პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩემი ცხოვრება უცნაური…

(ტერენტი გრანელის ლიტერატურული პორტრეტი)

«სიკვდილის იდეა ამძაფრებს სიცოცხლის

აგზნებულ წყურვილს»
პასკალ კინიარი
ტერენტი გრანელმა ტრაგიზმითა და სასოწარკვეთით აღსავსე ლირიკული რვეული დატოვა. ეს რვეული გრანელს «დაწყევლილი პოეტის» შარავანდედს უქმნის და ამდენი ხნის მერეც კი თანაგანცდითა და ცნობისწადილით მიგვაბრუნებს მის პოეზიასთან და ცხოვრების გზასთან.

ტერენტი გრანელის პიროვნული ტრაგედია საბედისწერო სიმარტოვის ტრაგედიაა: როდესაც ადამიანი დაგმანულ განცდათა, ჩადენილ თუ ოდენ წარმოსახულ ცოდვათა სახმილში იტანჯება და თვითგადარჩენის ფორმად პოეტურ აღსარებას მიმართავს.

გრანელის ცხოვრების ხილული ქარგის შესახებ ჩვენ თითქოს ბევრი რამ ვიცით. მაგრამ ბიოგრაფიული რეალიები ძალზე ცოტას გვეუბნებიან მისი სულის სიღრმეში მიმდინარე პროცესებზე, იმ ფსიქოლოგიურ სპირალზე, რომლის საწყისი ხვეული ქვეცნობიერის ფროიდისტულ სიღრმეს აღწევს, ბოლო კი ფსიქიატრიული პალატის ჭერს ებჯინება…

გრანელის იმ ნაცნობებს, რომელთაც დღითიდღე ხვდებოდა ქუჩაში მოხეტიალე პოეტი, მისი ერთთავად სევდიანი გამომეტყველება, უცნაური საქციელი და მიუსაფარი ცხოვრება ბოჰემური არტისტიზმის გამოვლინებად მიაჩნდათ, ერთგვარ «პიეროს ნიღაბად» (რაც იმ დროის ასერიგად მომრავლებული და მოდური იყო).

ერთი ზუსტი ტერმინი არსებობს იმ სოციალურ-ფსიქოლოგიური ფენომენის აღსანიშნავად, გრანელთან რომ გვხვდება: «გაუცხოება». გრანელი მარტოსული კი არ იყო მხოლოდ, გაუცხოებულიც იყო მაშინდელ საზოგადოებაში. რა იყო ამ გაუცხოების ჭეშმარიტი მიზეზი? ლიტერატურის მკვლევარისათვის ეს ცნობისმოყვარეობით მოტანილი კითხვა როდია. ამ მიზეზის (თუ მიზეზების) გათვალისწინების გარეშე კაცი ძნელად თუ ჩასწვდება გრანელის პოეტურ მსოფლგაგებას, მისი ლექსის წიაღს…
ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას, ვერც (თუნდაც ავტორიტეტულ) ცალკეულ მოსაზრებას ვენდობით, ვერც რომელიმე მოგონების ავტორს. გრანელის ჭეშმარიტ ახლობლებს ამ მხრივ ღირებული მოგონებები არ დაუტოვებიათ და მიამიტობა იქნებოდა პოეტთან ეპიზოდური ნაცნობობის შედეგად გამოტანილი დასკვნები ჩვენ იმ ჯადოსნურ «სეზამად» მიგვეჩნია, პოეტის შემოქმედების საიდუმლო კარს რომ გააღებს. ასეთ დროს ისევ გრანელს უნდა მივენდოთ: მის პოეტურ აღსარებებს, ისევ პოეტი უნდა მივიჩნიოთ სანდო მეგზურად მისი პოეზიის უმზეო, მაგრამ მისტიკურად-წარმტაც სამყაროში…

პოეტების უმეტესი ნაწილი თავისი ლირიკული რვეულის ერთ, საუკეთესო ნაწილს ბავშვობის მოგონებებს უთმობს. თუ რატომ _ გასაგებია და ახლა ამაზე აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ტერენტი გრანელი აქაც გამონაკლისს წარმოადგენდა. თუმცა თავის თავს «პოეტ-ბავშვს» უწოდებდა, ბავშვობის წლებზე არაფერი დაუწერია, ორიოდე შემთხვევითი სტრიქონით თუ შემოიჭრებიან ბავშვობის წლები მის ლექსებში. შეიძლება იმიტომ, რომ არც თუ მთლად სახარბიელო ბავშვობა ჰქონდა. ღარიბ წალენჯიხელ გლეხს სამსონ კვირკველიას და მის მეუღლეს ივლიტა ლუკავას 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტილით) ნანატრი ვაჟიშვილი შეეძინათ _ ტერენტი დაარქვეს სახელად. მაგრამ ოჯახის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ოთხი წლის ტერენტის დედა გარდაეცვალა. მამამისმა მეორე ცოლად დარია მებონია შეირთო, ფოლკლორული დედინაცვლებისაგან განსხვავებით, სათნო, მოყვარული ქალი. ტერენტის და მის დებს, მაშოსა და ზოზიას ყურადღება არ აკლდათ. მაგრამ ოჯახი ძალზედ შეჭირვებულად ცხოვრობდა, ტერენტის მამას _ სამსონს, დაკოჭლებულს ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ, მეუნაგირეობით გაჰქონდა თავი. იმდენი მაინც მოახერხა, რომ ვაჟიშვილს სოფლის სასწავლებელი დაამთავრებინა. ტერენტი თბილისშიც კი აპირებდა წასვლას სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ სახლი დაეწვათ და ახლა ისიც მამასთან ერთად ხარაზობდა. ამ უხალისო ყოფას მეტნაკლებად ახალისებდა კვირის წირვები მაცხოვრის ეკლესიაში, რომელშიც ღრმადმორწმუნე დედინაცვალს დაჰყავდა ტერენტი და შემდეგ, უკვე სიყმაწვილისას, ცნობილი მწიგნობრის, იაკობ შანავას ბიბლიოთეკის გაცნობა.

«ტერენტი იყო ბუნებით ამაყი და პატივმოყვარე, თავს ადვილად არავის დააჩაგვრინებდა. უაღრესად ტემპერამენტიანი ახალგაზრდა ლექსების წერის გარდა ხშირად მამხილებელი სიტყვებით გამოდიოდა საზოგადოებრივ კრებებსა და დისკუსიებზე. ნიჭიერი ახალგაზრდა თავიდანვე შეიძულეს სოფლის მოკარიერისტო ელემენტებმა და მის წინააღმდეგ სხვადასხვა უმსგავსი ჭორების შეთხზვა დაიწყეს. მალე ტერენტიმ სამუდამოდ დატოვა სოფელი და სწავლის გაგრძელების მიზნით მაშოსთან _ თავის უფროს დასთან ერთად თბილისში გამოემგზავრა.

უსახსრობის გამო ტერენტიმ სწავლის გაგრძელება ვერ შესძლო. სცადა სამსახურის დაწყება, მაგრამ აქაც ხელი მოეცარა. პირველად რკინიგზის სადგურში მუშაობდა, ვაგონების გადამბმელად, შემდეგ გაზეთ «ახალი სოფლის» რედაქციაში, მაგრამ ვერსად ფეხი ვერ მოიკიდა. სამსახური მისი სტიქია არ აღმოჩნდა. მაშო კერავდა და აღებული გროშებით ხელს უმართავდა უსახსროდ დარჩენილ პოეტს.

ტერენტის საოცრად შეუყვარდა თბილისი. აქ მან მრავალი მეგობარი და თაყვანისმცემელი შეიძინა. პოეტი ხარბად დაეწაფა მხატვრულ ლიტერატურას. ბევრს კითხულობდა და წერდა. მისი ლექსები სისტემატურად ქვეყნდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ტერენტი სამწერლო ასპარეზზე პირველად «წალენჯიხელის» ფსევდონიმით გამოვიდა, ხოლო უფრო მოგვიანებით სამუდამო ფსევდონიმად «გრანელი» ამოირჩია. გადმოცემით ამბობენ, რომ «გრანელი” პოეტმა აირჩია რომელიღაც თეატრალური მოღვაწე ქალის პატივისცემით, რომელიც ამ გვარს ატარებდა» (ელიზბარ უბულავას წინასიტყვაობა 1961 წელს გამოცემული ერთტომეულისათვის. გრანელი, 1961: 15). მეორე ვერსიის თანახმად, ამ ფსევდონიმს «ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირკველიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა «Gრანუმ», რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: «მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო» (ლერი ალიმონაკის ბოლოსიტყვაობა გრანელის 1972 წელს გამოცემული კრებულისათვის. გრანელი 1972: 172).

ეს ამონაწერები აქ გამიზნულად მოვიხმე: 1961 წელს, როდესაც ტერენტი გრანელის გარდაცვალებიდან თითქმის 30 წელი იყო გასული, ხოლო მისი სიფრიფანა წიგნები _ მივიწყებული, «ლიტერატურულ ბობოლებს» (როსტომ ჩხეიძის გამოთქმაა) ამ «პესიმისტი პოეტის» სახელის გაგონებაც კი არ უნდოდათ. აი, ამ დროს ელიზბარ უბილავამ (რომელიც, ხანმოკლე პოლიტიკური «დათბობის» მიუხედავად, მაინც გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა) თავისი გაიტანა და დაუბრუნა ქართველ მკითხველს ტერენტი გრანელის ლექსების რვეული. შემდგომ მას ჩაენაცვლა ლერი ალიმონაკი და ასეთივე თავდადებით უპატრონა გრანელის ლიტერატურულ მემკვიდრეობას. ისიც ცხადია, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც გრანელის მოშურნენი ჩასაფრებული გყავს და ყოველი ახალი პუბლიკაცია კბილებით უნდა გაიტანო, ძალაუნებურად ქმნი საყოველთაოდ მისაღებ, რამდენადმე რომანტიზირებულ ვარიანტს პოეტის ბიოგრაფიისა, რომ უნებლიეთ, გრანელის ტრაგიზმის მიზეზების ძიებისას, ახლა უკვე შენით არ «აჩუქო» რაიმე არგუმენტი ოფიციალურ თუ ნებაყოფლობით ცენზორებს…

დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერენტი გრანელს არც «მრავალი მეგობარი და თაყვანისმცემელი შეუძენია თბილისში» და არც დედაქალაქისადმი მისი სიყვარულით ყოფილა ეგზომ უღრუბლო… ერთ-ერთ იმ რამდენიმე ადამიანთაგან, ვისთანაც მართლა მეგობრობდა, კომპოზიტორი აკაკი ანდრიაშვილი (ტერენტი სადღიურო ჩანაწერში ერთგან მას თავის “ერთადერთ მეგობრად” მოიხსენიებს) იგონებდა: «ტერენტისთან მეგობრობა ძალზე ძნელი იყო: ამიტომ მას თითქმის არ ჰყოლია მეგობარი. მიზეზი მისივე თავისებურება იყო: ხან ბავშვივით ფაქიზი და ბუტია, ხან უმიზეზოდ ჭირვეული იყო, ხან ეჭვიანი და ბუზღუნა: ხოლო უფრო ხშირად ანგელოსივით სათნო და გულუბრყვილო. მე ვახერხებდი მასთან ხასიათის შეწყობას. ხშირად ვუთმობდი, მაგრამ ხშირად ვტუქსავდი კიდეც. ამავე დროს ვიცავდი ზოგიერთი უსულგულო ადამიანისაგან, რომლებიც ცდილობნდნენ, აბუჩად აეგდოთ პოეტი» («ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია» 1984: 152). ნიშანდობლივია, რომ მოგონებათა იმ კრებულში, საიდანაც მოვიხმეთ აკაკი ანდრიაშვილის მოგონება, ტერენტი გრანელის კიდევ ერთი მეგობრის – ღვაწლმოსილი რუსთველოლოგის, გაიოზ იმედაშვილის ერთი სტრიქონიც კი არ არის შეტანილი. შესაძლოა იმიტომ, რომ თავად გაიოზ იმედაშვილიც კარგა უცნაური კაცი იყო და ერთ-ერთი მის «უცნაურობათაგან» იმაში მდგომარეობდა, რომ კახური პირდაპირობით წერდა იმას, რაც ახსოვდა ან რასაც ფიქრობდა და არა იმას, რასაც თხოულობდა მისგან ლიტერატურული მითის ჟანრი (აქვე ვიტყვი: ნაკარნახევი თავისთავად კეთილშობილი ჩანაფიქრით – სიკვდილს შემდგომ მაქსიმალურად მიმზიდველად წარმოჩენილიყო ცხოვრებისაგან ისედაც ტანჯული პოეტის პორტრეტი). ისევ და ისევ ოთარ ჩხეიძემ გაბედა ახლა უკვე მეორე უკიდურესობაში გადავარდნილ საზოგადოებრივ აზრთან დაპირისპირება და თავის ალმანახში («ლიახვი», 1986 წ.) გამოაქვეყნა გაიოზ იმედაშვილის მართლაც უცნაურად შეულამაზებელი მოგონებები: «ვიდრე ავადმყოფობა მოერეოდა, ტერენტი გრანელი, მიუხედავად უსაფუძვლო ამპარტავნება-უკადრისობისა, თავიდანვე ბუნებითად განსაკუთრებით კეთილი გულისა და თანაგრძნობის ადამიანი იყო, იშვიათი მოსიყვარულე, მეტად მორცხვი, მორიდებული, გაუბედავი, თავისებურად ამაყი კაცი, სხვებს შეიბრალებდა ხოლმე და ცდილობდა გაჭირვებულს დახმარებოდა, რითაც კი შეეძლო, მაგრამ ამ სიკეთეებთან ერთად ეჭვიანი, მოჩქარე და ზოგჯერ მოულოდნელად უხეშიც ხდებოდა. ამის გამო მისი ყოველი დღე შეიძლებოდა რაღაც გაუგონარი საქციელით დამთავრებულიყო და ძნელი ხდებოდა გამოგვეცნო, თუ გარეგნულად მშვიდი და უწყინარი რას ჩაიდენდა კიდევ საკვირველს, რას იკადრებდა უფრო უმსგავსოს» («ლიახვი», 1986 წ., გვ. 292).

ვისმეს, დამტკბარ «მემუარულ კლიშეთა» მოყვარულს, უთუოდ ეხამუშება გაიოზ იმედაშვილის მოგონებათა ის პასაჟიც, სადაც აღწერილია, თუ როგორ აძლევს ღარიბ-ღატაკი ტერენტი უკანასკნელ ფულს მეფაიტონეს, რათა თბილისის ქუჩებში ხალხის დასანახად ეტლით გაისეირნოს… რამდენ რამეს, გულსაკლავს და მტკივანს, გვეუბნება ეს დეტალი ქართულ ხასიათზეც, ტერენტიზეც, რომლისთვისაც თურმე არც ისე განურჩეველია საზოგადოებრივი აზრი და არც ისე ორგანულია ბოგანო ცხოვრება, როგორც მას სურს ამაში დააჯეროს მკითხველიც და თავისი თავიც… განა რაღაც სახასიათო დეტალი არ დააკლდებოდა გალაკტიონის პორტრეტს, ოლია ოკუჯავას მოგონებას რომ არ შემოენახა მიზანსცენა, სადაც გალაკტიონი თავის ფარულ ოცნებებს თვითნაკეთი აფიშით ამჟღავნებს: «პარიჟის უნივერსიტეტის სტუდენტი გალაკტიონ ტაბიძე წაიკითხავს ლექციას…». ცრემლის მომგვრელია ეს ყველაფერი, ამდენი წლის შემდეგაც კი…

რადგან გაიოზ იმედაშვილის მოგონებებს მივადექით, მოდით, ტერენტის მეგობართა არც თუ ვრცელ წრესაც აქ გავეცნოთ: «იმ ხანებში (გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისზეა ლაპარაკი – ზ. ა.) ტერენტის მეგობრობდნენ გობრონ აგარელი – ციცქიშვილი, კათალიკოს ქრისტეფორეს შვილი, ჩემი უფროსი ძმა შალვა იმედაშვილი, რომელმაც 1920 წელს შალვა მეფანდურეს ფსევდონიმით გამოსცა ახალგაზრდა პოეტების ჟურნალი «პარნასი», დავით კობიძე, ავტორი ლექსების წიგნისა «საქართველოს ღამეები», შემდგომად
ცნობილი ირანისტი, პროფესორი, გენო ქელბაქიანი, დრამატურგი, პოეტი ვანლერ დაისელი (ვანო ბაბუაძე), მწერალი თამაზ ბორელი (პლატონ კეშელავა), აკაკი ანდრიაშვილი _ კომპოზიტორი, შალვა კაშმაძე (პოეტი სილეო რიან, შემდეგ კულტურის ისტორიკოსი). მათ შორის თემატიკითა და სტილით ტერენტისთან ყველაზე ახლოს იდგა გობრონ აგარელი, რომელთანაც ერთად გამოსცა «პანაშვიდები», მეტად ნიჭიერი და სამაგალითოდ განათლებულ;ი პიროვნება, მცოდნე კლასიკური ენებისა და ლიტერატურისა. იგი ფრანგულ დედანში იცნობდა ბოდლერს და ქართულ თარგმანებსაც აკეთებდა («ლიახვი», 1986 წ. გვ. 284).

აქ კვლავ ტერენტი გრანელს უნდა მივმართოთ. სწორედ ლექსებმა აღბეჭდეს ის ორსაწყისიანი, ამბივალეტური გრძნობა ზიზღისა და სიყვარულის, რომელსაც იგი თბილისისადმი განიცდიდა. თან უყვარდა ეს ქალაქი, თან სძულდა (აქაც, როგორც ყოველთვის, უკიდურესობებში ვარდებოდა): «თბილისისადმი მის სიყვარულს საზღვარი არ ჰქონდა, _ იგონებდა გენო ქელბაქიანი, _ «სიცოცხლე მხოლოდ თბილისში მინდა»… «დაო, ასე მგონია, ბედნიერი ვიქნები, სადმე ახლო თბილისთან თუ სამარეს ვიშოვი»… «ჩემი გული გადაეცით თბილისს»… «თბილისიდან სადმე წასვლა, თუნდაც რამდენიმე Dდღით, მისთვის ტანჯვა იყო…» (“ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია” 1984: 45). ზოგჯერ კი, აქ თავს მათხოვრად, დამცირებულად გრძნობდა («…და მე ამნაირ ცხოვრებისაგან თითქმის ყოველ დღე ვგრძნობ დამცირებას». გრანელი 1961: 240) და იზაფრებოდა «მკვლელებისა და გამცემლების» გარემოცვაში:
ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,
არავინ არ მყავს, არსაიდან შვებას არ ველი.
ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,
უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი…
(«ვედრება უფალთან», 1922 წ. გრანელი 1972: 28)
დროდადრო მაინც გაეცლებოდა ხოლმე აქაურობას, მაგრამ ვაი რომ, წალენჯიხაშიც ვერ ჩერდება. რაღაც გაუნელებელი წყენა თუ სულაც, უმიზეზო სევდა მოეძალება… ამიტომაა, რომ სოფლის იდილია, პასტორალური სურათი გრანელის პოეზიაში თითქმის არ შეგხვდებათ. სოფლის ბინდბუნდში, სიჩუმეში მას ავისმეტყველი ლანდები ეზმანება, «მოგონებების ცისფერი ქსელი» ბოჭავს, სოფლის სიჩუმეში შორეული ზარების რეკვა და სასაფლაოდან ქარით მოტანილი კვნესა მოესმის («სოფლის სიჩუმე»). სიკვდილის სიახლოვე ფიზიკური შეგრძნების სიცხადით არის განცდილი სწორედ იმ წუთებში, როდესაც ადამიანს თითქოსდა არაფერი უნდა ანაღვლებდეს _ შემოდგომის მინდვრის შემყურეს, ბუნებასთან პირისპირ დარჩენილს… მაგრამ გრანელის ტრაგიზმი ხომ სწორედ სიმარტოვის ტრაგიზმია _ საკუთარ თავთან, მოგონებებთან, ფიქრებთან დარჩენის შიში…

ტერენტი აშკარად უფრო გრძნობიერი ადამიანი იყო, ვიდრე იმდროინდელ ამღვრეულ და დაუდუღებელ ცხოვრების სტიქიას სჭირდებოდა. ასეა ხოლმე: სათუთი მცენარე გადანერგვას რომ ვერ უძლებს და იღუპება. სოციალურ დისკომფორტსაც ედო თავისი წილი მის ტრაგედიაში: სოფლელი აღარ იყო და ვეღარც ქალაქელი გახდა. არც იქ, არც აქ არ მიიჩნევდნენ თავისიანად. ასეთ წუთებში კი წამოსცდებოდა ხოლმე ნატვრა ბავშვობის დღეებისა:
ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას…
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.
ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.
ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.
(«დაბრუნება სოფელში». გრანელი 1972: 140)
მოდით, ცოტა ხნით ჩვენც გადავინაცვლოთ წალენჯიხაში: «მამა რომ გარდაგვეცვალა, _ იგონებდა ზოზია კვირკველია, _ ტერენტი ახალი წასული იყო თბილისში. დასაფლავებას ძლივს ჩამოუსწრო. დარდისგან ხმა ჩავარდნოდა. გულდათუთქული იდგა მამის ცხედართან. მალე ისევ თბილისს გაემგზავრა. მაგრამ მშვიდი ცხოვრება არც იქ ჰქონია. ერთი წელიც არ იყო გასული, დედინაცვალიც გარდაგვეცვალა. 15 წლისა შინ მარტოკა დავრჩი. მაშო ტერენტის ვერ ანებებდა თავს. თბილისში მკერავად მუშაობდა და, რითაც შეეძლო, ხელს უმართავდა ძმას» (ცქიტიშვილი 1990: 19).

ზოზია თვრამეტი წლისა გათხოვდა ლუკა კვარაცხელიაზე, რომელიც ზუგდიდში რომელიღაც სამაზრო უწყებაში. მსახურობდა. მაშო თავდაპირველად თბილისში გათხოვილა, მაგრამ ქმარი ადრე გარდაცვლია. მისი მეორე ქმარი გვარად პაპასკირი ყოფილა, სენაკიდან. შვილი არ მისცემიათ და მაშო გერებს ზრდიდა – ორ ვაჟს.
ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარმა ლერი ალიმონაკმა, რომელიც ტერენტის დებს უკვე ხანდაზმულ ასაკში გაეცნო, მათ შორის თვისობრივი განსხვავება შენიშნა: «ქალბატონ ზოზიას ქმრისეულ სახლში მაწვიეს. ზოზია თუმცა ხანში შესული ქალბატონი გახლავთ, ჟამთა სიავეს მაინც ვერ დაუმჩნევია დაღი მისი კოლხური სილამაზისათვის, მისი ცისფერი თვალები («შენ იღიმები ცისფერ თვალებით»), მობერებული სახის ნაკვთები აშკარად ამხელენ, თავის დროზე ულამაზესი ქალი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ სათნოება გამოსჭვივის მისი სახიდან. ტყუილად არ იყო ტერენტისათვის ზოზია სიწმინდის, პოეტური ოცნების გამოხატულება. ზოზია იქცა მისი პოეზიის ერთ-ერთ სახე-სიმბოლოდ, უმაღლეს მფარველ ძალად, სახარებისეულ თანამდგომელ ხატად…
ზოზიასთან საუბრის დეტალები აღარ მახსოვს, მხოლოდ ის მაგონდება, კანტიკუნტად რომ მიპასუხებდა, ხშირად რომ დუმდა და გმინავდა, შინაგანად წრიალებდა, საშინელ წუხილს და სინანულს რომ მოეცვა Mმთელი მისი არსება. ქალბატონ ზოზიასთან მის გარდაცვალებამდე უფაქიზესი მეგობრობა მაკავშირებდა. ხშირად უთქვამს ჩემთვის: შენ რომ გხედავ, ასე მგონია, ჩემს ძმას ვხედავო. ხოლო ის შინაგანი წუხილი და შფოთვა, ის სინანული, რომელსაც მთელი მისი არსება მოეცვა, ყოველთვის მწარედ მტკიოდა და გულ-გვამს მიწვავდა. სიკვდილის წინ ახლობლებისათვის დაჟინებით უთხოვია – ლერი მაჩვენეთ, სათქმელი მაქვსო… დასანანია, რატომ ვერ მოვისმინე ზოზიას ბოლო სიტყვები. ვინ იცის, რისი თქმა სურდა?! მართალია წლები გავიდა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიპატიებია ეს უგულისყურობა ზოზიას შვილიშვილებისათვის… (რა ძნელი სანახავი მე ვიყავი?!).

…მაშო, ცოტა არ იყოს, პირქუში, ზედმიწევნით პრაგმატული, უხეშიც კი მომეჩვენა. ლაპარაკს თავს არიდებდა. თუმცა ზოზიასა და თავისი ახალგაზრდობისდროინდელი სურათი მისახსოვრა. ეს იყო და ეს. სხვა არავითარი სულიერი საჩუქარი მე არ გამომყოლია მისგან, ოდესმე მასთან კვლავ შეხვედრის სურვილი რომ აღმძროდა. აქ მცირე ხანს დავყავი. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა უსათნოესი პოეტის პირქუშ დასთან” (ალიმონაკი 1998: 35-38).

ტერენტის ყოველი ჩამოსვლა სოფლად _ უძღები შვილის დაბრუნება იყო. მაგრამ, რად გინდა? გადიოდა ორიოდ კვირა და იქ სული ეხუთებოდა. ის უკვე მოწამლული იყო თბილისით:
ასეთი დარდი არ მახსოვს დღემდე,
ო, როგორ მორბის ლანდი სიკვდილის,
მოვდივარ, ერთი საათის შემდეგ
მე ისევ ვნახავ ჩემს მტანჯველ თბილისს.
(«მოგზაურობა თბილისისაკენ», 1922. გრანელი 1972: 43)
აი, ასეთი იყო ტერენტი გრანელის გადმოსახლება სოფლიდან ქალაქს. ახლა კი თბილისში მის ცხოვრებას გადავავლოთ თვალი: «სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი «ია» და ჟურნალი «კრონოსის სარეკე». ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის «დაისები» არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი. …1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: «პანაშვიდები», რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი და «სამგლოვიარო ხაზები». 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი («სულიდან საფლავები»). ამ წიგნს აღტაცებული რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან» (გრანელი 1972: 172).

ამავე წლებში გაიცნეს ერთმანეთი ტერენტი გრანელმა და გალაკტიონმა. ტერენტი გალაკტიონში თავის სათაყვანებელ მეტრს ხედავდა, გალაკტიონი კი მასში _ თავის ნიჭიერ მიმდევარს. არ არის გასაკვირი, რომ მათ სრულიად გარკვეული ურთიერთსიმპატია აერთიანებდათ. მაგრამ ტერენტი გრანელის პოეზია იქ შეჩერდა, საიდანაც გალაკტიონი მხოლოდ იწყებდა თავის აღმასვლას. გავიხსენოთ გალაკტიონის «სასაფლაო» (1910 წ.), «შავი ყორანი» (1911 წ), «სასაფლაოზე» (1912 წ.), «რომელი საათია» (1914 წ). გალაკტიონის ამ უკანასკნელმა ლექსმა განსაკუთრებული გავლენა იქონია გრანელის შემოქმედებაზე. აქ პოეტური მოდელის გავლენას ვგულისხმობთ, თორემ «რომელი საათიას» განწყობა გრანელს, ვაი რომ, სასესხებელი არ ჰქონდა, იქით შეეძლო მოემარაგებინა პოეტების მთელი არმია.

გრანელის ლექსების წიგნში წელიწადის ერთი დრო მეფობს _ ზამთარი, გვიანი შემოდგომა. შემოდგომის სიყვითლე მის წარმოსახვაში მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის ნელინელ ქრობას (წერს კიდეც ამაზე ერთ-ერთ ლექსში). ზამთრის სიცივე _ კი უკვე სიკვდილია, არყოფნა. თოვლი _ თეთრი სავანეა, თეთრი ბალდახინი (გეცნოთ ალბათ – ჩვენი სიმბოლისტური რეკვიზიტი). ზამთარმა გრძელი ღამეები იცის და ყველაზე უფრო მტანჯველი პოეტისათვის სწორედ ეს ღამეებია: «ყოველი ღამე _ ეს ჩემი ლოდია» _ იტყვის ერთგან. ღამით მარტოსული ადამიანი კიდევ უფრო გრძნობს თავის სიმარტოვეს («საღამოს დარდი უფრო მწარეა»). ქრება ის თუნდაც ეფემერული შთაბეჭდილება ადამიანებთან კონტაქტისა დღისით, «სასახლის ბაღში სეირნობისას» რომ იბადება ხოლმე. მოდის «საშინელი საღამო» და პოეტი კვლავ განწირულია თავის ავბედით თანამოსაუბრესთან დარჩეს, თავის თავთან, თავის მძიმე ფიქრებთან, თავის მოგონებებთან, თავის სინდისთან _ ამ ულმობელ და უშეღავათო მსაჯულთან… («რამდენ წვალებას მალავს ეს ოთახი»). მოვუსმინოთ გრანელს. ძნელია თქმა, რაა აქ მეტი _ პოეზია თუ სასოწარკვეთამდე მისული ადამიანის წამოძახილი, იმავ წამს ქაღალდზე გადატანილი:
მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა,
ღამე მომიახლოვდა, შავი და საშინელი.
სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან
და მოვა მწუხარება – ჩემი ლურჯი ფრინველი.
(«ცისფერი სიშორე», 1922 წ. გრანელი 1972: 29)
ტერენტი გრანელის პოეზიას ორი ადრესატი ჰყავდა. ერთი მათგანი მაღლა, ზეცაში სუფევდა, მისი შიში და რიდი, მისი გულთამხილაობის რწმენა ტერენტის ჯერ კიდევ იმ ასაკიდან გამოჰყვა, დედინაცვალი საკვირაო წირვებზე რომ დაატარებდა მაცხოვრის ეკლესიაში. მისი მეორე ადრესატი წალენჯიხაში ცხოვრობდა _ ეს მსოფლიოში მისთვის ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანი იყო, მისი დაი _ ზოზია. ამ ორ ადრესატს ანდობდა პოეტი ყველა თავის საიდუმლოს, თავს მხოლოდ მათ წინაშე იმართლებდა და მათი რისხვის და განხიბლვის შიშით იყო გამოწვეული მისი თვითგვემა…

ტერენტი ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი იყო. მისი ლექსების ყოველი მიუკერძოებელი მკითხველი მიხვდება, რომ მიმართვა ღვთისადმი მასთან პოეტური პირობითობა კი არ არის, არამედ უშუალო და წრფელი აღსარებაა ადამიანისა, რომელსაც სწამს ღვთაებრივი გულთამხილაობისა და თავისი ტრაგედიის პირველმიზეზად სწორედ იმას მიიჩნევს, რომ (თუნდაც ფიქრებში) ამ ზეციური ნების რომელიღაც წესს გადაუხვია:
წამი აღმაფრენის
და ფიქრი ნაჩვევი.
ღმერთო! გამაფრინე
და ქრისტე მაჩვენე.
ხელს მაღლა აგიშვერს
ცოდვა ადამისა,
ღმერთო! გამაგიჟე
და შენვე დამიცავ.
ნეტავ ზღვის ძახილზე
გრიგალს გავეტაცე.
ღმერთო! გამაღვიძე
მე სხვა პლანეტაზე.
მიმაქვს პანაშვიდი,
ვარ ღია ბაღისებრ.
ღმერთო! დამამშვიდე
და ძილი მაღირსე.
(«ლოცვა გაფრენისათვის», 1924 წ. გრანელი 1972: 72)
პოეტის მზერა და ფიქრი სულ უფრო და უფრო ხშირად მიემართება იმ ერთადერთი ადამიანსაკენ, რომელსაც ესმის მისი, რომელმაც იცის მისი ფასი,. იცის მისი საიდუმლო, იცის მისი ტანჯვის მიზეზი:
საღამო ამნაირ სახის
დარდივით გაჩნდება ისევ.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.
გათავდა ცრემლების თოვა,
ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს.
და თეთრი ქალწული – გლოვა
ეცემა სისხლიან მინას.
და ირგვლივ სამარეს უვლის
ფარული სურვილის ლანდი.
და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის.
(«დათოვლილი სანთელი», 1922 წ. გრანელი 1972: 42)
გრანელის ლექსების დიდი ნაწილი უშუალო მიმართვაა დისადმი: «მწუხარე მელოდია» (1921 წ.), «შეშლილი ცრემლები» (1921 წ), «მე და გაფითრება», «ცისფერი სიშორე» (1922 წ), «დათოვლილი სანთელი» (1922 წ.), «შემოდგომის პასტორალი» (1923 წ.), «დაო ძლიერო და უწმინდესო!», «მკვდარი სურვილები», «მოდის ახალი ფიქრთა კრებული» (1927 წ.), «დაო! შენს სახელს მუდამ დავიცავ», «დილა მთაზე», «ჩემო ზოზია მე წავალ მალე»…. არა ძნელი
შესამჩნევი, როგორ გადაეჯაჭვება ხოლმე სიყვარულისა და განსაცდელის გრძნობა, როგორც კი ტერენტი ზოზიაზე იწყებს ლაპარაკს:
ეს ყველაფერი ჩემზე ითქვა,
ვის გავუგონო.
შენს ძვირფას სახელს
წაიკითხავს თვალი უღონო…
(გრანელი 1972: 166)
ზოგჯერ ტერენტი გაურბის ზოზიას ხსენებას, მაგრამ სადაც კი შეგხვდებათ მის ლექსში ემოციური წამოძახილი – «ძვირფასო!», თითქმის
უცდომლად შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ ეს ზოზიასადმი მიმართვაა. საინტერესო იქნებოდა, ცხადია, თვითონ ზოზიას მოგონებების გაცნობა, მაგრამ ხელთ ძალზედ მწირი მასალა გვაქვს.

«უძილობის ტყვეს» _ გრანელს სულ უფრო და უფრო სასტიკი განაჩენი გამოაქვს საკუთარი თავისათვის. კისერზე შებმული ქვასავით ამძიმებს მის ფიქრებს რაღაც წარმოსახული ბიბლიური ცოდვა, ფსკერისაკენ ითრევს და ძირავს… საუბედუროდ, ამ დაბინდულ გონებაში ისეა წაშლილი საზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის, რომ ეფემერულ ცოდვას შეუძლია მეტი ტკივილი მიაყენოს ამ ისედაც ნატანჯ სულს, ვინემ უნებლიეთ ჩადენილ დანაშაულს… გრანელი მორჩილად მიჰყვება ბედისწერას ამ სამსხვერპლოზე, არც ერთი ჟესტით, არც ერთი სიტყვით არ ეწინააღმდეგება, მხოლოდ თავისთვის თუ ჩაილაპარაკებს ამ უცნაურ ბედისწერაზე: «მიდიხარ სადღაც და ბედი გღუპავს…», ანდა, უეცარი ფატალიზმით გამსჭვალული, განაცხადებს: «მოვიდა რიცხვი საბედისწერო». მისი დღიურებით თუ ვიმსჯელებთ, ტერენტის ზოგჯერ თვითონ უნდოდა «ცხოვრების ეტლის» სადავეები ემართა: «არის პირველი საათი, მივყვები დოცენტ იოსელიანის ცხედარს, გზაში მესაუბრება მეგობარი დავით კობიძე. პანთეონიდან ვბრუნდები, როგორც მიცვალებული. ვზივარ ოთახში და ვფიქრობ სამშაბათს მოვიკლა თავი, გადავვარდე ვერის ხიდიდან» (1928 წლის 11 მარტის დღიური. კვირადღეა, დაიმახსოვრეთ!). მაგრამ სად გინახავთ ბედისწერას თავისი სადავეები მოკვდავთათვის გადაებარებინოს? სამომავლო ჰოროსკოპს ის თვითონ ადგენს. მიამიტი ტერენტის 13 მარტის დღიურში კი (სამშაბათს!) ახალი ჩანაწერი ჩნდება: «…გადავწყვიტე არ მოვიკლა თავი და შევურიგდე ცხოვრებას, და ჩემი პოეზია ისევ დარჩეს სპეტაკი. ეს იქნება დაბრუნება ცხოვრებასთან…» (გრანელი 1961: 415).

ასეთი ჩანაწერების მერე უკვე აღარ გიკვირთ პოეტის თვითგვემაზე გადასვლა:
შენს ძვირფას სახელს ამ ტირილში მე არ ვეხები,
და ვარ კაინივით გმობილი.
(«შენს გაქცევას», 1921 წ. გრანელი 1961: 17)
ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
(«აღსარება ქუთაისს», 1922 წ. გრანელი 1961: 136)
სიბერე დაეცა ჩემს სურვილს საშინელს…
(K”კვირის ნისლები”, 1923 წ. გრანელი 1972: 55)
დაბოლოს, რაღაც სულიერი ეგსჰიბიციონიზმი, ისეთივე ირაციონალური და ისეთივე საბედისწერო, როგორც ორფეოსის შემობრუნება აიდის წყვდიადს თითქმის თავდაღწეული ევრიდიკეს დასანახავად:
ეს ვედრება შიშველი _
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.
თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს…
(«შეშლილის ცრემლები», 1921 წ. გრანელი 1972: 10)
იქ, სადაც შეცოდებაა _ ან შენდობა უნდა იყოს ან შერისხვა. პოეტი აღარ უცდის ზეციური ძალის განაჩენს, ასწრებს მას და თვითონვე წყევლის, შერისხავს თავის თავს: აწ მთელი მისი ცხოვრება თვითშერისხულის გრძელი და გაუთენებელი ღამეა. მხოლოდ ხანდახან თუ გაიელვებს რაღაც ტკბობის მსგავსი ამ გაუხარელ სურათში. ეგების, გამორჩეულობის გრძნობა, სხვათაგან განსხვავებულობის, ერთადერთობის… გრძნობა იმისა, რომ მას და განგებას რაღაც საბედისწერო საიდუმლო აკავშირებთ… ეტყობა, მტანჯველი საიდუმლოც კი, რაღაც იშვიათ წუთებში მაზოხისტური ტკბობის მომტანია მისთვის, ვინც გრძნობს, რომ სხვათათვის მიუწვდომელს ეზიარა, აკრძალული ხილის გემო მოსინჯა (ამგვარი განცდის პოეტური ინტერპრეტაციის კლასიკური მაგალითია გალაკტიონის «მე და ღამე»). მაგრამ ის, რაც გალაკტიონის პოეტური წარმოსახვის ერთ-ერთ მიგნებად შეგვიძლია ჩავთვალოთ _ გრანელისათვის მთელი მისი შემოქმედების გამჭოლი, მგრძნობიარე და მტკივანი ნერვია: «რომ იყოს ახლა, ვიცი ჩემს სევდას / ბარათაშვილიც ვერ გაიგებდა» («მე ეს ოცნება ყოველთვის მსდევდა». გრანელი 1972: 136).
ლიტერატურის ისტორიკოსს აქ შეუძლებელია არ გაახსენდეს XX საუკუნის დასაწყისის დიდი ავსტრიელი პოეტის _ გეორგ თრაქლის შემოქმედების ტრაგიკული რეფრენი: «თრაქლის პოეზიის… «პერსონაჟთაგან» უმთავრესია «და», _ აღნიშნავდა ნაირა გელაშვილი თრაკლის ლიტერატურულ პორტრეტში, _ დას უკავშირდება ლირიკული გმირის უდიდესი შინაგანი დრამა, იგი წარმოადგენს თრაქლის პოეზიის ცენტრალურ ესთეტიკურ ხატს, მთავარსა და მრავალშრიან სახე-სიმბოლოს.

დისადმი მიძღვნილ ღრმააზროვან ლექსში დის საუფლოდ შემოდგომა, მწუხრი და მწუხრის გუბურაა დასახელებული. დის ნიშანია მწუხარება. მისი სახეობრივი სინონიმებია: «ლურჯი ნადირი», და «წითელი პარასკევის ბავშვი», რომლის «შუბლის თაღსაც ვარსკვლავნი ეძებენ ღამით”. ამით «დის» სახის ძირითადი ასპექტებია მინიშნებული, რომლებიც შემდეგ მთელ პოეზიაში იშლება.

…»ბავშვი წითელი პარასკევისა» _ ამ მრავლისმეტყველი განსაზღვრებით «დის» სახის ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისებაა გადმოცემული: ეს არის ჯვარცმული, განწირული არსება, რომელსაც უკავშირდება «ძმის» დანაშაულისა და ცოდვის კომპლექსი. შეიძლება ითქვას, რომ «ძმის» თითქმის მთელი დანაშაულის განცდა კონცენტრირებულია დასთან მიმართებაში» (გელაშვილი 1982: 299-300).

რაღაც ძალზედ მსგავსი სურათია _ ბედისწერისაგან დაგებული ხაფანგისა. ერთი-ორჯერ გრანელმა სცადა კიდეც გაერღვია ეს საბედისწერო რკალი, ხან ფიროსმანს უძღვნა ლექსი, ხან ნობილეს ცნობილ ექსპედიციას გამოეხმაურა… ასეთი სტრიქონებიც ეკუთვნის: «მე დამაქვს სევდა ჩვენი პლანეტის…» ან კიდევ: «….მე ვიფერფლები, გულის გარშემო / მსოფლიო სევდის ცეცხლი ანთია». და მაინც, ეს სტრიქონები გრანელის მთელი შემოქმედების კონტექსტში პირობითობად აღიქმებიან, პოეტის წრფელ, მაგრამ განუხორციელებელ სურვილად. „მსოფლიო სევდის” პოეტად გრანელი ნამდვილად ვერ იქცა, თუმცაღა, უკვე ის, რაც შესძლო – პოეზიის ენაზე გადაეტანა თავისი მტკივანი სულის უფაქიზესი მოძრაობა – სასწაულის ტოლფასი იყო…

«გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი. ამ წიგნის გამოსვლამ ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევდნენ ტერენტი გრანელის პოეზიას. 1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას» (გრანელი 1972: 177).

თანდათან მატულობს გრანელის პოეზიის დრამატიზმი, სულ უფრო და უფრო გარკვევით მოისმის მისი ტრაგიკული პასუხი «ყოფნა-არყოფნის» მარადიულ დილემაზე. ქუჩაში უმიზნოდ მოხეტიალე პოეტი… უნდა, რომ წავიდეს ამ ქალაქიდან, ამ ქვეყნიდან, ამ პლანეტიდან, ამ ცხოვრებიდან… სადღაც იქ, სადაც სულს არაფერი ბოჭავს, სადაც არანაირი ტაბუ არ არსებობს და სადაც განსხვავებულს, არამსგავსს არ უყურებენ, როგორც გიჟს და კეთროვანს… გაფრენა სურს…

გრანელის პოეზიის საერთო განწყობამ განაპირობა მისი მხატვრული სახეების არსენალიც: სიკვდილის აყვანა ესთეტიკის რანგში არ იყო უცხო ქართული პოეზიისათვის (გურამიშვილი, ბარათაშვილი, უფრო მოგვიანებით – გალაკტიონი, ტიციან ტაბიძე…). მაგრამ გრანელთან სიკვდილი არც ის პირობითობაა, ფრანგმა სიმბოლისტებმა რომ დანერგეს ლექსში, არც ზღვარსგადამცდარი განცდისა და ტრაგიზმის აღმნიშვნელი სიმბოლო, როგორც ეს გალაკტიონთან გვხვდება. სიტყვა „სიკვდილი” გრანელთან იმავეს ნიშნავს, რასაც ყოველდღიურ მეტყველებაში და პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამიტომაა სიურეალისტურად შემზარავი. თუ აქვე გაგახსენდებათ მისი გაუთავებელი ბოდიალი სასაფლაოებზე და უცნობი მიცვალებულების პროცესიებს გამოდევნება, გაიფიქრებთ, რომ რაღაც ელემენტი ნეკროფილიისა ამ ისედაც უცნაურ ხასიათში უთუოდ იყო…

გრანელი იქ შეჩერდა, საიდანაც გალაკტიონი იწყებდა თავის შემოქმედებით აღმასვლას (იხ. გალაკტიონის «სასაფლაო», «ლენორა» და ტერენტის ლექსი იგივე თემაზე). ტრადიციული სიმბოლოებიც უფრო მწვავე, უფრო ტრაგიკულ ასპექტში გამოდიან: მაგალითად, საინტერესოა ერთმანეთს შევუდაროთ «საათი», როგორც სიმბოლო ბოდლერთან, გალაკტიონთან და გრანელთან (საათის სიმბოლიკას შეგიძლიათ გაეცნოთ: ზაზა აბზიანიძე, ქეთევან ელაშვილი «სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია», ტ. II, გამ-ბა “ბაკმი”, თბ., 2007 წ.).

ყველა თავის ფიქრს, იჭვს, ტკივილს ტერენტი კვლავ და კვლავ ზოზიას უზიარებს («თუ ვტოვებ გიჟის შთაბეჭდილებას, დაო, ეს მხოლოდ გრძნობის ბრალია»). ზოზიამ უნდა შეუცვალოს პოეტს მთელი სამყარო, მისგან განმდგარი, მის მიერ მოძულებული ქვეყანა, ამ ქალის სიყვარულის სითბო ახლა ერთადერთი ძაფია, რომელიც გრანელს სიცოცხლესთან აკავშირებს:
იდგა შუადღე, ვამბობდი: დაო,
მინდა ალერსი.
ჩანდა საყდარი და სასაფლაო
პეტრე-პავლესი…
(„სასაფლაოსკენ”. გრანელი 1961: 181)
მაგრამ თუ პოეტს ეჩვენება, რომ ეს ძაფიც წყდება, შეშფოთებული წარმოსახვა კიდევ ერთი კოშმარული ღამის მოლოდინშია _ აი ასეთ წამს, სასოწარკვეთილი გრანელი კვლავ თავის მხსნელ ზოზიას ევედრება, რათა შვების ერთი დღე თუ ერთი საათი გამოსთხოვოს:
არ მშორდება მე უძილო ღამე,
დამეხსენი, ლაჟვარდების ცაო!
მალე მოდი და მიშველე რამე,
მალე მოდი, ვიღუპები, დაო! ..
(«მიმართვა დისადმი». გრანელი 1972: 123)
გრანელის ეს ლექსი 1927 წლითაა დათარიღებული. ამ დროისათვის ის უკვე განუკურნებელი ავადმყოფია. მისი ბედიც გადაწყვეტილია: თითქოსდა ტერენტიმ უკვე შეამზადა თავისი თავი ამ ტრაგიკული ფინალისათვის, თითქოსდა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სიცოცხლესთან განშორება მოეახლოვებინა: მის ყოფას ბოჰემურსაც კი ვერ უწოდებთ – ეს ბოგანოს, „ბომჟის” ყოფაა… უსახლკაროდ, უსახსროდ, უმწეოდ… რამდენჯერმე ციხეშიც კი მოუწია მოხვედრა რაღაც სკანდალის გამო (მართალია, ცოტა ხნით), მაგრამ არც ფსიქიატრიული საავადმყოფოს გისოსებიანი პალატა განსხვავდებოდა დიდად ციხისაგან… არაა გასაკვირი, რომ ოსკარ უაილდის მსგავსად (იგონებს კიდეც ინგლისელ პოეტს) ციხის ბალადას წერს.

ის ამზადებს თავის თავს სიკვდილისათვის. მისი პოეზია კვლავ ამ ერთი ღერძის გარშემო ტრიალებს. კაცმა რომ თქვას, სიკვდილი კი არ უნდა იმდენად, როგორც წასვლა ამ ქვეყნიდან, ამ ქალაქიდან: არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ რაღაც სხვა. ამ, „მესამე გზის” შესახებ ტერენტი გრანელს ბევრი აქვს დაწერილი, მაგრამ თავისებური „კრედოს” სახით თავის ერთ მინიატიურაში («გულიდან სისხლის წვეთები») ჩამოყალიბდა:
არა სიცოცხლე,
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
(გრანელი 1972: 70)
არ იყო გასაკვირი, რომ ეს გამონათქვამი ტერენტი გრანელის დებმა პოეტის საფლავზე ამოაკვეთინეს (ტერენტი 1934 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა დიზინტერიისაგან «არამიანცის» საავადმყოფოში. იქიდანვე წაასვენეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე სულ რამდენიმე კაცის თანხლებით…).

თუ რა იყო ეს «მესამე გზა», მკაფიოდ ვერც თვითონ გრანელი აყალიბებდა, მაგრამ, როგორც ეტყობა, სრულიად გულწრფელად სჯეროდა ამ, მესამე, მეტაფიზიკური განზომილების…

პოეტები ზოგჯერ თავისი თავის შესახებ გაცილებით უფრო მჭევრმეტყველურად ლაპარაკობენ, ვინემ მათი კომენტატორები. ამ თვალსაზრისით კაცი დაკვირვებით თუ გადაავლებს თვალს ტერენტი გრანელის ლექსებს, ბევრს რასმე საგულისხმოს და ნიშანდობლივს ამოიკითხავს…

რადგან გრანელის პოეტური სახეები ერთი განწყობით იყო ნაკარნახევი, ბოლოს და ბოლოს, მათაც გარკვეული ერთფეროვნება დაემჩნათ. ტერენტი თვითონაც გრძნობდა, რომ დაიღალა, რომ უკვე გამოთქვა თავისი სათქმელი, რომ უკანასკნელი სიმღერა აღმოხდა… ეს უკვე სიცოცხლეზე ხელაღებას ნიშნავდა. ახლა, როდესაც მისი ფანტასმაგორიული ჩვენებები ვეღარ პოულობდნენ გამოსავალს ქაღალდზე, ისინი უკვე თავისსავე წარმომშობს ემუქრებოდნენ: «მძინარე გონება ურჩხულებს ჰბადებსო» _ წააწერა გოიამ ერთ-ერთ ფურცელს თავისი ცნობილი გრაფიკული სერიიდან «კაპრიჩოს». ეს ურჩხულები დაერივნენ ახლა პოეტის ავადმყოფ სულს და მოაშთეს კიდეც იგი…

ლიტერატურის ისტორიაში არცთუ ბევრია შემთხვევა, როდესაც პოეტი ამგვარად გრძნობს თავისი ბედის უკუღმართობასაც და თავის გარდაუვალ აღსასრულსაც:
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას…
(გრანელი 1972: 168)
ტერენტი გრანელის ტრაგიზმით აღსავსე ლირიკული რვეულის უკანასკნელ გვერდთან ერთად ჩაიფერფლა მისი უიღბლო და უმზეო სიცოცხლეც…
P.S. ალბათ არ ვიქნები მართალი ჩემი მშობლების ხსოვნასთან, თუ აქ მოკრძალებით არ შევნიშნავ, რომ გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ტერენტი გრანელი არაერთგზის ყოფილა ჩვენს სახლში (როგორც წესი, გენო ქელბაქიანის, მამაჩემის _ გიორგი აბზიანიძისა და ტერენტის საერთო მეგობრის თანხლებით). ლიტერატურის მუზეუმში ინახება ტერენტის მამაჩემისადმი მიძღვნილი ლექსის ავტოგრაფი, ხოლო ჩანაწერი ტერენტის დღიურში 1928 წლის 29 აპრილის თარიღით გვამცნობს: “ჩემი სურათი, რომელიც გადამიღო ჩლაიძემ დღეს ვუთავაზე ანიკო ნიკოლაძეს” (გრანელი 1961: 425). დედაჩემი, ანა ნიკოლაძე, თავისი უფაქიზესი დამოკიდებულებით პოეზიისადმი და პოეტებისადმი ნამდვილად იმსახურებდა ამ საჩუქარს. დღეს ეს მრავალგზის ტირაჟირებული ფოტოსურათი, რომელზეც ცაში მომზირალი ტერენტი გრანელია გამოსახული, ასევე ლიტერატურის მუზეუმში ინახება.
ზ. ა.
დამოწმებანი:
გრანელი 1961: ტერენტი გრანელი. რჩეული, გამ-ბა “საბჭოთა
საქართველო”, თბ.: 1961
გრანელი 1972: ტერენტი გრანელი. ლირიკა (ლერი ალიმონაკის
რედაქციით), გამ-ბა “საბჭოთა საქართველო”, თბ.:1972
გელაშვილი 1982: გელაშვილი ნაირა, გეორგ თრაქლი. ალმ. «საუნჯე»,
თბ.: 1982
“ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია” 1984: მოგონებათა კრებული
(შემდგენელი ლ. ალიმონაკი), გამ-ბა «ნაკადული», თბ.: 1984
ცქიტიშვილი 1990: ცქიტიშვილი გივი. ვიცი, დრო მოვა ჩემი გაგების
(დოკუმენტური რომანი), «მერანი» თბ.: 1990
Киньяр 2004: Киньяр, Паскаль. Секс и страх (эссе), С-Пбг.,: 2004

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი