ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მხოლოდ ოპტიმიზმით შეიძლება მომავლის შექმნა

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

პეტრე ლეონიდეს ძე
იყო არა მარტო თავისი სამშობლოს შვილი, არამედ მთელი პლანეტისა და გრძნობდა უზარმაზარ
პირად პასუხისმგებლობას საკუთარ ბედზე. კაპიცას იწვევდნენ პრეზიდენტები, მეფეები,  პრემიერ-მინისტრები.
მასზე ამბობდნენ, რომ იგი განასახიერებს მეცნიერების ინტერნაციონალიზმს. მეგობრობდა
და თანამშრომლობდა სხვადასხვა ეროვნების დიდ მეცნიერებთან:  ალბერტ აინშტაინთან, ერნესტ რეზერფორდთან, ნილს
ბორთან, მარია კიურისთან, პოლ ლანჟევენთან, ბერტრან რასელთან…

ცხოვრების ბოლო წლებში
იგი  გახდა საზღვარგარეთის ოცდაათამდე სამეცნიერო
აკადემიის საპატიო წევრი და მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. “როცა
დავინახე ეს მანტიები, მეჩვენა, რომ მომესმა მათი შრიალი მეცნიერების ტაძართა კამარაში,
სადაც  არ შეიძლება ხმამაღლა საუბარი, რომ  ფიქრი არ დააფრთხო”, – თქვა მან.

იუგოსლავიის საზღვაო  ქალაქ დუბროვკაში, ერთ-ერთ კუზიან ქუჩაზე, ვხედავ
ჩვენებურ “ვოლგას”, აქაურობისათვის ასე მოულოდნელს, და თანაც მოსკოვური ნომრით.
საჭესთან იჯდა პეტრე კაპიცა. იგი სამოცდაათ წელს იყო გადაცილებული. თავის ვაჟ დიმიტრისთან
ერთად საჭესთან მჯდარა მონაცვლეობით და ასე ჩამოსულა, “ვოლგით”  მოსკოვიდან ადრიატიკის ნაპირებთან, როგორც პრეზიდენტ ბროზ ტიტოს სტუმარი. პეტრე ლეონიდეს
ძე ხომ იუგოსლავიის ძველი მეგობარი  იყო. იგი
დააჯილდოვეს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უმაღლესი ორდენით. მან მოგზაურობის დროს გადაუხვია
მარშრუტს, რომ შეევლო სერბიულ სოფელში, რომელსაც კაპიცა ჰქვია. აქედან ხომ არ არიან
მისი შორეული წინაპრები?

ეს მოხდა მაისის ერთ
მშვენიერ დღეს. ლენინგრადის საზღვაო პორტიდან პირველად გადიოდა ლაინერი “მიხეილ
ლერმონტოვი”, რომელიც ხსნიდა ტრანსატლანტიკურ ხაზს ლენინგრადიდან ნიუ-იორკში.

ბორტზე იყვნენ ცოლ-ქმარი
კაპიცები და მაშინვე მოექცნენ ყურადღების ცენტრში – მეზღვაურებმა ყურადღება გამოიჩინეს
ანა ალექსის ასულის, ცნობილი გემთმშენებლის აკადემიკოს კრილოვის ქალიშვილის, მიმართ.

პეტრე ლეონიდეს ძეს
უცხოელი ჟურნალისტები უტევდნენ, უამრავ შეკითხვას აყრიდნენ და იგი ყველას პასუხს აძლევდა
ოთხ ენაზე, იმისდა  მიხედვით, თუ  რომელ ენაზე ეკითხებოდნენ მას: რუსულზე, ინგლისურზე,
ფრანგულსა თუ გერმანულ ენაზე.

– მივცურავ ინგლისში.

– რატომ?

– საპატიო სამეცნიერო
მედლის მისაღებად.

– ასეთი ბევრი გაქვთ?

– არ მახსოვს, რამდენი.

– რას ფიქრობთ თანამედროვე
საერთაშორისო მდგომარეობაზე?

– იმედებს მისახავს.

– თქვენი აზრით, შეიძლება
ახალი ომის თავიდან აცილება?

– სავსებით შესაძლებელია.

– ამისათვის რა უნდა
გავაკეთოთ?

– უნდა ვიყოთ კეთილგონიერნი.

– მართალია, რომ თქვენ
საბჭოთა ატომური ბომბის შემქმნელი ხართ?

– არ არის მართალი.

– მაგრამ თქვენმა
შრომებმა ხომ განაპირობეს მისი შექმნა?

– მისი შექმნა ჯერ
კიდევ გალილეის შრომებმა განაპირობეს.

– თქვენზე რეზერფორდი
ამბობდა, გამოუსწორებელი ოპტიმისტიაო, – ეთანხმებით?

– მას შეიძლება დაუჯეროთ,
რადგანაც მისი  მოსწავლე ვიყავი. დარწმუნებული
ვარ, რომ მხოლოდ ოპტიმიზმით შეიძლება მომავლის შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი
არ გვექნება.

Targmna kaxmeg kudavam


 

შეხვედრა

robert babliZe


ორმოცდაათიანი წლების
ბოლოს ჩემი ხელმძღვანელის თხოვნით კაპიცამ ნება დამრთო მემუშავა მასთან, საბჭოთა კავშირის
მეცნიერებათა  აკადემიის  ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტში, სადისერტაციო
ნაშრომის  შესასრულებლად. ადვილი წარმოსადგენია,
რას  ნიშნავდა ეს ახალბედა ასპირანტისათვის.
მოხვდე ინსტიტუტში, რომელიც თანამედროვე  ფიზიკის
მექადაა აღიარებული, სადაც  მუშაობენ აკადემიკოსები,  შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატები კაპიცა და
ლანდაუ, თეორიული თუ  ექსპერიმენტული ფიზიკის
ვირტუოზები, აკადემიკოსები ფოკი, ლიფშიცი, შალნიკოვი და კიდევ სხვა მრავალი – ამაზე
მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა, და აი, ეს ოცნება ჩემთვის რეალობად იქცა.

მოსკოვში სექტემბრის
დასაწყისში  ჩავედი. განთქმული მოსკოვური შემოდგომა
იდგა. მეორე დღესვე ვორობიოვის გზატკეცილზე ფიზიკური პრობლემების, ანუ, როგორც მოსკოველები
ეძახდნენ, კაპიცას  ინსტიტუტში, გამოვცხადდი.
ჩემთვის უკვე ცნობილი იყო, რომ უნდა მემუშავა პროფესორ პეშკოვის ლაბორატორიაში, რომელ-
მაც თავის დროზე ლანდაუს მიერ თეორიულად ნაწინასწარმეტყველევი მეორე ბგერა, ანუ ენტროპიის
ტალღები, აღმოაჩინა ზედენად ჰელიუმში. ჩემი სადისერტაციო თემაც სწორედ მეორე ბგერის
მეთოდთან იყო დაკავშირებული. პროფესორმა გულთბილად მიმიღო, დაწვრილებით გამომკითხა  ჩემი სამომავლო  გეგმები, შემომატარა თავისი ლაბორატორია, გამაცნო
თანამშრომლები, მაჩვენა ჩემთვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი, ამიხსნა, როგორ და ვისგან
შემეძლო მიმეღო მუშაობისათვის საჭირო ინსტრუმენტები და გამზომი აპარატურა, როგორ გამეფორმებინა  შეკვეთები სახელოსნოში  და, ბოლოს, დასძინა, დანარჩენ საკითხებს  კაპიცასთან ვიზიტის შემდეგ გადავწყვეტთო. ახალი შთაბეჭდილებებით გაბრუებულსა და ოდნავ  შემცბარს ბოლო ფრაზისათვის ყურადღება არ მიმიქცევია,
ჩავთვალე, რომ  იგი მე  არ მეხებოდა, ვიფიქრე, ალბათ, თვითონ პროფესორი
აპირებს კაპიცასთან  რაღაც საკითხების შეთანხმებას-
მეთქი. მაგრამ, თურმე,  ვცდებოდი.

როგორც აღმოჩნდა,
არსებული ტრადიციის მიხედვით, ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტში ვერავინ დაიწყებდა  მუშაობას კაპიცასთან პირადი ვიზიტის გარეშე, ამიხსნეს,
რომ ვიზიტს გასაუბრების  სახე ექნებოდა და,
იმისდა  მიხედვით, თუ  როგორ შეაფასებდა პრეტენდენტის მიერ  დაყენებული პრობლემების აქტუალობასა და თავის ინსტიტუტში
მათი შესწავლის მიზანშეწონილობას, კაპიცა საბოლოოდ გადაწყვეტდა,  მიეცა თუ არა  ინსტიტუტში მუშაობის ნება. პეშკოვმა
თავისი განთქმული პირდაპირობით განმიცხადა, რომ ვიზიტის მოსალოდნელი შედეგის წინასწარ
განჭვრეტა აბსოლუტურად უიმედო საქმე იყო, რომ კაპიცასაგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო,
და მირჩია პირდაპირ, დროის დაუკარგავად, წავსულიყავი დირექტორის რეფერენტთან, დამედგინა,
როდის დამინიშნავდნენ ვიზიტს და დარჩენილი დრო რაციონალურად გამომეყენებინა.

– ხვალ, დილის 11
საათზე, – მითხრა კაპიცას  რეფერენტმა  – პავლე რუბინინმა. ჩემს განკარგულებაში დღე და
ღამეზე ნაკლები რჩებოდა. მაგრამ სხვა რა ჩარა იყო, სასწრაფოდ დავბრუნდი სასტუმროში
ხვალინდელი დღისათვის მოსამზადებლად.

კაპიცა  მანამდე სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი სამეცნიერო
ფორუმებზე. ახლა კი ამ ლეგენდას პირადად უნდა შევხვედროდი. ვიჯექი წიგნებსა და კონსპექტებში
ჩაფლული და ამაოდ ვცდილობდი აზრის ერთ წერტილში ფოკუსირებას. გონებრივი მოძრაობის ყოველი
ახალი სპირალი კვლავ და კვლავ კაპიცას პიროვნების გარშემო ტრიალებდა. ჩემ თვალწინ კალეიდოსკოპური
სისწრაფით იცვლებოდნენ მისი ცხოვრების გაგონილი თუ  სადღაც ამოკითხული ამბები.

აკადემიკოსი პეტრე
კაპიცა – თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის ჯადოქარი, გენიალური რეზერფორდის უახლოესი
მოწაფე, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ანუ ინგლისის მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი, ბუნების ნამდვილი საოცრების, თხევადი ჰელიუმის ზედენადობის, აღმომჩენი
კაცი, რომელზეც ლეგენდები იქმნებოდა, რომელიც ფაქტობრივად თვითონ იქცა ლეგენდად.

აი, თუნდაც ერთი ლეგენდა:
ინგლისის ერთ-ერთმა ელექტროტექნიკურმა ფირმამ საკონსულტაციოდ მიიწვია  კაპიცა და დახმარება სთხოვა,  გაერკვია, რატომ
არ მუშაობდა ახლად კონსტრუირებული მძლავრი ელექტროგენერატორი. ამ კონსულტაციისათვის
ფირმამ კაპიცას  1000 გირვანქა სტერლინგი წინასწარ
გადაუხადა. კაპიცამ აუჩქარებლად დაათვალიერა გენერატორი, რამდენჯერმე ჩართო და გამორთო
იგი, შემდეგ კი მოითხოვა ჩაქუჩი. თხოვნა სასწრაფოდ შეუსრულეს. კაპიცამ აიღო ჩაქუჩი,
მძლავრად მოიქნია და გულმოდგინედ დასცხო გენერატორს შერჩეულ წერტილში. ამ დარტყმის
შემდეგ ჩართულმა გენერატორმა ნორმალურად დაიწყო მუშაობა. დაინახა  რა, როგორ მარტივად აამუშავა  მეცნიერმა მანქანა,
ფირმის წარმომადგენელმა მორიდებით სთხოვა  მას
წერილობითი ანგარიში წარმოედგინა მიღებული თანხის თაობაზე.  კაპიცამ იქვე ჯიბის ბლოკნოტიდან
ამოხეულ ფურცელზე შეადგინა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ჩაქუჩის ერთ დარტყმაში მას
ერგება 1 გირვანქა სტერლინგი, ხოლო დანარჩენი 999 გირვანქა კი მას ეკუთვნის იმაში,
რომ ზუსტად იცოდა, თუ  სად და როგორ დაერტყა
ჩაქუჩი.

აი, ასეთი  და მსგავსი ამბები მიტრიალებდა თავში და, რაც მეტს
ვცდილობდი, სისტემაში მომეყვანა და დამელაგებინა აზრები, მით უფრო და უფრო ბუნდოვანი
ხდებოდა ჩემთვის ხვალინდელი ვიზიტის მოსალოდნელი კონტურები. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე
სწორი გადაწყვეტილება მივიღე  – კარგად გამომეძინა
და ბედს მივნდობოდი.

ზუსტად 11 საათზე
რეფერენტის ნებართვით კარები შევაღე და უზარმაზარ კაბინეტში აღმოვჩნდი. შორს, ლამაზი
ფერებით აბიბინებული ვეებერთელა სპარსული ხალიჩის მიღმა, კრეისერისოდენა საწერ მაგიდასთან
კაპიცა  იდგა და მისთვის ჩვეული ღიმილით შემომცქეროდა.
ასე მეგონა, რომ  დიდი დრო გავიდა, ვიდრე ხალიჩა
გადავიარე და მასთან მივედი.  ხელი ჩამომართვა
და მაგიდასთან დამსვა. რამდენიმე უმნიშვნელო კითხვის შემდეგ, რომლებიც ჩემს წლოვანებასა  და განათლებას შეეხებოდა, კაპიცამ მკითხა, როდის
წამოვედი თბილისიდან. ორი დღის წინათ-მეთქი.

– როგორ არის ნიკალაი
ივანოვიჩი? – მომესმა მისი ოდნავ შერბილებული ხმა.

უცებ ვერ მივხვდი,
ვისზე იყო ლაპარაკი და ერთხანს შევყოვნდი. მერე კი, ახლაც ვერ  გამიგია როგორ, რაღაცნაირად ძალიან სწრაფად მოვისაზრე,
რომ ლაპარაკი ჩვენი აკადემიის პრეზიდენტზე, აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილზე იყო. მომეჩვენა,
ვიდრე ამას მოვიფიქრებდი, საკმაოდ დიდი დრო გავიდა, შემდგომი დუმილი უხერხულად ჩავთვალე
და მაშინვე, როგორც ჩვეულებრივ აძლევენ პასუხს ხოლმე მორიგ შეკითხვაზე  “როგორ ხარ”, მეც ვუპასუხე:

– კარგად!

ახლაც ძალიან მიჭირს
გადმოგცეთ,  თუ  როგორ იმოქმედა ჩემმა პასუხმა კაპიცაზე. როგორღაც
წამიერად გამოიცვალა, მის სახეზე უდიდესი კმაყოფილებისა და სიხარულის გრძნობა  ამოვიკითხე, თითქმის ფიზიკურად შევიგრძენი მასში
რაღაც ძლიერი სულიერი მოძრაობა. მომეჩვენა, რომ მისი წარმოსადეგი ფიგურა კიდევ უფრო
მიმზიდველი და სასიამოვნო გახდა. ალბათ, გარკვეულწილად, სწორედ ამ წუთებში მოვიპოვე
ის მკვეთრად გამოხატული კეთილგანწყობა, რომელსაც შემდგომ მისგან ყოველთვის ვგრძნობდი.
უმალ მივხვდი, რომ  რაღაც მგრძნობიარე სიმებს
შევეხე. მივხვდი, რომ  უნდა  არსებულიყო რაღაც  სერიოზული მიზეზი, თუ რატომ მოახდინა
ჩემმა,  ერთი შემთხვევით ბანალურმა პასუხმა,
ასეთი  ეფექტი. მაგრამ რა იყო ეს მიზეზი, ჩემთვის
ჯერ გაუგებარი რჩებოდა.

ვიზიტი კარგახანს
გაგრძელდა. კაპიცამ მომიწონა განზრახვა, შემესწავლა მეორე ბგერის მეთოდით მბრუნავ ზედენად  ჰელიუმში არსებული კვანტული გრიგალების სისტემა,
მათი წარმოქმნისა და გაქრობის კინეტიკა, აღმითქვა ყოველგვარი დახმარება. მითხრა, რომ
დაჩქარების მიზნით ექსპერიმენტული დანადგარის ასაგებად საჭირო შეკვეთები მასთან მიმეტანა
ხელმოსაწერად, რასაც, როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, სასწაულმოქმედი ძალა ჰქონია – კაპიცას
ხელმოწერილი შეკვეთები თვალის დახამხამებაში სრულდებოდა. ბოლო აკორდით კი, რომ  იტყვიან, მართლაც გამაოცა – გამოიძახა სამეურნეო
ნაწილის გამგე, გვარად კალდაევი, და დაავალა გამოეყო ჩემთვის ოროთახიანი ბინა იქვე,
ინსტიტუტის ტერიტორიაზე, იმავე სახლში, სადაც ცხოვრობდნენ ლანდაუ, ლიფშიცი, შალნიკოვი,
ალექსეევსკი და კიდევ სხვა ცნობილი ფიზიკოსები. ეს ისეთი ბედნიერი შემთხვევა გამოდგა
ჩემთვის, რომლის შეფასება, ალბათ, შეუძლებელია. საშუალება  მომეცა ახლოს გავცნობოდი და ხშირად შევხვედროდი მეცნიერების კორიფეებს, რომლებსაც მანამდე
მხოლოდ წიგნებით ან სამეცნიერო პუბლიკაციებით თუ ვიცნობდი.

პირველი, რაც გავაკეთე
კაპიცას  კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ, ის
იყო, რომ  სასწრაფოდ გავექანე ცენტრალური ტელეგრაფისაკენ
და დავრეკე თბილისში, უნივერსიტეტის კრიოგენულ ლაბორატორიაში. ტელეფონზე ჯელილ წაქაძე
შემხვდა. კარგა ხანს ლაპარაკი არ გამოგვივიდა. ახლა ცოტა მეცინება კიდეც, მაშინ კი
სასაცილოდ სულაც არ მქონდა  საქმე. ეტყობა,
ჯელილი მართლაც ძალიან გავაოცე, როცა უშესავლოდ პირდაპირ საქმეზე გადავედი და, ისიც
რა საქმეზე – არც  მეტი, არც  ნაკლები, მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდენტის ჯანმრთელობის დადგენას  ვთხოვდი, თანაც, რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში.
ჯელილს ვერა  და ვერ დაეჭირა რაიმე ლოგიკური
ძაფი ჩემს თხოვნასა და იმ მისიას შორის, რომლითაც სულ ორი დღის წინ გამომიშვეს მოსკოვში.
ლაპარაკის დრო იწურებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა მოკლედ, ერთხელ კიდევ
ამეხსნა საქმის ვითარება, მაგრამ, ალბათ, ზედმეტად ავჩქარდი და ერთი ისეთი “კოლორიტული”
ფრაზა დავიმსახურე, ჯელილისაგან სულ რომ არ მოველოდი და ვერც აქ გავიმეორებ გარკვეული
უხერხულობის გამო.  მე მაინც ჩემსაზე ვიდექი.
ასე იყო თუ ისე, ჯელილმა დახმარება აღმითქვა. ორი დღის შემდეგ დავრეკე თბილისში და,
აი, რა გამოირკვა; თურმე,  ბატონი ნიკო ძალზე
სერიოზულად იყო ავად, ისე, რომ ექიმებიც კი შეშფოთებული იყვნენ მისი მდგომარეობით და
რომ  სწორედ იმ დღეს, როცა მე კაპიცას ვესაუბრებოდი,
კრიზისულმა მდგომარეობამ გადაიარა და ახლა საქმე უკვე გაუმჯობესებისაკენ მიდიოდა. აი,
გამართლებაც ასეთი უნდა, ამაზე იტყვიან, თუ ღმერთი გწყალობს, ეშმაკები ვერაფერს დაგაკლებენო. კაპიცამ, რა თქმა უნდა, იცოდა
მეგობრის ავადმყო- ფობის ამბავი და შეწუხებული იყო მისი  მძიმე მდგომარეობით, მე ჩემდაუნებურად მისთვის კეთილი
ამბის მახარობელი გავხდი.

ერთ საღამოს, ინსტიტუტის
პარკში სეირნობის დროს, აკადემიკოს ევგენი ლიფშიცს მოვუყევი ეს ამბავი, ბევრი იცინა,
მერე კი მითხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო მუსხელიშვილისა და კაპიცას  დიდი მეგობრობის ამბავი და მომიყვა, თუ  რა რისკისა და მოქალაქეობრივი თავგანწირვის ფასად
შეძლეს კაპიცამ და მუსხელიშვილმა ოცდაა- თიანი წლების ბოლოს,  მასიური რეპრესიების იმ ავადსახსოვარი ძნელბედობის
ჟამს, ფაქტობრივად დაღუპვას გადაერჩინათ მთელი რიგი წამყვანი საბჭოთა მეცნიერები. ლიფშიცმა
გვარებიც ჩამოთვალა, სამწუხაროდ, მაშინ ეს სათანადოდ ვერ  შევაფასე, არავითარი ჩანაწერები არ გამიკეთებია
და ახლა მათგან მხოლოდ აკადემიკოსების ფოკისა და ლანდაუს გვარები მახსენდება, ლიფშიცმა
ისიც აღნიშნა, რომ ამ საქმეში   განსაკუთრებული
მნიშვნელობა ჰქონია მუსხელიშვილის ავტორიტეტსა და პირად კონტაქტებს პარტიული და საბჭოთა
ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებში.

 

 

მოგონება

 elefTer andronikaSvili

გადაკეცილსაყელოიან
პერანგზე  გადაცმულ ლურჯი შალის ჟილეტში გამოწკეპილი,
მბრუნავ სკამზე მჯდომი რესპექტაბელური რეფერენტი პისარჟევსი ჩემკენ მოტრიალდა.

– თქვენ დოცენტი ანდრონიკაშვილი
ბრძანდებით? შალნიკოვმა მთხოვა პეტრე ლეონიდეს ძესთან მიღებაზე ჩამეწერეთ, მაგრამ ის
მხოლოდ გუშინ საღამოს დაბრუნდა შვებულებიდან და ვეღარ შევძელი მომეხსენებინა. მითხარით,
გეთაყვა, თქვენი სახელი, მამის სახელი, სამსახურის ადგილი, რა საკითხზე ხართ…

კითხვებს რომ მაძლევდა,
ჩემს პასუხებს თეთრ ბლანკზე ბეჭდავდა, შემდეგ მარჯვედ ამოაძრო ფურცელი საწერი მანქანიდან
და დირექტორის კაბინეტის კარს მიეფარა.

კაპიცა არ მღებულობდა
ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო აღმოჩნდა, რომ გონს მოვგებოდი. ისე კი, რაც გინდათ
თქვით და, ჩემი თავი დიდ თავხედად მიმაჩნდა.

“არ მეგონა,
თუ როდისმე ასეთ რამეს გავბედავდი”, – ვბუტბუტებდი და თან ფეხზე შემოდებული ფეხის
ქანაობით ვერთობოდი. რეფერენტი სტენოგრამიდან თვალმოუცილებლივ სწრაფად ბეჭდავდა საწერ
მანქანაზე რომელიღაც ლიტერატურული ნაწარმოების თავს.

როგორც იქნა, ზარმა
დარეკა.  პისარჟევსკი წამით შევიდა კაბი- ნეტში
და, კვლავ რომ გამოჩნდა, მითხრა:

– შეფი გთხოვთ.

ჩემ წინ ვეებერთელა
კაბინეტში, რომლის კედლებს ერთ მესამედზე შემოვლებული ჰქონდა ხის პანელები, ვეებერთელა
მაგიდასთან იჯდა ასე ორმოცდახუთი წლის მხარბეჭიანი მამაკაცი. პირი დაძაბულად დაეჭიმა,
ტუჩები ჩამოეშვა, განსაკუთრებით მარცხნივ, იქ, სადაც მინიატურული ჩიბუხი გაეჩარა და განუწყვეტლივ ეწეოდა.

სახის  დაძაბულ ქვედა ნაწილთან სრულ კონტრასტს ქმნიდნენ
თვალები; ძალიან ღია ცისფერი, თითქმის უფერული თვალები დაბნეულად დაბორიალობდნენ სივრცეში;
მაშინაც კი, როცა თანამოსაუბრეზე ჩერდებოდნენ, კაპიცა მათ წინ მდგომი კაცის მიღმა მიაპყრობდა
ხოლმე, თითქოს უნდოდა ეს კაცი გამჭოლი ხედვით დაენახა.

პეტრე ლეონიდეს ძე
მძიმედ წამოდგა სავარძლიდან და მაგიდას შემოუარა, თან ყავისფერ ზამშის ქურთუკზე ელვა-შესაკრავს
მაღლა ეწეოდა. მან გულგრილად, არცთუ მაგრად ჩამომართვა ხელი და კვლავ თავის სავარძელს
დაუბრუნდა. თვალში გეცემოდათ  მისი ჩასკვნილი,
ოდნავ წინ წახრილი ტანი.

ცოტა დრო როდი გავიდა,
სანამ ხმამაღლა, დამარცვლით და არასწორად წაიკითხა ჩემი სახელი და მამის სახელი.

– ქათველი ხართ?

– ქართველი გახლავართ.

– თქვენ თიბლისში
ცხოვრობთ? (სწორედ ასე თქვა – “თიბლისში”).

– დიახ. უკვე ხუთი
წელიწადია იქ ვცხოვრობ მას შემდეგ, რაც მოსკოვში ვიმუშავე ორიოდე წელი.

– რამდენი წლისა ხართ?
ოცდაცხრის? სად სწავლობდით? ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, – დაფანტულად იმეორებდა
იგი ჩემს პასუხებს ფრაზის ბოლოსაკენ დაწეული ინტონაციით. – მე ნათესავები მყავდნენ
ქართველები – ჩუხჩუვაძეები. ისინი წარმოშობით თიბლისიდან იყვნენ. საქმე ისაა, რომ პაპაჩემი
გენერალი სტებნიცკი დიდხანს მუშაობდა კავკასიის კარტოგრაფიული სამმართველოს უფროსად,
– წარმოთქვა კაპიცამ, თან ჩემ მიღმა იცქირებოდა.

– დიახ, ჭავჭავაძე
– ეს ჩვენში ერთობ ცნობილი გვარია; გრიბოედოვის ცოლი, სხვათა შორის, ჭავჭავაძეების
ოჯახიდან იყო.

– მართალი ხართ,
– თქვა პეტრე ლეონიდეს ძემ, მაგრამ  ჩემი შესწორება
არ მიიღო, – ჩუხჩუვაძე – ეს თქვენთან ძალიან ცნობილი გვარია. ჩვენ ყოველთვის ახლოს
ვიყავით ზავრიევებთან, რომლებიც გარეთა ბიძაშვილებად მერგებიან. იცნობდით იმათ?

– როგორ არა, მე ვიცნობ
კირიაკ სამსონის ძე და დავით ქრისტეფორეს ძე ზავრიევებს, ოღონდ, სიმართლე გითხრათ,
არ ვიცოდი, რომ ისინი ჭავჭავაძეების ნათესავები არიან.

– ჰო, არც მე ვიცოდი..
– ამოღერღა პეტრე ლეონიდეს ძემ; როგორც ჩანს, განიზრახა ქართველებთან ნათესაობის უარყოფა,
რაკი ენათესავებოდა ისეთ სომხებს, რომლებიც სულაც არ იყვნენ ჭავჭავაძეთა ნათესავები.

– აბა, მომიყევით
თქვენი  ამბები, – მომმართა და ისევ  გააბოლა მინიატიურული ჩიბუხი, რომელიც შემდგომ  ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა: მარცხენა ხელით ყავისფერ
ზამშის ქურთუკზე რამდენ- ჯერმე მოსინჯა ელვა-შესაკრავის ძვრია, მარჯვენა ხელით მარცხენა
ყურს ზემოთ გაყოფილი და მარჯვენა  ყურისკენ მიმართული თმები დაიტკეპნა; ასე მოემზადა
მოსასმენად, თან მზერა მომაპყრო.

– თქვენ, მაშასადამე,
თიბლისის უნივერსიტეტში კათედრას ხელმძღვანელობთ?

სათქმელი ითქვა,  შეკითხვები დაისვა,  პასუხები გაიცა,  ახლა რა იქნება? პაუზა რაღაც დიდხანს გრძელდება!

– ჰოდა,  ასე. მე პირადად წინააღმდეგი როდი ვარ,  რომ  ჩემთან
ინსტიტუტში წაიმუშაოთ, თუმცა, მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი მთხოვს მიღებას… თქვენ,
გეტყობათ, საზრიანი და აქტიური კაცი ხართ: 27 წლისამ ასეთ ძნელ პირობებში კათედრა შექმნას,
მერმე კიდევ უხელმძღვანელოს… რამდენის  იყავით,
როცა დაიცავით? ოცდახუთის… მაშ ასე: მე თვითონ ერთპიროვნულად არასოდეს არ ვწყვეტ
საკითხს – ავიყვანო თუ არა თანამშრომელი. ეს ჩემი ინსტიტუტის მეცნიერთა კოლექტივმა
უნდა გადაწყვიტოს. თქვენ, მართალია, თანამშრომელი კი არა, მივლინებით გამოგზავნილი
იქნებით, მაგრამ წესები ერთნაირი მაქვს. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ
ჩემს ლაბორატორიებში მუშაობდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები – მოსკოვისა თუ  სხვა ქალაქების ინსტიტუტების წარმომადგენლები. მგონია,
რომ  ადგილებზე დაბრუნებისას ისინი საბჭოთა
კავშირის ყველა ქალაქში თან ჩაიტანენ ფიზიკური ექსპერიმენტის კულტურას, ეს გაცილებით
უფრო სასარგებლოა, ვიდრე ერთ ადგილას გქონდეს ერთი დიდი ინსტიტუტი, რომელიც სამუდამოდ
გადაიბირებს ყველაზე უფრო ნიჭიერებს.

შემდგომ მე მომეჩვენა,
რომ  ეს არ იყო საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა.
აბრამ თევდორეს ძე იოფემ უდიდესი წარმატებების მოპოვება შეძლო სსრ კავშირში ფიზიკის
განვითარებაში. ამას მან მიაღწია ქვეყნის ვეებერთელა ტერიტორიის სხვადასხვა ადგილას
კარგად დაკომპლექტებული  და სრულფასოვანი კოლექტივების
დასახლების გზით, რომლებსაც ცენტრიდან უჭერდა მხარს. ასე ჩამოყალიბდა ინსტიტუტები ტომსკში,
სვერდლოვსკში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში. მარტოხელებს კი აბა რა შეუძლიათ? მარტოხელა
შეიძლება ადვილად ჩაკვდეს და თუნდაც ყველაზე საუკეთესო ინსტიტუტში შეძენილი სიკეთე
წყალში ჩაეყაროს, თუ  ადგილზე დაბრუნების შემდეგ
ისევ  რუტინისა და მეცნიერების ჭეშმარიტი ამოცანების
გაუგებლობის პირობებში მოექცევა.

 

– სიტყვამ მოიტანა
და, – განაგრძობდა კაპიცა, – ჩემი მასწავლებელი რეზერფორდი ზუსტად ასევე იქცეოდა: ყოველთვის
ჰყავდა ოცდაათი ახალგაზრდა და უნარიანი მოწაფე, რომლებსაც შემდეგ სხვა უნივერსიტეტებში
უშვებდა, თავისთან კი ყველაზე ნიჭიერებს იტოვებდა… ასე რომ, მოდით, შევთანხმდეთ:
უახლოეს ოთხშაბათს თქვენ მოხსენებას კითხულობთ ჩემს სემინარზე,  მოხსენების მერე კი გადავწყვეტთ, დარჩებით თუ არა.
მოგვიყევით ერთ-ერთი თქვენი შრომის შესახებ, ჩვენ კი ვნახავთ. მანამდე  ჩემს ლაბორატორიებს გაეცანით, მე ვინმეს დავავალებ,
რომ დაგათვალიერებინოს.

– გმადლობთ, პეტრე
ლეონიდეს ძევ, ჩემმა  მეგობრებმა უკვე დამათვალიერებინეს.

– განა ჩემი თანამშრომლებიდან
იცნობთ ვინმეს?

– როგორ არა, ალექსანდრე
იოსების ძე ერთ დროს ჩემი ფაკულტეტის დეკანიც გახლდათ პოლიტექნიკურში…

– აჰაა! მეც ხომ ლენინგრადში
ვსწავლობდი პოლიტექნიკურში… აბა, როგორ მოგეწონათ ჩემი ინსტიტუტი?

– პეტრე ლეონიდეს
ძევ! განა მაგას კითხვა უნდა? ყველაფერი, რაც ვნახე, შესანიშნავია!

– ჰოდა  ძალიანაც კარგი, თუ მოგეწონათ. მოხარული ვარ, რომ
გაგიცანით. ნახვამდის.

– ნახვამდის, პეტრე
ლეონიდეს ძევ! დიდი მადლობა ყველაფრისათვის.

– მადლობა ჯერ ნაადრევია,
ყველაფერი ოთხშაბათს  გადაწყდება.

უკან-უკან დახევით
გამოვედი  კაბინეტიდან, მერე და ვისი კაბინეტიდან:
აკადემიკოსი  კაპიცა,  სამეფო საზოგადოების წევრი, ფიზიკის პრობლემების
ინსტიტუტის (უჰ, რა სახელი ჰქვია!) დირექტორი, კემბრიჯში ლაბორატორიის (სიტყვამ მოიტანა
და, მგონი, სპეციალურად მისთვის ააშენეს) ყოფილი დირექტორი, თვით დიდი რეზერფორდის
ყოფილი მოწაფე.

აი, აქ კი გვარიანად
წამიხდა გუნება.

Targmna Tamaz ebanoiZem

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი