პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

წინათ და ახლა

ალბათ უდავოა, რომ ყველა თაობას სხვადასხვა შეხედულებები და ცხოვრების სხვადასხვაგვარი წესი აქვს. ცხოვრების წესის ეს სხვადასხვაობა უამრავ კერძო შემთხვევაშიც შეიძლება გამოიხატოს, თუნდაც ისეთებში, როგორებიცაა სპორტისადმი დამოკიდებულება, გარეგნული იერი, სიარულის, ქცევის მანერა და სხვა.
ამის დასტურად ჩვენს ოჯახებში სათუთად შენახული ძველი საოჯახო ალბომებიც გამოდგება, რომელთა შავ-თეთრი, სიფრიფანა ფოტოებიდან პოლბოქსის ყაიდაზე თმაშეჭრილი ვაჟები და მკერდზე ნაწნავებდაყრილი, წარბებგადაკალმული ქალები შემოგვცქერიან.

ვგონებ, ურიგო არ უნდა იყოს, თუ ძველი და ახალი თაობის ორი ახალგაზრდა სპორტსმენის ერთ სავარაუდო დღეს წარმოვიდგენთ. ეს უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს მათ განსხვავებულობას. გარდა ამისა, საკითხზე ასე მსჯელობა, ჩემი აზრით, ერთგვარი, თუნდაც წუთიერი რესტავრაციაა მეოცე საუკუნის შუა ხანებისა. თუმცა უნდა გამოგიტყდეთ – ვინაიდან წინა თაობის ახალგაზრდობას არ შევსწრებივარ, მათივე მონათხრობისა და წიგნებში ამოკითხული ამბების საფუძველზე მომიწევს ამ დღის აღდგენა, ამიტომ, დამეთანხმებით, სურათი მთლად სანდო ვერ იქნება, თუმცა მაინც ძველით დავიწყებ.
1948 წლის 20 მარტის დილა. თბილისი. დასანგრევად განწირული ბარაკის პირველ სართულზე, რომლის სამივე ფანჯარა მეტალოკონსტრუქციების ქარხანას გადაჰყურებს, დიდი ფაციფუცია. ეს იმიტომ, რომ ახლახან გაიღვიძა ამ სართულზე ვიწროდ მცხოვრები, მაგრამ გაფართოების პერსპექტივის მქონე ოჯახის უფროსმა,  20 წლის, ფეხბურთელმა ვაჟიშვილმა, რომელსაც ვარჯიშზე მიეჩქარება და ცდილობს, არ დაიგვიანოს.

თუმცა, როგორც ჩანს, დღეს ვარჯიშზე წასვლა არ უწერია, რადგან გზაში ორ ძველ ნაცნობს, მოჯიბგირო ელემენტებს – ნახალოვკელ პაწოს და ავლაბრელ არუთინას – ეფეთება.

– ვაა, ფუტბალისტ, – დაცინვით ეუბნება პაწო, ნაცრისფერი ხინკალა ქუდის ქვეშ ხელს იყოფს და კეფას იქექავს. პაწოს არც არუთინა ჩამორჩება: `შენ რა მაზალო ვინმე ხარ, ტო! ფუტბოლზე რა გინდა? წამო, რამე კაი ამბავი ვქნათ!” „რა ამბავი რო?” – ინტერესდება ჩვენი გმირიც, რომელსაც ვარჯიშის გაცდენა უკვე გადაუწყვეტია. „წამოდი და ნახამდე!” – ამას ისევ ავლაბრელი არუთნა ამბობს და რამდენიმე წუთში სამივე ტრამვაის ლიანდაგისკენ გარბის. გაჩერებულ ტრამვაიში ჩაჯდომა ცოტა ეუხერხულებათ, რადგან ბიჭობა სწორედ ისაა, დაძრულ ტრამვაის რომ შეახტები, თორემ გაჩერებულში ასვლას რა უნდა? მართლაც, სამივე დაძრულ ტრამვაის ახტება.

ჩუღურეთში, ძველ, დანგრეულ ეკლესიასთან ჩამოხტებიან. იქ უკვე ყომარი გაუხურებიათ. დღეს ჩუღურეთელებისა და ნახალოვკელების საერთო ყომარია, თუმცა აქა-იქ სხვაუბნელი ტიპების სიფათებიც მოჩანს, ნერვიულობისგან ოფლმოსკდარი სახეებით რომ დასცქერიან კალითა და ათასი სხვა უბედურებით გამოტენილ კამათლებს. ახალმოსულებს ყველანი `პრივეტებით” ესალმებიან და ადგილს უთავისუფლებენ.

მალე ისინიც ერთვებიან საერთო აურზაურში და ასე მხიარულად გადის დღე. საღამოს კი მტკვრის ნაპირას, „კაფჩონით” და პივა-არყით დამშვენებულ `ძმურ” სუფრაზე, ჯერ კიდევ დილით `სწავლას მოწყურებული” ჩვენი გმირი, როგორც `სასტავში” ყველაზე განათლებული (პროფესორა) თამადა, იმ კაცური კაცობის ძალას ლოცავს, რამაც ყომარში მოგება და წაგება დააძმობილა. რა დროს ვარჯიში და ოფლისღვრაა, თუ ძმა ხარ…
ეს – წინათ. ახლა კი ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ამავე ასაკის თანამედროვე ბიჭის ერთი თბილისური დღე.
თბილისის რომელიღაც მიკრორაიონში მცხოვრებ ფეხბურთელ ბიჭს ზემოსართულელი თინეიჯერი გოგონას მიერ დილაადრიან ჩართული ლელა წურწუმიას სიმღერა აღვიძებს.

მასაც ვარჯიშზე მიეჩქარება, მაგრამ აღმოაჩენს, რომ შინ საჭმელი აღარ არის. რაც იყო, მის მუტრუკ უფროს ძმას ერთიანად შეუსანსლავს, `ბუტკებში” კი, თითქმის ყველგან, ვალი ადევს, ამიტომ მისი ტვინი გამალებით მუშაობს „საზრდოს მოსაპოვებლად”.

იქვე, მისი სახლის მახლობლად, ხომ `ენჯეოშნიკი” ძმაკაცის ოფისია. ძმაკაცს კი იმდენი ფული ყოველთვის აქვს, რომ ლუდი და ხინკალი თუ არა, ფენოვანი ხაჭაპური მაინც აჭამოს. მართლაც, მიდის ზუსტად მაშინ, როდესაც ხსენებულ არასამთავრობოში ტრაპეზია გაჩაღებული. ძეხვი, ყველი, `პერაშკი” და ასეთი რამე-რუმები ზედ კომპიუტერის მაგიდებზე გაუშლიათ და შეექცევიან.

ბიჭიც არ გამოიდებს თავპატიჟს და „ნადიმს” უერთდება. მერე გუნებაზე მოდის და იქვე, ერთ-ერთ თავისუფალ კომპიუტერზე ჩათაობით იქცევს თავს. ამასობაში აღმოაჩენს, რომ 6 საათს 20 წუთი უკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ 20 წუთში იტალიის ჩემპიონატი იწყება და 4 `ენჯეოშნიკთან” ერთად იქვე, ახლომდებარე ტოტალიზატორში ჩადის. სწრაფად ავსებენ თითოლარიან ბილეთებს და რაკიღა იციან, რომ მაინც წააგებენ, წინასწარ იოხებენ გულს სტუმარ-მასპინძელი გუნდების გინებით.

მაგრამ არა! ხანდახან სასწაულებიც ხდება. ჩვენი გმირის ერთი მეგობარი 1 ლარში 31-ს იგებს. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! ეს 31 ლარი ხომ სახინკლეს ნიშნავს! თანაც `სერიოზულ” სახინკლეს. მართლაც, მიაკითხავენ `ავჭალასა შიგან მდებარე ფრიად ნაქებ სახინკლესა ამას” და მადლობა ღმერთს, რომ ლარიანი არყის დალევა აღარ მოუწევთ.

და ასე, გამუდმებით… გადის დღეები, თვეები, წლები… დუქნებში ისევ ხვრეპენ ლუდს და აყოლებენ ხინკალს, სადღაც ისევ თამაშობენ ყომარს და ისევ ოფლი გადასდით სახეზე, მაგრამ ის ბიჭები რომლებიც, წესით, გარიჟრაჟიდანვე მწვანე მინდორზე გაქაფულნი უნდა დარბოდნენ, უძეგლოდ რა გითხრათ, მაგრამ უტიტულოდ ნამდვილად იკარგებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი