ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ზოგი ჭირი მარგებელია, ანუ ოცდამეერთე საუკუნის ქვის ხანის სასწავლო დაწესებულებები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის განკუთვნილ თანამედროვე სახელმძღვანელოებში დიდი ადგილი ეთმობა სასწავლო გარემოს მოწყობის მნიშვნელობას. მე, როგორც 90-იანი წლების მოუხეშავ ყავისფერ კაბასა და თეთრ წინსაფარში გამოკრულ, ,,გაობახტის” მსგავს მერხებში ბავშვობაგატარებულ მოსწავლეს შეეფერება, დიდი სიხარულით შევხვდი პროფესიულ ლიტერატურაში მოსწავლის პირადი სივრცისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობის შესახებ გაჩენილ პუნქტებს. დახურული სივრცის მიმართ ,,არამეგობრულ” დამოკიდებულებაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რა დამავიწყებს მოსწავლეთა უსაფრთხოების სრულ უგულებელყოფას, რომელზე ფიქრისთვის არც პურის რიგში გაუფასურებული კუპონების შეკვრით ხელში საათობით მდგარ ,,მილიონერებს” ეცალათ და არც ამ მილიონების გულუხვად ჩამომრიგებელ მავანთ. არავის დაუცავს მეოცე საუკუნის მიწურულის ბინდ-ბუნდში ჩაკარგული მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება, როცა მთელი თერთმეტი წლის განმავლობაში, მუსიკის გაკვეთილზე, ნახევრად ჩამოქცეულ ჭერქვეშ (პირდაპირი მნიშვნელობით) შოპენისა თუ ბახის შედევრებს შეძლებისდაგვარად „შეურაცხვყოფდი”. დღეს კი ვდგავარ ტექნიკურ-ვიზუალური თვალსაზრისით მაღალ დონეზე აღჭურვილ-მოწესრიგებული სკოლის ერთ-ერთ საშუალო ზომის ოთახში და ათი მერხის, ოცი სკამის, მათ შორის დარჩენილი დერეფნებისა და სხვა საკლასო ინვენტარის შემოვლით ვზომავ მოსწავლის ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ხელშეუხებელ პირად სივრცეს, ვადგენ ჩანასახოვანი საზოგადოებრივი ურთიერთობის საზღვრებს. ქართული სკოლების დღემდე მოუგვარებელი მთავარი პრობლემით – გაუთავებელი ხმაურით, წინა და უკანა მერხის მეზობლების გამუდმებული სიტყვიერი თუ ფიზიკური „შეჭრით” დაქანცულ ინტროვერტებს კედლებთან მივუჩენ ადგილს და დანარჩენი სამი „მეზობლის” გულისხმიერების იმედად ვრჩები.
***
ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხშირად გაიგონებთ ჩვენში, მაგრამ გასაჭირში ჩავარდნილი ქართველის მიერ ნაპოვნ გამოსავალს იშვიათად თუ ვუწოდებთ „მარგებელს”. მრავალჯერ ნახული ჭირის მინდვრებზე ვერმოწეული ჭირნახულის იმედად დარჩენილ ხალხს კი მეორე, არანაკლებ ფრთიანი ანდაზა უფრო შეეფერება.

საქართველომ სასკოლო გარემოს საჭიროებისამებრ მოწყობაზე ფიქრი საკმაოდ გვიან, ოცდამეერთე საუკუნის დამდეგს დაიწყო. ალბათ ყველას ახსოვს მეოცე საუკუნის მიწურულს, ქართული ენერგოკრიზისის ეპოქაში, ჩვენ მიერ ნაპოვნი „გამოსავალი”: საუკეთესო შემთხვევაში – გვერდებგამოხვრეტილ მომცრო ღუმელში მასწავლებელ-მოსწავლეების ისედაც მწირ ზამთრის მარაგს მოკლებული შეშით შემთბარი საკლასო ოთახები, უფრო ხშირად კი – უგემურად მხრჩოლავ ნავთის ღუმელს მიფიცხებული, შიშისა თუ სიცივისგან აცახცახებული მომავალი.

ოთხმოცდაათიანი წლების მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების ერთფეროვან დღეებს „მრავალფეროვანი” კრიზისი გასდევდა ფონად და, მისი გადაუჭრელობის შემხედვარე, დღითი დღე ვრწმუნდები, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლა ყურისწამღებად ჩხრიალებს სხვისი ბამბა, ჩვენი ოქრო კი ისევ დუმს, მავანთა მუთაქებსა თუ მიწის გულში გამომწყვდეული, მშვიდი ძილის სანაცვლოდ დუმს. აშშ-ის ერთ პატარა ქალაქში კი „ზოგი ჭირი” მართლაც „მარგებელი” გამოდგა და მიწაში ოქროს ნაცვლად ჩაფლულ არაორდინარულ „გამოსავალს” სახელი შორს გაუვარდა.


მიწისქვეშეთში მიღებული განათ(ლ)ება

აშშ-ში მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, დაარსებული სკოლის შესახებ ალბათ ყველას გაგიგონიათ. ტერასეტი (ვირჯინიის შტატი, ქალაქი რესტონი) სწორედ არაორდინარული სასკოლო გარემოს წყალობით მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ენერგეტიკული კრიზისის გამო ქალაქ რესტონში გაიხსნა მიწისქვეშა სკოლა, რომლის აგების უმთავრესი მიზანი ენერგიის მინიმალური ხარჯვა იყო.

 
როცა ტერასეტის შესახებ ვკითხულობ, თვალწინ მიდგას თბილისის ოთხმოცდაათიანი წლების სკოლები, თბილ ქურთუკებში გამოხვეული და მაინც კიდურებმოყინული მოსწავლეები, რომლებსაც განათლებისა თუ განათებისკენ სწრაფვა მიწისზედა წყვდიადში უხდებოდათ.

რესტონის სკოლა (პირდაპირი მნიშვნელობით) გორაკის გულში მდებარეობს. შენობას მის ზემოთ არსებული მიწაყრილი ათბობს. აი, ამ ერთი შეხედვით მარტივი და ორიგინალური ხერხით გადაიჭრა იმ დროისთვის უმნიშვნელოვანესი გათბობის პრობლემა. მოკლედ რომ ვთქვათ, გორაკის ქვეშ მოთავსებული შენობა თავს თვითონვე ითბობს. გარდა ამისა, მზის ბატარეების საშუალებით მიიღება ენერგია, რომელსაც ვენტილაციის, კონდიცირების, განათებისა და სხვა მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად იყენებენ. 

აი, ასე გახდა ტერასეტი ქალაქის უჩვეულო ღირსშესანიშნაობა და ქვეყნის ყველაზე ეკონომიური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დღემდე უამრავ ტურისტს იზიდავს. უჩვეულო სასწავლო გარემოს გარდა, რესტონის მიწის წიაღში მოპოვებული „მადანი” (განათლება) ქვეყნის სხვა დაწყებითი სკოლებისგან არაფრით გამოირჩევა.
 
ჩინელი ხალხის გამუდმებული სწრაფვა ცოდნისაკენ რახანია საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, მაგრამ ისინი დღემდე ახერხებენ მსოფლიოს გაოცებას ორიგინალური მიგნებებითა და გამოგონებებით. გუიჩჟოუს პროვინციის ერთ-ერთ მღვიმეში გახსნილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დღესაც უამრავ ტურისტს იზიდავს. 
საგანმანათლებლო სივრცის მღვიმეში განთავსების მიზეზი რეგიონში არსებული ეკონომიკური კრიზისი გახლდათ. გამოქვაბულში პირველი სკოლა 1984 წელს გაიხსნა. სტანდარტული სასწავლო დაწესებულების აშენების რესურსი პროვინციას არ გააჩნდა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა განათლების მიღების მსურველებს, რომლებმაც მღვიმეები საკლასო და დასასვენებელ ოთახებად და სპორტულ მოედნებად აქციეს.
 
თავდაპირველად მღვიმეში არსებული სკოლა მხოლოდ ერთ კლასს ემსახურებოდა. დღეს კი მას 186 აღსაზრდელი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს სახლიდან სკოლამდე თითქმის ექვსსაათიანი გზა აქვთ გასავლელი.
***
საქართველოს მთიანეთში არცთუ იშვიათად შეხვდებით დიდთოვლობასა თუ თავსხმაში წიგნებით დამძიმებული ზურგჩანთისა და ბოტებზე აკრული ტალახის თრევით ფეხებმოწყვეტილ პატარებს. ღვთისგან, იმედია, არა, მაგრამ კაცისგან მივიწყებული უგზო და უამინდო სოფლებიდან მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ დაბებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებს ორიოდე საათი მაინც სჭირდებათ, რომ იატაკჩავარდნილ ან ნახანძრალ და ნაუცბათევად შეკეთებულ, უმეტესად კი გასული საუკუნის ნაოჭებით დაღარულ სკოლებამდე მიაღწიონ. სამწუხაროდ, ქართველ მოსწავლეებს შორის ჩინელებივით სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდებს იშვიათად შეხვდებით. უმეტესობა მშობლებს ემორჩილება და თანაკლესელებთან შესვენებაზე ფეხბურთის თამაშით „იშუშებს” თბილი საწოლიდან ნაადრევი გამოძევებით მიყენებულ „იარებს”. თუმცა მე ვის ვაკრიტიკებ… აჭარის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში უახლოესი სოფლიდან ფეხით ასასვლელად საათზე მეტი დამჭირდა. წვიმიან-ნისლიანი დღე იყო, ნისლი თითქოს უკან მომდევდა და თითქმის წამომეწია, როცა ფიჭვის ტყეში ჩამალულ ხის პატარა სკოლა-კოტეჯი დავინახე, გათბობისა და დასვენების გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი (სამწუხაროდ, ქართული სიზარმაცის წამალი ჯერ არ გამოუგონებიათ).

 
ამიტომ მიკვირს, როგორ გადიან პატარა ჩინელები ამხელა გზას?

როცა გამოქვაბულში არსებული სკოლის ფოტოებს ვათვალიერებ, ვხვდები, რომ ამ სკოლაში არასდროს შემოუსაზღვრავთ მოსწავლეთა პირადი სივრცე საზიარო მერხებზე, საზიარო კლასში, საზიარო ჟანგბადით გაჯერებულ სევდისმომგვრელ სივრცეში… მიზნისკენ ერთსულოვანი სწრაფვა ერთ სივრცეში მშვიდობიან თანაარსებობას შესაძლებელს ხდის. აქაურ მოსწავლეებს არავინ „აიძულებს”, საკუთარი „მე” ყოველკვირეულად გამოფინონ მთელი კლასის წინაშე, რადგან არა მგონია, ოცდამეერთე საუკუნის „ქვის ხანაშიც” იყენებდნენ საპრეზენტაციო დაფებს. ისინი საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების გარეშეც სწავლობენ, რადგან ამის საშუალება, როგორც იქნა, მიეცათ, რადგან ჩამონგრეულ მიწურში მცხოვრები ადამიანის გაურანდავი ტვინიც კი გრძნობს განათლების მიღების აუცილებლობას და თავისი წილი სიცოცხლე ამ დამღლელი რუტინის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

ბორბლებზე შემდგარი სკოლა

მოგზაურობის მოყვარულ ოჯახებს, მომთაბარეებთან ერთად, უკვე შეუძლიათ სკოლაში ისე სიარული, რომ მშობლებს ერთი ნაბიჯითაც არ მოშორდნენ.

იაკუტიაში (სახა) „მოგზაური სკოლა” („Кенэлэкэн”) სწორედ მომთაბარეთა შვილებისთვის შეიქმნა. განათლების ამ უცნაური კერის დაარსებამდე მომთაბარე ოჯახების ახალ თაობას დიდი ხნით უწევდა სკოლა-ინტერნატში, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ უცხო გარემოში ცხოვრება. მაგრამ, როგორც იქნა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის გადაჭრა მოახერხა: იმ ადგილებში, სადაც მომთაბარე ტომებს ხშირად უწევთ გაჩერება, აშენდა სკოლები, რომელთა მოსწავლეებიც განათლებას მათი გადაადგილების განრიგს მორგებულ დროში იღებენ და საშინაო დავალების გაგება ინტერნეტის საშუალებითაც შეუძლიათ. ამასთანავე, ბორბლებზე შემდგარი სკოლის ყველა მოსწავლისთვის ქვეყნის ნებისმიერ წერტილში ხელმისაწვდომია სატელიტური კავშირი.
 
მეეჭვება, „მოგზაურთა სკოლის” მოსწავლეებს სათანადო განათლების მიღებაში უჩვეულო სასწავლო გარემო უშლიდეს ხელს – ისინი ხომ სწორედ ამ უცნაური სკოლების წყალობით ოჯახის გვერდით ყოფნასაც ახერხებენ და ზოგადი განათლების მიღებასაც.

ქართულ რეალობაშიც მოიძევება ბორბლებზე შემდგარი სკოლის ანალოგი, მაგრამ, სამწუხაროდ, ძველ ვაგონებში სკოლის დაარსებას მოგზაური ოჯახების მხარდაჭერის კეთილშობილური მიზანი ნამდვილად არ უდევს საფუძვლად. ახალი სასწავლო წლის დადგომისთანავე ამგვარი „სასწავლო დაწესებულებისკენ” რამდენიმე ბავშვი ჯერ კიდევ მიიჩქარის. სოფელ გუნდაეთის დაწყებითი სკოლის ზარი 20 წელია ბორბლებდაკარგულ და დაჟანგებულ სკოლა-ვაგონში ირეკება.

თავგადასავლების სკოლა 

როგორც ჩანს, სამეურნეო საქმიანობისადმი ინტერესის შემცირება, ფერმერებსა და ხელისუფლებასთან ერთად, განათლების სისტემის პრობლემადაც აღიქმება. ალბათ ამით აიხსნება კოლორადოს შტატის ზოგიერთ სკოლაში სხვა სავალდებულო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ფერმერთა საქმიანობის შემსწავლელი კურსის არსებობა. 

თავგადასავლების სკოლაში (Watershed School) სწავლების ყველაზე ნაყოფიერ მეთოდად თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნას მიიჩნევენ. მოსწავლეები არქიტექტურას საკლასო ოთახების ნაცვლად ქალაქის ქუჩებში შეისწავლიან, გეოგრაფიასა და ბიოლოგიას კი სუფთა ჰაერზე, უახლოესი ტყის უღრანების დალაშქვრისას ეუფლებიან.

მასწავლებლები აღსაზრდელებთან ერთად წერენ სიმღერებს, ეხმარებიან პატარებს მუსიკალური ანსამბლების შექმნასა და სხვა ამგვარი აქტივობების ორგანიზებაში. თავგადასავლების მაძიებლები, მსოფლიოში პოპულარული სპორტის სახეობების ნაცვლად, ეუფლებიან იოგას და ველოსიპედებით სეირნობენ. 
 

შტატებში არსებული კიდევ ერთი სკოლის, Mountain Mahogany Community School-ის, პროგრამა ეფუძნება უახლეს ნევროლოგიურ კვლევას, რომლის თანახმად, სწავლა-სწავლების პროცესში საუკეთესო შედეგს პოზიტიურ გარემოში და აქტიური ჩართულობის დროს ვიღებთ. 

ამ სკოლაში მოხვედრა მხოლოდ სპეციალურ ლატარიაში გამარჯვების შემდეგ შეიძლება. სტანდარტულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, Mountain Mahogany Community School-ის აღსაზრდელები ეუფლებიან კერვას, მებაღეობას, კულინარიას… რა გასაკვირია, რომ სკოლის ეზო სავსეა მრავალფეროვანი ნარგავებით, რომელთაც უჩვეულო სკოლის მოსწავლეები თვითონვე უვლიან. პატარა მებაღეები საკუთარი შრომით მოპოვებული ნატურალური სურსათით იკვებებიან.
სკოლა-დუმფარა

კამბოჯაში, ტონლესაპის ტბაზე გაშენებულ სოფელში (Kampong Luong), ყველა დაწესებულება, მათ შორის – სკოლაც, ტბის ზედაპირზე ტივტივებს. მოცურავე სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა ობოლია. მათი მშობლები იყვნენ ადგილობრივი მეთევზეები, რომლებიც ზღვაში დაიღუპნენ. კამპონგის უჩვეულო სასწავლო დაწესებულება უდედმამო მოსწავლეებს განათლებასთან ერთად თავშესაფრითაც უზრუნველყოფს. დანარჩენი აღსაზრდელები კი სახლიდან სკოლამდე ნავის მსგავსი უცნაური ტრანსპორტით დაცურავენ.
 

სანამ სახლიდან ათეულობით კილომეტრით დაშორებულ სკოლებში მოსიარულე, მოტივტივე თუ ავარიულ შენობებში საათობით მსხდომი მოსწავლეები იარსებებენ, მგონი უხერხულია, თუნდაც ათასობით კილომეტრის იქით, იდგე ოცდამეერთე საუკუნის „სტანდარტებს”, ანუ ყველა ახალ მოთხოვნას შეძლებისდაგვარად მორგებულ საკლასო ოთახში და პირადი სივრცის სასწორზე ყველა შესაძლო ხელის კვრას, საეჭვო მზერას და გამუდმებით მცოცავ საზღვარს წონიდე, ამ დროს კი, იქვე, იმავე ქვეყანაში, არავინ ზომავდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ეტლის პარამეტრებს. სამწუხაროდ, ეტლს მიჯაჭვული, უსინათლო თუ სმენადაქვეითებული ახალი თაობისთვის, სასკოლო გარემოზე რომ არაფერი ვთქვათ, სკოლამდე მისასვლელი გზაც მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავს, სადაც, შემხვედრ მანქანებსა და გაჩერებული ავტომობილებით თუ ორმოებით სავსე ტროტუარს შორის მომწყვდეულები, ძლივს ახერხებენ ორიენტირებას და მათი მთავარი საზრუნავი დანიშნულების ადგილამდე დაუზიანებლად მისვლაა. ასეთი „მოგზაურობის” თუნდაც მშვიდობიანად დასრულების შემდეგ მისი გამეორების სურვილი უფრო და უფრო მცირდება. ასეთი ადამიანები ხშირად ყველაზე მარტივ გამოსავალს – ოთხ კედელს შორის გამომწყვდევას არჩევენ, რასაც მოსდევს გარე სამყაროსთან ურთიერთობის ნელ-ნელა გაწყვეტა და სუიციდისკენ სწრაფვა. რამდენადაც ვიცი, თბილისში არსებული სპეცსკოლებიც კი არ არის სრულყოფილად აღჭურვილი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად აუცილებელი პანდუსებით, ტაქტილური ბილიკებითა და შშმ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი სხვა ამგვარი ნიშნულებით. 

იმედს ვიტოვებ, ოდესმე თბილისშიც ვიხილავ ეტლით მოსარგებლე, უსინათლო თუ სმენადაქვეითებული ადამიანების საჭიროებათა მიხედვით მოწყობილ ქუჩებს, გაჩერებებზე, ავტობუსიდან ტროტუარამდე გადმოშლილ სპეციალურ ხიდს, დაწესებულებებსა და საცხოვრებელ კომპლექსებში შესაღწევად აუცილებელ სპეციალურ ბილიკებს, განიერ ლიფტებს და ერთი ოთახიდან მეორეში დამოუკიდებლად გასვლისთვის აუცილებელ დაბალ ზღურბლს (ინკლუზიური გარემოს განვითარების იმედს ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის ზოგიერთ უბანში დამონტაჟებული ხმოვანი შუქნიშნები მაძლევს). იმედია, ოდესმე ჩვენც მივხვდებით და უნარშეზღუდულ ადამიანებს სიბრალულით აკანკალებული ხელის ნაცვლად დახმარების ძლიერ მარჯვენას გავუწვდით. მხოლოდ ამ გზით თუ მივიღებთ დემოკრატიულ, ადამიანის ფიზიკურ ნაკლთან დაკავშირებული არაჯანსაღი სტერეოტიპებისგან განკურნებულ საზოგადოებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი