პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ნელსონ მანდელა: „როლიჰლაჰლა“ – ის, ვინც თავის თავზე იღებს დარტყმებს

18 ივლისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი გმირისა და პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას დაბადების დღე აღნიშნეს. ამ დღეს 12 მილიონამდე მოსწავლემ უმღერა მას სადღეობო ჰიმნი: “დაბადების დღეს გილოცავთ, ნელსონ მანდელა”, ხოლო რესპუბლიკის მინისტრებმა სხვადასხვა საქველმოქმედო აქცია გამართეს. თვითონ იუბილარმა მოკრძალებით აღნიშნა ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად. 

სამხრეთ აფრიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ცხოვრების 67 წელი აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანამემამულეთა უფლებების დაცვას შეალია. ამის გასახსენებლად მანდელას ფონდმა ყოველ სამხრეთაფრიკელს მოუწოდა, მონაწილეობა მიეღო აქციაში “67 წუთი”: ეს დრო კეთილი საქმეების კეთებაში დაეხარჯა, ადამიანებს დახმარებოდა და მათთვის იმედი მიეცა. აქციაში ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ: ესტუმრნენ მოხუცთა და ობოლთა თავშესაფრებს, მონაწილეობა მიიღეს ღარიბებისთვის საკვების განაწილებაში და ა.შ. ამავე დღეს ქვეყანაში მანდელასადმი მიძღვნილი უამრავი გამოფენა გაიხსნა.

“ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ჩვენს ხალხს შეუძლია, ნელსონ მანდელას მიუძღვნას, ეს მისი კეთილშობილებისა და დიდსულოვნების გაზიარებაა,” – განაცხადა აპარტეიდთან ბრძოლის აქტივისტმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, არქიეპისკოპოსმა დესმონდ ტუტუმ. 

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საქმიანობიდან გადადგა, მანდელა მშობლიურ სოფელში დასახლდა და ბოლო ორი წელი, ნაკლებად ჩნდებოდა საჯაროდ, თუმცა კი მუდმივად თვალს ადევნებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 11 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, 18 ივლისი ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობა აღიარებს ნელსონ მანდელას ცხოვრებისეულ ფასეულობებს და მის მნიშვნელოვან წვლილს კონფლიქტთა დარეგულირებასა და რასობრივი ურთიერთობების მოგვარებაში, ადამიანთა უფლებების დაცვაში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაში, ბავშვთა და სამყაროს სხვა დაუცველი მოსახლეობის უფლებებისათვის, ასევე ღატაკი და ნაკლებად განვითარებული სოციალური ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში. 

სამყაროს ახსოვს ნელსონ მანდელა – აფრიკის ნაციონალური კონგრესის (ანკ) მეთაური, აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი, რომელიც 27-წლიანმა პატიმრობამაც ვერ გატეხა. 1990 წელს 73 წლის მანდელას გათავისუფლება წლის უმნიშვნელოვანესი, ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა გახდა. ვესტერის ციხიდან მის გამოსვლას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში. ყველამ დაინახა, რომ ხანგრძლივმა პატიმრობამ მხოლოდ მის სხეულს დაატყო კვალი, ხალხის კეთილდღეობისთვის მებრძოლის სულისკვეთებას კი ვერაფერი დააკლო. მანდელას გულმხურვალე შეხვედრა მოუწყვეს: უამრავი ტელეკამერა, ფოტოაპარატი, ჟურნალისტი ელოდა მის გამოჩენას. რაც მთავარია, ყოფილ პატიმარს უამრავი კეთილი სურვილი და დიდი იმედი შეაგებეს. მანდელა გაოცებასა და სიხარულს ვერ მალავდა: “გუშინ ტერორისტს მეძახდნენ, ციხიდან გამოსული კი ბევრმა ჩამიკრა გულში, მათ შორის ჩემმა ყოფილმა მტრებმაც”. 

მანდელა ციხიდან გამოსვლისთანავე ანკ-ის მეთაური გახდა და მონდომებით შეუდგა თავისი მიზნების განხორციელებას. შემოიარა მთელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ხალხს თანასწორუფლებიანობისკენ მოუწოდა. ექვს თვეში მან ოფიციალურად განაცხადა ანკ-ის შეიარაღებული ბრძოლის დასრულების შესახებ. ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდებისთვის უპირატესობის მინიჭებამ მანდელას ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები ჩამოაშორა. ეს ცვლილება მრავალი შიდა დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ზოგიერთისთვის იგი მხოლოდ პატივსაცემი ჯენტლმენი იყო, რომელსაც კეთილშობილური, მაგრამ უტოპიური, განუხოციელებელი იდეები ჰქონდა.

მანდელამ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო მოქმედ პრეზიდენტ დე კლარკთან. „თუ მშვიდობა გინდა, შენს მტერთან ერთად უნდა იმუშაო, მაშინ ის შენი პარტნიორი ხდება,” _ განაცხადა მან. მართალია, მათი ურთიერთობა სავსე იყო კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით, მაგრამ მაინც მოხერხდა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. მათ შორისაა მანდელასა და დე კლარკის „ურთიერთგაგების ჩანაწერი”. 1993 წელს მანდელა და დე კლარკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. 

მთავარ მიზანს – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას – ნელსონ მანდელამ 1994 წლის 27 აპრილს მიაღწია. იმ დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დიდმა მღელვარებამ მოიცვა. შავკანიან მოქალაქეებს პირველად მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საკუთარ ქვეყანაში. მანდელას ლიდერობით ანკ-მა ხმების 62,6% მოაგროვა და ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტი გახდა. ბევრისთვის გასაკვირად, მან კაბინეტში ეროვნული პარტიის (თეთრკანიანების) და მოწინააღმდეგე შავკანიანთა პარტიის წევრებიც დანიშნა. მანდელამ პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების პატივისცემა მოიპოვა. დაიწყო აპარტეიდული კანონების გაუქმება. ამავე დროს პრეზიდენტი აფრთხილებდა მოსახლეობას, დიდი ცვლილებები ერთ ღამეში არ ხდება, ხვალვე „მერსედესები” არ გეყოლებათ და არც საკუთარ აუზებში იცურავებთ უდარდელადო.  

მანდელას მთავრობის პრიორიტეტებს ჯანმრთელობა, განათლება და ეკონომიკური სტაბილურობა წარმოადგენდა. ამასთანავე ის მუდმივად მოუწოდებდა თავის თანამემამულე შავკანიან უმრავლესობას და თეთრკანიან აფრიკელებს სიყვარულისა და ურთიერთგაგებისაკენ. „არავინ იბადება სხვა ფერის კანის, სხვა წარმოშობისა და სხვა რელიგიის მქონე ადამიანებისადმი თანდაყოლილი სიძულვილის გრძნობით. ამ სიძულვილს ადამიანები სწავლობენ და რადგან ამ სიძულვილის სწავლა შეიძლება, მაშინ სიყვარულის სწავლაც შესაძლებელი უნდა იყოს,” _ ამბობდა იგი. მანდელას მიერ გაღებული ძალისხმევის კარგი მაგალითია შავკანიანებისთვის ერთ დროს საძულველი თეთრკანიანი რაგბისტების გუნდის გულშემატკივრობა 1995 წლის მსოფლიო თასზე. სიყვარულისა და თანასწორობის ნიშნად, მანდელამ „სფინგბოქსების” მაისური ჩაიცვა და ისე გადასცა გუნდის კაპიტანს ჯილდო.

ნელსონ მანდელა პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგაც აქტიურად არის ჩართული სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მას დღესაც „მადიბას” – ოჯახის უფროსს ეძახიან. ის და მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია „46664″ შიდსის წინააღმდეგ იბრძვიან. მისი ვაჟი შიდსით გარდაიცვალა. მას ესმის ამ ვირუსით დაავადებულებისა და მათი ახლობლების ტრაგედია. 2007 წელს მანდელამ თანამოაზრეებთან, დესმონ ტუტუსა და გ. მაჩელთან ერთად იოჰანესბურგში მსოფლიოს ლიდერთა ჯგუფი „უფროსები” ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც ლიდერთა მიერ ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა მსოფლიო მნიშვნელობის მქონე საჭირბოროტო საკითხების მოგვარების მიზნით. ამ ჯგუფის წევრთა არასრული სია ასე გამოყურება: კოფი ანანი, ჯიმი კარტერი, მერი რობინსონი, მუჰამაუ იუნუსი… 

დაბადებისას მას „როლიჰლაჰლა” დაარქვეს, რაც ნიშნავს: „ის, ვინც თავის თავზე იღებს დარტყმებს”. სკოლის მასწავლებელმა მას ნელსონი შეარქვა, რადგან აფრიკული სახელის წარმოთქმა უჭირდა. იგი ახალგაზრდობიდანვე ჩაება პოლიტიკურ მოძრაობებში. 22 წლის იყო მანდელა, როცა კოლეჯიდან გარიცხეს სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების გამო. მალე ის იოჰანესბურგში გადავიდა და ოქროს მაღაროში დაიწყო მუშაობა. ამავე დროს უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტიც დაამთავრა. იოჰანესბურგშივე გაიცნო მან სულიერი მოძღვარი ვოლტერ სისულუ და მომავალი თანამებრძოლი ოლივერ ტამბო.

 

მალე მანდელამ ოლივერ ტამბოსთან ერთად იოჰანესბურგში პირველი საადვოკატო ფირმა გახსნა, რომელიც შავკანიანებს ემსახურებოდა. თავისი საქმიანობის გამო ის ყოველდღე აწყდებოდა რასიზმის დამამცირებელ გამოვლინებებს. 1944 წელს ნელსონი აფრიკის ნაციონალურ კონგრესს შეუერთდა. ანკ-ი იმ დროისათვის სამხრეთ აფრიკაში შავკანიანთა სოციალური და პოლიტიკური უფლებებისათვის მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია იყო. მანდელა და ანკ-ის ახალგაზრდული ლიგის წევრები თავიდან განდის მშვიდობიანი წინააღმდეგობის იდეით იყვნენ შთაგონებულნი და ბრძოლის პაციფისტურ მეთოდებს უჭერდნენ მხარს. 

პრაგმატულობით, სხვისი მოსმენისა და მოთმინების უნარის წყალობით მანდელამ მალევე შეძლო თანაგუნდელების მოხიბლვა. 1951 წელს ის ანკ-ის ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტი გახდა. პასუხისმგებლობის ზრდასთან ერთად შეიცვალა მისი პაციფისტური შეხედულებებიც, იგი ყველაზე რადიკალურ ფრთას – წინააღმდეგობის ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. ამის მიზეზი სამხრეთ აფრიკაში შავკანიანთა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება იყო. 1948 წლიდან კოალიციურმა მთავრობამ, დანიელ მალანის ხელმძღვანელობით, მწვავე რასისტული და დისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას მიჰყო ხელი. აიკრძალა სხვადასხვა რასის ადამიანთა შორის ქორწინება, დადგინდა მკაცრი გეოგრაფიული ზონები სხვადასხვა რასის წარმომადგენელთათვის, შავკანიანთა გადადგილების შეზღუდვის მიზნით მკაცრად გაიმიჯნა შავკანიანთა და თეთრკანიანთა საავადმყოფოები, სკოლები, პარკები, ავტობუსები და სხვ. 

მანდელას თაოსნობით ანკ-ის ახალგაზრდული ლიგა აქტიურად მოუწოდებდა შავკანიანებს სამოქალაქო წინააღმდეგობისაკენ. მათ აპარტეიდის კანონის საწინააღმდეგოდ 600-მდე დემონსტრაცია და გაფიცვა მოაწყვეს. მთავრობამ ანკ-ი კანონგარეშედ გამოაცხადა და მანდელას, როგორც მისი ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტს და წინააღმდეგობის ჯგუფის ხელმძღვანელს, 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით, 1956 წელს, მას ღალატის ბრალდებაც წაუყენეს. ანკ-ის წევრებისა და საერთოდ, სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის სახალხო მოძრაობისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა შარფევილის მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დარბევა 1960 წელს. ამ სისხლიან დარბევას 60-მდე შეუიარაღებელი შავკანიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ამავე დროს ანკ-ისა და პანაფრიკული კონგრესის ყოველგვარი მოქმედება აკრძალა. მანდელასა და მის თანამებრძოლებს ადამიანთა უფლებების დეკლარაციის სწამდათ. მათ სწამდათ, რომ ხელისუფლების ძალაუფლების საფუძველი ხალხის ნება უნდა ყოფილიყო. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ანკ-მა დაასკვნა, რომ იმ დროს ბრძოლის შეწყვეტა აფრიკის სამუდამო დამუნჯების ტოლფასი იქნებოდა. 

მანდელას აზრით, აპარტეიდული ხელისუფლების დასამარცხებლად საჭირო იყო ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. 1961 წელს ეთიოპიაში პანაფრიკულ კონფერენციაზე მან განაცხადა: „როცა ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის მთავრობა მხოლოდ ძალის გამოყენებით ახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას უმრავლესობის წინააღმდეგ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში აღარ სუფევს”. იმავე წელს ჩამოყალიბდა იატაკქვეშა შეიარაღებული მოძრაობა „ერის მახვილი”, რომლის საპატიო მდივნადაც ნელსონ მანდელა დაინიშნა. მიუხედავად დიდი რისკისა, ორგანიზაციისათვის საჭირო ფინანსების მოსაძიებლად ის აფრიკის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობდა. დაბრუნებისას მანდელა ქვეყნის უკანონოდ დატოვებისა და არაკანონიერი დემონსტრაციების მოწყობისათვის დაპატიმრეს. მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე მან კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი შეხედულება: „მე რასისტი არ ვარ და არანაირი სახის რასიზმს არ ვუჭერ მხარს. ჩემთვის თეთრკანიანების რასიზმიც ბარბაროსობაა და შავკანიანებისაც”. 

1964 წელს პრეტორიის უზენაესმა სასამართლომ მანდელას ქვეყნის ღალატში დასდო ბრალი. თავის სიტყვაში ნელსონმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა საკუთარი მრწამსი და შეხედულებები; ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის დროზე ანკ-ს სწამდა მშვიდობიანი წინააღმდეგობის ძალისა, რომ მისი პოლიტიკა და მოქმედება შარპელვილის სისხლისღვრამდე მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი იყო. მან უარყო ღალატის ბრალდება და ამავდროულად აღიარა, რომ “ერის მახვილის” მიერ ორგანიზებული შეიარაღებული თავდასხმები ერთადერთი გზა იყო აპარტეიდის დასამარცხებლად, რადგან მთავრობის მოქმედებებმა სხვა არჩევანი არ დაუტოვეს. 

ნელსონ მანდელას სასამართლომ მუდმივი პატიმრობა მიუსაჯა. მისი ბოლო, 27-წლიანი პატიმრობა კეიპტაუნიდან 11 კილომეტრით დაშორებულ რობენის კუნძულზე დაიწყო. ამ კუნძულზე სეგრეგირებული ზონები არსებობდა თეთრკანიანი და შავკანიანი პატიმრებისათვის. აქვე იყო განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეული ზონა პოლიტპატიმრებისათვის. ავტობიოგრაფიულ წიგნში „გრძელი გზა თავისუფლებამდე” მანდელა იხსენებდა, რომ მას მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ ჰქონდა უფლება, ერთი მნახველი და ერთი წერილი მიეღო. ეს უკანასკნელი ხშირად დიდი დაგვიანებით მოსდიოდა და ისე იყო დაზიანებული, რომ მისი წაკითხვა შეუძლებელი ხდებოდა. ქვეყანაში აიკრძალა მანდელაზე საუბარი – ამ გზით მთავრობას სურდა, საზოგადოებას დავიწყებოდა ის და მასთან ასოცირებული ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის. 

მანდელა განსაცვიფრებელი მოთმინებით იტანდა მძიმე პატიმრობას. მას არც იმედი დაუკარგავს და არც ცხოვრების ხალისი. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მან ლონდონის უნივერსიტეტში დისტანციური სწავლება გაიარა და იურისპრუდენციის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ხანგრძლივმა პატიმრობამ კვალი მის ჯანმრთელობას დაამჩნია. შავკანიან აქტივისტებზე მანდელას „არასასურველი გავლენის” შესამცირებლად მთავრობამ ის და ანკ-ის სხვა ლიდერები პოლსმურის ციხეში გადაიყვანა. პატიმრობისას მას არაერთხელ შესთავაზეს გარიგება – საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ ბანტუსტანის პოლიტიკის მართებულობა ეღიარებინა და ანკ-ის ბრძოლის მეთოდები დაეგმო. მანდელამ ყველა შემოთავაზება უარყო: „არ მესმის, რა თავისუფლებას მთავაზობენ, როცა ხალხის ორგანიზაცია ჯერ კიდევ აკრძალულია. პატიმრებს არ შეუძლიათ მოლაპარაკება და არც გარიგება. ეს მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ”.  

ნობელის პრემიის გარდა, ნელსონ მანდელას 20-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო ქონდა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი ხარისხის ორდენი, მეგობრობის ორდენი რუსეთისგან, პლაი ხირონის ორდენი კუბისგან, ხალხთა მეგობრობის ვარსკვლავი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისგან, დამსახურების ორდენი დიდი ბრიტანეთისგან, აშშ-ს კონგრესის ოქროს მედალი და პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, უკრაინის კნიაზ იაროსლავ ბრძენის პირველი ხარისხის ორდენი, ბხარატ რატნას ორდენი ინდოეთისგან, აცტეკური არწივის ორდენი მექსიკისგან და სხვ. 

ნელსონ მანდელას პატივსაცემად ინგლისურმა ჯგუფმა “The Specials”  ჩაწერა სიმღერა “ნელსონ მანდელა”. მისი სახელი ეწოდა უგანდის საქალაქო ოლქს, აქვე გაიხსნა მისი სახელობის ეროვნული სტადიონი. კეიპტაუნში მანდელას სახელი მიენიჭა ქუჩას, ლონდონის ცენტრში კი მისი მონუმენტი აღმართეს. 1988 წელს საბჭოთა კავშირში მანდელასადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა გამოუშვეს. 2009 წელს კი გამოვიდა დოკუმენტური დრამა “დაუმორჩილებელი”, რომელიც ამ დიდი საზოგადო მოღვაწის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მიმდინარე წელს კომპანია Google-მა ნელსონ მანდელას ციფრული არქივი შექმნა. 

იგი 5 დეკემბერს სამ­ხ­რეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი