პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

„არჩევანი – მე, არადანი – შენ“, ანუ საგანი, რომელსაც სკოლაში ვერ ისწავლით

„თუ ნამდვილად გსურთ რამის გაკეთება, გზასაც იპოვით. თუ არა და იპოვით მიზეზს!”

 

ჯიმ რონი

როცა თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არჩევანის უფლებასაც. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოთა უმეტესობა დემოკრატიული ხედვის აუცილებლობას აღიარებს და პრესტიჟულადაც მიაჩნია მისი მმართველობის სტილის ამ სიტყვით მოხსენიება, პიროვნების არჩევანის უფლება მაინც ხშირად იზღუდება ოჯახსა თუ სოციუმში. პირველი დიდი არჩევანი, რომელსაც მოზარდი აკეთებს თავის ცხოვრებაში, საკუთარი მე-ს პოვნა და სასურველი მომავლის არჩევაა. ოჯახი ამაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. ჩემი აზრით, არჩევანის უფლების შეზღუდვას, თუნდაც კეთილი მიზნით, იშვიათად აქვს სასურველი დასასრული. თავად განსაჯეთ, რა დამოკიდებულება გაუჩნდება ადამიანს, სხვის მიერ არჩეული, ჯერ უცხო მომავლის პირისპირ მარტო რომ დარჩება. ადამიანს, რომელიც პატარაობიდანვე არჩევანის გაკეთებას მიაჩვიეთ: ის ირჩევს ჭიქას, რომლიდანაც რჩეული ყავის პირველი ყლუპის მოსმის შემდეგ თენდება, ირჩევს ოთახს, პირად ნივთებს, ადამიანებს… რომ დავუფიქრდეთ, ჩვენს ცხოვრებას ძალიან ჰგავს ცნობილი თამაში ,,არჩევანი – არადანი” – ვინც დაასწრებს, ის ირჩევს საუკეთესოს, თან, სასურველი კანდიდატი რომ იყო, ჯერ საზოგადოების პატივისცემა და ნდობა უნდა მოიპოვო. კონკურენცია – ეს ის მნიშვნელოვანი ,,საგანია”, რომელსაც პირველი ნაბიჯის გადადგმასთან ერთად ვსწავლობთ – თამაშ-თამაშით. ნელ-ნელა „სასწავლო მასალა” რთულდება – თავის გატანა, თვითდამკვიდრება, საკუთარი ადგილის პოვნა ამ უზარმაზარ, ძლიერი კონკურენტებით სავსე გარემოში ბევრ ჩვენგანს უჭირს. სკოლაში ერთმანეთს პოპულარული მეგობრების/შეყვარებულების რაოდენობას, ნიშნებს ვატოლებთ, მოგვიანებით – ჯიბის სისქეს, კარიერული კიბის სიგრძეს, სახელს… ზოგი სხვის ომში ბრძენდება, უფრო დაკვირვებული – თავისაში.

 

ასეთივე რთული გზის გავლა მოუხდა ადამიანს, რომელზეც ახლა ვაპირებ საუბარს. მან ძალიან კარგად იცის არჩევანის უფლებისა და კონკურენციის ფასი. მისი ცხოვრება ბევრისთვის იქცა იმ საგნის საუკეთესო სახელმძღვანელოდ, რომელსაც არც ერთ სასწავლო დაწესებულებაში არ ასწავლიან.

„კომპიუტერი – ყველა მაგიდაზე, ყველა სახლში!”

ოცდამეერთე საუკუნეში პრობლემას აღარ წარმოადგენს კომპიუტერის შეძენა და მართვა. მცირეოდენი ინსტრუქციისა და პრაქტიკის შემდეგ ყველა მონდომებულ ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს ინტერნეტსაიტების ვრცელ სამყაროში და Microsoft-ის საოფისე პროგრამებით სამუშაო გაიადვილოს. მიუხედავად საზოგადოების სრული „კომპიუტერიზაციით” გამოწვეული უკმაყოფილებისა, არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ ცივილიზაციის ამ უდიდესი მიღწევის დადებით თვისებებზე, რომელიც, ჩემი აზრით, სწორედ შრომის გაადვილებას ემსახურება და არა რეალობის შეგრძნების დაკარგვას და კიბერნეტიკულ სამყაროში გადაბარგებას.

ერთი მათგანი, ვისი თავდაუზოგავი შრომისა და განსაკუთრებული ნიჭის წყალობითაც მე ახლა ჩემს ნოუთბუქში ამ წერილს ვკრეფ და არ ვხარჯავ ათეულობით ფურცელს და მელანს, კიბერნეტიკული სამყაროს „მეფე” ბილ გეითსია.

 „წარმატება ცუდი მასწავლებელია, ჭკვიან ხალხს აიძულებს დაიჯერონ, რომ ისინი არასდროს წააგებენ”

უილიამ ჰენრი გეითს III, კომპიუტერული მაგნატი, კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელი და მფლობელი, დაიბადა 1955 წლის 28 ოქტომბერს სიეტლში, ვაშინგტონის შტატში. მისი მამა ცნობილი ადვოკატი იყო, დედა კი – სკოლის მასწავლებელი.

12 წლის ბილი ადგილობრივი დაწყებითი სკოლიდან სიეტლის ყველაზე პრესტიჟულ საშუალო სკოლაში გადაიყვანეს, სადაც მას საშუალება მიეცა, სკოლის მინიკომპიუტერზე განევითარებინა თავისი შესაძლებლობები პროგრამირების დარგში. გეითსს უჭირდა კოლეჯის სხვა სასწავლო საგნების (განსაკუთრებით – ჰუმანიტარულის) შესწავლა და მათ ტრივიალურს უწოდებდა. სამაგიეროდ, უმაღლესი ქულებით აფასებდნენ ტექნიკური მეცნიერებების კათედრაზე. გულჩათხრობილი მოზარდის მთავარი ოცნება მათემატიკის პროფესორობა გახლდათ. მიუხედავად უნიკალური მათემატიკური და ლოგიკური აზროვნებისა (ის ყოველთვის პოულობდა პასუხისკენ მიმავალ უმოკლეს გზას), ბილს სკოლაში არასდროს გამოუმჟღავნებია ლიდერის თვისებები.

კოლეჯმა ვერ გაითვალისწინა მორცხვი და თითქმის ყველაფერში წარუმატებელი სტუდენტების რეალური შესაძლებლობები და ბილ გეითსისა და მისი მეგობრის, პოლ ალენის, კომპიუტერული ექსპერიმენტების წყალობით სკოლის მიერ შეძენილი ერთწლიანი კომპიუტერული მომსახურების პაკეტი ორ კვირაში ამოიწურა. საბედნიეროდ, ერთ-ერთი სტუდენტის მამამ, კომპიუტერული კომპანიის თანამშრომელმა, სკოლას ეს პრობლემა მალევე მოუგვარა და მომავალი მაგნატის ექსპერიმენტებიც გაგრძელდა (შეგახსენებთ, სამოციან წლებში სტუდენტებისთვის კომპიუტერებისა და მათით სარგებლობის დროის შეძენა ძალიან ძვირი უჯდებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას).

ბილის მშობლები ანაზღაურებდნენ სკოლის ყველა ხარჯს, კომპიუტერთან დაკავშირებული ხარჯების გარდა – ამაზე მომავალ მაგნატს თავად უნდა ეზრუნა. ბილ გეითსი იგონებს, რომ მშობლები თავიდანვე აჩვევდნენ შვილებს მიზნისკენ დამოუკიდებლად სწრაფვას. და-ძმა, მშობლების თხოვნით, ხშირად მართავდა დებატებს ნებისმიერ თემაზე, წიგნებით დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული, რაც თავისთავად თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება-განმტკიცებას ემსახურებოდა (აღზრდის იმავე მეთოდებს იყენებს ბილიც. მისი ანდერძის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად მრავალჯერ აღიარებული კომპიუტერული მაგნატის შვილებს მხოლოდ 10-10 მილიონი ერგებათ, დანარჩენი თანხა კი საქველმოქმედო ფონდის საკუთრებაში გადავა. მაგნატს სურს, მისმა შვილებმა საკუთარი შრომით მოიპოვონ სახელი და კეთილდღეობა).

ბილმა და მისმა მეგობრებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს პროგრამისტებს, გატეხეს მათი სერვერები, სურვილისამებრ ცვლიდნენ ამა თუ იმ ინფორმაციას, კომპიუტერის გამოყენების დროს და ა.შ. თავიდან ახალგაზრდები მკაცრად დასაჯეს – კომპიუტერით სარგებლობა აუკრძალეს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ Computer center corporation-მა სწორედ ახალბედა სიეტლელ „ჰაკერებს” შესთავაზა დაცვითი პროგრამის შექმნა. მას შემდეგ მოზარდებს შეკვეთები არ მოჰკლებიათ. ბილი სულ რაღაც ცამეტი წლის იყო, როცა ცნობილი თამაშის (X-0) პირველი კომპიუტერული ვერსია შექმნა. მეათე კლასში იგი კომპიუტერს კი არ სწავლობდა, არამედ ასწავლიდა.

შეგახსენებთ, რომ ბილის მოსწავლეობის დროს, სამოციან წლებში, კომპიუტერი-გიგანტები მთელ ოთახს იკავებდნენ და მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ მათზე მუშაობა. კოლეჯში ბილ გეითსმა ჩამოაყალიბა კომპანია traf-O-Data, რომელშიც თანამოაზრე ახალგაზრდები დაასაქმა. ისინი ქმნიდნენ კომპიუტერულ პროგრამებს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ადგენდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკს. 15 წლის ბილმა შექმნა ქუჩის მოძრაობის მარეგულირებელი პროგრამა. ამ პროექტში მომავალ მაგნატს 20 000 დოლარი გადაუხადეს.

1973 წელს, ოჯახური ტრადიციის თანახმად, ბილი ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი კარჩაკეტილი ცხოვრების სტილი და ასოციალური ბუნება კონკურენციას ვერაფრით გაუწევდა, ასე ვთქვათ, „ყველა საჭირო კარის კანონის წიხლით შემღებ” თამამ საზოგადოებას.

ჰარვარდში გეითსმა სტივ ბალმერი გაიცნო და სწორედ მასთან ერთად შექმნა დღეს მსოფლიოში სახელგანთქმული Microsoft-ი.

 „ისიამოვნეთ იმ საქმით, რომელსაც მოეკიდეთ და მუშაობა არასოდეს მოგიწევთ”

ბილ გეითსს და სტივ ბალმერს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მალე კომპიუტერი შეუცვლელი გახდებოდა და ყველა სამუშაო დაწესებულებაში, ყველა სახლში დაიდებდა ბინას. მეგობრებმა დაიწყეს პერსონალური კომპიუტერების პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობა. მართალია, თავიდან ლამის გაკოტრდნენ, მაგრამ უკან მაინც არ დაიხიეს. 1979 წელს დაბრუნდნენ. ამავე წელს გარიცხეს ბილი ჰარვარდიდან გაცდენებისა და არადამაკმაყოფილებელი მოსწრების გამო, მაგრამ მომავალ მილიარდერს ამაზე დიდად არ უნაღვლია, რადგან გარიცხვის ცნობას მალე უკან მოჰყვა შთამბეჭდავი წინადადება IBM-ისგან, რომლისთვისაც Microsoft-ს უნდა შეექმნა ოპერატიული სისტემა მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერებისთვის.

ბილ გეითსმა შექმნა 50 000 დოლარად შეფასებული სისტემა MS-DOS. IBM-ის ახალმა კომპიუტერმა, რომელიც Microsoft-ის თანამედროვე პროგრამით იყო აღჭურვილი, მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

მალე ბილ გეითსის კომპანია იმდენად წარმატებული და ძლევამოსილი გახდა, რომ ამერიკული ანტიმონოპოლიური კომიტეტის ყურადღება მიიპყრო. მას შემდეგ კომიტეტი სხვადასხვა ხერხით ცდილობდა ბილ გეითსის იმპერიისთვის ძირის გამოთხრას. 1990 წელს სასამართლომ Microsoft Corporation-ი მონოპოლიად ცნო და ანტიმონოპოლიურ კომიტეტთან მისი ურთიერთობაც გამწვავდა. 2000 წელს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მაგნატს შესთავაზა, კომპანია ორ ნაწილად გაეყო: ერთი მათგანი microsoft office-სა და internet explorer-ს აწარმოებდა, მეორე კი – windows-ს. მაგრამ კორპორაციის დამფუძნებელმა უარი განაცხადა საქმიანობის დანაწევრებაზე, რადგან, მისი აზრით, Microsoft-ის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროდუქტები ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

ბილ გეითსი 1994 წელს დაქორწინდა მელინდა ფრენჩზე, რომელმაც მაგნატს სამი შვილი – ორი გოგო და ერთი ბიჭი – გაუჩინა. დაოჯახების შემდეგ ბილი მეტ დროს და ყურადღებას ქველმოქმედებას უთმობს: მაგნატმა დააწესა ერთი მილიონი დოლარის ოდენობის სტიპენდია (Gates Millennium Scholarship Program) გამორჩეულად ნიჭიერი, მაგრამ ხელმოკლე სტუდენტებისთვის; 750 000 დოლარი გამოყო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის განვითარებისთვის; მეუღლესთან ერთად დააარსა საქველმოქმედო ფონდი, რომელმაც უკვე 17 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ჯანდაცვისა და განათლების განვითარებისთვის. გეითსების ფონდი აფინანსებს ბიბლიოთეკების კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ პროექტებსაც, რომლის წყალობითაც აშშ-ისა და კანადის ადგილობრივი სამკითხველო დაწესებულებების მკითხველებს კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ეძლევათ.

კორპორაციიდან წამოსვლის შემდეგ (2008 წ.), ბილ გეითსი მონაწილეობს ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა თანამგზავრების გამოშვება, მსოფლიო ტელეკომუნიკაციის უზრუნველყოფა, მსოფლიოს უმსხვილესი ვიზუალური ინფორმაციის დამუშავება…

„ბიზნესი შესანიშნავი თამაშია – უწყვეტი შეჯიბრება მინიმალური წესებით, რომლის ანგარიშიც ფულით განისაზღვრება”

დღეს Microsoft-ი უზარმაზარი კორპორაციაა თითქმის 90 000 თანამშრომლით. ბილ გეითსი იშვიათად თმობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს. მიუხედავად ამისა, იცვამს უბრალოდ, ხშირად სარგებლობს სწრაფი კვების ობიექტების მომსახურებით და მიაჩნია, რომ ფულის გონივრულად დახარჯვა ისევე ძნელია, როგორც მისი გამომუშავება. მისი აზრით, არ შეიძლება, ადამიანმა ცხოვრების აზრად ფული აირჩიოს; მას უნდა ჰქონდეს გაცილებით გლობალური, საზოგადოებისთვის სარგებლობის მომტანი მიზანი ცხოვრებაში.

მსოფლიო მაგნატი ამაყობს უნარით, რომლის წყალობითაც ,,საჭირო” ადამიანების ამოცნობა შეუძლია. „მე სულელებს არ ვქირაობ”, – ამბობს ბილი. იგი თავად ესაუბრება ვაკანტური ადგილის დაკავების მოსურნე პრეტენდენტებს და თუ საჭირო გახდა, პირადად რეკავს სასურველ კანდიდატთან მოსალაპარაკებლად. მისი გუნდი უმაღლესი კლასის პროფესიონალებისგან შედგება. ბიზნესში ხომ მთავარია, იყო საუკეთესო, გაუძლო მაღალ კონკურენციას და მეტიც – გამუდმებით პირველი ადგილისთვის იბრძოლო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებული კომპიუტერების 80 პროცენტზე მეტი უზრუნველყოფილია Microsoft-ის პროგრამებით, ბილ გეითსს მაინც მიაჩნია, რომ წარმატება ცუდი მასწავლებელია. იგი არასდროს ჩერდება დალაშქრულ მწვერვალზე და ყოველთვის განაგრძობს გზას ახალი „ევერესტის” დასაპყრობად.

ის, რასაც სკოლაში ვერ ისწავლით

ბილ გეითსი ხშირად სტუმრობს სკოლებს, გამოდის სიტყვით და მოსწავლეებს დაუნანებლად უზიარებს თავის გამოცდილებას. აუდიტორიის წინაშე ყოველი გამოსვლისას მაგნატი ჩამოთვლის 11 საკითხს, რომლებსაც, მისი აზრით, სკოლებში არ ასწავლიან:

1. ცხოვრება უსამართლოა – მიეჩვიეთ ამას.

2. საზოგადოებას საერთოდ არ აწუხებს შენი თვითშეფასება, ის შენგან მიღწევებს ელის.

3. თქვენ ვერ მიიღებთ წელიწადში 60 000 დოლარს სკოლის დამთავრებისთანავე და ვერ გახდებით ვიცე-პრეზიდენტი პირადი მძღოლით, სანამ არ გამოიმუშავებთ ამისთვის საჭირო თანხას.

4. თუ მიგაჩნიათ, რომ მასწავლებელი მეტისმეტად მკაცრად გექცევათ, ეს მხოლოდ დასაწყისია; დაიცადეთ, სანამ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება „ბოსი”.

5. ჰამბურგერების მომზადება გეთაკილებათ? ძალიან ცდებით. თქვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის ჰამბურგერის მომზადება იყო შანსი ამ ცხოვრებაში ფეხის მოსაკიდებლად.

6. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, ნუ გადააბრალებთ მშობლებს. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე! შეცვალეთ წარუმატებლობის მიმართ თქვენი დამოკიდებულება.

7. მშობლები ყოველთვის არ ყოფილან ისეთი მოსაწყენები, როგორებადაც ახლა გეჩვენებიან. იქნებ თქვენზე გამუდმებულმა ზრუნვამ აქცია ისინი ასეთებად? ასე რომ, სანამ მშობლების თაობას გააკრიტიკებდეთ, დაიწყეთ საკუთარი თავით.

8. სკოლაში უამრავი შანსი გეძლევათ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები – გადააბაროთ გამოცდები, შეიცვალოთ სკოლა, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ცხოვრებაში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა!

9. ცხოვრება არ იყოფა სემესტრებად, თქვენ არ გექნებათ ზაფხულის არდადეგები და არც თქვენი ხელმძღვანელი დაგეხმარებათ საკუთარი თავის პოვნაში – ამის გაკეთება თავად მოგიწევთ.

10. ტელევიზორში არ აჩვენებენ „ნამდვილ ცხოვრებას”. რეალურ ცხოვრებაში ვერ მოახერხებთ მთელი დღე მეგობრებთან ერთად კაფეში ჯდომას.

11. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას „მზუთხველებთან” – რომელიმე მათგანი სკოლის დამთავრების შემდეგ შესაძლოა თქვენი ბოსი გახდეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბილ გეითსი არასდროს ერიდება უმაღლესი განათლებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების გამოხატვას („ნებისმიერ დროს წადით და შექმენით საკუთარი საქმე, ჰარვარდში დაბრუნებას ყოველთვის მოახერხებთ”), ის მაინც აღიარებს კარგი განათლების მიღების საჭიროებას. მსოფლიო მაგნატის აზრით, დღევანდელ ახალგაზრდობას მაღალი კონკურენციის პირობებში უწევს ცხოვრება, ამიტომაც უმაღლესი განათლება მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სამოციან წლებში საშუალო განათლება იყო. ბილ გეითსს 2007 წელს მაინც მოუწია ჰარვარდის კურსდამთავრებულის ქუდის მორგება, როცა სახელგანთქმული უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მაგნატს დიდი პატივით გადასცა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის ყველაზე წარმატებული სტუდენტის დიპლომი.

რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანის ცხოვრებას ვეცნობი, ყველა მათგანთან ვპოულობ საჭირო რჩევას, რომელიც ძალიან მეხმარება სხვადასხვა სახის სირთულის დაძლევაში. ვაღიარებ, ჯიუტი მოსწავლე ვარ და ხშირად მეზარება ცხვირწინ მოჯახუნებულ კართან ჭიდილი, მაგრამ მერე სინდისი მქენჯნის, რადგან ვიცი, მეტი შემიძლია და მაინც არაფერს ვაკეთებ იმ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს. იქნებ თქვენ მაინც მოახერხოთ და დაეუფლოთ იმ საგანს, რომელიც არსად ისწავლება, მაგრამ რომელთან დაკავშირებულ ცოდნასაც წარმატებული ადამიანები ყოველთვის გულუხვად გვიზიარებენ. გულითა და სულით წარმატებას გისურვებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი