პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კალანდა, კუკრუჭანები და ძველი სიტყვების დაუვიწყარი გემო

დეკემბრის დადგომისთანავე  სკოლაში საახალწლო განწყობის შექმნისათვის მზადება დავიწყეთ. ჩავერთეთ სხვადასხვა საზეიმო კონკურსში, რომლის განხორციელების დროსაც ნამდვილი ზეიმი იმართებოდა კლასში. იატაკი ფერად-ფერადი ნაკუწებით იყო მოფენილი, საღებავებით აჭრელებული პატარა ცხვირ-პირის ბანაც ხშირად დამჭირდა. თუმცა ახალი წელი რის ახალი წელია, თუ ბუხართან მოსასმენი ამბები არ მოიმარაგე. მე კი, საბედნიეროდ, ჯერ არ დამვიწყებოდა ბავშვობაში დაგემოვნებული  მყუდრო, ძველი სიტყვები, რომელთა კითხვაშიც ზამთრის გრძელ საღამოებს ვატარებდი. ჰოდა, ხურჯინიდან ამოვაცოცე, ყველაზე სათუთები, მაშინაც რომ მათბობდნენ, ,,როცა ქარი უბერავდა და თან თოვლის ფიფქები მოჰქონდა”. ,,ზამთრის ზღაპარს”  ჯერ კიდევ შეეძლო დავებრუნებინე  ყველაზე ბედნიერი მოგონებების საკუჭნაოში, სადაც ჩემი მარტოხელა ოდის ფანჯარასთან მომლოდინე ბებოს თვალებს და მისი წასვლის შემდეგ ნელ-ნელა მივიწყებული სადღესასწაულო რიტუალების სევდას ვინახავდი.

 

ერთ დღესაც გათოვდა – არა, ეს დღე ინანიშვილის გარეშე არ ჩაივლის-მეთქი, გავიფიქრე და დღის ბოლოს, თავისუფალი დრო კითხვისთვისაც მოვიტოვე. ამოვალაგეთ პატარა ბალიშები, დავსხი ეს ჩემი აჟივილხივილებული ბარტყები, ყდამორღვეული საგანძური გადავშალე და დავიწყე:

„თათარობის წინა დღეებში ბებია გვეტყოდა: – აბა, მოიტანეთ თქვენ-თქვენი მონაგარი, კუკრუჭანებისთვის დავამტვრიოთო. გადმოიღებდა თაროდან ფილს და ფილთაქვას, ჩაჯდებოდა იატაკზე ფეხმორთხმით, გადმოაბრუნებდა ფილს და ამის სწორ ძირზე ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ტეხდა ყოველ კაკალს, რომ ლებნები მთელი დარჩენილიყო. ვეხმარებოდით ჩვენც, ბიჭები, ვამტვრევდით, ვარჩევდით, მთელ-მთელ ლებნებს ცალკე ვაწყობდით. მერე, დარჩევასაც რომ მოვრჩებოდით, გამოიტანდა ბებია ნემსსა და ძაფს, მოკაუჭებულ თითზე გამოგვდებდა, თუ ძალიან წმინდა იყო, ოთხკეცს დაგვაგრეხინებდა, თუ ცოტა მომსხო- ორკეცს, მოგვატოლებდა იმ დაგრეხილ ძაფს ყველას სათითაოდ და ჩვენ-ჩვენი მონაგარი ნიგვზიდან ჩვენს სიგრძე კუკრუჭანებს აგვისხამდა.”

კუკრუჭანებიო? – გემო გაუსინჭეს ძველ-ახალ სიტყვას, – ნეტა როგორიაო? მონაგარი რაღა არისო? თითები ასე ჰქონდათ მოკაუჭებულიო? ფილთაქვა გვრიტის ზღაპარში შეგვხვედრიაო. ეე, კაკლის გული როგორ არ ემტვრეოდათო, – თვალები ცნობისმოყვარეობისგან უციმციმებდა  ბავშვებს, – მერე, მერეო?

,,ეს კუკრუჭანები ჯერ ისე, ნიგვზად ხმებოდა მზეზე, მერე, თათარას რომ მოადუღებდნენ, პირველ რიგში იმათ ამოგვივლებდნენ, მძიმე-მძიმედ, დიდი ამბით ამოჰქონდათ თათარის ქვაბიდან, ციმციმ მიჰქონდათ და სხვა ჩურჩხელებისგან გამოცალკევებით ჰკიდებდნენ თითო-თითოს ბოძებზე დასობილ მსხვილ ლურსმნებზე. ეკიდა იმ ბოძებზე ჩურჩხელებთან შედარებით დიდხანს, თითქმის მთელ თვეს, გახმებოდა, როგორც იტყვიან „ზომაზე”, ჩამოხსნიდნენ, გაახვევდნენ სუფთა პურის ტილოში და ჩააწყობდნენ კამოდის უჯრაში. ჩვენ, ბიჭებს, მშობლების ნებადაურთველად ხშირად წაგვიცდებოდა ხოლმე ხელი ჩურჩხელებზე, კუკურუჭანებს კი ამას ვერ გავუბედავდით, ისინი თითქოს შელოცვილები თუ ტაბუდადებულები იყო, ხელის ხლება მარტო ბებიას შეეძლო, ისიც ბედნიერ დღეებში – ახალ წელს, ჩვენი დაბადების დღეს, ან პირველ მაისს. იმ დღეებში ყველანი ერთად ვიყავით -ოჯახის წევრებიც და ნათესავებიც. გაშლილი იყო საბედნიერო სუფრა, პურობდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ. და, აი, აქ, ყველაზე უფრო საზეიმო წუთებში, წამოდგებოდა ბებია, სადღაც გრძელი კაბის ბოლოზე დაკერებული ჯიბიდან ამოიღებდა გასაღებს, გააღებდა კამოდის უჯრას და ხელისგულებზე დასვენებულს მოგვართმევდა ჩვენს კუკრუჭანებს – ასე მთლად და ტკბილად დაესწარით, შვილებო, მრავალ ამ დღესო. ჩვენი კუკრუჭანები სულ თეთრად იყო დაშაქრული, თითის დაკარებაც კი გვენანებოდა, მაგრამ წესი ასეთი იყო, და ჩვენც დავამტვრევდით და ყველას ჩამოვურიგებდით.”

მთავარი სათქმელის გამოყოფა არ გასჭირვებიათ; კუკრუჭანები სიმთელის, გაუტეხლობის სიმბოლოსთან ადვილად დააკავშირეს, – იმიტომ არ შეიძლებოდა მათი ახალ წლამდე დამტვრევა, რომ მთელად უნდა დასწრებოდნენ ახალ წელსო, ერთად ყოფნა უნდა დაბედებოდათო. რამდენიმემ სულხან-საბას იგავი ,,ძალა ერთობაშიაც” გაიხსენა.

,,ყოველნაირი ჩურჩხელა გემრიელია ამ ქვეყანაზე, გამორჩევით _ ნიგვზისა, მაგრამ კუკრუჭანებს -მთელლებნიან შენსიგრძე ჩურჩხელებს -მაინც ვერაფერი შეედრება. ვერაფერი შეედრება შენი ნაშრომის გემოს, რომელსაც ემატება ვიღაც უჩინარი წინაპრების, ბებიებისა და დედების ლოცვის გემოც.”

აქ კი მოგონებებს დავუთმეთ გზა. გავიხსენეთ ბებია-ბაბუები და  ყველაზე დაუვიწყარი ახალი წლის ღამეები. ჩემი მოსწავლეები პატარები არიან, სულ რაღაც ორიოდე ახალი წელი თუ ახსოვთ კარგად და არც წინაპრების დანაოჭებული სიტყვის სიღრმეს ჩასწვდომიან სათანადოდ, ამიტომ ბევრი არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი. ჩემი ბავშვობის ამბებით კი ძალიან დაინტერესდნენ და ორიოდე წუთში რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელ ხაშმიდან ჩემი ბავშვობის ორღობეში ამოვყავით თავი.

 

გურიაში შობა და კალანდა გამორჩეულად უყვართ. ბებო ნახევარმთვარის ფორმის ღვეზლებს აცხობდა (კეცზე მრგვალ ღვეზლებს აკრავდნენ). სახლში, ახალი წლის სამზადისისგან განსხვავებით, სიჩუმე იდგა. ბებო ჩურჩულით ლოცულობდა და ისე აცხობდა, ამოყელყელავებულ ცომს ღვეზლებისთვის გადანახული ყვითელგულა კვერცხის ნაჭრებით გამოტენიდა და ღუმელში შედგმის შემდეგაც არ ტოვებდა, დარაჯობდა, ზედმეტად არ გამომიშრესო.

შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, ყველაზე კოხტას, ჩემს სახელზე გამომცხვარ ღვეზელს (ოჯახის ყველაზე პატარა წევრის სახელზე გამომცხვარი ღვეზლით ერთგვარი ,,დამწყალობება” ხდებოდა) ანთებულ სანთელს ჩაარჭობდა და ლოცვით გარს შემომივლიდა. მერე შუბლზე მაკოცებდა, ღვეზელს გაჭრიდა და  ჩამოგვირიგებდა. ასე იწყებოდა საშობაო ლხინი. სანამ პატარა ვიყავი, ალილოზეც დავდიოდი. ახლაც სახლში მაქვს ის ბავშვობის დროინდელი პატარა კალათი, რომელიც შობის ღამეს ძალიან მალე ივსებოდა,  ,,ოცდახუთსა დეკემბერსა-ს” მომღერალი ,,საპატიო სტუმრების” მოსვლით გახარებული გულუხვი მეზობლების წყალობით. ერთხელ სოფლის ბოლოში ასვლაც გავბედეთ (დღემდე საიდუმლოდ ვინახავ). იმ ოჯახში ბევრი ბავშვი იზრდებოდა (ერთმანეთში მერეოდნენ, ვერაფრით დავთვალე ზუსტად რამდენი იყვნენ და უთვალავები არიან-მეთქი, ვიფიცებოდი), ყველას გაცრეცილი, მეზობლებისა და ნათესავების ნაწყალობევი ტანსაცმელი ეცვა და რაღაცნაირი, ძნელად თვალის გასასწორებელი მზერა ჰქონდათ. სულ გავურბოდით მათთან შეხვედრას. 

იმ წელს ყველა კალათა ამ ოჯახში დავცალეთ და უსიტყვოდ ჩამოვიარეთ ის ჩაბნელებული, მოჩვენებებით სავსე აღმართი.

ამ პატარა მოგონებამ ისევ ინანიშვილის სამყაროში დამაბრუნა, თან ქარმაც დაუბერა, თოვლის ფიფქებმაც იმატა და გემრიელ კუკრუჭანებს ერთი ტკბილ-მწარე ობლების ამბავიც მივაყოლე. აუჰ, როგორ იდარდეს… მაგრამ მერე თავისი და-ძმები გაიხსენეს და მიხვდნენ, ღმერთს საბოლოოდ არ გაუწირავს ქარსა და ყინვაში უპატრონოდ დარჩენილი პატარა ობლები. მერე დიდხანს და სულმოუთქმელად ყვებოდნენ და-ძმაზე, ერთმანეთს არ აცლიდნენ. ამ საუბარში, ზოგს ისე მოენატრა დედმამიშვილი, ვეღარ მოითმინა და ამავე სკოლის მოსწავლე დისა თუ ძმის კამფეტებით დასაჩუქრება გადაწყვიტა. 

მგონი, საუცხოო საახალწლო განწყობის შექმნა გამოგვივიდა მე და სკვინჩების, შვლის ნუკრების, ბავშვთა გულების საუკეთესო მომთვინიერებელს – რევაზ ინანიშვილს.

 

მერე დაიწყო ზამთრის არდადეგები. ფაციფუცში გართულ ოჯახის წევრებს  ახალმა წელმა მაგიდასთან დაჯდომა დაგვასწრო. სამაგიეროდ კალანდას შევხვდით მშვიდად,  სტუმრობა-გასტუმრებით გადაღლილები, ზეიმმოყირჭებულები. არ უთოვია, არც სანადირო თოფების ქუხილს აუფორიაქებია უბნის ძაღლები. ჩემი ფანჯრიდან სახლების ტყეს და ფეიერვერკების თოვას ვუყურებდი და თვალწინ თანდათან მიცოცხლდებოდა  ,,ჩახლართული ღობეები”, ,,ალაგეზე” მაჭახელას ბათქა-ბუთქით გადაცოცებული მეკვლე-ბაბუაჩემი, ხილის სიმძიმით გვერდზე გადახრილი ჩიჩილაკები და ასე ნელ-ნელა, სიმშვიდით სავსე, შემოდიოდა ჩემში კალანდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი