ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რატომ აღარ იცინიან თოჯინები

ორი ათეული წლის წინ მეც ვიყავი ბავშვი, – ვუთხარი ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეს და მერხის ქვეშ დამალული აიფონი ჩამოვართვი.

ორი ათეული წლის წინ მართლა ვიყავი ბავშვი და თან მოსწავლე, რომელსაც საოცნებო არ ელეოდა – განათებული ნათურით დაწყებული სათამაშოებით დამთავრებული. პირველი კომპიუტერი სახლში ბიძაჩემმა მოიტანა. ღამეებს ,,ომობანას” თამაშში ათენებდა, კიბერნეტიკული მტრის ჟლეტვით იოხებდა გულს. გარეთ კი, ერთი დაღმართით დაბლა, მოშინაურებული სამოქალაქო ომის ,,მამლები” ყიოდნენ.

თავიდანვე მტრულად განვეწყვე კომპიუტერის მიმართ; ამ მორახრახე მანქანის გამო, ძილი მიფრთხებოდა. არადა, ბავშვების უმეტესობას ისე იზიდავს კომპიუტერული თამაშები, როგორც მწერს თაფლი. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთ მოზარდს ამ თანამედროვე მანქანასთან თამაში უფრო ეხერხება, ვიდრე – თანატოლებთან. 

ამას წინათ, კლასში გამოკითხვა ჩავატარე , მაინტერესებდა, რა საჩუქარს ისურვებდნენ პატარები დაბადების დღეზე. მოსწავლეთა უმეტესობამ აიფონის სახელგანთქმული ბოლო მოდელის ტელეფონი დაასახელა. რეკლამის ჯადოსნურ ძალას რომ თავი დავანებოთ, მშობლების  სურვილებს და მისწრაფებებს სარკესავით ირეკლავს პატარების ოცნებები. თან, საზოგადოება სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში ტოლს არავის უდებს. ასე რომ, გაცილებით ადვილია მოგწონდეს (გინდოდეს) ის რაც ყველას მოსწონს და – პირიქით. 

***
მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ჩემმა თანაკლასელმა სკოლაში პატარა სათამაშო გიტარა მოიტანა, რამდენი ღილაკიც ჰქონდა, იმდენ მელოდიას უკრავდა. მთელი წელი ვოცნებობდი, როგორ მჩუქნიდნენ ამ გიტარას დაბადების დღეზე, ახალ წელს ან სხვა რაიმე დღესასწაულზე, მაგრამ მეტისმეტად მორიდებული ვიყავი და მშობლების ,,შეწუხება” ვერ გავბედე (მაშინ სხვა დრო იყო, ერთი შეხედვით, უბრალო სათამაშო თუ ტკბილეული  ჩემი თაობის ბავშვების უმეტესობისთვის იშვიათ ფუფუნებას წარმოადგენდა). შესაბამისად, იმ წლის ყველა დღესასწაული საოცნებო საჩუქრის გარეშე ვიზეიმე. 

ბავშვობისდროინდელი ყველაზე დიდი ოცნება მაინც მედალიონებსა და ჯიბის საათებს უკავშირდება. ბაბუას ჯიბის საათი ოჯახის რელიკვია იყო, იშვიათად თუ მოვკრავდი თვალს, ამიტომ ბუნდოვნად მახსოვს (ძალიან მალე ბაბუ გარდაიცვალა, არეულობა დაიწყო და საათიც ,,პურზე გავცვალეთ” ). რაც შეეხება მედალიონებს, დღემდე მიყვარს. როცა მეორე კლასში ვიყავი, ერთ უფროსკლასელს ჰქონდა გულის ფორმის, ვერცხლის გასახსნელი მედალიონი, შიგნით დიდი ბებიის სურათი ედო. ერთხელ მთელი დღით მათხოვა და ისე ამაყად დავატარებდი, თითქოს ათი წელი მომემატა. ხშირად ვხსნიდი და ვათვალიერებდი შეყვითლებულ სახეს ( რა თავგადასავალში აღარ გავხვიე ის ქალი… ).
***

შესვენებაა. ბიჭები, როგორც ყოველთვის, დერეფანში გაცვივდნენ, გოგონებმა კლასი ,,დაიპყრეს” და აღფრთოვანებით საუბრობენ დედიკოების ,,აიფონებზე”, მამიკოების ,,მაკ-ეარებზე” და სხვა მრავალ  თანამედროვე თავშესაქცევზე. ორი ათეული წლის წინ კი მე და ჩემი მეგობრები ლამფის შუქით განათებულ სამზარეულოში თოჯინებს ვაძინებთ, მერე ათას საშიშ ისტორიას ვიგონებთ და ვიჯერებთ. ხანდახან თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდზეც წავიოცნებებთ.  ჩვენი წითელქუდა ოცნებებისთვის შორეული ქვეყნის ტყეში ,,ჩაკბეჩილი ვაშლების” მოსაგროვებლად წასვლა ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ზღაპარი მგლის გარეშე. აქ ჯერ კიდევ პურის რიგში ბერდებიან ჩვენი მამები და გრძელი ზამთრის საღამოები ღუმელში შემწვარი დაშაქრული ვაშლის ჯანსაღი სურნელითაა გაჯერებული.

,,მშიერი და თავზეხელაღებული” 

სტივ ჯობსი დაიბადა კალიფორნიის შტატში, სან-ფრანცისკოში, 1955 წლის 24 თებერვალს. მომავალი მაგნატის დედა (ჯოან სიმფსონი) ამერიკელი იყო, მამა კი – სირიელი ემიგრანტი (აბდულფატაჰ ჯანდალი). ბიოლოგიურმა მშობლებმა ბავშვი გააშვილეს. პატარა სტივი კლარა და პოლ ჯობსების ოჯახმა იშვილა.

სკოლის დამთავრებისთანავე, სტივ ჯობსმა პორტლენდის კოლეჯი აირჩია. ასეთ პრესტიჟულ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შემსწავლელ დაწესებულებაში განათლების მიღება ძვირადღირებული სიამოვნება იყო, მაგრამ ჯობსებმა სტივის ბიოლოგიური დედისთვის მიცემული პირობა არ დაარღვიეს და სტივს სწავლის საფასურის გადახდას შეჰპირდნენ. ,,ეფლის” დამაარსებლის სტუდენტურმა ენთუზიაზმმა მხოლოდ ერთ სემესტრს გასტანა. გაბედულმა თინეიჯერმა მიატოვა არჩეული კურსი და მისივე თქმით, საკუთარი თავის აღმოსაჩენად, მეგობრების ჭერქვეშ, უფრო სწორად, სტუდენტების საერთო საცხოვრებლის იატაკზე მრავალი ღამე გაათენა. ახალგაზრდა სტივი სახარჯო ფულის მოსაგროვებლად კოკა-კოლას ცარიელ ბოთლებს აბარებდა, კვირაში ერთხელ კი რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიოდა, რათა ინდურ  მონასტერში უფასოდ ესადილა. 

Reed College-ში კალიგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო კურსი იკითხებოდა. ყოფილი სტუდენტი თავისუფალი დროის ნაკლებობას არ განიცდიდა, თან, მოიხიბლა ლამაზად წერის ხელოვნებით და კურსებზე სიარული გადაწყვიტა. სტივ ჯობსი სწორედ ამ კურსის წყალობით დაეუფლა შრიფტებისა და ასოთა სხვადასხვა კომბინაციას შორის სივრცის დარეგულირების ხელოვნებას. ასე ვთქვათ, შეისწავლა ყველაფერი, რაც ტიპოგრაფიას ეხებოდა.
ათი წლის შემდეგ, როდესაც ,,ეფლი” მაკინტოშის პირველ კომპიუტერს ქმნიდა, კალიგრაფიის კურსებზე მიღებული ცოდნა სტივს ძალიან გამოადგა. მაკი იყო მსოფლიოში პირველი კომპიუტერი, რომელიც ულამაზესი ტიპოგრაფიით აღჭურვეს. 

19 წლის სტივი, თანამოაზრესთან და მომავალ პარტნიორთან – სტივ ვოზნიაკთან ერთად,  ინდოეთს ესტუმრა, სადაც  ისევ  ,,საკუთარი თავის ძიებით” იყო დაკავებული. მაგრამ მალე დაბრუნდა სამშობლოში, როგორც კომპიუტერული ფირმის – “Atar” თანამშრომელი, სადაც კომპიუტერული თამაშების შექმნაზე მუშაობდა. ვოზნიაკი კი თავის პირველ კომპიუტერს ქმნიდა. მალე მეგობრებმა ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს და დააარსეს კომპიუტერული ფირმა  “Apple” . 

მეგობრებმა პირველი ოფისი ჯობსების ავტოსადგომში მოაწყვეს და 1977 წელს,  შექმნეს კომპიუტერი, რომელსაც Apple1 დაარქვეს (სულ რაღაც ორასამდე მოდელი გაიყიდა), მალე Apple1-ს   გაუმჯობესებული Apple2 მოჰყვა. სწორედ ამ მოდელის წყალობით, სტივებმა  ელვის სისწრაფით დაიპყრეს ბაზარი და  24 წლის ასაკში, ერთი შეხედვით, ქარაფშუტა ახალგაზრდები სახელგანთქმულ და პატივსაცემ მილიონერებად  იქცნენ. 
 
Apple3-ის გამოსვლის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, რომლის იდეაც  ჯობსს ეკუთვნოდა. პროექტი – Lisa  უნიკალურ ინოვაციას წარმოადგენდა, მაგრამ  დირექტორთა საბჭომ სტივი რატომღაც პროექტს ჩამოაშორა. პარტნიორები ხშირად უჩიოდნენ ,,გადაჭარბებულ ემოციებს აყოლილ იდეალისტს”, რომელსაც არ შეუძლია სამუშაოს რეალურად შეფასება. თითქოს შურისძიების მიზნით, სტივმა წამოიწყო პროექტი Macintosh, რომლის მთავარი იდეაც ბაზარზე იაფი, მომხმარებლისთვის მისაწვდომი მოდელის გატანა იყო. პროექტის ფარგლებში, ჯობსი მუშაობდა  მარტივი პინ-კოდის შექმნაზეც. დირექტორთა საბჭო  სკეპტიკურად განეწყო სტივის მორიგი იდეის მიმართაც, მაგრამ  Lisa-ს  ფიასკოს შემდეგ,  MAC-ი კომპანიისათვის ერთგვარ ხსნად იქცა და 1984 წელს საზოგადოებამ პირველი მაკინტოში იხილა. 

ეს პროექტი წარმოადგენდა  “Apple”- ისა და  რევოლუციური გამოგონებებით სახელგანთქმული ფირმის  – “Xserox”-ის შესაძლებლობების შერწყმას. ,,მაკინტოში” დღევანდელი პერსონალური კომპიუტერის უშუალო წინაპრად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. სწორედ მას გამოაბეს პირველად თაგვის ფორმის უცნაური ხელსაწყო  – ,,მაუსი”. 
 
ჯობსის ინოვაციურმა იდეებმა საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და კომპანია “Apple” მალე უზარმაზარ კორპორაციად გადაიქცა. თუმცა,  ,,კულისებში”  ,,რეჟისორისადმი” დამოკიდებულება არ შეცვლილა და მალე, კომპანიის დამაარსებელი მისივე არჩეულმა დირექტორთა საბჭომ სამსახურიდან გაათავისუფლა. ,,იმპიჩმენტის” მთავარ არგუმენტად  ჯობსის მმართველობის ავტორიტარული სტილი დასახელდა. ეფლის თანადამფუძნებელი დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამდა:

,, როგორ უნდა გაგაგდონ შენი შექმნილი კომპანიიდან? ეფლი ნელ-ნელა იზრდებოდა და გადავწყვიტეთ დაგვექირავებინა ადამიანი, რომელსაც მაშინ ნიჭიერად ვთვლიდი, რათა კომპანიას ჩემთან ერთად გაძღოლოდა. პირველი ერთი წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ თანდათანობით ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაშორდა და ბოლოს, უთანხმოება მოგვივიდა. დირექტორთა საბჭომ მისი მხარე დაიჭირა და 30 წლის ასაკში, საკმაოდ სკანდალურად, უმუშევრად დავრჩი. ყველაფერი გაქრა, რაზეც მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება იყო ორიენტირებული. განადგურებული ვიყავი.”

„მე არ ვენდობი კომპიუტერს, რომლის აწევაც არ შემიძლია” 

კომპანიიდან წამოსვლის შემდეგ, სტივ ჯობსმა  ჯორჯ ლუკასისაგან  გრაფიკული სტუდია შეიძინა და მალე, ,,პიქსარის”  მიერ განხორციელებული ანიმაციური პროექტებით გაითქვა სახელი ( ,,მონსტრების კორპორაცია” ,  ,,სათამაშოების ისტორია”… ).  პიქსართან ერთად, ჯობსმა დააარსა კომპიუტერული კომპანია ,,ნექსთი”, რომელიც,  მოგვიანებით,  ჯობსის პირველმა ,,პირმშომ” შეიძინა და უძღები შვილიც სახლში დაბრუნდა. მან  5 მილიონ დოლარად შეძენილი სტუდია  კომპანია ,,უოლტ დისნეის”  7,5 მილიარდ დოლარად მიჰყიდა  და 1997 წელს,  თითქმის გაკოტრებულ  ეფლში დაბრუნდა. ,,მოვლენათა სასწაულებრივი შემობრუნებით, ეფლმა ნექსთი შეიძინა, მე დავბრუნდი ეფლში და ის ტექნოლოგიები, რომლებიც ნექსთში შევიმუშავეთ, ეფლის დღევანდელი რენესანსის საფუძველია”, –  განაცხადა ჯობსმა 2005 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში სტუმრობის დროს.
არავინ იცის, სტივმა საზოგადოების გასამხიარულებლად იხუმრა, თუ დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, შოკისმომგვრელი შემოთავაზებების ისტორიაში თავისი წვლილი შეეტანა. ასე იყო თუ ისე, მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე ,,მონსტრების კორპორაციის” სრულუფლებიანი მმართველის ხელფასი მხოლოდ 1 დოლარით განისაზღვრა. 
ჯობსის ეფლში დაბრუნების შემდეგ, კომპანიამ  გამოუშვა  iPhone  და  iPod, მოგვიანებით კი – iPad.  ინოვაციური იდეების წარმატებით განხორციელებისათვის, მაგნატს პრემიის სახით 43 მილიონ დოლარად შეფასებული ავიალაინერი გადაეცა.
 
ახალგაზრდების  ,,კიბერ-მესიას”  ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 2003 წელს დაუსვეს. ბუდიზმის მიმდევარმა თავიდან ქირურგიულ ჩარევაზე უარი განაცხადა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და ოპერაციამ  სიცოცხლე რვა წლით გაუხანგრძლივა. სტივი თავს იმითღა იმშვიდებდა, რომ მოახერხა ,,რაღაც მშვენიერის შექმნა”. თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ  უკეთესობისკენ მაინც ვერ შეცვალა ადამიანის ცხოვრება, რისთვისაც ბოდიშს უხდიდა მომხმარებელს.
სტივ ჯობსს  დღემდე მიიჩნევენ  მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური და ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელად. მაგნატიც ამავე აზრის იყო საკუთარ პროდუქციაზე და ამტკიცებდა, რომ მთავარი შტრიხი, რაც  Apple -ს კონკურენტი კომპანიებისგან განასხვავებს, ხელოვნებისა და მეცნიერების შერწყმის შედეგია.
 
მენეჯმენტის წარმატების უცვლელი გასაღები,  რომლის მიხედვითაც, წარმატების კარი მაშინ გაიღება თუ მწარმოებელი სამომხმარებლო პროდუქტის შექმნის დროს მომხმარებელის მოთხოვნასა და საჭიროებას გაითვალისწინებს, სტივ ჯობსმა უკუაგდო. ის ამტკიცებდა, რომ შეუძლებელია  მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს რა უნდა, როცა საქმე ეხება ისეთ პროდუქტს, რომელიც საზოგადოებას არასდროს გამოუყენებია. 

სტივ ჯობსი ავადმყოფობას სასოწარკვეთილებამდე არ მიუყვანია. პირიქით, სიცოცხლის ბოლო რვა წელი, რომელიც კომპიუტერულმა მაგნატმა სიკვდილთან ბრძოლაში გაატარა, ყველაზე პროდუქტიული და ინოვაციებით დატვირთული წლები იყო ეფლის ისტორიაში.

2005 წელს, სტენფორდის სტუდენტებისთვის მოთხრობილი სამი ისტორია  – ,,წერტილების შეერთებაზე, სიყვარულსა და დანაკარგზე და ბოლოს, სიკვდილზე” ყველაზე სანდო და ინფორმაციულ ავტობიოგრაფიად შეიძლება ჩაითვალოს. როცა ამ სიტყვის დასკვნით ნაწილს ვკითხულობდი, მივხვდი, რომ ამ სიტყვებით სტივ ჯობსი მსმენელთან ერთად საკუთარ თავსაც ემშვიდობებოდა:

,,პატარა რომ ვიყავი, არაჩვეულებრივი გამოცემა არსებობდა, სახელად „მთელი დედამიწის კატალოგი”, ჩემი თაობის ერთ-ერთი ბიბლია იყო. მას სტიუარტ ბრენდი წერდა. ეს 1960-იანი წლების ბოლოს ხდებოდა, კომპიუტერების ეპოქამდე, ასე რომ მთლიანი გამოცემა საბეჭდი მანქანებით, მაკრატლებით და პოლაროიდის აპარატებით იწყობოდა. ნაბეჭდი გუგლივით იყო, გუგლამდე 35 წლით ადრე: გადავსებული იდეალისტური და დიდებული განზრახვებით. ჟურნალის ბოლო  ნომერი 70-იანების შუაში გამოვიდა. საფინალო გამოცემის უკანა ყდაზე გზის ფოტო იყო გარიჟრაჟისას, აი, ისეთის, ავტო-სტოპით მოგზაურობისას რომ ადგახართ ხოლმე. ქვეშ კი ეს სიტყვები ეწერა: „იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები.” ეს მათი გამოსამშვიდობებელი გზავნილი იყო; მე ყოველთვის ვუსურვებდი ამას საკუთარ თავს და ახლა, როცა თქვენ ასრულებთ სწავლას და ახალ ცხოვრებისაკენ მიმავალ გზას ადგახართ, იმავეს გისურვებთ თქვენც.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი