ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მოსწავლე, მასწავლებელი, ჯობსი და ბრედბერი

…გაივლის წლები და მასწავლებლის მაგიდასთან მდგარ მალინა საჯაიას ზამთრის ის ცივი დღე გაახსენდება, მასწავლებელმა დიდ შესვენებაზე ხალხით სავსე დერეფნის კედელთან რომ მიაყენა, ორივე ლოყაში გაარტყა და მარჯვენა ყური აუწია.
“ეს ის კვირა იყო, ენ ტეილორი გრინთაუნში რომ ჩამოვიდა საზაფხულო სკოლის მასწავლებლად. მას უკვე ოცდაოთხი წელი შესრულებოდა… ენი ის მასწავლებელი იყო, რომლისთვისაც ყველა მოწაფეს სურდა მიერთმია ულამაზესი ფორთოხალი ან ვარდისფერი ყვავილები… იმ პირველ დილას მის ენ ტეილორი კლასში გვერდითა კარიდან შევიდა და სანამ დაფაზე მრგვალი ასოებით თავისი სახელი და გვარი გამოჰყავდა, ბავშვები მონუსხულებივით ისხდნენ. “მე ენ ტეილორი ვარ, თქვენი ახალი მასწავლებელი”, – ხმადაბლა თქვა მან. უეცრად ოთახში თითქოს შუქი დაიღვარა, თითქოს შენობას სახურავი ახადეს და ხეებზე მსხდომი ჩიტების ჟივილ-ხივილი მოისმა…”

დღეს, მოსწავლეების ჟივილ-ხივილით დაღლილმა, ორიოდ წუთით სკოლის ბიბლიოთეკას შევაფარე თავი, თაროდან პირველივე წიგნი ავიღე, გადავშალე და ხელში შემრჩა რეი ბრედბერის “მოთხრობა სიყვარულზე”, რომელიც წინა აბზაცში მოყვანილი ისტორიით იწყება. რა თქმა უნდა, არც მე ვარ ენ ტეილორი და არც დიდუბე-ჩუღურეთია გრინთაუნი, მაგრამ სულ ახლახან შემისრულდა ოცდაოთხი, სკოლაშიც დავიწყე მუშაობა და მასწავლებლების დაავადებას – ყელის კატარსაც – გავუსინჯე გემო. როგორც ერთხელ ჩემმა პოეტმა მეგობარმა თქვა, “სტაფილოს გავხეხავ ყელით”. მაგრამ მასწავლებლობაზე – მერე… ჯერ იმას მოგიყვებით, მე როგორ ვსწავლობდი.

ხუთი წლისამ კითხვა უკვე ვიცოდი და მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ დრო იყო, ზუგდიდის მერვე საშუალო სკოლის მოსწავლე გავმხდარიყავი. სკოლის დირექციამ ხუთი წლის ციცქნა გოგოს მიღებაზე უარი განაცხადა, მერე განათლების სამინისტროში რაღაც კითხვები დამისვეს… მოკლედ, “ზემოთ” გადაწყდა ეს ამბავი. რომელიღაც კლასში დაწერილ თხზულებაში პირველი დღის ამბებს (რატომ მახსოვს ასე ზუსტად, არ ვიცი) ასე აღვწერდი: “ბებიის კალთას ამოფარებულს, არ მინდოდა სკოლაში შესვლა, მაგრამ გამოჩნდა სიკეთით სავსე ქალბატონი, რომელმაც მხარზე მომხვია თავისი თბილი ხელები და შემიყვანა საკლასო ოთახში. ასე გავიცანი ჩემი პირველი მასწავლებელი – ნელი შარია”.

გავიდა წლები და სექტემბრის თბილ დღეს, როცა ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ უკვე “ჩემი” მოსწავლეებისთვის ვამზადებდი ოთახს და თანამშრომელმა ერთ-ერთ ბავშვზე მითხრა, პატარაა და წინ დასვიო, გამახსენდა, როგორ ვიჯექი დაწყებით კლასებში პირველ მერხზე, რაც გულისხმობდა გაკვეთილის კარგად მომზადებას, მუდამ აწეულ ხელს და მაგიდის ქვეშ მოქანავე ფეხებს, იატაკს რომ ვერ სწვდებოდნენ. კიდევ ჩემი თანაკლასელი თამთა გამახსენდა, რომელიც ცუდად ხედავდა და თვალებს ჭუტავდა. ეს ისე მომხიბვლელი მეჩვენებოდა, რომ გადმოვიღე და ამის გამო დედამ კინაღამ ოფთალმოლოგთან წამიყვანა.

გავიდა წლები, მაგრამ მე ისევ მახსოვს მასწავლებლის მარჯვენა ხელის ანაბეჭდი ჩემს ლოყაზე. წარმოიდგინეთ მეშვიდეკლასელი გოგო, რომელიც მეთერთეტე კლასის გუნდთან ერთად თამაშობს ინტელექტუალურ თამაშებს, დადის მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქართულის ტურებსა და კონფერენციებზე (იქ რას აკეთებს, ეს სხვა საქმეა), იცის გალაკტიონის 45 ლექსი (“შემოესწავლა”) და… არ ესწრება ფიზკულტურის გაკვეთილს. არც მაგიდის ჩოგბურთი უყვარს და არც ფინიშთან ბოლოს მიხოხება, ამიტომ რაღაც ცნობა აუღო დედამ, ჰოდა, ფიზკულტურის გაკვეთილზე დარბაზის ნაცვლად კლასში ზის და მორიგ ლექსს კითხულობს. ერთ-ერთ ასეთ საათზე “შატალოზე” მყოფი ორი თანაკლასელი სთხოვს, მეზობელი კლასიდან გამოყვანოს ვინმე გ.ზ., რადგან მას მამა ელოდება ეზოში. ეს შტერი გოგოც… ეს მესამე პირი რა უბედურებაა?! მოკლედ, მეც შევდივარ მე-11 კლასში და ქართულის მასწავლებელს მორიდებით, ღიმილით, კრძალვითა და ცახცახით ვეუბნები:
– მასწავლებელო, თუ შეიძლება გ. ზ. გამოუშვით, მამა ელოდება გარეთ.

– დაირეკება ზარი და გამოვა.

ზარი, ჩემდა სამწუხაროდ, მალე დაირეკა. ზემოხსენებულმა მასწავლებელმა კლასიდან გამომიხმო, შესვენებაზე აქეთ-იქით მოსიარულე მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების თვალწინ დერეფანში კედელთან მიმიმწყვდია, იქედნურად ჩაიქირქილა: “შენ იცი, მე ვინ ვარ?!” – და ჯერ მარცხენა ლოყაში გამარტყა, მერე – მარჯვენაში, ბოლოს ყურიც ამიწია. მე, როგორც ნამდვილ ლედის შეეფერება, არ მიტირია. უბრალოდ, კლასში შევედი და მომდევნო გაკვეთილისთვის საჭირო წიგნები მერხზე დავაწყვე.

მეორე დღეს მამაჩემის საყვარელი ბიძა გარდაიცვალა და მთელი ოჯახი სამძიმარზე წავედით. სკოლა გავაცდინე. მესამე დღეს დამრიგებელმა რომ დამინახა, შვებით ამოისუნთქა: “მეგონა, ბებიას უთხარი და სკანდალს ველოდიო…” დღესაც არ იცის, რომ ფსიქოლოგიის ბაკალავრის დიპლომის აღების მერეღა ვიპოვე ძალა, ეს ამბავი ჩემი ოჯახისთვის მომეყოლა. ბებიას ისეთი რეაქცია ჰქონდა (“სად ჰყავს თეოფილე გაბუნიას დურუ ხუნჭუას გასალახი შვილიშვილი?!”), მივხვდი, დუმილით სკოლა გადავარჩინე. იმ მასწავლებელს კი, პროტესტის პასიურ ფორმას მივმართე და, არ ვესალმებოდი. დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ არ გაარკვია ჩემი “ტყუილის” მიზეზი და რაში დასჭირდა იმ 30 კილო ბავშვის სახალხოდ ცემა, რომელიც ხელებჩამოყრილი, მხრებაწურული იდგა და იმეორებდა: “მე უბრალოდ… მე უბრალოდ…” შესაძლოა, “განტევების ვაცი” ვიყავი იმ დროს, ან უბრალოდ “მსხალი”, რომელიც მასწავლებელმა მცირე ხელფასის, სურსათის სიძვირის, თბილისში ქირით მცხოვრები სტუდენტი შვილების გადასახადების, გადაღლილობის, სტრესის გამო დაგროვილი აგრესიისგან განსამუხტავად გამოიყენა.

ჰო, კიდევ, ერთი ქართულის მასწავლებელი მყავდა. წელიწადის იმ დროს, როცა ყვითელ ფოთლებს ხრაშახრუში გაუდის, მასთან საჩუქრად ჩემს ეზოში დაკრეფილი ქრიზანთემები მიმქონდა. ჩარგავდა ყვავილებში თავს და “სხვაგან ქროდა მისი გონება, მისმან თავისმა წონამან”.

…დღეს სკოლის ეზოში მოსწავლემ საქანელიდან გადმომძახა: “ქალბატონო მალინაააა, როგორ არ მინდა სკოლიდან წასვლა!”

ოთხი დღეა ვიცნობ ამ ბავშვებს. სულ რაღაც ოთხი დღე, მთელი ოთხი დღე, ოცდათექვსმეტი საათი. ჰოდა, მგონი, შემიყვარდა. ყოველ შემთხვევაში, ყინული გალღვა და მე უკვე აღარ მეშინია, რომ ერთ დღესაც სკამზე ჭიკარტი დამხვდება. წინ კიდევ ბევრი სირთულეა, მაგრამ, როგორც გაბრიელა მისტრალი გვეუბნება, მასწავლებლის მთავარი მცნებაა “გიყვარდეს მთელი გულითა და სულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს”.

P.S. დღეს აიფონებზე ჩამოვარდა სიტყვა და სტივ ჯობსის ცხოვრებაზე მოვუყევი. ბოლოს მისი დანაბარებიც გადავეცი: “დიდი საქმის აღსასრულებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – შეიყვარეთ ის”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი