღრესად კულტურული გამოხატვის ერთ-ერთი პირველი მაგალითია 1838 წელს ჩეროკის ტომის ინდიელების მიერ ევროპელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ მოწყობილი მშვიდობიანი აქცია; ასევე ინდოეთის ჯალიანვალა ბაგის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ინგლისელი ჯარისკაცების მიერ ათასამდე უდანაშაულო ადამიანის ჩახოცვით დასრულდა.
პირველი მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც პროტესტანტებისათვის სასურველი შედეგი გამოიღო 1919 წლის პირველ მარტს კორეაში გაიმართა და იაპონიის იმპერიალისტური ზრახვების წინააღმდეგ გალაშქრებას ისახავდა მიზნად. მიუხედავად დამპყრობელთა სასტიკი რეაქციისა, კორეამ ამ დღეს არაძალადობრივი პოზიცია შეინარჩუნა და დიდი ნაბიჯი გადადგა ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების თვალსაზრისით.
მშვიდობიანი პროტესტის ძალა ყველაზე უკეთ მსოფლიოს ინდოეთმა აჩვენა, რომელმაც მაჰათმა განდის მეთაურობით შეძლო დიდი ბრიტანეთის მარწუხებისაგან თავი დაეღწია. სწორედ ამ პროტესტის ისტორიას ასახავს ფილმი, რომელმაც ჩემზე ოდესღაც უზარმაზარი ზეგავლენა მოახდინა. ფილმის ქართული სახელწოდება ასე ჟღერდა ,,ძალა, რომელიც უფრო მძლავრია” და მეც ასევე დავასათაურე ჩემი ეს სტატია, ვინაიდან, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ფრაზა საუკეთესოდ გამოხატავს მშვიდობიანი პროტესტის არსს.
პროტესტის მშვიდობიანი ფორმა, დემოკრატიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო იკიდებს ფეხს _ როგორც ვიცით, 2003 წელს ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია, ხოლო ამჟამად ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის უკრაინელი ხალხის შეუპოვარი ბრძოლის მოწმენი ვართ. როგორც ვხედავთ, მშვიდობიანი ბრძოლა სამშობლოსა თუ ერთი პატარა სკვერისათვის, ჩვენ ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება და იმედია, რომ ახლო მომავალში მთლიანად ჩაანაცვლებს ძალადობრივ გადატრიალებებს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს, ჩვენი მომავალი თაობა მზად უნდა იყოს, სწორად აღიქვას მშვიდობიანი პროტესტის მთელი პროგრესული ღირებულება.
,,ადამიანი გაზეთის სვეტში” არ არის ნაწარმოები, რომელსაც ერთგვაროვნად მიიღებს და გაიაზრებს მოზარდი; თუ კარგად დავუკვირდებით, იგი უპირისპირდება ერთ საყოველთაოდ გავრცელებულ იდეოლოგიურ დოგმას: რომ ჯარისკაცი, რომელიც ბრმად არ ემორჩილება სარდლის მითითებებს, სამშობლოს მოღალატეა. ჯარისკაცს არჩევანის უფლება არ აქვს _ ის იარაღია სარდლობის ხელში. . . თუ ,,მარცვალია ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი”…
ადამიანს, ვინაიდან იგი ,,ვერასოდეს ვერ შეათავსებს ბოროტსა და კეთილს” და ვერც ბოროტსა და კეთილზე მაღლა დადგება, არჩევნის გაკეთება უწევს. ძირითადად ეს არჩევანი, შორიდან რომ ასეთი პათეტიკის ელფერი დაჰკრავს, ყველას ცხოვრებაში ჩვეულებრივად დგება და ამ დროს ირკვევა, ადამიანი გაკვალულ გზას დაადგება თუ ფიქრის უფლებას აირჩევს, ,,მზეს აფასებს თუ კუსავით სულ თან დაათრევს ჯავშანს.”
ვაჟა-ფშაველა წერდა:
,,ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა.
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა.”
მართლაც ,,ცხვრად ყოფნა” ერთგვარი მორალური ფუფუნებაა: როდესაც ადამიანი მშვიდობიანთა, უარაღოთა, თავდამცველთა რიგებშია, მისთვის გაცილებით იოლია გამოიჩინოს გმირობა, ვინაიდან მისი პოზიცია თავისთავად გულისხმობს თავდადებას, რომელსაც მრავალრიცხვოვანი თანამოაზრეების მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს; გაცილებით უფრო ძნელია, იყო გამარჯვებულთა მხარეს, გეჭიროს ხელში იარაღი და ამ დროს იყენებდე ფიქრის ძვირადღირებულ უფლებას, ამ დროს იყო გმირი. რასაკვირველია, ვერავის შევრისხავთ იმის გამო, რომ ამგვარ შემთხვევაში გმირად ვერ იქცა, არგმირობისთვის ადამიანის გაკიცხვა მეტისმეტია, მაგრამ მით უფრო დასაფასებელნი არიან ისინი, ვინც პირველი ნაბიჯის გადადგმა გაბედეს.
იგივე ვაჟა-ფშაველა ამბობდა, რომ ყველა, ვინც პატრიოტია, ამავდროულად კოსმოპოლიტიც არის, რადგან იცის, რას გრძნობს ის სხვა, რომელსაც საკუთარი სამშობლო ისე უყვარს, როგორც მას _ თავისი და თანაუგრძნობს კიდეც. ყველა პატრიოტმა იცის, რომ:
,,ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას , რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია,
ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს.
არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა,
და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც.”
ანუ გამოდის, სამშობლოს სიყვარული ნიშნავს არა იმას, იარაღი აღმართო მისთვის, არამედ პირიქით, იარაღი დაუშვა იმ ადამიანების წინაშე, ვინც საკუთარ სამშობლოს იცავენ ანდა საკუთარი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის აწყობენ დემონსტრაციას:
,,არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემოსტრანტები,
არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი.
მაგრამ თუ ვინმე არ დაეხმარა, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი…”
დაემორჩილო სარდლის ბრძანებას ჯარისკაცისთვის კანონია, რომლის დარღვევაც ძვირად დაუჯდება, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მაღლა მდგარი კანონი: ,,თავისუფლების და სიყვარულის”. და ვინც ამ კანონს ემორჩილება, სწორედ მისი სხეულია ,,სისხლის გუბეზე ხიდივით გადამხობილი დამსჯელებსა და დასჯილებს შორის”. და ის პირველია, რომელისაც მალე სხვები მიჰყვებიან.
და ეს ასეა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი