ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მესაუბრეთ ჩარლიზე

გუშინ ცნობილი პროფესორისა და ლიტერატორის ლექციის ვიდეო ჩანაწერს ვუსმენდი, უფრო სწორად, ჩემი მეუღლე უსმენდა და მე კი თავიდან, შეძლებისდაგვარად, ყურს ვარიდებდი: ცინიკოსებისა არაფერი მწამს და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ, მიუხედავად ზოგიერთი მათგანის სიჭკვიანისა და ორატორული ხელოვნების უნარის ფლობისა ანდა სწორედ ამ უნარის გამოც, ახალგაზრდებზე მუდამ ცუდ გავლენას ახდენენ. მაგრამ მერე ამ კაცმა ერთი სწორი და მშვენიერი ახსნა შესთავაზა სტუდენტებს იმისა, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ _ ლიტერატურა გვაძლევს იმუნიტეტს ჩვენი მოსალოდნელი უსიამოვნებებისა და უბედურებების გადასატანად, გვაძლევს გამოცდილებას, რომ ტრაგედია, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში გარდაუვლად მოხდება ერთხელ მაინც, მხოლოდ ჩვენი ხვედრი არ არის და გვთავაზობს გამოსავალს, როგორ შეიძლება, ერთი შეხედვით დაუძლეველ გასაჭირთან გამკლავება.

დეპრესია თუ გქონიათ ოდესმე? მე ორჯერ მქონდა, გარდატეხის ასაკის ჩვეული უხასიათობა კი არა _ უფრო გვიანდელი, სერიოზული. ორჯერვე წიგნმა მიშველა: პირველი რუბენ გალიეგოს რომანი გახლდათ, ,,შავით თეთრზე” _ მის შესახებ უკვე დაწერა ჩვენს ინტერნეტჟურნალში გოჩა გაბოძემ; მეორემ უფრო მიშველა, რადგან ეს მხატვრული კი არა, ავტობიოგრაფიული ნაწარმოები გახლდათ, თანაც არამწერლის (თუმცა, ამ წიგნის ავტორს და დავით აღმაშენებელს სულ მერიდება ,,არამწერალი” ვუწოდო, მერე რა, რომ სხვა საქმეს უკეთ აკეთებდნენ და ამით შემორჩნენ ისტორიას _ ისინი ნამდვილი მწერლებიც იყვნენ) და ამიტომ უფრო რეალისტურად მეჩვენა მისი პერიპეტიები _ ეს ჩარლი ჩაპლინის ,,ჩემი ბიოგრაფია” იყო, რომელსაც ვახტანგ ჭელიძის უნაკლო თარგმანით გავეცანი.

გავიხსენოთ, როგორ იწყება კლასიკური ინგლისური რომანი: ,,დევიდ კოპერფილდი”, ,,ტეს დ’ერბერვილი”, ,,ჯეინ ეარი”. . . _ რა თქმა უნდა, უბედური ბავშვობის აღწერით: შიმშილამდე მისული გაჭირვებით, უდიერი მოპყრობით, დამამცირებელ მდგომარეობაში მყოფი მშობლების ყურებით… ჩარლის რეალური ცხოვრება ზედმიწევნით ჰგავს ფიქშენს, ოღონდ ერთი განსხვავებით, ჩარლი ხუთი წლის იყო, როდესაც საკუთარი თავი იპოვნა, როდესაც ერთხელ ხმაჩამწყდარი დედის ნაცვლად გამოვიდა სცენაზე და მაყურებელი მოაჯადოვა.

ნაკლებად თუ გამოვდგები ფსიქოანალიტიკოსად, მაგრამ ასე მგონია, რომ ადამიანი ბავშვობაში თავის ცხოვრებისეულ მოწოდებას ოდნავ მაინც თუ შესწვდება, ოდნავ მაინც თუ მიუახლოვდება, შორიდან მაინც თუ მოკრავს თვალს, ამის შემდეგ მისთვის ყველა ცხოვრებისეული გასაჭირი გასაძლისი გახდება. ამიტომაც გული საგულეში ჩამიდგება ხოლმე, როდესაც ვუყურებ ჩემს მოსწავლეს, რომელიც სხვაზე უკეთ წერს, ცეკვავს, ხატავს… ანდა უბრალოდ, იმისი თანდაყოლილი ცოდნა აქვს, რომ ,,თუ თავი შენი შენ გახლავს…” _ ესეც ნიჭია.

ხოლო თუკი ადამიანს ისე გაუმართლა, რომ ხელს მოავლებს, ხელს მოსჭიდებს იმას, რისთვისაც დაიბადა, მერე ყველაზე დიდი გასაჭირი, სიმარტოვეც კი გასაძლისი გახდება მისთვის. ჩარლის ავტობიოგრაფია, ჩემი აზრით, სიმარტოვის ამბავია, რომელსაც გენიოსი წარმატებებით უპირისპირდება, მერე ისევ სიმარტოვე იმარჯვებს, მერე კვლავ წარმატება აბრუებს ჰაშიშივით და დროებით ავიწყებს სიმარტოვეს. და ბოლოს, როდესაც იპოვის უნას, იგი ჩარლისგან რვა შვილს აჩენს _ ეს უფრო მყარი და ხელშესახები ბრძოლაა მარტოსულობის წინააღმდეგ, ვიდრე _ ფილმებით მოსული აღიარება.

ჩარლი ცოტას ყვება სასიყვარულო თავგადასავლებზე და ყოველთვის იმედგაცრუების კილოთი, სამაგიეროდ დიდხანს, დეტალურად და აღფრთოვანებით საუბრობს თითოეული ფილმის პერიპეტიებზე იდეის მოსვლიდან მაყურებლის რეაქციამდე. აღნიშნავს კიდეც, რომ მისთვის სატრფიალო გატაცება არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მუშაობაში შეეშალა ხელი.

ბევრ ადამიანს მოიხსენიებს მეგობრად, თუმცა, დუგლას ფერნბექსის გარდა, ყველაზე ყვება თითო ისეთ დეტალს, რომელიც მიგვახვდრებს, რომ ეს მავანი მისი მეგობარი კი არა, უბრალოდ, მისი ,,წრის” წევრია, წრისა, რომელსაც ხელოვანები ქმნიან, რათა ერთმანეთისგან შემოქმედებითი ენერგია მიიღონ. საინტერესოა ჩარლის დაკვირვება მათზე:

,,მწერლები კარგი ხალხია, მაგრამ ადვილად არაფერს დათმობენ. რაც თვითონ იციან, იმას იშვიათად თუ გაუზიარებენ სხვებს. უმრავლესობა თავიანთ წიგნის ყდაში ინახავს ამ საუნჯეს. მეცნიერები კარგი სამეგობრო ხალხია, მაგრამ მათი უბრალო გამოჩენაც კი სასტუმრო ოთახში ერთბაშად გაგაოგნებს. მხატვრები საშინლად მოსაწყენები არიან. სულ იმას ცდილობენ, როგორმე დაგარწმუნონ, ჩვენ ფილოსოფოსები უფრო ვართ, ვიდრე მხატვრებიო. პოეტები, უსათუოდ, მაღალი კლასის არსებანი არიან _ სასიამოვნო ხალხია, ადვილად ასატანი, ნამდვილი მეგობრები… მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ყველაზე ადვილად მაინც მუსიკოსებთან შეიძლება მეგობრობა. სიმფონიურ ორკესტრზე უფრო თბილი და ამაღელვებელი არაფერია ქვეყნად. პიუპიტრების რომანტიკული შუქი, საკრავების მომართვა, უეცარი სიჩუმე, როცა დირიჟორი გამოვა, თითქოს ხაზს უსვამს მათი ხელოვნების თავისებურებას, იმას, რომ იგი ურთიერთ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრობაზეა დაფუძნებული.”

რა თქმა უნდა, სიყვარულიც, მეგობრობაც და ყოველგვარი ამაღლებული ადამიანური ურთიერთობაც ჭეშმარიტებებია, რომელთაც მეც ვაღიარებ _ მაგრამ ჩარლი ჩაპლინის ,,ავტობიოგრაფია” ჩემთვის არის წიგნი იმაზე, რომ, როდესაც ცვლადი ჭეშმარიტებები მიდიან და მოდიან _ სიყვარულიდან სიყვარულამდე, მეგობრობიდან მეგობრობამდე, წარმატებიდან წარმატებამდე ადამიანს აქვს ყველაზე გამძლე თავშესაფარი _ საკუთარი თავი და საკუთარი საყვარელი საქმე, და ხანდახან ადამიანის ცხოვრება მხოლოდ მისი საყვარელი საქმეა და ეს სულაც არ არის ცუდი, სულაც არ არის ცოტა და ეს არის ის, რამაც მე ერთხელ ასე მიშველა და რის ცოდნასაც ჩემს მოსწავლეებსაც ვუსურვებდი.

ზემოთ მოტანილ ციტატაში ჩარლი არაფერს წერს იმის შესახებ, როგორი მეგობრები არიან სკოლის მასწავლებლები, სკოლაში ცოტა ხანს დადიოდა, კითხვაც კი არ იცოდა ბავშვობაში წესიერად და ეგებ არც ჰყავდა მეგობარი სკოლის მასწავლებელთა შორის; ერთი რამ კი ცხადია, მიუხედავად ამისა, პედაგოგებზე საუკეთესო წარმოდგენის გახლდათ. როდესაც საპატიო ლეგიონის ორდენით თავისი დაჯილდოების სცენას აღწერს, იგი იხსენებს:

,,…მერე კი, როდესაც მინისტრმა ქება-დიდების სიტყვა წამოიწყო, უკვე ასე ჩამჩურჩულებდა ჩემი მეგობარი: ,,გაგაცურეს, ბიჭუნა, სხვა ფერის ბაფთა მოუტანიათ, ამას სკოლის მასწავლებლებს აძლევენ ხოლმე, ამიტომაც აღარც ღაწვებში ჩაგპროშტნიან _ წითელი ბაფთა გეკუთვნოდა, ბიჭუნა.”

მე კი ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ პატივი დამდეს და სკოლის მასწავლებლებთან გამათანაბრეს.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი