პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მკვდარი პოეტი უილ ჰანთინგი მონა ლიზას ღიმილით

იყო ამქვეყნად ერთი მშვენიერი ადგილი ჩვენი დუხჭირი (აქ ამ სიტყვამ ჩემდა უნებურად დაიკავა ადგილი) ბავშვობისას – ლიტერატურის მუზეუმთან არსებული ხელოვნების სახელოსნო, რომლის შესახებაც აუცილებლად გიამბობთ მოგვიანებით. იმ სახელოსნოში ერთი საინტერესო და სახელგანთქმული მასწავლებელი გვყავდა – ვახტანგ როდონაია. გვიკითხავდა კურსს სახელწოდებით “საუბრები ლიტერატურაზე”. ბატონმა ვახტანგმა ერთხელ გვითხრა, რომ თურმე როცა ადამიანი რამეს წერს, ქვეცნობიერად ცდილობს, თავისი შემოქმედება პოტენციურ მკითხველს მოაწონოს. თვით პირადი დღიურის წერისას, როდესაც მავანი ფურცელს ისეთ საშინელ საიდუმლოს ანდობს, რომელიც უნდა, რომ არასდროს, არასდროს გაიგოს სხვამ, იგი ამ საჩუმათო ამბავსაც ისე აღწერს, რომ არამკითხე წამკითხველი აღტაცებული დარჩეს მისი განუმეორებელი პიროვნული ხიბლით. ეს სიტყვები ისე მენიშნა, რომ ჩემს ყველა მოსწავლეს ვეუბნები და აი, თქვენც გითხარით…

დიახ, მე ვცდილობ, მოგეწონოთ ჩემი ნაწერი, ვცდილობ არცთუ ქვეცნობიერად – გეკეკლუცებით არაორდინარული სათაურით, თბილი მოგონებებით, სიტყვების ფლობის უნარით, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, როგორ მინდა, მოვწონდე ჩემს მოსწავლეებს, როგორ მინდა, არასოდეს დაიხედონ საათზე, არასოდეს გაახსენდეთ მობილური და სისავსის შეგრძნებით ტოვებდნენ გაკვეთილს. და რა მოსწონთ მოზარდებს, რას ელიან ისინი მასწავლებლისგან? ამ ძიებამ ჰოლივუდამდეც მიმიყვანა.

ბავშვობაში (მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ ჩემგან ბალერინა არ გამოვიდოდა) ჩემი ოცნება იყო, გოგონათა სკოლა-პანსიონის მფლობელი გავმხდარიყავი. თვალნათლივ ვხედავდი მზით განათებულ ვრცელ მინდორს, ვიქტორიანული ყაიდის უზარმაზარ შენობას, ბალახზე მჯდარ სასკოლოფორმიან გოგონას, რომელიც წიგნს კითხულობდა. ამ სკოლაში აუცილებელი საგანი იქნებოდა… ბალეტი. როგორც ხედავთ, იყო ჩემში ერთი მასწავლებლური თვისება – მინდოდა, სხვებისთვის “გადამედო” ჩემი აუხდენელი ოცნება. ზოგადად მშობლებმა იციან კიდევ ასე: შენ მაინცდამაინც ის უნდა გქონდეს, რაც მას დააკლდა. კიდევ ჩემი თავი წარმომედგინა თბილი, ალერსიანი, ცოტა მკაცრი, ძალიან მეგობრული: გოგონებს თვალში რომ ჩავვარდნოდი, ხელს არ ამოისვამდნენ. აი, ზურგიდან ვხედავ ჩემს თავს, პატარა გოგონასკენ დახრილს, დამრიგებლურსა და გულითადს, მუქი ლურჯი ქვედაკაბა მაცვია, ნაცრისფერი ჟაკეტი, თმა უბრალოდ მაქვს უკან შეკრული, რატომღაც საეჭვოდ მაღალი და თხელი ვარ, აი, შემოვტრიალდი და… უი! ჯულია რობერტსის სახე! ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩემი ბავშვური ოცნება სკოლა-პანსიონის მეპატრონეობაზე ჰოლივუდის პროდუქტია; მაშ, რა გასაკვირია, თუკი სხვა ბავშვებიც კინოფილმების მიხედვით აყალიბებენ სტერეოტიპებს მასწავლებლის შესახებ? მოდი, გავიხსენოთ ცნობილი ფილმები, რომლებშიც მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაა აღწერილი და ვნახოთ, როგორი ვიქნებოდით, ოცნებების ფაბრიკის ნაწარმი რომ ვყოფილიყავით.

ალბათ, თქვენც ის გაგახსენდათ პირველ რიგში, რაც მე – “მკვდარი პოეტების საზოგადოებას” თოთხმეტი წლისამ ვუყურე და მაშინვე “ჩემი საყვარელი ფილმის” იარლიყი მივაწებე. მეორე დღესვე ყველაზე სანდო მასწავლებელთან გადმოვაფრქვიე დაგროვილი ემოცია; მასაც ნანახი ჰქონია. მითხრა, არადამაჯერებელი ფილმიაო. რატომ-მეთქი, პირკატა მეცა. ასეთი რამეების გამო თავს არ იკლავენო, რობერტ შონ ლეონარდის მიერ განსახიერებული პერსონაჟის, ნილ პერის, საქციელს გულისხმობდა. ცივი წყალი გადამესხა თითქოს. მერე კიდევ, – ხომ ხდება ცხოვრებაში უცნაური დამთხვევები, – უნივერსიტეტში ზოგადი ფსიქოლოგიის კურსი ავირჩიე, რომელიც ცნობილ სპეციალისტს მიჰყავდა და პირველსავე ლექციაზე ეს ფილმი ახსენა: მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ ნილ პერის საქციელი არადამაჯერებელია, მასწავლებლად არასოდეს ივარგებსო. ჩავფიქრდი, არადა, ნინო მასწავლებელი მართლა კარგი პედაგოგი იყო, ამ გადმოსახედიდან – ეგებ იმ სახელგანთქმულ ფსიქოლოგზეც უკეთესიც.

თუმცა რა მენაღვლებოდა, მე მაინც ტოდ ანდერსონზე ვიყავი შეყვარებული – მორცხვსა და საკუთარ თავში ჩაკეტილ ბიჭზე, მხოლოდ თამამი მეგობრების წამხედურობით რომ შეძლებს, თავისი ხმა მიაწვდინოს სამყაროს. ის სცენა მიყვარს, ნილის სიკვდილს რომ გაიგებს, ქათქათა, დათოვლილ მინდორზე რომ მირბის, მირბის და გული აერევა. არა, ვერც ამ პერსონაჟსა და ვერც ეთან ჰოუკის სამსახიობო ოსტატობას ვერავინ უწოდებდა არადამაჯერებელს.

თოთხმეტი წლისამვე გადავწყვიტე, რომ თუკი ოდესმე მასწავლებელი გავხდებოდი, აუცილებლად მივბაძავდი მისტერ კიტინგს, რობინ უილიამსის მიერ განსახიერებულ გმირს: არაორდინარულობით, შეუპოვრობით, და კიდევ აუცილებლად მოვითხოვდი მოსწავლეებისგან თავისუფალ აზროვნებას. ვახერხებ თუ არა ამას, ვერ გეტყვით, მეც მაინტერესებს.

ამას წინათ შემოვლითი გზებით ვცადე, გამერკვია და ეს ფილმი საშინაო დავალებად მივეცი მაღალკლასელებს, ზუსტად ისეთ ბიჭებს, მთავარ პერსონაჟებში რომ ამოიცნობდნენ საკუთარ თავებს: გამორჩეულად ნიჭიერებს, გაბედულებს, თავისუფლად მოაზროვნეებს. ადგნენ და პრეზენტაცია გააკეთეს: აქეთ შინაარსი მიმოიხილეს, იქით რეჟისურა მოიწონეს, კარგი ოპერატორული ნამუშევარიაო, აი, ბოლო სცენაში რომ მერხზე ასული მოსწავლეების ფეხების მიღმა ჩანს კადრი, მიგნებააო. არც მასწავლებელი შეუფასებიათ და არც პოეზია როგორც ამბოხის იარაღი ჩაუთვლიათ ყურადღების ღირსად. ალბათ, მასწავლებელი, რომელიც თავისუფალ აზროვნებას მოითხოვს, უკვე ნამდვილად აღარაა უცხო ხილი, ეგებ ამგვარი ფილმების წყალობითაც.

პავიჩს ხომ აქვს “ხაზარული სიტყვისკონის” მამრული და მდედრული ვერსია, ჰოდა, “მკვდარი პოეტების საზოგადოების” მდედრული ვერსიაც არსებობს – “მონა ლიზას ღიმილი” ეწოდება. თუ მისი წინამორბედი ზოგადსაკაცობრიო და საყოველთაო პრობლემებს ეძღვნება, ეს კონკრეტულად 1950-იანი წლების ფემინისტური მოძრაობის კინოისტორიაა. მარტივი სცენარია, ძალიან სწორხაზოვანი და იოლად გამოსაცნობი დასასრულით: გოგონათა პრესტიჟული კოლეჯის მოსწავლეები თავიდან დასანახავად ვერ იტანენ არაორდინარულ მასწავლებელს, რომელსაც ყველა საკითხის შესახებ განსხვავებული აზრი და განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს, ბოლოს კი, რასაკვირველია, გულიანი ამერიკული ჩახუტების არაერთ სცენას წავაწყდებით. ვერც რობინ უილიამსის მდედრული ვერსია, ჯულია რობერტსი, დგას თავის სიმაღლეზე, ის კი არადა, თითქოს იჩრდილება კიდეც ნიჭიერი ახალგაზრდა კოლეგების ფონზე, მაგრამ ამ ფილმშიც არის ერთი მეტად საგულისხმო მომენტი, რომელიც თითქოს ამოვარდნილია საერთო სწორხაზოვნებიდან: ერთ-ერთი მაღალკლასელი, ყველაზე მიზანდასახული და ნიჭიერი, თანაკლასელების ნახევრის მსგავსად, კოლეჯის დამთავრებამდე ქმნის ოჯახს. მასწავლებელი მას საზოგადოებრივი სტერეოტიპის მსხვერპლად მიიჩნევს, გოგონა კი ბედნიერია თავისი არჩევანით და სავსებით გაცნობიერებულად ამბობს უარს პრესტიჟული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

ამ საკითხზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ აშკარად შეიმჩნევა საფრთხე სტერეოტიპის სტერეოტიპით ჩანაცვლებისა – თუკი ადრე საზოგადოების წნეხი აიძულებდა გოგონას, ადრეულ ასაკში შეექმნა ოჯახი და დიასახლისის ამპლუაში გაეტარებინა ცხოვრების უმეტესი ნაწილი, თანამედროვე აღზრდა, ნებით თუ უნებლიეთ, ჩააგონებს მოზარდს, განათლება, კარიერა, თვითრეალიზაცია აქციოს თავის ცხოვრებისეულ პრიორიტეტად და მხოლოდ ამის შემდეგ, სოციალური საყრდენის მქონემ, შექმნას ოჯახი, გააჩინოს შვილები; არადა, განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტანჯება დეპრესიით იმის გამო, რომ სოციალურ საფეხურებზე ამაღლების აზარტმა აიძულა, არასათანადო სერიოზულობით მოჰკიდებოდა თავისი ცხოვრების ღირსშესანიშნავ ურთიერთობებს.

ეს პრობლემატიკა აქტუალურია ფილმში სახელწოდებით “ჭკვიანი უილ ჰანტინგი”, რომელშიც მოქმედება ამერიკის საუკეთესო ტექნიკურ კოლეჯში ვითარდება… და აქ ვწყვეტ მასზე საუბარს, რადგან აუცილებლად უნდა ნახოთ თვითონ.

და თუმცა ძველად მიაჩნდათ, რომ შეგირდისთვის საკმარისია, მასწავლებლის მსგავს სრულყოფილებას მიაღწიოს, ეს კარგი ფილმები გვეუბნებიან: კარგი მასწავლებლის მთავარი ნიშანი ის კი არაა (თუმცა, რასაკვირველია, ესეც უაღრესად მნიშვნელოვანია) თავისი საგანი შეაყვაროს მოსწავლეს და სრულყოფილი პროფესიონალის მაგალითად იქცეს მისთვის, არამედ უბრალოდ, დაეხმაროს მოზარდს, ისე განივითაროს თვითრწმენა, რომ გაბედოს, იქცეს იმად, ვინც გულით სურს, რომ იყოს.

ან ეგებ კარგი მასწავლებლის ნიშანია, ჰქონდეს რობინ უილიამსივით უბრალო, კეთილი სახე, შეეძლოს, გულში ჩამწვდომი მზერა გააყოლოს ცხოვრებისაკენ მიმავალ თავის მოწაფეს და სიყვარულით თქვას:
– ღმერთი გფარავდეს, შვილო!

ვცადოთ ასეც: ეგებ კარგი მასწავლებლის ნიშანია, ჰქონდეს რობინ უილიამსივით უბრალო, კეთილი სახე, შეეძლოს გულში ჩამწვდომი მზერა გააყოლოს ცხოვრებისაკენ მიმავალ თავის მოწაფეს და სიყვარულით თქვას:

– ვირიშვილო! პლაგიატორო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი