პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

“ჰომო შციენტიფიცუს” ბეკეტის თვალთახედვით ანუ მეცნიერებით შეპყრობილი კაცი

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

არის  თუ არა ფუნდამენტური მეცნიერული  კვლევა საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმე?
ეს მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, რას   მივიჩნევთ  სასარგებლოდ. თუ  ვიგულისხმებთ ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, ტრანსპორტის,  კავშირგაბმულობის  საშუალებათა განვითარებას,   განათლებას, ჩნდება საცდური ამ  შეკითხვას  ვუპასუხოთ:
“სასარგებლოა”, მაგრამ თუკი ვიგულისხმებთ კოლოსალურ სოციალურ-ეკონომიკურ მოშლილობას,  სულიერ  კრიზისს, რასაც   იწვევს ტექნიკურ მიღწევებსა და  მიმდინარე   ცვლილებების ტემპთან  შეგუების ჩვენს შეზღუდულ  შესაძლებლობათა შორის არსებული შეუსაბამობა, მაშინ ჩნდება საცდური, შეკითხვას   ვუპასუხოთ:  “არა”. მსოფლიოს   დღევანდელი მდგომარეობა,  რაც  უმეტესწილად   მეცნიერების   წყალობაა, იწვევს   გაცილებით   უკეთესის სურვილს და გვინერგავს ძლიერ შიშს,  რის გამოც შეიძლება ჩავიწერო  ასე:
მოაქვს  თუ არა სარგებლობა მეცნიერებას? საეჭვოა.
–  უნდა  იფიქროს თუ   არა  მეცნიერმა თავისი კვლევის შესაძლო შედეგებზე და იმაზე, რა გავლენას მოახდენს ისინი საზოგადოებაზე?
– მე  მგონია, რომ  აღმოჩენათა შესაძლო შედეგებს წინასწარ ვერ განჭვრეტს ვერც  მეცნიერი  და  ვერც სხვა  ვინმე. შეიძლება  ისიც კი ითქვას,   რომ  ეს გამომდინარეობს  თვით ტერმინიდან –  “ფუნდამენტური გამოკვლევა”.  ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც აინშტაინის აღმოჩენა მასისა და ენერგიის ეკვივალენტურობის  შესახებ. ეს  მოხდა  1905 წელს, გაცილებით  უფრო გვიან  ატომური იარაღი შეიქმნა.
უნდა ვიფიქროთ შედეგებზე? ეს  შეუძლებელია.
–  რატომ  გადაწყვიტეთ, რომ   მეცნიერება   თქვენი   მოწოდებაა?
– ჩემი  აზრით, ყველაზე უფრო მართებული პასუხი  ასეთი  იქნება: ახალგაზრდობაშივე  მივხვდი, რომ  მეცნიერება  არის ახირებული, გაუბედავი, ცხოვრებასთან  შეგუების  უნარმოკლებული ადამიანების თავშესაფარი.  შესაძლებელია   ასე  იყო უფრო  წარსულში, ვიდრე ამჟამად.  თუ   გეტინგენში სწავლობდით  20-იან  წლებში  და  ესწრებოდით სემინარს  –  “ნივთიერების სტრუქტურა”,  რომელსაც დევიდ გილბერტი და  მაქს  ბორნი ხელმძღვანელობდნენ, აუდიტორიაში შესვლისთანავე იგრძნობდით, რომ მოხვდით საგიჟეთში. სემინარის ყოველი დამსწრე  აშკარად  არანორმალური  იყო. ამას  რომ   შეგუებოდით, უნდა   ხმა   ამოგეღოთ  და  ბორძიკით მაინც  გელაპარაკათ. რობერტ ოპენჰაიმერმა, როცა დიპლომანტი იყო, საჭიროდ ჩათვალა გამოემუშავებინა ბორძიკით ლაპარაკის ძალზე ელეგანტური  მანერა –  “ნიუმ-ნიუმ-ნიუმ”.
რა არის მეცნიერული მოწოდება?

ახირებულთა თავშესაფარი.
–  გვიამბეთ თქვენი  გამოკვლევების ისტორია.
– მგონი,  ყველაზე საინტერესო ის არის, რომ  ეს გამოკვლევები ტარდებოდა არახელსაყრელ  ვითარებაში და  რაც უფრო  ცუდი ვითარება  იყო, კვლევა მით  უფრო წარმატებით მიმდინარეობდა. ვგულისხმობ ორ პერიოდს. პირველია 30-იანი წლების შუა ხანები ნაცის- ტურ გერმანიაში,  როცა  ცხოვრება საკმაოდ არასასიამოვნო  გახდა, ოფიციალური სემინარები კი – მოსაწყენი. ბევრი სწავლული ემიგრა- ციაში წავიდა, ზოგი დარჩა,  მაგრამ ოფიციალურ სემინარებს  ჩამოაშორეს. მე  ჩამოვაყალიბე  პატარა კერძო კლუბი, რომლის წევრებიც დაახლოებით კვირაში ერთხელ  ვიკრიბებოდით, უფრო ხშირად დედაჩემის სახლში. თავდაპირველად, მხოლოდ თეორეტიკოსი ფიზიკოსები მოდიოდნენ  (მაშინ მეც თეორეტიკოსი ფიზიკოსი  ვიყავი),  შემდეგ ბიოლოგებიც დაგვემატნენ. მაშინდელ ჩვენს საუბრებს ჰქონდა შორს მიმავალი შედეგები,  რამაც  მოგვიანებით ყველას  ზიანი  მოგვაყენა. ეს  არახელსაყრელი   სიტუაცია  რაღაცით ჰგავდა  1348  წლის შავ ჭირს   ფლორენციაში,  რაც საფუძვლად უდევს   ბოკაჩოს  “დეკამერ- ონში”  მოთხრობილ ამბებს.

მეორე რთული პერიოდი ამერიკაში მუშაობის პირველი წლები.

აქ გადმოვედი 1937 წელს და ომის  მთელ პერიოდში არაკეთილსაიმედო  უცხოელად ვითვლებოდი.  ამ   “ტიტულით” მოვეწყვე ვანდერბილტის უნივერსიტეტში ფიზიკის მასწავლებლად. ეს არ იყო მაინცდამაინც  სახარბიელო თანამდებობა, მაგრამ  ყველაფერი კარგად გამოვიდა. იქ ვმუშაობდი  შვიდნახევარ წელიწადს. სალვადორ ლურიასთან  (ესეც    არაკეთილსაიმედო   უცხოელი  გახლდათ)    და ალფრედ ჰერშთან   (კიდევ ერთი  ცხოვრებასთან  შეგუებული)   ერთად  სრული შესაძლებლობა მქონდა, საკმაო დრო დამეთმო ფაგის გამოკვლევისათვის,  რაც   ქვაკუთხედად დაედო  მოლეკულურ გენეტიკას.
როგორია თქვენი გამოკვლევების ისტორია?

ეს  კვლევა  ყვაოდა არახელსაყრელ პირობებში.

– მეცნიერებას  მივდევთ  მეცნიერებისათვის, როგორც ხელოვნებას ან მუსიკას, თუ  მას  ვიყენებთ,  როგორც ჩვენი ფიზიკური არსებობის  გაუმჯობესების საშუალებას?
–  აი,   ამის  შესახებ შემიძლია რაღაც  ვთქვა.  ჩემი აზრით, ამ შეკითხვაში   იმთავითვე  ჩანს ჩვეულებრივი  გაუგებლობა ჰომო  სციენტიფიცუსის  არსისა და  სწორედ  ამის თაობაზე   მინდა  ვილაპარაკო. ნება მომეცით, მოვიყვანო ერთი ციტატა, რომელიც უშუალოდ ეხება სწორედ ამ  საკითხის არსს.  ეს გახლავთ  ნაწყვეტი სემ  ბეკეტის რო- მანიდან “მოლოი”.  რომანის გმირია ფრიად მარტოსული მიხრწნილი მოხუცი. მთელი წიგნი  არის მის მიერ  ჩაწერილი რაღაც თავისებური მონოლოგი თავისი ცხოვრების შესახებ. შევარჩიე  ისეთი ნაწყვეტი, რომელიც, მე  მგონი,  მშვენივრად  გვისურათებს ჩემს  შეხედულებას (თუ   მთლად სიტყვასიტყვით  არ  გავიგებთ   მას).  მოქმედება   ხდება  რომელიღაც მივარდნილ  ადგილას,  სადაც   ცხოვრობს მოლოი, როგორც მაწანწალა.

“…ნაპირზე რომ  აღმოვჩნდი, შემთხვევით ვისარგებლე და  მოვაგროვე კენჭები,  რომ   მეწუწნა  ისინი. კაცმა რომ   თქვას,  ეს  ხრეში უფრო  იყო, მაგრამ   მე  კენჭებს   ვუწოდებ.  საკმაოდ ბლომად მოვიმარაგე ისინი. კენჭები თანაბრად გავანაწილე ოთხ  ჯიბეში (ორი ჯიბე შარვლისა, ორიც –  ლაბადისა).  ამოვიღებდი  კენჭს ჩემი ლაბადის მარჯვენა   ჯიბიდან, ჩავიდებდი პირში,  და  მის  მაგივრად   ჩემი ლაბადის მარჯვენა   ჯიბეში  ვდებდი ჩემი შარვლის მარჯვენა   ჯიბიდან ამოღებულ  კენჭს, რომლის მაგივრად   ვდებდი ლაბადის  მარცხენაჯიბიდან ამოღებულ კენჭს, რომლის მაგივრად  ვდებდი ჩემი შარვლის მარცხენა  ჯიბიდან ამოღებულ  კენჭს, რომლის მაგივრად   ვდებდი ჩემი  ლაბადის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ კენჭს,  რომლის წუწნა დავამთავრე  და  ახლახან გამოვიღე პირიდან. გამოდიოდა, რომ  ჩემი ოთხი ჯიბიდან თითოეულში კვლავ იდო ოთხი კენჭი, მაგრამ  ისინი უკვე  აღარ   იყო  მთლად ისეთივე კენჭები. როცა  კვლავ მომინდებოდა  კენჭის წუწნა,   მე  ხელახლა ჩავიყოფდი ხელს ჩემი ლაბადის მარჯვენა   ჯიბეში და  დარწმუნებული ვიყავი, რომ  წინანდელ კენჭს არ  ამოვიღებდი და  სანამ   ამ  კენჭს ვწუწნიდი,  დანარჩენი   კენჭები ერთი ჯიბიდან მეორეში  გადამქონდა ისე,  როგორც ახლახან გიყვებოდით. ასე გრძელდებოდა შემდგომშიც. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მთლიანად ვერ   მაკმაყოფილებდა. ჩემს  ყურადღებას არ  გამოეპარა ის, რომ  ვითარების განსაკუთრებულად მიმდინარეობის შემთხვევაში ის ოთხი კენჭი, რომლებიც  ზემოაღწერილი გზით  გადადიოდა ჯიბიდან   ჯიბეში,  შესაძლებელია ერთი  და  იგივე კენჭები აღმოჩენილიყო. გამოდის,   რომ   რიგრიგობით ვწუწნი  არა   თექვსმეტ   კენჭს, არამედ – მხოლოდ ოთხს, ყოველთვის  ერთსა და იმავეს. მართალია, კენჭების ჯიბიდან   ჯიბეში   წრებრუნვა უფრო თანაბარი  რომ   ყოფილიყო, ჯიბეებს  გვარიანად შევანჯღრევდი  ხოლმე, სანამ  კენჭის წუწნას დავიწყებდი, ხოლო როცა ვწუწნიდი, ჯიბეებს  მანამ  შევანჯღრევდი, სანამ კენჭების  გადატან-გადმოტანას დავიწყებდი, მაგრამ ეს იყო მხოლოდ სუროგატი, რომელიც  ჩემისთანა კაცს  ვერ   დააკმაყოფილებდა. ამიტომაც   რაღაც  სხვა  უნდა   მომეფიქრებინა.

 ჯერ ის ვიფიქრე, უკეთესი  იქნება,  თუ   კენჭებს  თითო-თითოდ  კი არა, ოთხ-ოთხად გადავდებ  ჯიბიდან  ჯიბეში: სანამ  კენჭს  ვწუწნი, უნდა ამოვიღო  სამი კენჭი, ჩემი ლაბადის მარჯვენა  ჯიბეში რომ  დარჩა, და მათ მაგივრად  ჩავდო ჩემი შარვლის მარჯვენა  ჯიბიდან ამოღებული ოთხივე  კენჭი, ამათ მაგივრად   კი ჩავდო  ჩემი ლაბადის ჯიბიდან ამოღებული კენჭები და,  ბოლოს, ამათ მაგივრად  – სამი კენჭი ჩემი ლაბადის მარჯვენა   ჯიბიდან პლუს ერთი კენჭი, რომელიც  პირში მაქვს  და  მალე  დავამთავრებ  მის წუწნას. ჰო,  თავიდან მომეჩვენა, რომ   ამ   გზით უკეთეს   შედეგს  მივაღწევდი.  მაგრამ კარგად  რომ ვიფიქრე, შევიცვალე აზრი და ვაღიარე, რომ  ოთხ-ოთხი კენჭის ასეთნაირი   გადატან-გადმოტანა სახეირო   შედეგს  ვერ    მოიტანდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ  ყოველ ხელის ჩაყოფაზე ჩემი ლაბადის მარჯვენა  ჯიბეში ოთხ  კენჭს ვიპოვიდი, მაგრამ მაინც რჩებოდა შესაძლებლობა, ყოველი ოთხეულიდან შემთხვევით ყოველთვის ერთი  და იგივე კენჭი ამომეღო, რის შედეგადაც  უნდა  მეწუწნა  არა  თექვსმეტი კეჭი რიგრრიგობით (როგორც მე მინდოდა), არამედ მხოლოდ ოთხი –  ყოველი  ოთხეულიდან ყოველთვის ერთი  და  იგივე კენჭი. გამოდის,  რომ  კენჭების გადატანის ესა თუ   ის ხერხი ვერ   გადაწყვეტდა საკითხს, რადგანაც როგორც უნდა  გადამედო კენჭები ერთი ჯიბიდან მეორეში,   შეცდომის   რისკი მაინც  რჩებოდა.   ცხადი იყო, რომ  თუ   ბევრი ჯიბე მექნებოდა, მეტი შანსი  მეძლეოდა, კენჭებით დავმტკბარიყავი სწორედ ისე,  როგორც მე მსურდა,  ესე იგი, მეწუწნა კენჭები თითო-თითოდ. სავსებით  რომ დავმშვიდებულიყავი, ამისათვის   უნდა   მქონოდა  თექვსმეტი  ჯიბე (ერთი კენჭი ერთ  ჯიბეში!). ძალიან  დიდხანს ვერ   მივაგენი  სხვა  გამოსავალს.   ვფიქრობდი ასე: თუ   არ მექნება  თექვსმეტი  ჯიბე, თითო ჯიბე ყოველი კენჭისათვის,   ვერასოდეს  მივაღწევ ჩემ   მიერ   დასახულ  მიზანს,  თუ   რაიმე განსაკუთრებული ბედის წყალობა არ  მომევლინა.  

რა იქნება,  ჩემი ოთხი ჯიბე რომ  გავაორმაგო  –  თითოეული მათგანი გავყო  შუაზე ქინძისთავის მეშვეობით? რვა   ჯიბე მექნება,  მაგრამ  გაოთხმაგებას ნამდვილად ვერ   შევძლებ.  ასეთი   სანახევრო   გადაწყვეტა  საკითხისა ხელს არ მაძლევს,   ამისათვის   თავის  შეწუხება არ ღირს. ამდენი ჭაპანწყვეტის შემდეგ სულ დავკარგე ზომიერების  გრძნობა  და ჩემს თავს  ვუთხარი:  “ყველაფერი ან არაფერი!” იყო ისეთი მომენტიც, როცა  გამიჩნდა  საცდური,   ჯიბეებისა  და   კენჭების  რაოდენობა რომ   შესაბამისობაში მომეყვანა,  ამისათვის   შემემცირებინა  კენჭების   რაოდენობა, მაგრამ  ეს ცდუნება   დიდხანს არ გაგრძელებულა: ეს ხომ იმას ნიშნავდა,  რომ  მეღიარებინა   ჩემი დამარცხება.  და  აი, ვიჯექი  ზღვის პირას, წინ მეწყო  თექვსმეტი კენჭი და  დავცქეროდი მათ დაბნეული და  განრისხებული…

მაგრამ  ერთხელ, როცა ასე ვიჯექი და  ჩემს კენჭებს   მივშტერებოდი, დაუსრულებლად  და  ყოველთვის  უნაყოფოდ ვამწკრივებდი მათ ძეწკვის  სახით,  პეშვით   ვიღებდი სილას  და  ვცრიდი მას   გა- ფარჩხულ თითებში, ასე ვიმშვიდებდი  გონებას და  ცოტათი სხეულსაც,  ამ   დროს თავში  მომივიდა  ბუნდოვანი აზრი: ექვს კენჭს  ჩავიდებ ჩემი ლაბადის მარჯვენა   ჯიბეში, ხუთს   –  შარვლის მარჯვენა ჯიბეში,  ხუთსაც – შარვლის მარცხენა ჯიბეში. აეწყო საქმე: ორჯერ ხუთი ათია,  პლუს 6 –  თექვსმეტი და  ნული. ეს ნული წილად ხვდა ჩემი  ლაბადის მარცხენა ჯიბეს, რომელიც ჯერჯერობით ცარიელია. ცარიელია იმ  აზრით, რომ   მასში არ არის კენჭები, თორემ   სხვა ნივთები კი აწყვია – აბა, სად  წავიღებდი ხილის გასათლელ ჯაყვას, ვერცხლეულს,  ველოსიპედის ზარს და  კიდევ  სხვა  ნივთებს,   რომ- ლებიც  არ მიხსენებია  და,  შესაძლებელია, არც  ვახსენო?!  კარგი,
დავანებოთ   ამას   თავი.   ახლა  შემიძლია დავიწყო   კენჭების წუწნა. კარგად დააკვირდით:  ვიღებ  კენჭს ჩემი ლაბადის მარჯვენა ჯიბიდან, ვწუწნი მას,  ვწყვეტ  წუწნას და  ამ  კენჭს   ვიდებ ლაბადის  მარცხენა ჯიბეში, რომელშიც კენჭები არ არის, ახლა მეორე კენჭს ვიღებ  ჩემი ლაბადის მარჯვენა  ჯიბიდან, ვწუწნი და ვდებ ჩემი ლაბადის მარცხენა ჯიბეში. ასე გრძელდება მანამ,  სანამ   ჩემი ლაბადის მარჯვენა ჯიბე არ დაცარიელდება (თუ  არ ჩავთვლით იმ ნივთებს,  რომლებიც ყოველთვის დევს  იქ)  და  ის ექვსი  კენჭი, რომელთაც აგერ  ახლა რიგრიგობით ვწუწნიდი, ყველა ერთად არ აღმოჩნდება  ჩემი ლაბადის მარცხენა ჯიბეში.  ახლა  შევჩერდი და  გავიფიქრე, მთელი საქმე  არ ჩავაფლავო-მეთქი.  ეს  რომ   გავიფიქრე, მაშინვე შევუდექი   საქმეს: ჩემი ლაბადის მარჯვენა  ჯიბეში,  სადაც  ერთი კენჭი არ დარჩა,  ჩემი შარვლის მარჯვენა   ჯიბიდან   გადავიტანე ხუთი  კენჭი, რომელთა მაგივრად  ამ  ჯიბეში ჩავალაგე  ექვსი  კენჭი ჩემი ლაბადის მარცხენა ჯიბიდან. გამოდის,   რომ   ჩემი ლაბადის მარცხენა  ჯიბე ამ   მომენ- ტში კვლავ ცარიელია,  ჩემი ლაბადის მარჯვენა   ჯიბეში კი კვლავ აწყვია  სწორედ ის  კენჭები, რომლებიც საჭიროა,   ესე  იგი, აწყვია არა  ისინი, ახლახან რომ  ვწუწნიდი. განვაგრძოთ?

მე  მგონი, არ არის საჭირო, რადგან ისედაც  ცხადია:  კენჭების წუწნისა და  გადატან- გადმოტანის კიდევ  სამი ტურის შემდეგ მივიღებ  იმ  შედეგს,  რაც დასაწყისში  მქონდა, ესე იგი პირველი ექვსი  კენჭი კვლავ აღმოჩნდება ჩემი  ლაბადის მარჯვენა  ჯიბეში, მომდევნო ხუთი ჩემი  ძველი შარვლის მარჯვენა  ჯიბეში, ბოლო ხუთი კი – ამავე შარვლის მარცხენა ჯიბეში. გამოდის,   რომ   ყველა  ჩემი თექვსმეტი  კენჭი ზუსტი თანამიმდევრობით  ვწუწნე –  ერთიც არ დამრჩენია  გამოუწუწნავი, არცერთი არ მიწუწნია ორჯერ.  რა თქმა უნდა,  იმედი არა   მაქვს, რომ  შემდეგში იმავე თანამიმდევრობით გამოვწუწნი ჩემს კენჭებს, ვერ   დავიჟინებ, რომ,  მაგალითად, პირველი ციკლის პირველი, მეშვიდე და  მეთორმეტე კენჭები  მეორე  ციკლში მეექვსე,  მეთერთმეტე და  მეთექვსმეტე არ აღმოჩნდება,  მაგრამ ამ   ნაკლის  თავიდან აცილება არ შემეძლო. თუ  ყველა ციკლში უთუოდ იქნება არევ-დარევა, ცალკე აღებული  თითოეული ციკლის თაობაზე  შემიძლია  მშვიდად ვიყო, რამდენადაც   შეიძლება  საერთოდ  დამშვიდებული იყოს  კაცი ამისთანა საქმეში.  რაც უნდა  ნაკლოვანი  იყოს  საკითხის  ჩემეული გადაწყვეტა,  კმაყოფილი  დავრჩი იმით, რომ  მე  მარტოკამ  მივაგენი მას.   დიახაც,  კმაყოფილი   ვარ.   და  რაკი ეს  გადაწყვეტა   არც ისე  სწორი აღმოჩნდა,  როგორც მე  მიმაჩნდა   პირველი აღფრთოვანებისას,  ისიც უნდა  ითქვას,   რომ  იგი საკმაოდ ელეგანტური  არ არის.

ჩემი აზრით, ეს არაელეგანტურობა იმით გამოვლინდა, რომ  კენჭების უთანაბრო  განაწილების  გამო ჩემი სხეული უხერხულ მდგომარეობაში  აღმოჩნდა.  ვგრძნობდი, რომ  კენჭების წონა ხან ერთ მხარეს გადამაქანებდა,  ხან მეორე  მხარეს.  ასე  რომ,   კენჭების თანაბრად განაწილების უარყოფამ გამოიწვია  არა  მარტო პრინციპის,  არამედ სხეულის კეთილაღნაგობის უარყოფაც.  მეორე  მხრივ,   კენჭების წუწნის ჩემ  მიერ  აღწერილი ხერხი შემთხვევითი  კი არ არის,  მეთოდურია – სხეულებრივი კეთილაღნაგობისთვისაა იგი საჭირო. ასე რომ, აქ გვაქვს ერთმანეთთან  შეუთავსებადი,  ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი სხეულებრივი მოთხოვნილება. რას  იზამ, ხანდახან ასეც  ხდება, მაგრამ სულის სიღრმეში სულაც არ მადარდებს  წონასწორობის დარღვევა, არ მენაღვლება, რომ  ხან მარჯვნივ მექაჩება რაღაც, ხან მარცხნივ, ხან წინ, ხანაც უკან. სულის სიღრმეში ჩემთვის სულერთია,   სხვადასხვა კენჭს  ვწუწნი თუ  ერთსა და  იმავეს. მათ ხომ ყველას ზუსტად ერთნაირი გემო აქვთ და თუ  მაინცდამაინც თექვსმეტი კენჭი მოვაგროვე,   იმისთვის კი არა,  რომ  თანაბრად გამეყო ისინი სწორედ  ამნაირად   და  არა   იმნაირად, იმისთვის კი  არა,   მეწუწნა ისინი  უთუოდ რიგრიგობით,  არამედ  იმისათვის,  რომ   მქონდა რა- ღაც  მარაგი,  რომ  არ დავრჩენილიყავი უკენჭებოდ. მაგრამ  სულის სიღრმეში ფეხებზე  მკიდია,   უკენჭებოდ თუ   დავრჩები, არ  მექნება და  ნუ  მექნება,  ამის გამო უარესად არ  გავხდები   ან თითქმის არ გავხდები.  ბოლოს და ბოლოს რა გადაწყვეტილებას  დავადექი: გა- დავყარე ყველა  კენჭი, ერთის  გარდა, იგი  ხან ერთ ჯიბეში მქონდა, ხან მეორეში  და,  რაღა  თქმა უნდა,  მალე  დავკარგე ან გადავაგდე, ან გავაჩუქე, ეგებ, გადავყლაპე კიდეც”.

აი,  ის იგავი ჰომო სციენტიფიცუსის  შესახებ, რომლის მოყოლაც მინდოდა.  მასში აღსანიშნავია  ორი რამ:  პირველია  საოცარი აღწერა მეცნიერული ინტუიციისა. ალბათ, სწორედ ასე წვალობდა აინშტაინი მაიკელსონისა და მორლის ექსპერიმენტის ახნა-განმარტებისას, წვალობდა მანამ, სანამ  თავში  არ მოუვიდა ძალზე ბუნდოვანი აზრი –  უარეყო დროის აბსოლუტურობის პრინციპი და  ეს დაახლოებით ისე   უნდა   მომხდარიყო,  როგორც აქ არის აღწერილი. ინტუიციას სხვებიც  აღწერდნენ  ხოლმე, როცა  მეხსიერებაში   აღიდგედნენ  რაღაცას.  ფრანგმა   მათემატიკოსმა ჟაკ  ადემარმა დაწერა  წიგნაკი   – “მათემატიკაში  აღმოჩენის პროცესის ფსიქოლოგიის გამოკვლევა”, რომელშიც თავმოყრილია მონაცემები ამ  მოვლენის შესახებ და  აღწერილია როგორ ამოიზრდება  ინტუიცია სრულიად იდუმალი  სიღრმეებიდან, თავდაპირველად უჩვეულო სახე აქვს, შემდეგ კი უეცრად ამოხეთქავს ელვისებური დამაბრმავებელი კაშკაშით.

მეორე  საყურადღებო გარემოება მოლოის მოქმედების მოტივებია.  გადაჭრით შეიძლება ითქვას,   რომ  ამ  კაცს  სულაც არ ჰქონია მიზნად  ჩვენი ფიზიკური არსებობა  გაეუმჯობესებინა ან სახელი გაეთქვა თვითონ. ამ  საქმეს    მან  ხელი მოჰკიდა  თვით “საქმის გულისთვის”, თუ  უყურებდა მას,  როგორც “ხელოვნებას ან მუსიკას”? იგი  დაწვრილებით აგვიწერს,  მისი   თამაში “თამაშის  გულისათვის” როგორ ექცა მას  აკვიატებულ  იდეად, რომელიც გასცდა  გონივრუ- ლის ფარგლებს. მე  და  თქვენ  ხელოვნებას ან მუსიკას  სხვანაირად ვუყურებთ,  მაგრამ შემოქმედი   მხატვრების  დამოკიდებულება  ხელოვნებისადმი ძალიან  ჰგავს  მოლოის  ჭაპანწყვეტას. ეს  რომ ვირწმუნოთ, სულაც არ არის საჭირო ბეთჰოვენი გავიხსენოთ – დააკვირდით რომელიც  გნებავთ ხუთი წლის ბავშვს, რომელიც შეუპყრია  რაღაც შემოქმედებით პრობლემას და  გულს ასკდება იმის გამო, რომ  ვერ   გადაუწყვეტია იგი.
ასეთი   შეპყრობის ობიექტი   შეიძლება იყოს ყველაფერი,  რაც გნებავთ, და სულაც არ არის აუცილებელი მეცნიერს მივაწეროთ მისწრაფება – გახსნას ბუნების  საიდუმლოებანი ან “გააუმჯობესოს ჩვენი  ფიზიკური   არსებობა”.  სწორედ  ეს  საოცარი  თვისება,   სხვა ძალთა სუბლიმაციის უნარი შესძინა ევოლუციამ გამოქვაბულის ადამიანს. ევოლუციისაგან ადამიანმა  უფრო მეტი მიიღო, ვიდრე  ითხოვდა:  იმ თვისებამ გამოქვაბულიდან კოსმოსში გაგვიყვანა, მაგრამ მასვე  ადვილად  შეუძლია ჩვენი დაღუპვის  მიზეზი  გახდეს.

განხილვა 
შეკითხვა. მგონია, რომ  ნევროზული აკვიატებული იდეები ბევრს აწუხებს. მაგრამ ნათელი არ არის, როგორ  ვირჩევთ  პრობლემებს. ხომ არ  შეიძლება კაცმა ესა თუ   ის  პრობლემა აირჩიოს მხოლოდ იმიტომ, რომ  ვიღაცამ თქვა, მეცნიერებისათვის ეს ძალზე მნიშვნელოვანიაო, ეს  კაცი კი ცუდ გუნებაზე  დგება:  დალახვროს ეშმაკმა,  რატომ არ შემიძლია ამის გადაწყვეტა  თუნდაც მაშინ, როცა თვით  პრობლემა არ  მაინტერესებს?
პასუხი.  გეთანხმებით. მეცნიერება  ჰგავს დიდებულ ტაძარს, უზარმაზარ  და  კარგად დაპროექტებულ  შენობას, რომელიც მრავალი თაობის განუწყვეტელი ჭაპანწყვეტით შენდებოდა მრავალი საუკუნის  განმავლობაში.   რა თქმა უნდა,   მეცნიერება   ტაძარი არ არის,  რადგანაც არასოდეს დაპროექტებულა  იგი.  მხოლოდ  სტუ- დენტს ჰგონია,   რომ   მეცნიერების  ტაძარი  დაპროექტებულა. სტუდენტი ხელში იღებს  ფეინმანის ლექციების სამ ტომს,  1300-გვერდიან მშვენიერ სახელმძღვანელოს – “ორგანული ქიმია”, იღებს  სხვა სახ- ელმძღვანელოებსაც და ამბობს: “აჰა, 150 წლის წინათ ისინი აქამდე მოსულან, ამ ხნის  განმავლობაში  ეს დაემატა და ახლა მე ვაგრძელებ აქედან”. უნდა  ვთქვა, რომ  მეცნიერება  სულაც არ არის ასეთი.  მეცნიერება  ჯერ თამაშია, შემდეგ –  აკვიატებული იდეა,   მაგრამ სულაც არ არის იგი ასეთი   დავალების შესრულება: “შენ, ბიჭო, დადე შენი  აგური 1065-ე  გვერდზე,  თორემ   დისერტაციას ვერ   დაიცავ”. თუ   ასეთ  მეცნიერს  ჰკითხავთ,  რას   აკეთებო,  მას,  რა თქმა უნდა, შეუძლია  გიპასუხოთ: “აგურებს ვეზიდები”  ან ასეც  კი –  “საათში 4,4 დოლარს გამოვიმუშავებ”.
შეკითხვა.   ასეთი    ფრიად პესიმისტური  აზრები  რომ    გაქვთ, როგორ  ახერხებთ     კვლევით   მუშაობას?  ასეთივე     კონცეფციას იცავდით  თუ   არა   მაშინ, როცა  იწყებდით მეცნიერულ  მოღვაწეობას?
პასუხი.   არ  შემიძლია ვთქვა,  როგორი ვიყავი 40  წლის წინათ. მაგრამ თუ   თქვენ  ჩემი კონცეფცია  პესიმისტურად მიგაჩნიათ,  მე ვიტყოდი, რომ  ფრიად ხალისიანი პესიმისტი ვარ.  მგონია, რომ  პესი- მისტებს უფრო მოწყალე  თვალით უნდა  ვუყურებდეთ.
შეკითხვა.  თქვენ მიერ  დახატული მეცნიერის სახე ძალზე სუბიექტურია, ამიტომ  პირველ შეკითხვაზე  – “არის თუ  არა  მეცნიერული კვლევა საზოგადოებისათვის სასარგებლო  საქმე”  – თქვენ უნდა  გეპასუხათ:  “დიახ, სასარგებლოა იმისათვის, ვინც  ამ  საქმეს    ადგას”. მოლოისთვის  კენჭები იგივეა,  რაც ფარდობითობის სპეციალური თეორია  აინშტაინისათვის, წყალბადის ბომბი კი – ედვარდ ტელერისათვის.  განსხვავება მხოლოდ ის  არის, რომ   მოლოი  არ აპირებს ვინმეს  ზიანი  მიაყენოს.   მაგრამ თუ    მეცნიერებას    სარგებლობა მოაქვს სწავლულისათვის,  რადგან იგი ანიჭებს მას  კმაყოფილებას, და  თუ   სწავლული  არ ფიქრობს  კვლევის შედეგებზე,  ეს  ხომ არ ნიშნავს იმას, რომ  ამ  შედეგებზე უნდა  იფიქროს ვიღაც სხვამ,  რომელიც იტყვის:  “მოლოი, შეგიძლია  განაგრძო  შენი საქმე;  აინშტაინ, შენი  საქმიანობა საეჭვოა;  ტელერ, შენ სწორი  გზით  არ  მიდიხარ?”
პასუხი.   სწორედ ის  მინდოდა   მეთქვა, რომ   ეს  ყოვლად შეუძლებელია. მოლოი  და   აინშტაინი ერთი  და   იგივეა.  აინშტაინის ფიქრები  მაიკელსონ-მორლის   ექსპერიმენტის თაობაზე    არაფრით განსხვავება კენჭების გადაწყობ-გადმოწყობისა  და  მათი  წუწნისაგან. 1905 წელს აინშტაინი იკვლევდა  ყველაზე უფრო განყენებულ საკითხებს, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ  პრაქტიკასთან, რამენაირ  სოციალურ შედეგებთან. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ფიქრობდა. მოგვიანებით,   როცა გამალებულმა  შეიარაღებამ კიდევ ერთი საფეხურით ზემოთ აიწია, აინშტაინმა  გაიფიქრა, რომ  პირველი ატომური ბომბი  მის აღმოჩენასთან არის დაკავშირებული;  გაიფიქრა და  ინანა,  რომ  საერთოდ ხელი მოჰკიდა  მეცნიერებას.  მაგრამ  არა მგონია,  აინშტაინს მართლა  საჭოჭმანოდ  მიეჩნია აზრი იმის   თაობაზე, რომ  მეცნიერება  ადამიანური ხასიათის განუყოფელი ნაწილია. ჩემი აზრით, ყოველი აღმოჩენა  ერთნაირად საზიანოა.   აი,  თუნდაც კენჭების გადალაგება  საწუწნავად. შესაძლებელია, მოლოიმ  აღმოაჩინოს გადანაცვლების რომელიღაც პრინციპი ან რიცხვთა  თეორია, მაგრამ  ღმერთმა იცის, რა შედეგი  მოჰყვება ამას.
შეკითხვა.  ხომ ვერ  გვეტყოდით საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომის   მხრივ რა  განსხვავებაა იდეის შემქმნელ აინშტაინსა  და ბომბების შემქმნელ ედვარდ ტელერს შორის – პირველი ხომ უბრალოდ თამაშობს, მეორეს  კი გარკვეული მიზანი  აქვს დასახული?
პასუხი.   მე   არ მჭირდება,  ერთმანეთისაგან   განვასხვაო  ისინი. თუ  მსურს  კონტროლი გავუწიო  მეცნიერული პროგრესის სავალალო შედეგებს, უნდა  შევაჩერო აინშტაინი. რისთვისღა ვეძებო განსხვავება მათ შორის? ტელერი დიდებული მეცნიერია. თუმცა  მე  არ ვიცი, წყალბადის  ბომბის  შექმნაში  რა წვლილი მიუძვის   მას,  მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ  ტელერმა  ბევრი  სიახლე  შეიტანა კვანტურ მექანიკასა თუ   ფიზიკის სხვა  დარგში. გამოდის,  რომ  საკითხი ასე დგას:  ხომ არ შეწყვიტოს მეცნიერმა თავისი ნაშრომების  პუბლიკაცია იმის   გამო, რომ   შეიძლება  ისინი ავ კაცს  ჩაუვარდეს   ხელში? რაღა   უნდა  ვქნათ,  შექმენით დახურული კლუბი! იდეა   იმის   თაობაზე,  რომ   მეცნიერება  ვითარდებოდეს ვიწრო  წრეში   და  არაფერი არ უნდა  ქვეყნდებოდეს,  აბსურდული იდეა   მგონია. რისთვის უნდა შევიკრიბოთ იმისთანა  საქმეზე სასაუბროდ, ნამდვილად  არავითარ კმაყოფილებას  რომ   არ გვანიჭებს. მოლოიმ ერთგვარი  შვება იგრძნო  და  კმაყოფილი დარჩა   იმით,  რომ   მიაგნო  გამოსავალს,   მაგრამ  მთავარი   მისთვის ის  იყო, რომ  დამშვიდდა.  ის მინდა  ვთქვა, რომ   მას  უნდა  დაემშვიდებინა  თავი.   სწორედ  აქ იწყება  ნევროზი –  შეშლილობა.
შეკითხვა.  მე   ასე  მგონია:  ის, რაც  თქვენ  ბრძანეთ   მეცნიერთა  პიროვნული შეპყრობილობის შესახებ, იმის  შესახებ, რომ  მათი მუშაობისათვის უცხოა  მიზნისა  და  მორალური პრინციპების ცნება, შესაძლებელია მხოლოდ  ნახევარსიმართლე იყოს.  აინშტაინი  უაღრესად მორალური  კაცი იყო, მას  ძალიან  აღელვებდა ეს  საკითხები.  ჩემი აზრით, მეცნიერს მუშაობაში ხელს უწყობს  და  ამხნევებს რწმენა იმისა,  რომ  თქვენდამი  ჩემი შეკითხვის პასუხი   უნდა  იყოს:
“დიახ,  სასარგებლოა”.
პასუხი.  დიახ, რა თქმა უნდა, თქვენს სასარგებლოდ მეტყველებს აზრი იმის  შესახებ, რომ  სარგებლობა მოგაქვთ საზოგადოებისათვის, ან იმის  შესახებ, რომ  სახელსა და  პრემიას  მოიხვეჭთ. მაგრამ,  აი, რის თქმა მინდოდა  მე: ყოველგვარი ასეთი  დამატებითი სტიმულების გარეშეც  მარტოსული, დაჩაჩანაკებული  მაწანწალაც კი ვერ  შეძლებს არ იყოს სწავლული,  იდეით შეპყრობილი სწავლული  (ზუსტად ისეთი, როგორიც იყო აინშტაინი). რაც შეეხება აინშტაინს, 1905 წელს, როცა იგი ბერნში საპატენტო უწყების  ახალგაზრდა ჩინოვნიკი იყო, ძალიან  მეეჭვება,   რომ   მაშინ თავის ფიზიკას   საზოგადოების  წინაშე პასუხისმგებლობასთან  აკავშირებდა.  აი,  ეს  მინდოდა   მეთქვა და  დიდად  გმადლობთ, რომ  მაიძულეთ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღმენიშნა  ჩემი აზრი. რა თქმა უნდა,  ეს სტიმულები არსებობს და თუ  წაგიკითხავთ ჯეიმს უოტსონის წიგნი  “ორმაგი სპირალი”, შეგეძლოთ  გეფიქრათ –  მთავარია   ნობელის  პრემიის მიღებაო,  მაგრამ ამის გაფიქრება სამწუხარო  გაუგებრობა  იქნებოდა.

შეკითხვა.  ერთადერთი ხელისშემშლელი მიზეზი იმისა,  რომ  მოლოისა და  სხვა  სწავლულებს შორის პარალელი გავავლოთ, მგონი ის არის, რომ   მოლოის  თითქოს არა  აქვს იოტისოდენა განზრახვა – თავისი საქმიანობის შედეგი  ვინმეს გააცნოს.  ამიტომ  მინდოდა მეკითხა: მოახდენდა თუ  არა  აინშტაინი თავის აღმოჩენას,  თუ  განზრახული  არ ექნებოდა  შედეგების  გამოქვეყნება?  და  კიდევ ერთი შეკითხვა პირადად თქვენ: ხელს მოჰკიდებდით თუ  არა  მეცნიერებას, თუ   იფიქრებდით, ჩემი კვლევის შედეგები  არავის აინტერესებსო?
პასუხი.  არა,  რასაკვირველია,  არა!  სწავლულთა უმეტესობა  ამჯობინებს ერთად “ითამაშონ”. აინშტაინს თუ  არ ექნებოდა მუდმივი ურთიერთობა მეცნიერებასთან,  იგი ვერასოდეს შეიტყობდა რამეს მაიკელსონის  და  მორლის შესახებ. არა,   სიმართლე უნდა   ითქვას: ურთიერთობა ჩვენი ხელობის კაცთა  დიდი სიხარულია. რაც ხაზგასმით მინდოდა  აღმენიშნა, ეს გახლავთ შემდეგი: მეცნიერული მოღვაწეობის  პროცესში მთავარია  იდეით შეპყრობილობის კომპონენტი. მოვახმაროთ ეს კომპონენტი უზარმაზარი ნაგებობის  აღმართვას, ვაქციოთ იგი სოციალურ მოვლენად – ეს არის საზოგადოების საქმე. და ეს სულ სხვა რამეა. არც ჰომო  სციენტიფიცუსის თავდაპირველი თავისებურებაა იგი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი