ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სიღარიბე სიმდიდრეა

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

– ამ დილით რას  აკეთებდით, დედა ტერეზა?

– ვლოცულობდი.

– რომელ საათზე დაიწყეთ ლოცვა?

– ხუთის ნახევარზე.

– ლოცვის შემდეგ?

– ჩვენი ლოცვები ხორცს ისხამს შრომაში,  რომელსაც ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან ერთად ვასრულებთ, უფლისათვის შრომაში, უფლისადმი მიმართვაში. ეს გვეხმარება, რათა მთელი სული, მთელი გული შევალიოთ საქმეს. მომაკვდავნი, სახიჩარნი, სულიერად ავადმყოფნი, განკიცხულნი, სიყვარულს  მოკლებულნი – ყოველი მათგანი იესოა,  ოღონდ სხვა სახით მოვლენილი.

– თქვენ ქველმოქმედ რელიგიურ მოღვაწედ ხართ ცნობილი. ესმის კი ხალხს თქვენი მოღვაწეობის სულიერი საფუძველი?

– არ ვიცი, მე აქ მოსვლის და ღატაკებთან  შეხების საშუალებას ვაძლევ მათ. ეს ყველამ უნდა გამოსცადოს.  რამდენი  ახალგაზრდა ამბობს უარს ყველაფერზე ამის გამო. ხომ ძნელი დასაჯერებელია, რომ  ასეთი  რამ შეიძლება მოხდეს? და მაინც, ხდება ასეთი  საოცრება. ჩვენი მოხალისეები შინ სხვა ადამიანებად გარდაქმნილი ბრუნდებიან.

– საქმიანობაში ხომ არ გეხმარებათ ის,  რომ ქალი ხართ?

– ამაზე არასოდეს მიფიქრია.

– ხომ არ მიგაჩნიათ, რომ მსოფლიო ქალის, დედის, მოწოდებას უკეთ  ეხმიანება?

– ხალხი რომ  გვეხმიანება, ეს ჩემი კი არა,  იმ საქმის წყალობაა, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. ადრე  ადამიანები ბევრს ლაპარაკობდნენ ღარიბებზე, ახლა ისინი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ღარიბებთან. ეს კი სრულიად სხვა რამ არის. ასეთი ნაყოფი გამოიღო შრომამ. ახლა ვიცით, რომ  არსებობენ  ღატაკები, რომ  მათ შორის არიან ღატაკთა შორის უღატაკესნი, რომ  ისინი არავის სჭირდება, მათზე არავინ ზრუნავს. უწინ  კაციშვილს არ აღელვებდა ქუჩაში ცხოვრებისთვის განწირული  ხალხის ბედი. 54 ათასი  ღატაკი წამოვიყვანეთ კალკუტის ქუჩებიდან და მათგან დაახლოებით 23 ათასი ერთსა და იმავე შენობაში (კალიგხატში) გარდაიცვალა.

– მთელი თქვენი მორჩილების მიუხედავად, ალბათ, არაჩვეულებრივი რამ არის, იყო ღვთის წყალობის აღმსრულებელი დედამიწაზე.

– ამას ღმერთი აკეთებს, ვფიქრობ, ღმერთმა თავისი სიდიადის წარმოსაჩენად მე, არარაობა, ამირჩია.

– თქვენი  აზრით, რაიმე  განსაკუთრებული თვისება  არ გაგაჩნიათ?

– მგონია, არავითარი. ამ საქმეზე   არავითარ პრეტენზიას არ ვაცხადებ. ყველაფერს ღმერთი აკეთებს. მე მხოლოდ ფანქარი ვარ მის ხელში. ეს არის და ეს. იგი თვითონ ფიქრობს, თვითონ წერს. ფანქარი არაფერ შუაშია. საჭიროა  მხოლოდ, საშუალება  მიეცეს ფანქარს სარგებლობა მოიტანოს. ადამიანური გაგებით  კი ეს იმას ნიშნავს, რომ  ჩვენს წარმატებას საკუთარ თავს  არ უნდა  ვუმადლოდეთ, ასე არ არის?

– რა არის თქვენთვის  ღვთის უდიდესი ჯილდო?

– ღატაკები.

– რატომ მიიჩნევთ ასე?

– იმიტომ, რომ საშუალება  მაქვს დღისითა და ღამით, 24 საათის განმავლობაში,  ვიყო ღმერთთან.

– აქ, კალკუტაში, რეალურად თუ  შეიცვალა რამე?

– ჩემი აზრით, შეიცვალა. ხალხმა იცის ჩვენი არსებობის ამბავი და მრავალი ინდუსი გვეხმარება. ქუჩაში მომაკვდავ ადამიანს უკვე ვეღარსად ნახავ. ახლა მთელს მსოფლიოში ახსოვთ, რომ არსებობენ ღატაკები.

–  თქვენ ღატაკებისადმი  მთელი მსოფლიოს ყურადღება მიაპყარით. რა  რჩევას აძლევთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ უპოვართ დაეხმარონ?

– უნდა  იგრძნონ, რომ  უყვართ და  სჭირდებათ ღატაკები. მე ღატაკებში ღმერთს ვხედავ. და ეს უფრო მეტად მწამს, ვიდრე დიდი საოცრებები.

– დამოკიდებულება გაქვთ ინდუიზმისადმი?

– პატივს ვცემ ყველა რელიგიას, მაგრამ მხოლოდ ჩემი რელიგია მიყვარს.

– მათაც უნდა უყვარდეთ იესო?

– ცხადია, თუკი მშვიდობა და სიყვარული სურთ, მათ უნდა მოიპოვონ იესო. თუ  ჩვენი საქმიანობის მეშვეობით ადამიანები – ინდუისტები, მუსლიმანები, ბუდისტები – უკეთესი ხდებიან, ჩნდება რაღაც ახალი. ისინი სულ უფრო უახლოვდებიან ღმერთს. ღმერთთან მიახლოებისას მათ არჩევანი უნდა გააკეთონ.



– თქვენ და რომის პაპი იოანე  პავლე II იმ საეკლესიო მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნით, ვინც ცხოვრების დასავლური წესის, ნივთების კულტისა და  აბორტების წინააღმდეგ  ილაშქრებს. რამდენად ძლიერია თქვენი შეშფოთება?

–  ყოველთვის  ერთსა და  იმავეს ვიმეორებდი: თუკი  დედას ძალუძს მოკლას საკუთარი ბავშვი, რაღა  დარჩენილა დასავლეთში გაუნადგურებელი? ეს ძნელი ასახსნელია, მაგრამ სიმართლეა.

– ასეთივე  სერიოზული პრობლემაა დასავლელთა სწრაფვა მატერიალური კეთილდღეობისაკენ?

– არ ვიცი. იმდენი საზრუნავი მაქვს! ამის გამო ხშირად ვლოცულობ ხოლმე, მაგრამ, საერთოდ, ეს პრობლემა ნაკლებად მაინტერესებს. აი, თუნდაც ჩვენი ორდენი: ჩვენ ცოტა რამ გვაქვს და ამიტომ ცოტა რამეზე თუ ვცდებით. რაც უფრო მეტი გაქვს მოხვეჭილი, მით უფრო დაკავებული ხარ,  მით უფრო ნაკლებს გასცემ. რაც უფრო ნაკლები გაბადია, მით უფრო თავისუფალი ხარ. სიღარიბე ჩვენთვის თავისუფლებაა. ეს არც  უბედურებაა და  არც სასჯელი. ეს არის სიხარულით სავსე თავისუფლება. აქ არ არის ტელევიზორი, არ არის ბევრი რამ სხვა. მთელ სახლში ეს ერთადერთი ვენტილატორია. იგი სტუმრებისათვის არის განკუთვნილი, ხოლო ჩვენ რიცხვს არაფრად ვაგდებთ. და მაინც, ჩვენ ბედნიერები ვართ.

– თუ  ასეა, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მდიდრებისადმი?

– ვფიქრობ, მდიდრები ბევრად უფრო ღარიბები არიან. მდიდარი ადამიანი ზოგჯერ ბევრად უფრო ძლიერ სულიერ სიმარტოვეს განიცდის. ისინი მუდამ უკმაყოფილო არიან, მუდამ რაღაც აკლიათ. არ ვამტკიცებ, რომ ყველა მდიდარი ასეთია. ადამიანიც არის და ადამიანიც. ძნელია სიღატაკის მოსპობა. ბევრად უფრო იოლი საქმეა მოშიებული დააპურო, ვიდრე სიყვარულს მოწყურებულებს მოუკლა წყურვილი.

– არის ხალხი, ვინც იმ მკაცრ განაწესს აკრიტიკებს, რომლითაც  თქვენ და თქვენი დები  ცხოვრობთ.

– ცხოვრების წესი ჩვენ თვითონ ავირჩიეთ. ამით ღატაკებს ვუახლოვდებით. როგორღა შევინარჩუნებთ მათდამი ერთგულებას, თუკი სხვაგვარად ვიცხოვრებთ? თუ ჩვენ გვექნება ყველაფერი, რაც კი ქვეყნად არსებობს და რის ყიდვაც ფულით შეიძლება, რითიღა გამოიხატება ჩვენი ერთობა ღატაკებთან? მაშინ რა ენაზე შევძლებთ მათთან ლაპარაკს? გეკითხებით, რა ენაზე? ახლა, სხვა თუ არაფერი, როცა ვინმე დაიჩივლებს ცხელაო,  შემიძლია ვუთხრა, წამოდი და ჩემი ოთახი ნახე-მეთქი.

– თქვენ ბევრგან  ხართ ნამყოფი.  ყველაზე მეტად  სად მოგწონთ ყოფნა?

– კალიგხატში. დიდებულია, როცა ადამიანები მშვიდად, ღვთის სიყვარულით სავსენი კვდებიან. დიდებულია უყურებდე ჩვენი ღატაკების  და მათი ოჯახების ბედნიერებას. ღატაკთა სიხარული ისეთი სუფთაა, ისეთი ნათელი. ნამდვილმა ღატაკებმა იციან, რა არის სიხარული.

– ზოგი ამბობს, ღატაკების სიხარული ილუზიაა. მათ ბინა და მატერიალური დახმარება სჭირდებათო.

– სიხარული მხოლოდ მატერიალურს როდი მოაქვს. არსებობს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი – დიდი სულიერი სიმშვიდის განცდა. ისინი კმაყოფილი არიან. ამით გამოიხატება  უზარმაზარი განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის.

– თქვენთან მომუშავე ხალხი ამბობს, რომ ვერაფერი შეგაჩერებთ, რომ მიზანს ყოველთვის მიაღწევთ.

– მართალია. ყველაფერს ღვთისათვის ვაკეთებ.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– დღევანდელი  დღით  ვცხოვრობ,  გუშინდელმა დღემ გაიარა. ხვალინდელი ჯერ არ დამდგარა. სამაგიეროდ, გვაქვს დღევანდელი დღე, რათა ღმერთი გვიყვარდეს.

– როგორი იქნება ორდენის  მომავალი?

– ამაზე ღმერთი იზრუნებს.

ინგლისურიდან თარგმნეს
ზაზა კვერცხიშვილმა და კობა ბრეგვაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი