პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კლდის პირას, ჭვავის ყანაში. მოთამაშე დამჭერი

“ზამთარში, რომელიმე უბადრუკ დღეს, ჰოლდენ კოლფილდის განწყობა გადმომედება – მდინარესთან ახლოს დასახლების სურვილი. პურის ფულის შოვნის მოსაპოვებელ ხერხებზე დავიწყებ ფიქრს. ჩემი ქმარი შეშას დაჩეხავს… კიდევ, ესმესნაირი იდეები მომხიბლავს: “ჯაზთან ერთად უნდა გამოვიდე რადიოში და ფულები მოვხვეტო, მერე ოცდაათისა რომ გავხდები, რანჩოს მოვაწყობ ოჰაიოში”. წელს ზამთრის განწყობას ისევ სელინჯერი მიქმნიდა თავისი გულწრფელი, ემოციური და მწერლობაზე მეოცნებე პერსონაჟებით, კოლფილდზე ვფიქრობდი, გოგონებისთვის ოქროსავით ბიჭზე”, – ვწერდი მრავალი წლის წინ ერთ-ერთი ჟურნალისთვის.
წელსაც, ამ ფეთიან დეკემბერშიც, ვერ ვუღალატე ტრადიციას, თბილად მოვკალათდი და ისევ სელინჯერს მივუბრუნდი. ჩემთვის შობა-ახალი წლის მოლოდინი ასე იწყება, ამ “ფეთიანი” ბიჭის წინასაშობაო ამბების კითხვით, რომელსაც ახლავს მთელი საშობაო განწყობის არომატები, თოვლის ფანტელები, დარიჩინიანი ტკბილეულის სურნელი და საზეიმოდ განათებული ოთახები, ქუჩები, ეზოები. გარეთ კი ისე ცივა, ძაღლი არ გაიგდება, თოვს კიდეც, ის კი, სკოლიდან უკვე მეოთხედ გაგდებული, ნიუ-იორკის ქუჩებში დაეხეტება თავისი წითელი სანადირო ქუდით, კარტუზჩამოფხატული. ნაცნობ გოგონებს ურეკავს, პაემანზე უთანხმდება, ხანაც რაღაც შარში ეხვევა, ღამის ბარებს სტუმრობს და ნაცნობ მუსიკოსს უსმენს, უცებ ყალბ მოტივს აღმოაჩენს და მერე ყველაფერი ერთიანად ბეზრდება და ისევ გარეთ გარბის, ტაქსის აჩერებს და მძღოლს ქალაქის ცენტრალური პარკის ტბის იხვებზე ეკითხება, ტბა რომ გაიყინება, ნეტავ სად წავლენო? მართლა აინტერესებს, ისტორიის მასწავლებელ მოხუც სპენსერს რომ ელაპარაკებოდა, მაშინაც იმ იხვებზე ფიქრობდა. მძღოლს კი ჰგონია, დასცინის, მასხარად იგდებს, და ძალიან ბრაზდება.

ჰოლდენს კი ნამდვილად აინტერესებს იხვების ამბავი – ნეტავ სად მიდიან, როცა ასე ყინავს? მასაც ხომ არსად აქვს წასასვლელი; იცის, თუ შინ ახლა დაბრუნდა, ნაადრევად გაიგებენ პენსიდან მისი “გამოპანჩურების” ამბავს. ამიტომაა, რომ აღმა-დაღმა დაეხეტება და ამიტომაა, რომ ყველაფერი სძულს. სძულს სკოლა, სადაც, როგორც ამბობს, არც მამაცი უნახავს ვინმე და არც საღად მოაზროვნე. “დიდი დიდი, ერთი-ორი კაცი და ისინიც ალბათ უკვე მამაცები მივიდნენ სკოლაში”. სძულს სიყალბე, სძულს ზოგიერთი სიტყვა, უბრალო ჩემოდნები, ნიუ-იორკი, ტაქსები, კონდუქტორები, კოხტაპრუწა ვაჟბატონები. კინოც სძულს, ვერც უხსენებ. მარტო წიგნები უყვარს, ოღონდ მხოლოდ ისეთები, წაკითხვის შემდეგ ავტორთან რომ მოგინდება დაძმაკაცება და ტელეფონით საუბარი. ჰოლდენს ხანდახან ყველაფერი სძულს და ყველაფერს დასცინის. 17 წლისაა. ეს თავისებური ასაკია, ზიზღების გაზვიადებისა და სოციუმთან კონფლიქტის, მძაფრი შეგრძნებებისა და ახალგაზრდული თავზე ხელაღებულობის. ჰოლდენი ანტიგმირია, სიმპათიური, მომხიბვლელი ანტიგმირი, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს ცუდ მაგალითს იძლევა: სიგარეტს ეწევა, უწმაწურ სიტყვებს ამბობს, ჟარგონით ლაპარაკობს, სკოლიდან უკვე მერამდენედ გამოაგდეს, – მაგრამ კეთილი ზრახვები აქვს, რომლებსაც თავის უმცროს დას ფიბის ანდობს: გახდეს იმ ბავშვების დამჭერი, რომლებიც ციცაბო კლდის პირას თამაშობენ და უფსკრულში გადაჩეხვას გადაარჩინოს. მაგრამ ვინ იზრუნებს თავად ჰოლდენზე, იქნებ მასაც სჭირდება დამჭერი ჭვავის ყანაში, უფსკრულის პირას? მერე რა, რომ იმხელა აყლაყუდაა…
იქნებ მასწავლებლები არიან ის დამჭერები, იქნებ მათ ხელშია ათასობით, ათიათასობით ჰოლდენ კოლფილდისნაირი ბიჭის გადარჩენა… მე კი მაინც ვერ ვხვდები, რატომ უნდა გააგდო სკოლიდან მოსწავლე, რომელსაც გაყინული ტბის იხვების ბედი ადარდებს და უფსკრულის პირას, ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვების გადარჩენაზე ფიქრობს.
 
პ.ს ბლოგის წერას ვამთავრებდი, რომ ერთმა არც ისე პატარა გოგომ თავისი მეგობრისთვის თხზულების დაწერა მთხოვა – მასწავლებელს თავისუფალი თემა მიეცა: “რა არის მამული?”. დავიბენი, მაგრამ მაინც დავპირდი, რომ დავეხმარებოდი, დავჯექი და დავწერე ისე, როგორც ვფიქრობდი. ისევ ჰოლდენი გამახსენდა – პანსიონის მეწყვილე სტრედლეიტერი “ოთახზე” ესეს დაწერას რომ სთხოვს, ეს კი თავისი გარდაცვლილი ძმის – ელის ხელთათმანზე დაუწერს. სტრედლეიტერი უკმაყოფილო დარჩება, ჰოდა, ჰოლდენიც სულ ნაკუწებად აქცევს თავის თხზულებას… ჩემს უმცროს მეგობარს გავუგზავნე პატარა ტექსტი თემაზე, რა არის ჩემთვის “მამული”. მომწერა: “კომუნისტკაა, აუ, რაღაცნაირი ქალია და რაღაცნაირად აზროვნებს”.
ასეც ვიცოდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი