ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„განათლების იდეა საკუთარ თავზე დაფიქრებაა“

„იცინე, იცინე… მოხვალ გამოცდაზე და ვნახავ, ვინ გაიცინებს…”

ალბათ, არცთუ იშვიათად გაგიგონიათ მასწავლებლებისგან ეს ფრაზა. თავისთავად, უკვე სასაცილოა… ბავშვი კარგ გუნებაზეა და უცებ თავს ატყდება მუქარა… მოსწავლეზე გადაკიდებული მასწავლებლებიც მინახავს, შურისძიებით სავსეები, რომლებიც ბრაზობენ, რომ ბავშვმა მათი საგანი ვერ (არ) ისწავლა, იზარმაცა… ვერ დააინტერესეს. ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მასწავლებლის მუქარა მაინც სულ სხვაა… ბავშვს განწყობა უნდა შეეცვალოს, დაითრგუნოს… საგანი რომც მოამზადოს, მასწავლებელი უკვე „გადაკიდებულია”… მავანმა შესაძლოა ასეთი მასწავლებელიც გაამართლოს: რა ქნას, ისიც ხომ ადამიანია, ისიც იღლება, სხვა რაღა დარჩენია – ან ცარცი უნდა ესროლოს მოსწავლეს, ან ფეხები აბაკუნოს, ან დაემუქროს… 

რა ვიცი, რა ქნას; მე რეცეპტებს ვერ გავცემ, მასწავლებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის როგორ მოიქცეს… მე, უბრალოდ, არ მომწონს აგრესიული მასწავლებელი. ის უფრო მეტს კლავს ბავშვში, ვიდრე უცოდინრობა მოკლავდა.

ნუთუ არ არსებობს ცოდნის გადასაცემად სხვა გზა, გარდა აგრესიისა? ეს ცოდნაც უმეტესად დაზუთხვაა და არა გააზრებული ცოდნა. აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი” ხომ გახსოვთ? რამდენი საგულისხმო ამბავია მოთხრობილი განათლების შესახებ… ფიზიკურ დასჯაზე რომ არაფერი ვთქვათ, „ბავშვებს კაჭკაჭებსავით სწვრთნიდნენ და არა ადამიანის შვილებად! ყოველი საგანი უნდა მხოლოდ ეზეპირებიათ მოსწავლეებს და აზრი ესმოდათ თუ არა, ამას არავინ ჰკითხავდა. ერთი რუსის შვილი იყო – ვოლკოვი, და იმას საღმრთო წერილიდან გაკვეთილი ჰკითხეს. საბრალომ ზეპირად არ იცოდა, მაგრამ თავისი სიტყვით მშვენივრად ახსნა. მასწავლებელმა უგდო, უგდო ყური და გაიცინა: – შენი სიტყვებით რომ ბრძანებ, განა სწუნობ მაგის დამწერის სიტყვებს?! გაუჯავრდა და გააგდო, ცუდი ნიშანიც დაუსვა. მერე მეორედ გაიყვანა, როდესაც გაეზეპირებია და სულმოუბრუნებლად, სულ სხვაპასხუპით უთხრა, თუმცა კი არ ესმოდა, რას ამბობდა. მოუწონა: „აი, როგორ უნდა დაისწავლოო!” და კარგი ნიშანიც დაუსვა. ასე იქცეოდნენ ყველა მაშინდელი მასწავლებლები…”

გამონაკლისები მაშინაც იყვნენ და ახლაც არიან, მაგრამ მე გამონაკლისებზე არ ვლაპარაკობ.
Don't worry, be happy 
ერთი სიტყვით, აგრესიულ და გაბრაზებულ, „მკაცრ, მაგრამ სამართლიან” მასწავლებელს გაღიმებულს ვარჩევდი, ღიმილით რომ გაუხსნის აღსაზრდელებს სულს და გონებას, სწავლისთვის რომ განაწყობს და არა სალაზღანდაროდ… გაკვეთილის ღიმილით დაწყება კეთილგანწყობას გამოხატავს, გაღიმებულ მასწავლებელს უფრო მეტად ენდობიან, ხოლო „კოპებშეკრულთან” მოსწავლეები უფრო „წესიერები” და… უფრო ჩაკეტილებიც არიან.

ღიმილი მასწავლებლის სავიზიტო ბარათია. გაიღიმეთ და ასწავლეთ ღიმილით. დაბალი ქულაც შეიძლება ღიმილით დაწეროთ. მოკლედ, ახალი და კრეატიული მეთოდები უნდა ეძებოთ ბავშვის გულამდე მისასვლელად. ცოდნის მიღება კომპლექსური პროცესია, მხოლოდ სიტყვებს არ მოჰყვება ცოდნა, ის მოედინება თქვენს ემოციასთან, თქვენი საუბრის რიტმთან, თქვენს შინაგან მდგომარეობასთან ერთად.
აგრესია აგრესიას იწვევს; ღიმილი ამრავლებს კეთილგნწყობას… ყოველგვარი ემოცია „მრავლდება”, როგორც ამ სიმღერაშია:

Don't worry, be happy 
In every life we have some trouble 
When you worry you make it double 
Don't worry, be happy 
Don't worry, be happy…
დაიჭირეთ წამი!

გახსოვთ ფილმი „Dead Poets Society” („მკვდარი პოეტების საზოგადოება”) და რობინ უილიამსის გმირი, მისტერ კიტინგი, კონსერვატიულ სასწავლებელში მოხვედრილი ლიტერატურის მასწავლებელი? კიტინგი ბავშვებს დაფიქრებისკენ, საკუთარი სტილის პოვნისკენ უბიძგებს, ლექსების მშრალი ანალიზის ნაცვლად ასწავლის, როგორ შეიგრძნონ პოეზია. მოულოდნელად მაგიდაზე ამხტარი მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება:

– აბა, ვინ მეტყვის, მაგიდაზე რატომ ვდგავარ?
– უფრო მაღალი რომ გამოჩნდეთ, – უპასუხებს ერთი…

– მაგიდაზე იმიტომ ვდგავარ, რომ საკუთარ თავს შევახსენო, მოვლენებს ყოველთვის სხვა თვალით უნდა შევხედოთ. იცით? სამყარო აქედან სულ სხვანაირად ჩანს…
ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელმაც ამგვარი მეთოდების გამო აითვალწუნა იგი, მისტერ კიტინგი ეუბნება: „ყოველთვის მიმაჩნდა, რომ განათლების იდეა საკუთარ თავზე დაფიქრება იყო…” ხოლო თუ ამ გზას გავუყვებით, რუსთაველამდეც მივალთ: 
„მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა…”
მასწავლებელს მოსწავლეებისთვის ლიტერატურის გაკვეთილებზე საკუთარ თავზე დაფიქრება რომ ესწავლებინა, ალბათ, სამყარო უფრო საინტერესო გახდებოდა და აღარც მასწავლებელს დასჭირდებოდა მუქარა, მოხვალ გამოცდაზე და ვნახავთ, ვინ გაიცინებსო. განათლების გზით საკუთარი უნარების აღმოჩენა და შემოქმედებითი რეალიზაცია – აი, რა ხდის ადამიანს ბედნიერს. თუმცა ყოველთვის დასაცავი იქნება აზრი, რწმენა, იდეა, რომელიც ასეთს გაგხდის…

პოეზიას, ისევე როგორც ადამიანებს, აქვს თავისი რიტმი. ყოველი ლექსი უნიკალურია, როგორც პიროვნება. ამ უნიკალურობით არის საინტერესო ლექსიც და ადამიანიც.

საბოლოოდ, ყველაფერი წარმავალია. ყველა მოკვდება. ამიტომ და სწორედ ამიტომ: „დაიჭირეთ წამი!” იგრძენით სიცოცხლე!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი