პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კურტი… და ყველა სხვა კულტი

ერთი მავნე ჩვევა მაქვს – ყოველდღე ვკითხულობ შოუბიზნესის სიახლეთა დაიჯესტს, ვიცი მსოფლიოს თითქმის ყველა ნამდვილი თუ ცრუ სუპერვარსკვლავის სახელი და მათი ცხოვრების პერიპეტიები, ძირითადი მაინც. ეს ჩვევა მაშინ შევიძინე, როდესაც სხვები კარგავენ – 21 წლისამ, და ძვალ-რბილში ისე მაქვს გამჯდარი, რომ ახლაღა დავიწყე იმის გაცნობიერება და ანალიზი, რატომ და როგორ მოხდა ეს. მოხდა კი ასე…

…ინგლისური ენის კაბინეტში შევედი და ჩანთას რომ ვდებდი, კიდეებჩამოტეხილ და გადაჭრელებულ მერხზე გაჩენილი ახალი წარწერა მომხვდა თვალში: „კურტ კობეინი”. ლათინური ასოებით, რასაკვირველია. მივხვდი, რომ იმ დილით იქ მერვეკლასელებს ჰქონოდათ გაკვეთილი, რადგან ჩვენს სკოლაში „ნირვანას” აღიარებული თაყვანისმცემელი მერვეკლასელი ნუცა გახლდათ; ყველა კაბინეტის კედლებზე, მერხებსა თუ კარებზე ყველაზე ხშირად სწორედ ამ ჯგუფის სახელი ეწერა, უფრო ხშირად კი – მისი სოლისტის. ეს ის დრო იყო, როდესაც მე, ყველა ცხოვრებისეული თუ გრამატიკული წესის პირნათლად შემსრულებელი, ამ სახელს „ქართ ქობეინად” ვკითხულობდი, ანუ მეექვსე კლასში ვიყავი და ნუცა ავტორიტეტად მიმაჩნდა ყველა იმ სულელური მიზეზის გათვალისწინებით, რის გამოც მერვეკლასელი გოგონები მეექვსეკლასელი გოგონებისთვის ავტორიტეტები ხდებიან. ალბათ, სწორედ ამიტომ მაინტერესებდა ასე, ვინ იყო კურტ კობეინი, თუმცა გამბედაობა არ მყოფნიდა, გამეგო – სიახლეების მეშინოდა, მით უფრო – საეჭვო სიახლეების: კურტ კობეინი ნუცას სამყაროს საკუთრება იყო და ალბათ ისევე მიუწვდომელი ჩემთვის, როგორც მისი სითამამე და გორგოლაჭებზე დგომის ოსტატობა.

კურტ კობეინი პირველად შემთხვევით ვნახე მუსიკალურ არხზე. მახსოვს, მომეჩვენა, რომ ანგელოზის სახე ჰქონდა და დემონივით მღეროდა. მომეჩვენა, რომ თუ ამ მუსიკას შევიყვარებდი, იმ ფასეულობებს ვუღალატებდი, რომლებითაც მზრდიდნენ: მამას, მთელი საღამო მოთმინებით რომ მასწავლიდა „მივალ გურიაში, მარას” პირველ კუპლეტს, ეწყინებოდა, დედას თავი ასტკივდებოდა… თანაც მე უკვე მყავდა ჩემი კერპი – გურამ დოჩანაშვილი, ჩემი სამყაროსთვის შესაფერისი, რომელიც სხვა კუმირებისთვის ადგილს არ ტოვებდა.

ერთ დღესაც, უკვე უფროსკლასელი, მამას ძველ წიგნში პატარა ფურცელს წავაწყდი. ჩანახატი იყო ოსკარ პიტერსონისა და მაილს დევისის შესახებ. თურმე მამასაც ჰყვარებია სხვაგვარი მუსიკა, ფოლკლორის გარდა, თანაც რა მგზნებარედ… ძალიან გამიკვირდა და წყალი შეუდგა ჩემს თავდაჯერებას, რომ არსებობს ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობანი, რომლებიც სიახლეებს ვერ ითავსებს. სულ მალე დავიწყე კარის გაღება ყველაფრისთვის, რასაც გარემო მთავაზობდა და მხოლოდ გააზრებული არჩევანის შემდეგ – ამ კარის დახურვა.

სიახლის შიშის ბავშვობისდროინდელი შეგრძნება მაშინ გამახსენდა, როცა პირველად დავიწყე მუშაობა მასწავლებლად პატარა და სახლივით მყუდრო სკოლაში. ახლა მერხებზე სხვა სახელები ეწერა, გაკვეთილებზეც ვსაუბრობდით მუსიკაზე, კომპიუტერულ თამაშებზე, კინოფილმებსა და წიგნებზე. ხანდახან სამასწავლებლოშიც შემოდიოდნენ და იქ ვაგრძელებდით საუბარს, ხანდახან მარტო დარჩენილი მასწავლებლები ვსაუბრობდით მოსწავლეთა ინტერესებზე და მაშინ მივხვდი, განცდათა როგორი კასკადი ჰქონდათ მასწავლებლებს მოსწავლეთა კულტების მიმართ: მათი ეშინოდათ, მათზე ეჭვიანობდნენ, მათ აბუჩად იგდებდნენ, მათ არად აგდებდნენ, ისინი აღიზიანებდნენ… 

თავის მხრივ, მოსწავლეებიც უმეტესად ირონიულად უყურებენ მასწავლებელთა სურვილს, ერთ დღესაც მათ ცნობიერებაში ფესვგადგმული პოპკულტურის მიერ შექმნილი კულტები ავთანდილმა და აინშტაინმა ჩაანაცვლონ.
ჩემთვის ამ დილემის გასაღებად ჩემივე პროფესია იქცა, ის ტექსტები, რომლებსაც ვასწავლიდი, განსაკუთრებით კი ფრაზა, რომელსაც სწორედ მასწავლებლობის პერიოდში ჩავუკვირდი – „ფერი სხვა-რიგის შიშისა”.

„სხვა-რიგის” ანუ სიახლეების, განსხვავებული აზროვნებისა და ინტერესების, განსხვავებულ სამყაროთა შიში; ზიზღი იმ სამყაროთა მიმართ; ბრმა რწმენა, რომ „იქ” ყველაფერი არასწორად ხდება. ზაფრა, რომელიც მე განვიცადე კურტ კობეინის საეჭვოდ ანგელოზური სახისა და დემონური ხმის გაგონებისას, იგივეა, რაც ბერდიამ განიცადა ალუდას საქციელის გამო, რამაც პირველყოფილთა ტომი შეაშფოთა წელში გამართული იგის დანახვისას, რაც ყოველდღე ხდება ჩვენ გარშემო, განსაკუთრებით – იქ, სადაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა გზები იკვეთება, თუნდაც სკოლაში. ზაფრა, რომელიც გვაუცხოებს ერთმანეთისგან, გვაიძულებს, ამრეზით ვუქციროთ მოსწავლის პირსინგებს, დრედებს, სვირინგებს, ჩვენთვის გაუგებარ საქციელს… 

მან, ვინც ქართული ლიტერატურა მასწავლა, დამარიგა: ნუ მოუთხრობ შენს მოსწავლეებს შუშანიკის შესახებ ისე, თითქოს ის განყენებული, არაამქვეყნიური არსება ყოფილიყოს; უამბე ქალზე, რომელიც ქმარმა ღალატით შურაცხყო, უამბე პრინციპულ, ხანდახან ჯიუტ ადამიანზე, რომელსაც მიზანი ჰქონდა და მისკენ მიიწევდა; უამბე განწირულ ადამიანზე, რომელსაც იდეოლოგია სამაგალითო მსხვერპლად იყენებდა; უამბე მისნაირ, მისი ნაცნობების მსგავს ადამიანზე და ისწავლის. სამყაროში ხომ ყველაფერი, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი გამოხატული – შუა საუკუნეების პოეზიით, თანამედროვე ჰევი მეტალით თუ მოზარდებისთვის განკუთვნილი ტელესერიალით, საბოლოოდ ერთსა და იმავე თემებამდე დადის და თუკი შენი მოსწავლეების ინტერესებს იცნობ, თუკი მათი სამყარო მოიშინაურე, პარალელების გავლება სულ უფრო გაადვილდება.

ასე დავიწყე შოუბიზნესის დაიჯესტების კითხვა. ცოტა მრცხვენია, ვაღიარებ – თუ ამ დროს ოთახში ვინმე შემოვიდა, სასწრაფოდ ჩამოვაფარებ მონიტორზე სხვა გვერდს. სამაგიეროდ, ვიცი ჩემი მოსწავლეების კერპების ისტორიები, ვიცი, ვისთვის რა ფასეულობაა მისაბაძი, ვიცი, რომელ მოწაფეს უყვარს ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და რომელს – ის, რაც წარმავალია. ვცდილობ, მათი ინტერესების მიხედვით გავუმახვილო ყურადღება ლიტერატურაში წამოჭრილ სხვადასხვა საკითხზე. ჩემთვის სულერთი არ არის, ვისი სახელები წერია სკოლის მერხებზე, კედლებსა და კარებზე.

ჩემმა მოსწავლეებმა არ იციან, რომ მე მათი კერპები მაინტერესებს; ვცდილობ, არაფერი წამომცდეს, რაც მათ ამას მიახვედრებს – ვშიშობ, არასერიოზულად აღმიქვამენ. ესეც შიშია…

თან გასართობივითაა – თავს ხან დაზვერვის აგენტად წარმოვიდგენ, ხანაც ბიჭად, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, სად ეძინა წინა ღამით მის გოგოს…

ალბათ ვერ მიმიხვდით – „სად გეძინა წუხელ?” „ნირვანას” სიმღერაა, ძალიან შემიყვარდა ამ ბოლო დროს და ვუძღვნი ყველას, – მოსწავლესა თუ მასწავლებელს, – ვისაც სიახლისა და უცხო სამყაროების ეშინია, მაგრამ ყველაფერს, რისიც ეშინია, სწავლობს და ასე იშინაურებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი