პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ტოლკიენი და მისი “მეორადი” სამყარო

ჯ. რ. რ. ტოლკიენის “ბეჭდების მბრძანებელი”,

როგორც დასავლეთევროპულ ლიტერატურულ, მითოლოგიურ და ფოლკლორულ ტრადიციათა სინთეზის ცდა)
“И снова скальд чужую песню сложет,
И, как свою, её произнесёт.”
О. Мандельштам.
ინგლისელი მწერლის ჯ. რ. რ. ტოლკიენის (1892-1973) ფანტასტიკურ-ზღაპრული ეპოპეა “ბეჭდების მბრძანებელი”, რომელიც იწერებოდა 1954-66 წლებში და მასთან ერთ ციკლში მოქცეული სხვა ტექსტები, დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მკითხველთა ფართო წრეებში როგორც ავტორის გასაოცარი ფანტაზიის მიერ შექმნილი მითიური სამყაროს – “შუა მიწის” თუ “შუახმელეთის” (“Middle Earth”) – ისტორია, როგორც ჯადოსნური ამბავი სიკეთისა და ბოროტების მარადი ორთაბრძოლისა. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ტოლკიენის “შუა მიწასთან” დაკავშირებული სერია კიდევ უფრო ფართო წრეებისათვის გახდა ცნობილი ჰოლივუდის მიერ გადაღებული გრანდიოზული ეკრანიზაციის გამო, რომელიც – თუმცა ეს ამ სტატიის თემას სცილდება _- საუკეთესოდ გამოხატავს ნაწარმოების ღირსებებს იმდენად, რამდენადაც ეს კინემატოგრაფის ფარგლებშია შესაძლებელი.
“ბეჭდების მბრძანებელი” არ არის უბრალოდ მშვენიერი საკითხავი წიგნი, უბრალოდ ფანტასტიკის თუ “ფენტეზის” ჟანრის ნიმუში; იგი არც მხოლოდ საყმაწვილო ლიტერატურაა. უფრო სწორედ – ერთიცაა, მეორეც და მესამეც. მაგრამ ეს წიგნი თითქოს ამ ყოველივეზე უფრო მეტიცაა. ტოლკიენის მხატვრული სამყარო მეცნიერული კვლევისათვის ძალზე საინტერესო ფენომენს წარმოადგენს. ტოლკიენისტიკა უკვე მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა როგორც ინგლისურენოვან, ისე რუსულ ლიტერატურათმცოდნეობაში და იმ მასალების საფუძველზე, რომელზედაც დღემდე მიმიწვდა ხელი, შემიძლია დავასკვნა, რომ რუსეთში ტოლკიენისტიკა განსაკუთრებით ღრმა და საინტერესო დასკვნებამდე მივიდა.
ტოლკიენი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მთელი ცხოვრების მანძილზე იკვლევდა უძველეს და შუა საუკუნეების ლიტერატურულ ძეგლებს და ამავე დროს ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ენათმეცნიერების დარგში. მას ეკუთვნის ფილოლოგიური ნარკვევები ძველი ინგლისური ლიტერატურის ისეთ ნაწარმოებთა შესახებ, როგორიცაა “ბეოვულფი”, “სერ გავეინი და მწვანე რაინდი”. სამეცნიერო საქმიანობა მასთან წინ უძღოდა ლიტერატურულ შემოქმედებას და მხოლოდ მერე და მერე, “ბეჭდების მბრძანებლის” წინამორბედი წიგნის, “ჰობიტის” გამოქვეყნების შემდეგ (1937 წ.) ტოლკიენმა დაიმკვიდრა თავი, როგორც ლიტერატორმა. ძნელი სათქმელია, რამდენად უბიძგა მას მხატვრული შემოქმედებისაკენ სამეცნიერო საქმიანობამ. ერთი კია: ტოლკიენის ნაწარმოებებს ნამდვილად ვერ გავუტოლებთ ე. წ. “პროფესორთა რომანებს”, როგორიცაა, ვთქვათ, შარლ დე კოსტერის “ტილ ულენშპიგელი” ან თუნდაც უმბერტო ეკოს არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელი ბესტსელერი “ვარდის სახელი”, ე. ი. მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებშიც ჰუმანიტარი მეცნიერები “აცოცხლებენ” იმ ისტორიულ ეპოქას თუ ფოლკლორულ ფენომენს, რომელსაც იკვლევენ. ტოლკიენმაც დაიწყო იმით, რომ “სერ გავეინის” ტექსტი თანამედროვე ენაზე საკითხავ წიგნად გადაამუშავა. მაგრამ იგი უფრო შორს წავიდა. მან დაიწყო სრულიად ახალი ზღაპრულ-ხატოვანი სამყაროს “შენება” და თითქმის ყველა თავისი ნაწარმოები, რამდენიმე მოთხრობის გამოკლებით, ამ ფიქტიური (მისივე განსაზღვრებით, “მეორადი”) და, ამავე დროს, ცოცხალი და მრავალგანზომილებიანი სამყაროს ფარგლებში მოაქცია, მის კანონებს დაუქვემდებარა. “შუა მიწის” სამყარო თავისი ისტორიით, ლეგენდებით, ქრონიკით, კარტოგრაფიითა და ლინგვისტიკით (ავტორმა “შუა მიწის” მაცხოვრებელ სხვადასხვა ხალხებს საკუთარი ენები შეუქმნა, რაც თავისთავად ცალკე კვლევის საგანს და ძალზე საინტერესო ფენომენს წარმოადგენს) საკუთარ თავში იტევს ზოგადად ევროპულ მითოლოგიურ და ფოლკლორულ ტრადიციათა ელემენტებს და ამავე დროს არ ტოვებს ხელოვნურად შექმნილი კომპილაციის შთაბეჭდილებას: რეალურად არსებულ _ ჩრდილოგერმანულ, კელტურ თუ სლავურ _ ტრადიციათა ელემენტები აქ იმდენად ორგანულადაა ჩაქსოვილი ავტორისეული ფანტაზიის მიერ შექმნილ ხატოვან სამყაროში, რომ ისინი მის განუყრელ ნაწილებად, თავდაპირველი წყაროსაგან უკვე დამოუკიდებელ ფენომენებად აღიქმება. რუსი მეცნიერი სვეტლანა ლუზინა, ავტორი საკანდიდატო დისერტაციისა თემაზე “ჯ. რ. რ. ტოლკიენის მხატვრული სამყარო: პოეტიკა, ხატოვანება” წერს: “ტოლკიენი არატრადიციულად უდგება “მითშემოქმედების” ცნებას: იგი არა უბრალოდ იყენებს მითოლოგიურ სიუჟეტებსა და სახეებს, არამედ ქმნის თავის საკუთარ უნიკალურ “მეორად” სამყაროს, აგებულს მის მიერ გამოგონილ ზღაპრულ მითოლოგიაზე, სადაც მხოლოდ გულდასმით შესწავლის შედეგად იკვეთება ცნობილ მითთა კონტურები”. ჩვენ ვეთანხმებით ავტორს იმაში, რომ ტოლკიენისეული სამყარო “უნიკალურია”, მაგრამ ნაკლებ დამაჯერებლად მიგვაჩნია მტკიცება იმისა, რომ “ცნობილ მითთა კონტურები” მასში ძნელი გამოსაკვეთია. ჩემის აზრით, ყურადღებით წამკითხავ, დამაკმაყოფილებელი ფილოლოგიური განათლების მქონე მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს ზოგიერთი მათგანის შემჩნევა, თუმცა, როგორც მართებულად აღნიშნავს იგივე ს. ლუზინა, “ფოლკლორულ მოტივთა და მითოლოგიურ სიუჟეტთა იმ მრავალფეროვნებასთან ერთად, რომელიც შეადგენს ტოლკიენისეულ მითოპოეტიკას, მის წიგნებში არსად არ არის პირდაპირი მინიშნებები კონკრეტულ წყაროებზე”. ტოლკიენისეული “მეორადი” სამყარო წარმოგვიდგება ისე, თითქოს ჩვენი რეალური სამყარო თავისი მითოლოგიით არც არსებობს, თითქოს თავად იგია ერთადერთი რეალობა (იმთავითვე გამოირიცხება წარმოდგენა იმისა, რომ ეს სამყარო შეიძლება სხვა სივრცით და დროით წერტილში, ვთქვათ, სხვა პლანეტაზე ანდა სხვა ეპოქაში არსებობდეს). სწორედ ლოკალიზებისა და იდენტიფიკაციის ეს აბსოლუტური გამორიცხვა ქმნის მკითხველის ქვეცნობიერებაში შთაბეჭდილებას იმისა, რომ სამყარო, რომელსაც მას ავტორი წარმოუდგენს, ერთადერთი შესაძლო სამყაროა, რომ თავად იგი, მკითხველი, ამ სამყაროს ნაწილია და რომ საბოლოოდ ეს “მეორადი” სამყარო ფარავს რეალურ სამყაროს და მისი იდენტური ხდება.
მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას შემდეგი: ტრადიციულ ელემენტთა გამოყენებისას ტოლკიენი გაცნობიერებულად ახორციელებს პროცესს, რომელიც სტიქიურ, გაუცნობიერებელ დონეზე მიმდინარეობს ფოლკლორში: ლაპარაკი გვაქვს “მემკვიდრეობითობაზე” (“преемственность”), როგორც ამ ტერმინს გულისხმობს ფოლკლორისტი ვ. ანიკინი. ფოლკლორის თეორიის სალექციო კურსში ეს ავტორი ერთმანეთისაგან განასხვავებს ლიტერატურულ და ფოლკლორულ მემკვიდრეობითობას იმის საფუძველზე, რომ პირველი შემთხვევა გულისხმობს “ახალი შემოქმედის მიერ არსებული ტრადიციის მიღებას და ამავე დროს მისგან დისტანცირებას” – ე. ი. ყოველ ავტორს სურს ახლის, საკუთარის შემოტანა, – ხოლო “ფოლკლორში მიმართება ათვისებულ და ახალ ელემენტებს შორის ისეთია, რომ ათვისება, ხელახალი გადმოცემა თვისობრივად სჭარბობს ახლის შექმნას”. ტოლკიენთან ერთის შეხედვით თითქოს გვაქვს ფოლკლორული მემკვიდრეობითობის მომენტი: მისი წიგნები დასახლებულია ევროპული მითოლოგიის ისეთი ფიგურებით, როგორიცაა დრაკონები, გობლინები, ელფები, გნომები და ა. შ. “შუა მიწის” მოსახლეთა შორის მხოლოდ ჰობიტების მოდგმაა თავად ავტორის გამონაგონი. მას შემოაქვს ისეთი მარადიული მითიურ-ფოლკლორული მოტივები, როგორიცაა მოგზაურობის, ძიების მოტივი (“the quest”), ურჩხულთან შერკინების მოტივი და მრავალი სხვა. ტოლკიენის წიგნები თითქოსდა წარმოადგენს მორიგ ზღაპარს თუ ლეგენდას ამ არსებათა მონაწილეობით, ანდა უკვე არსებული სიუჟეტის ვარიანტს, მაგრამ მალევე ვხედავთ, რომ ეს შთაბეჭდილება მოჩვენებითია, მეტიც: ავტორის მიერ განგებ გამოწვეული. ტოლკიენი ახდენს ტრადიციულობის ოსტატურ იმიტაციას, რათა მიაღწიოს მოჩვენებითი ფოლკლორულობის ეფექტს. მის მიერ კვლავ გაცოცხლებული მითიური პერსონაჟები, მართალია, ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციულ არსებით ნიშნებს, მაგრამ ამასთანავე ახალ უმდიდრეს და “მრავალშრიან” (ს. ლუზინა) სიუჟეტში ჩაქსოვილი მათი არსი ახალ სიღრმეს, სიფართოვეს, ახალ განზომილებებს იძენს.
თავისი “მეორადი” სამყაროსათვის სტერეოსკოპული სიღრმის მისანიჭებლად ტოლკიენი ავითარებს მის დროით-ისტორიულ, ფოლკლორულ-ლეგენდარულ და სხვა განზომილებებს. საამისოდ იგი მიმართავს ჟანრულ იმიტაციებს, რომლებიც შეიძლება ერთგვარ ლიტერატურულ მისტიფიკაციებადაც დავინახოთ. “შუა მიწა” არის სამყარო, რომელსაც აქვს სამ ეპოქად დაყოფილი ისტორია. დროით პლანში თხრობა მიმდინარეობს ამ ისტორიული მონაკვეთის თითქმის ბოლო წერტილის გადასახედიდან, რომლიდანაც, ამავე დროს, თვალს ვადევნებთ მთელ ისტორიულ დროს მის დასაბამამდე. ამის მომსწრენი ვხდებით წიგნში “სილმარილიონი”, რომელიც “ბეჭდების მბრძანებლის” წინარე ეპოქების ქრონიკას წარმოადგენს. ამ ნაწარმოების თხრობის სტილი გარკვეულწილად, თავიდან მაინც, განპირობებულია იმ მოდელით, რომელსაც იძლევა ძველი აღთქმა ებრაელი ერის ცხოვრების აღწერისას: აქაც თავდაპირველად აღწერილია სამყაროს შექმნა უზენაესის მიერ, შემდეგ _ მისი სრულყოფა და სხვადასხვანაირი არსებებით დასახლება. ამასთანავე “შუა მიწის” ხალხებს საკუთარი ფოლკლორი, მუსიკა და კულტი აქვთ (რაც შეეხება კულტსა და რელიგიას, ეს რთული საკითხია და ცალკე განხილვას საჭიროებს: ცხადად გამოკვეთილი კულტის ელემენტები აქვთ მხოლოდ ელფებს, მიღმიერ სამყაროსთან ყველაზე უფრო დაახლოებულ უკვდავ და გრძნეულ არსებებს და ალბათ ჯადოქრებსაც, მაგრამ “შუა მიწის” სამყაროში არსად არა გვაქვს ოფიციალური რელიგია, როგორც ინსტიტუცია). ტოლკიენის ნაწარმოებები თუ მათი ცალკეული ნაწილები წარმოადგენენ თითქოსდა “შუა მიწის” ხალხთა მიერ შექმნილ ტექსტებს. აქ ვხვდებით ისეთი ჟანრების ელემენტებს, როგორიცაა საგმირო ეპოსი, საგმირო სიმღერა, ქრონიკა, ლეგენდა, ხალხური ლექსი, საკულტო სიმღერა, მაგიური შელოცვა და სხვა.
როგორც “მეორადი” სამყაროს რეალობის იმიტაცია, ისევე ფოლკლორული ტრადიციულობის იმიტაცია ტოლკიენს სჭირდება თავისი სწორედაც რომ ლიტერატურული ამოცანების გადასაჭრელად. მისი სამყარო მართლაც ახალი, უნიკალური, განუმეორებელია. მაგრამ უბრალოდ ახალი მხატვრული სამყაროს შექმნა სინამდვილეში არ წარმოადგენს სიახლეს მხატვრულ შემოქმედებაში. ამისათვის ბევრად უფრო ადვილია მართლაც აბსოლუტურად ახალი, რეალურთან არაფერი საერთოს აღარმქონი სამყაროს შექმნა, როგორც ამას ათასგზის სჩადიან ფანტასტი მწერლები. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ტოლკიენის მიზანი ეს არაა. იგი პარადოქსულ აქტს ახორციელებს: ჯერ ქმნის ტრადიციულობის მოჩვენებით შთაბეჭდილებას, შემდეგ კი მხატვრული შემოქმედების ძალით ახდენს ათვისებული ტრადიციისაგან დისტანცირებას, რათა ბოლოს და ბოლოს, შემოვლითი გზით, კვლავ დაგვაბრუნოს უარყოფილ ტრადიციასთან. რისთვის შეიძლებოდა ავტორს დასჭირვებოდა ასეთი რთული სტრატეგია? ამის პასუხი შეიძლება ვეძიოთ ტოლკიენის მიერ 1964 წელს გამოცემულ ესსეში “ჯადოსნური ზღაპრების შესახებ” (“On Fairy-stories~), სადაც ვკითხულობთ: “…ჩვენ წინაპართა მრავალი თაობის მემკვიდრეობა გვერგო, მათი, ვინც ქმნიდა ხელოვნების ნიმუშებს და ტკბებოდა ამით. ეს მდიდარი მემკვიდრეობაა, მაგრამ მასში იმალება ხიფათი: მობეზრება და ორიგინალურობის წყურვილი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სიძულვილი მშვენიერი ნახატისადმი, ნატიფი ორნამენტისადმი, სუფთა ფერისადმი; შეიძლება აღიძრას სურვილი უბრალო მანიპულირებისა, ძველის გადაჭარბებული სრულყოფისა – ეს სრულყოფა ოსტატური იქნება, მაგრამ უსულგულო”. ჩემის აზრით, შეუძლებელია ამაზე უკეთ დახასიათდეს თანამედროვე, უახლესი ესთეტიკა თავისი დამცინავი, ამპარტავანი ზიზღით ყოველივე ტრადიციულისადმი, რის გამოც ხშირად ხდება ჭეშმარიტისა და მშვენიერის სამწუხარო და უაზრო უარყოფა. ტოლკიენი კი, ტრადიციათა მოსიყვარულე მკვლევარი, მეთოდურად, პედაგოგიური ალღოთი ცდილობს დაუბრუნოს თანამედროვე ადამიანს სამყაროს პირველადი, უშუალო აღქმა, დაკარგული ბავშვური უბრალოება: “მხოლოდ ზღაპრის სიყვარული შეგვინარჩუნებს ან დაგვიბრუნებს ბავშვობას ანუ სამყაროს ბავშვურ აღქმას”. და რაკიღა თანამედროვე ადამიანი ჯიუტად ზურგს აქცევს ტრადიციულ-მითიურს, ტოლკიენი თითქოს ეუბნება მას: შეხედე, ეს თითქოს ძველია, მაგრამ ამავე დროს ახალიც, – ახალი, რომელიც სინამდვილეში კარგად დავიწყებული ძველია.
ჩემს მიერ ციტირებული მისი გამონათქვამის დასაწყისი თითქმის სიტყვასიტყვით ემთხვევა ოსიპ მანდელშტამისეულ ბწკარებს:
“Я получил блаженное наследство:
Чужих певцов блуждающие сны.
Своё родство и скучное соседство
Мы презирать заведомо вольны.
И нe одно сокровище, быть может,
Минуя внуков, к правнукам уйдёт,
И снова скальд чужую песню сложет
И, как свою, её произнесёт.”
ლექსი შეიცავს მინიშნებას იმ ცნობილ ფაქტზე, რომ ინგლისელმა რომანტიკოსმა მეკფერსონმა საკუთარი ნაწარმოები “ოსსიანი” კელტური ფოლკლორის უძველეს ნიმუშად გაასაღა. მანდელშტამი ადგილს უცვლის ფაქტებს (ლექსში გვაქვს არა “საკუთარი, როგორც სხვისი”, არამედ პირიქით – “სხვისი, როგორც საკუთარი”) და ამით გვახსენებს უძველესი დროის პოეტებს, სკალდებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცნობდნენ ავტორობის ცნებას და ერთიმეორისაგან მოსმენილს თავისებურად, მცირე თუ დიდი ჩასწორებებით, ხელმეორედ ასრულებდნენ, ოღონდაც ამ ახალს საკუთარ ქმნილებად არ თვლიდნენ. ავტორად მათ ევლინებოდათ თავად ჟანრი, თავად ეპოქა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, თავად ამბავი, რომელსაც ისინი მოუთხრობდნენ ხალხს.
მეკფერსონის მსგავსად, XX საუკუნის რომანტიკოსი და დონ კიხოტი ტოლკიენიც მსგავს მისტიფიკაციას მიმართავს, ოღონდაც მისტიფიკაციაც მისეული ხატოვანების მორიგი მხატვრული ხერხია. იგი თითქოსდა გვიამბობს ამბავს, რომელიც არავის მიერ შეთხზული არ არის, – უბრალოდ ნანახს, უბრალოდ მოსმენილს, უბრალოდ მომხდარს.
* * *
თვალსაჩინოობისათვის მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ტოლკიენის მიერ სხვადასხვა კულტურული ტრადიციის ელემენტთა გამოყენებისა. ამავე დროს ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო დეტალურად დავინახოთ ტოლკიენისეული სამყარო.
იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა არ დავეთანხმე ს. ლუზინას იმაში, რომ ნასესხებ ელემენტთა აღმოჩენა “ბეჭდების მბრძანებელში” სიძნელეს წარმოადგენს, _ რაკიღა მართლაც “შეუიარაღებელი თვალით” შევამჩნიეთ ქვემოთაღნიშნული მომენტები, _ მაგრამ, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩაღრმავებული კვლევის შედეგად ტოლკიენისეულ ტექსტებში შეიძლება კვლავაც და კვლავაც ახალი ალუზიების, თემატურ-მოტივური, ჟანრული და სხვა სახის თანხვედრათა აღმოჩენა. ასე რომ, “ბეჭდების მბრძანებელი” უშრეტი საგანძურია ფილოგოგი (და არა მხოლოდ ფილოლოგი) მკვლევარისათვის.
თავად ავტორი პირად წერილებში არაერთხელ აღნიშნავს, რომ “შუა მიწის” სამყაროს შექმნისას მასზე უძლიერესი გავლენა მოახდინა ფინურმა საგმირო ეპოსმა “კალევალამ”. მართლაც შეიძლება ამ თვალსაზრისით დავინახოთ რამდენიმე შესატყვისი. პირველ რიგში, ტოლკიენის პერსონაჟთა უცვლელი თანამდევი და შემწე, ჯადოქარი გენდალფი, შეიძლება დავუკავშიროთ “კალევალას” გმირს, “მოხუც, ბრძენ ვიანემეინენს”. ეპითეტები “მოხუცი” და “ბრძენი” ჭაღარა, გრძელწვერა გენდალფსაც ძალზე უხდება. თუმცა გენდალფის პროტოტიპად აგრეთვე (და ალბათ უფრო მეტადაც) უნდა დავინახოთ ბევრად უფრო პოპულარული სახე – ართურის ციკლის პერსონაჟი, ჯადოქარი მერლინი. ერთი სურათი კი აშკარად “კალევალას” გავლენის ქვეშაა შექმნილი – გენდალფი, ვეება არწივზე ამხედრებული. “კალევალა”, როგორც არქაული ტექსტი, არაერთგზის ანიჭებს სიმღერას მაგიურ, ზებუნებრივ ძალას. მისი პერსონაჟები სიმღერით ამარცხებენ თავიანთ მტრებს. ამის გამოძახილი იგრძნობა ტოლკიენთანაც. სიმღერის, სიტყვის, ხოტბის პათოსი და ძალა აქაც დიდია. ტოლკიენის პერსონაჟები განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ამაღლებულ მომენტებში წარმოსთქვამენ სიმღერებს, რაც გვაბრუნებს საგმირო თუ სახოტბო სიმღერასთან, როგორც ერთ-ერთ უძველეს ლიტერატურულ ჟანრთან.
ტოლკიენის მიერ “კალევალას” დაჟინებული ხსენების გვერდით გასაკვირად მეჩვენება არხსენება მეორე დიდი წყაროსი, რომლის გავლენა “შუა მიწის” შექმნაზე ასევე დიდია: ესაა “უფროსი ედდა”. აშკარაა, რომ საკუთარი “მეორადი” სამყაროს შექმნის დასაწყისშივე ტოლკიენმა იხელმძღვანელა ჩრდილოგერმანული მითოლოგიის სამყაროს მოდელით, რომელიც “ედდაშია” ასახული. თავად დასახელება “Middle Earth” პირდაპირ მომდინარეობს სიტყვიდან “Midgard” _ ასე ეწოდება “ედდაში” შუასკნელს, სადაც ადამიანები სახლობენ. ეს მიწიერი საუფლო მართლაც შუაშია მოქცეული ღმერთების საუფლოს, “ასგარდსა”, და ქვესკნელს, “ჰელს” შორის. ტოლკიენის “შუა მიწაზე”, მართალია, ადამიანების გარდა მრავალი სხვა არსებაც სახლობს, მაგრამ ის მაინც მიწიერ, ადამიანურ სამყაროს წარმოადგენს მიღმიერ სამყაროსთან მიმართებაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა “ღმერთი” საერთოდ არ მოიხსენიება ტოლკიენის წიგნებში, მაგრამ აქ ჩნდება სამყაროს შემოქმედი ერუ (ან ილუვატარი), რომელიც შესაქმის აქტს თავისი თანაშემწეების დახმარებით ახორციელებს და ამის შემდეგ საერთოდ ქრება მკითხველის თვალსაწიერიდან. მისი თანაშემწეები (ვალარები), წარმართულ ღვთაებათა მსგავსად, სტიქიათა ძალებს განასახიერებენ და მატერიალური სამყაროს მხოლოდ დასაბამიერ ეპოქაში ფიგურირებენ. ამდენად გვაქვს მონოთეიზმისა და პანთეიზმის ერთგვარი, მე მგონი, ძალზე ორგანული და საინტერესო სინთეზი, მაგრამ ღვთიური, ტრანსცენდენტური არავითარ უშუალო მონაწილეობას არ იღებს ტრილოგიის სიუჟეტში, იგი იდუმალებითაა მოცული და მის შესახებ მხოლოდ გრძნეულმა ელფებმა იციან. “შუა მიწის” დანარჩენი ხალხები, როგორც ჩანს, მშვენივრად არსებობენ ყოველგვარი რელიგიის გარეშე.
დავუბრუნდეთ “ედდას”. უმთავრესი და საკვანძო მომენტი, რომლითაც იხელმძღვანელა ტოლკიენმა, არის ის, რასაც “უფროსი ედდას” რუსი მთარგმნელი და მკვლევარი მ. სტებლინ-კამენსკი განსაზღვრავს, როგორც “პერსონაჟთა ცალკეული ჯგუფების კოლექტიურ ინდივიდუალობას”. იგი გამოჰყოფს “ედდას” უძველეს სიმღერებში პერსონაჟთა ისეთ ჯგუფებს, როგორებიცაა ალვები, ვალკირიები, იოთუნები (გოლიათები) და სხვ., რომლებიც კოლექტიური სახასიათო ნიშნებით ერთიანდებიან. ერთი ჯგუფის ცალკეული წარმომადგენელი არაფრით გამოირჩევა დანარჩენებისაგან. ტოლკიენმა გარკვეულწილად გადმოიღო პერსონაჟთა სტრუქტურის ეს მოდელი, მაგრამ, რაც უფრო წინა პლანზე გამოჰყავს მას ჯგუფი, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება ცალკეული ინდივიდუალობები. თუკი გობლინებისა და ტროლების შემთხვევაში საქმე მუდამ კოლექტიურ ტიპთან გვაქვს, ელფებთან, გნომებთან და ჰობიტებთან უკვე გვყავს გამოკვეთილი პერსონაჟები, თუმცა მუდამ რჩება ფენომენოლოგიურ ნიშანთა ჯამი, რომელიც ინდივიდს მის ჯგუფთან აკავშირებს.
ჰობიტები – ავტორის მიერ გამოგონილი კაცუნები – ეპოპეის ცენტრში არიან მოქცეულნი: “შუა მიწის” სამყაროში მომხდარ დიდ ამბებს მკითხველი მათი თვალით უმზერს, არადა ისინი თავდაპირველად ამ სამყაროს პერიფერიაზე არსებობდნენ და მხოლოდ შემდგომ რამდენიმე მათგანს უწევს მთავარი როლის თამაში აღწერილ მოვლენებში. თავიანთი არსით ჰობიტები თითქოსდა არ წარმოადგენენ სიახლეს ევროპული (შედარებით გვიანდელი, ე. წ. “მდაბალი”) მითოლოგის თვალსაზრისით. მათი ისეთი ნიშნები, როგორიცაა ტანმორჩილობა, შიშველი ბანჯგვლიანი ფეხები, მიწისქვეშა საცხოვრისები მიეკუთვნება იმ ზოომორფულ-ანთროპომორფულ არსებათა “ჩვეულ” ატრიბუტიკას, რომელთაც აერთიანებთ ზოგადი სახელწოდება “the fairy folk” – ფერიები, ალები, ჭინკები… უფრო საინტერესოა ის, რომ ტოლკიენი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ჰობიტთა ბიურგერულ ყოფასა და ჩვეულებებზე: მათ უყვართ სტუმრობა, სმა-ჭამა, დღეობები, მყუდრო, გაწონასწორებული ცხოვრება, მათი “სოროები” კოპწია და კეთილმოწყობილია. ამით ისინი უახლოვდებიან საშუალო ევროპელი (ყველაზე მეტად, ალბათ, გერმანელი) გლეხების ზოგად სახეს. მათი იუმორი, უდარდელობა, ობივატელური მიუღებლობა ყოველივე ექსტრემალურისა და არაყოველდღიურისა კონტრასტულად გამოკვეთავს ელფების რასას, რომლებიც თითქოსდა მეორე პლანზე დგანან, სინამდვილეში კი “ისტორიულად” უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ “შუა მიწის” ცხოვრებაში: ისინი მისი პირველმოსახლენი არიან, მათ არასოდეს დაუკარგავთ კავშირი მიღმიერთან და გრძნეული ცოდნა “შუა მიწისა” და მის მკვიდრთა ბედის შესახებ. ტანადი, გოროზი, მარად ნორჩი, უკვდავი ელფები მოგვაგონებენ ანგელოზებს, ატლანტიდის ლეგენდარულ მოდგმას. თავიანთი ზეადამიანობითა და იდუმალებით ისინი განსაკუთრებით მიმზიდველად მოქმედებენ მკითხველზე. ტოლკიენი მიმართავს ძალზე ეფექტურ მხატვრულ ხერხს, როცა მეორეხარისხოვანის წინ წამოწევით აძლიერებს მეორე პლანზე მოქცეული პირველხარისხოვანის მნიშვნელობას: ჩია ჰობიტებთან ერთად მკითხველიც აღფრთოვანებით და ოდნავი შიშითაც კი აჰყურებს მშვენიერ ელფებს და ამით ისინი მისთვის კიდევ უფრო მეტ იდუმალებასა და ხიბლს იძენენ. “შუა მიწის” შესახებ ქრონოლოგიურად მეორე წიგნის, “სილმარილიონის” შედარებით წარუმატებლობას ტოლკიენი სწორედ იმას აბრალებს, რომ მასში, მისი თქმით, “ჭარბობს ის კელტური პათოსი, რომელიც დიდი დოზებით ანგლოსაქსებს აღიზიანებს”. უკვე “ბეჭდების მბრძანებელში” იგი ახერხებს პათოსის იუმორით იმგვარ შეზავებას, რომ ეფექტი შესანიშნავია. “იმ დროისათვის უკვე დავრწმუნდი ჰობიტთა “გამოსადეგობაში” – წერს ტოლკიენი, – ეს არსებები საგმირო ეპოპეას მყარ ნიადაგს შეუქმნიდნენ, თანაც მათგან შეიძლებოდა ისეთი გმირების შექმნა, “პროფესიონალებსაც” რომ აჯობებდნენ სიმამაცეში”. ავტორი იმდენად გვაახლოვებს ჰობიტებს, რომ ისინი უსასრულოდ ახლობელნი და საყვარელნი ხდებიან ჩვენთვის. სიუჟეტის განვითარება კი მართლაც ისე ხდება, რომ ერთი მათგანი ცენტრალურ ადგილს იკავებს და საკუთარ თავზე იღებს მთელი “შუა მიწის” გადარჩენის მისიას. საბოლოოდ მოწმენი ვხდებით ჰობიტის “გაელფებისა”. უკანასკნელნი გახდებიან პირველნი, – როგორც სახარება გვეუბნება.
თუკი კვლავაც დავუბრუნდებით “ედდას”, უნდა ვაღიაროთ, რომ, თუმცა იგი ტოლკიენისთვის ძალზე მდიდარ მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენს, მან იგი გამოიყენა მხოლოდ დასაწყისში, პირველი წიგნის, “ჰობიტის”, შექმნისას, შემდეგ კი დაშორდა მას და განაგრძო “შუა მიწის” სამყაროს დამოუკიდებლად შენება, ისე რომ შეიმჩნევა ბევრი შეუსაბამობა “ჰობიტსა” და “ბეჭდების მბრძანებელს” შორისაც კი. ჟანრობრივადაც “ჰობიტი” უფრო მარტივია, იგი აშკარად საბავშვო წიგნია, ხოლო “ბეჭდების მბრძანებლის” საგმირო ტრილოგია ბევრად უფრო მასშტაბური ჩანაფიქრის განხორციელებაა.
“უფროსი ედდას” პირველ სიმღერაში, “ვიოლვას წინასწარმეტყველებაში”, მოთავსებული სახელების ჩამონათვალიდან აღებულია “ჰობიტის” ზოგიერთი პერსონაჟის სახელი: ალვების სახელებს – “დურინი”, “დვალინი”, “თრორი”, “ფილი და კილი”, “დორი და ორი”, “გლოი” – ტოლკიენი ან პირდაპირ იყენებს თავისი გნომენის სახელებად, ან ოდნავ ცვლის. თვით “გენდალფიც” აშკარა სახეცვლაა ერთ-ერთი ალვის სახელისა “განდალვ”. აგრეთვე “ედდადან” არის აღებული ისეთი ტოპონიმი, როგორიცაა “Mirkwood” (“ედდაში” – [mjurkvid]) ” “ტყებნელი”, ასევე “ბეჭდების მბრძანებლის” მთავარი პერსონაჟის, ფროდოს სახელი (სკანდ. “ფროდი”) და სხვა. “ედდადან” მოდის “ჰობიტში” გამოყენებული ისეთი უძველესი მოტივებიც, როგორიცაა გამოცანებით პაექრობა, სადაც დამარცხებულს სიკვდილი ელის (“ვაფტრუდნირის სიტყვები”); ალვის თუ გამოქვაბულის სხვა ბინადრის (ტოლკიენთან _ ტროლის) მოტყუებით შეყოვნება დედამიწის ზედაპირზე, რათა ალიონის სხივებმა იგი ქვად აქციონ (“ალვისის სიტყვები”); განძეულზე გართხმული დრაკონის სახე და სხვა ცალკეული, მთლიანობაში ნაკლებ მნიშვნელოვანი მომენტები.
დიდ ყურადღებას იმსახურებს ტრილოგიის ცენტრალური მომენტი – “ძალმოსილების ბეჭედი” – რომელიც არა მხოლოდ “ედდას”, არამედ, მრავალ სხვა წყაროს უკავშირდება და, ალბათ, შეიძლება ვთქვათ, რომ იგი ტოლკიენისეულ მხატვრულ სამყაროს მთელი ევროპული მითოლოგიური სამყაროს ნაწილად აქცევს. ჯადოსნური ოქროს ბეჭედი, შექმნილი ბოროტების უზენაესი განსახიერების, საურონის მიერ სამყაროს დასამონებლად, თავისი უკეთური ძალით იმონებს, სულიერად რყვნის და საბოლოოდ ღუპავს ნებისმიერ არსებას, რომელსაც ის ჩაუვარდება ხელში. ბეჭედი წარმოგვიდგება სამყაროს უკეთურ ცენტრად, ყოველი არსების ბედისწერის მოდარაჯე ბოროტ ძალად, საერთოდ _ ბოროტების სიმბოლოდ. საინტერესოა, რომ პირველად ბეჭედი ჩნდება “ჰობიტში”, მაგრამ იქ ავტორი ჯერ არ ანიჭებს მას ასეთ მნიშვნელობას: ეს უბრალოდ ჯადოსნური ბეჭედია, თავის პატრონს უხილავს რომ ხდის.
“ედდას” გვიან სიმღერებში, ნიბელუნგების ციკლში, გვხვდება ასეთი ბეჭედი: ნიბელუნგების საგანძური შეიცავს ოქროს ბეჭედს, რომელიც თავის პატრონს სიმდიდრეს უმრავლებს. შესაძლოა, უფრო დიდი გავლენა “ძალმოსილების ბეჭდის” იდეაზე იქონია ჯადოსნურმა წისქვილმა სამპომ, რომლის გარშემოც ვითარდება “კალევალას” ძირითადი სიუჟეტი. ისიც თავის პატრონს განუსაზღვრელ სიმდიდრესა და ძალაუფლებას ანიჭებს და, ამავე დროს, შეიცავს რაღაც იდუმალ, თავდაპირველად ალბათ საკულტო მნიშვნელობას. თუკი “კალევალას” პერსონაჟები დაჟინებით იბრძვიან სამპოს მოხელთებისათვის, ტოლკიენთან, მართალია, ბევრს სურს ბეჭდის მეშვეობით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მაგრამ მთავარი გმირები, ისინი, ვინც იცის, რომ ეს ძალაუფლება მოჩვენებითი და დამღუპველი იქნებოდა, პირიქით, ცდილობენ გაანადგურონ ბეჭედი და ამით იხსნან “შუა მიწა” ბოროტებისაგან. ამდენად აქცენტირებულია არა ჯადოსნური ნივთის ფლობა-გამოყენება, არამედ მასზე უარის თქმა, მისი განადგურება. ხდება ტრადიციული ზღაპრულ-მითოლოგიური მოტივის ამოტრიალება.
სწორედ ბეჭდის განადგურებაა ტრილოგიის ცენტრალური მოქმედების, სახიფათო მოგზაურობის მიზანი, რითაც, ისევ და ისევ, ხდება ტრადიციული მოტივის, ძიების (“quest”) ამოტრიალება. ეს მოტივი უკავშირებს “ბეჭდების მბრძანებელს” “ედდასა” და “კალევალასთან” შედარებით უფრო გვიანდელ, შუა საუკუნეების ტრადიციას: ესაა წმინდა გრაალის ძიების გარშემო შექმნილი სარაინდო რომანების ციკლი. ეს ტრადიცია, რომლის ცენტრშიც წმინდა საგანი, გრაალია მოქცეული, სამყაროს ჰორიზონტულ სიბრტყეზე გაჭიმულად ხედავს. თავისი უშორესი მიზნის მისაღწევად, მიღმიერთან, საკრალურთან შესახებად ადამიანს აღარ სჭირდება ზეცაში ასვლა ან ქვესკნელში ჩასვლა, როგორც ეს უფრო ადრეულ ტრადიციებში ხდება: წმინდა გრაალი დედამიწაზევე ეჩვენება მათ, ვინც მისი ხილვის ღირსია. საინტერესოა, რომ “შუა მიწის” სამყაროს მოდელი, თითქოს უფრო ადრეული მოდელების მიხედვით აგებული, უფრო გრაალის მაძიებელთა მოდელს უახლოვდება იმ გაგებით, რომ არც ის სცილდება ჰორიზონტულ სიბრტყეს. მიწისქვეშა არსებებიც კი ტოლკიენთან კლდეებისა და მთების გამოქვაბულებში ცხოვრობენ (გნომები, მაგალითად, “მიწისქვეშა” კი არა, _ “მთისქვეშა” მოდგმად იწოდებიან), ასე რომ, მაინც თითქმის ველისა და ტყის ბინადართა დონეზე რჩებიან. პერსონაჟებს უხდებათ ღრმა მაღაროებსა და ჯურღმულებში ჩასვლა, მაგრამ სამყაროს უძველესი “სამსართულიანი” მოდელი (ქვესკნელი, შუასკნელი, ზესკნელი) ტოლკიენთან მაინც არ “მუშაობს”. მიღმიერი სამყაროც, ვალარების სამყოფელი, არა ზევით, არამედ “შორეულ ზღვებს მიღმა”, “დასავლეთით” მდებარეობს. აქ ვხედავთ კავშირს მრავალ სხვა ტრადიციასთან – ზოგიერთი მათგანი ასევე უძველესია: მაგალითად, ეგვიპტურ მოთოლოგიაში საიქიო დასავლეთით მდებარეობს, – მაგრამ, პირველ რიგში, ვგულისხმობთ სარაინდო-მისტიკურ ტრადიციას: მეფე ართურის განსასვენებელი ადგილი, ლეგენდარული კუნძული ავალონი, ასევე ზღვის მიღმაა, ართური მისკენ ხომალდით მიემგზავრება, ისევე, როგორც ტოლკიენისეულ ფინალში ელფები სამუდამოდ უტოვებენ ადამიანებს “შუა მიწას” და თავიანთი თეთრი, მსუბუქი გემებით “ზღვის მიღმა” მიემგზავრებიან.
ბეჭდის განადგურების მისია ჩვენ გრაალის ძიების მისიას შევადარეთ. ამას თავისთავად მოჰყვება აზრი, რომ “ძალმოსილების ბეჭედი” შეიძლება დავინახოთ, როგორც გრაალი მინუს ნიშნით, “ანტი-გრაალი” – კიდევ ერთი ამოტრიალება.
ვოლფრამ ფონ ეშენბახის “პარციფალის” – გრაალის გარშემო შექმნილი უმნიშვნელოვანესი რომანის – კითხვისას შეიძლება ძალზე ბევრი და გამაოგნებელი პარალელის აღმოჩენა ტოლკიენისეულ ციკლთან. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ დუალისტური სიმეტრიის სისტემა, რომელიც ორივე შემთხვევაში მოქმედებს: კეთილი და ბოროტი მკვეთრადაა გამიჯნული და ანტიპოდურ წყვილებს ქმნის. ეშენბახთან ბოროტი ჯადოქარი კლინგზორი, ტოლკიენისეული საურონის მსგავსად, მთელი მოქმედების მანძილზე უხილავი ბოროტი ძალის სახით მოქმედებს და ფინალში ისე მარცხდება, რომ თავად არ ჩნდება მკითხველის წინაშე. ეს ტრადიციული მომენტია და აქ შეიძლება გავიხსენოთ უკვდავი კაშჩეი, რომელიც ასევე არ ჩნდება ზოგიერთ რუსულ ზღაპარში და გმირი მას ორთაბრძოლაში კი არ კლავს, არამედ საიდუმლო ადგილას დამალულ მის სიკვდილს პოულობს. იმ საგნების გახსნა-გადატეხვა (კიდობანი, კურდღელი, იხვი, კვერცხი, ნემსი), რომლებშიც ჩადებულია კაშჩეის სიკვდილი, პირდაპირ მიმართებაშია ბეჭდის განადგურების აქტთან: როგორც კი გადატყდება ნემსი, კაშჩეი კვდება; როგორც კი ბეჭედი ვარდება ბედისწერის მთის კრატერში, საურონი მთელ თავის ციხე-კოშკთან ერთად ნადგურდება და ქრება.
ეშენბახთან გვაქვს ანტიპოდური წყვილი კლინგზორი – ანფორტასი (გრაალის სნეული მეფე). ორივე დასაჭურისებულია. ტოლკიენთან გვყავს საურონი და ფროდო, ორივეს მოკვეთილი აქვს არათითი, რომელზეც “ძალმოსილების ბეჭედი” ეკეთათ. კლინგზორის სასახლეში არის ერთგვარი “ანტი-გრაალი” – ჯადოსნური სვეტი, რომელშიც შეიძლება მოვლენებისათვის შორეულ მანძილზე თვალის დევნება (ტელევიზორის მსგავსი საგანი). ბეჭდის მეშვეობით საურონის “უძინარი თვალი” ჭვრეტს სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. გრაალის სამეფოს განსაცდელს შეესაბამება უმეფოდ დარჩენილი გონდორის სამეფოს ბედი. აგრეთვე ძალზე საინტერესო იქნება ჩავუღრმავდეთ იმ მომენტს, რომ ელფების გრძნეული ცოდნა ვარსკვლავებს უკავშირდება. ისინი საგალობლებს უმღერიან ვარსკვლავების შემოქმედ ვალარ ქალს, ელბერეტს. ეს სახელი ჟღერადობით უახლოვდება ვარსკვლავს სახელწოდებით “Almaret”, რომელსაც მოიხსენიებს ეშენბახის პერსონაჟი, გრძნეული კუნდრი. ეს პლანეტა მარსის კიდევ ერთი დასახელებაა. მთელი ტოლკიენისეული ეპოპეა კი, შეიძლება ითქვას, მარსის ნიშნით მიმდინარეობს: ცენტრალური ადგილი აქ უკავია გრანდიოზულ ომს, რომელშიც “შუა მიწის” მთელი ხალხები არიან ჩაბმულნი.
ტოლკიენთან შეინიშნება სლავური გავლენებიც. მაგალითად, საინტერესო შედეგი შეიძლება გამოიღოს კვლევამ იმისა, თუ რა კავშირია მდინარეთა რუსულ დასახელებებს `Дон~, “Дунай” და “შუა მიწის” უძველეს მოდგმას, დუნადანელებს შორის. რუსულში ეს ძირი სანსკრიტიდან მოდის (“dhuni” – “მდინარე”) და საკრალური მდინარის თუ ზღვის, საერთოდ მიღმიერი განზომილების მითოლოგიურ სახეს უკავშირდება. სლავური მითოლოგიიდან ტოლკიენმა ისესხა სახელები “რადეგასტი” (წარმართული ღვთაება, რომელიც ტოლკიენმა ცხოველთა და ფრინველთა მფარველ ჯადოქრად აქცია), “სმოგი” – დრაკონის სახელი (დას. სლავურ ტრადიციაში: “Цмок”) და ალბათ არა ერთი სხვა.
შეიძლება ვისაუბროთ კიდევ ერთ პარალელიზმზე, რომელიც ტოლკიენისეულ სამყაროს ქრისტიანულ ტრადიციასთან აკავშირებს. მაგრამ აქ სიფრთხილე გვმართებს თუნდაც იმიტომ, რომ ეს პარალელიზმი ზემოთგანხილული შემთხვევებისაგან არსებითად განსხვავდება. ტოლკიენის “მითოლოგიას” არც ერთი კონკრეტული ელემენტი არა აქვს ნასესხები ქრისტიანული მითოლოგიიდან, იგი იმთავითვე მიგვანიშნებს უფრო ძველ, ზღაპრულ-წარმართულ წყაროებზე. ამავთანავე, როგორც ვნახეთ, ტოლკიენისეულ სამყაროს საკმაოდ ბევრი აქვს საერთო გრაალის ტრადიციასთან, რომელიც უძველეს წარმართულ ტრადიციათა მრავალფეროვან მემკვიდრეობას სწორედ ქრისტიანობის საერთო ველში აერთიანებს. შეიძლება ითქვას, რომ ტოლკიენისეული სამყარო უხილავადაა განმსჭვალული ქრისტიანული სულისკვეთებით, მისით სუნთქავს, ოღონდაც არ ვგულისხმობ ქრისტიანობას, როგორც დოგმატიკას თუ მორალურ-დიდაქტიკურ მოძღვრებას. თავად ტოლკიენი ძალიან ხშირად უსვამდა ხაზს იმას, რომ იგი მორწმუნე კათოლიკეა. ამავე დროს აშკარაა, რომ ის კონფესიური დოგმებისაგან თავისუფალი, უაღრესად საღი ადამიანი იყო. ქრისტიანული სულისკვეთება, როგორც სიკეთე, უბრალოება, უფლის ქმნილების სიყვარული და მისთვის მსხვერპლის გაღება – სწორედ ესაა თავად ტოლკიენის და მისი წიგნების სულიერი საფუძველი.
ტოლკიენის მთავარი პერსონაჟი, ჰობიტი ფროდო, “შუა მიწის” ყველაზე პატარა მკვიდრი, აღმოჩნდა ერთადერთი, ვისაც შეეძლო ეკისრა ბეჭდის განადგურებისა და სამყაროს გადარჩენის მისია: მხოლოდ მასზე არა აქვს ბეჭედს დამღუპველი გავლენა, იმდენად უბრალო და სუფთა სული, იმდენად ძლიერი ნება აღმოაჩნდა მას. ფროდომ, ფიზიკურად სუსტმა, განახორციელა თითქმის შეუძლებელი მოგზაურობა ბოროტების საუფლოში, მორდორში. საკუთარი გადარჩენის არავითარი იმედი არ ჰქონდა, მას ამოძრავებდა მხოლოდ ჩანაფიქრის შესრულებისაკენ სწრაფვა, თუმცა ბოლო ეტაპზე, თითქმის მიზანთან მისულს, ბეჭდის ცდუნებამ ლამის სძლია. ფროდოს მრავალი მეგობარი დაეხმარა, მაგრამ სულ ბოლომდე მხოლოდ მისი მსახური, ერთგული სემი მიჰყვა. მან ზურგზე აიკიდა დაუძლურებული და გონებადაბინდული ფროდო და ასე აიყვანა ბედისწერის მთის მწვერვალზე. მათ კვალდაკვალ მისდევდათ გოლუმი, რომელიც ბეჭდის გამანადგურებელმა ძალამ ბოლომდე დახრა, მიწაზე მხოხავ უბადრუკ არსებად აქცია. ბეჭდის მოხელთების სურვილი მას მოსვენებას არ აძლევდა, ის ზომბისავით უკან მისდევდა ბეჭედს, მაგრამ ფინალში ის თავისდაუნებურად დაეხმარა მისიის აღსრულებას იმით, რომ ფროდოს – რომელიც გადამწყვეტ მომენტში ბეჭედს ვეღარ თმობდა – ბეჭდიანი თითი მოჰკვეთა და თავის სანატრელ ნივთთან ერთად ცეცხლოვან უფსკრულში ჩავარდა. ბოროტების დამარცხების შემდეგ ფროდომ დატოვა ადამიანთა სამყარო ელფებსა და მათთან ერთად, ვინც რაიმე მონაწილეობა მიიღო ბეჭდის ამბავში. ფიზიკურმა და სულიერმა განსაცდელმა მხიარული ფერხორციანი ჰობიტი გამხდარ, ფერმკრთალ, ფიქრიან არსებად აქცია, ნაკვთები გაუნატიფა ისე, რომ მეგობრები შენიშნავდნენ, ფროდო თანდათან ელფს დაემსგავსაო. მის არსებაში მომხდარი ცვლილება იმდენად დიდია, რომ ის აბსოლუტურად ამოვარდა ჩვეული მიწიერი ცხოვრებიდან. თითქოს სწორედ ტოლკიენის პერსონაჟებს გულისხმობს ფრიდრიხ ნიცშეს ერთ-ერთი აფორიზმი: “ვინც ურჩხულებს ერკინება, სიფრთხილე მართებს, რათა თავადაც ურჩხულად არ იქცეს. და როდესაც დიდხანს იხედები უფსკრულში, იცოდე, რომ უფსკრულიც ჩაიხედავს შენში”. ბეჭედთან შეხების შემდეგ “შუა მიწის” მრავალი არსება იქცა ურჩხულად, ხოლო ფროდო იმდენ ხანს იხედებოდა უფსკრულში, რომ უფსკრულმაც – საურონის უძინარმა თვალმა – ჩაიხედა მის სულში და წარუშლელი კვალი დატოვა მასში. თუმცა ფროდო ფიზიკურად გადარჩა, მან მაინც შესწირა საკუთარი თავი, საკუთარი მიწიერი ხვედრი თავისი სამყაროს გადარჩენას. მისი ადგილი ამიერიდან მხოლოდ მარადისობაა.
ტოლკიენი გვიამბობს სიკეთისა და მშვიდობის დამკვიდრების ამ მარად უცვლელ და მარად ახალ ამბავს, რომელიც აერთიანებს ევროპის მთელ მითოსურ მემკვიდრეობას და აერთიანებს მას ერთი გამჭოლი თემით – ქრისტიანობით. დასავლურ სულიერებაზე უდიდესი გავლენის მქონე და, ამავე დროს, თანამედროვე დასავლეთის მიერ ყველაზე დაჟინებით უარყოფილი ეს ტრადიცია ტოლკიენისეული ზღაპრული სამყაროს კონტექსტში, ერთის შეხედვით, პარადოქსულად და მოულოდნელადაც კი გვევლინება, ავტორი განგებ ნიღბავს მას, რათა საბოლოოდ დაგვარწმუნოს ჩვენს მიერ უარყოფილის, “მობეზრებულის” ჭეშმარიტებაში. ზემოთ ციტირებულ ესსეში ტოლკიენი ამბობს: “სახარებებში ვხვდებით ჯადოსნურ ზღაპარს ან, უფრო სწორედ, იმ ყოვლისმომცველ ამბავს, ყველა ჯადოსნურ ზღაპარს რომ შეიცავს… ამ ამბავს ახასიათებს რეალურის შინაგანი ლოგიკურობა. არ არსებობს სხვა ზღაპარი, რომლის დაჯერებაც ასევე ძლიერ სურდეს ადამიანს… იგი საოცრად დამაჯერებელია, რადგანაც შესაქმისეული ხელოვნების ენით გვესაუბრება… ხელოვნება თავად სიუჟეტში სუფევს და არა მის გადმოცემაში, სიუჟეტი კი ევანგელისტების შექმნილი არ არის… სახარებამ როდი აღმოფხვრა, პირიქით – გააპატიოსნა ჯადოსნური ზღაპარი მისთვის დამახასიათებელი კეთილი ბოლოთი”. უზენაესი ხელოვნება – სამყაროს შემოქმედება – მარადი მაგალითია ხელოვანისათვის და ისიც, თავისი შემოქმედის მსგავსად, “მეორად” სამყაროებს ქმნის. ასეთი მეორადი სამყაროებია კულტურული, მითოსური, რელიგიური ტრადიციები, რომელიც ერთმანეთს ცვლის კაცობრიობის ცივილიზაციებთან ერთად. სწორედ ამას გვეუბნება ტოლკიენი თავის ლექსში, რომლის ორიგინალი, სამწუხაროდ, ხელთ არ მაქვს, მაგრამ თავს მაინც ვაძლევ იმის უფლებას, რომ იგი აქ მოვიყვანო შესანიშნავ რუსულ თარგმანში, რომელიც ს. კოშელიოვის მიერაა შესრულებული:
 
“[Из письма человеку, считавшему сказки и мифы враньём]
Мой милый сэр, – писал я, – не навек
Был осуждён и проклят человек.
Пусть благодати ныне он лишен,
Но сохранил ещё свой древний трон.
Ведь белый луч, через него пройдя,
Рождает семь цветов; они ж плодят
Живые образы – сознания дары.
Так он творит вторичные миры.
Пускай мы спрятали за каждый куст
Драконов, эльфов, гоблинов. И пусть
В богах смешали мы со светом мрак –
Мы обладаем правом делать так.
Как прежде, праву этому верны,
Творим, как сами мы сотворены”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი