პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ეგზისტენციალური შიში

“ბუნება, რომლის ალერსიანი წვიმებიც ერთნაირად ნამავე მართალთ და მტყუანთ, მონახავს ჩემთვის მღვინეებს კლდეებში, სადაც დამალვას შევძლებ, და იდუმალ ველებს, სადაც შევძლებ გულამოსკვნილმა ვიტირო, ის ვარსკვლავებით მოჭედავს ღამეულ ცას, რათა შევძლო სიბნელეში დაუბრკოლებლად ხეტიალი, და ქარს წააშლევინებს ჩემს კვალს, რომ არავინ არ მნახოს და არ მაწყენინოს”.

                                                                                                                                                                       ოსკარ უაილდი
თითოეული ჩვენთაგანი, ვისაც კი უგრძვნია გალაკტიონის სულის შეშფოთება, ობლობა, შიში და სასოწარკვთა, გაიფიქრებს: ღმერთო, რა სიტყვასიტყვით შეეძლო გაემეორებინა მას უაილდის ეს გულსაკლავი მონოლოგი.
გალაკტიონის სულიერი აფორიაქებით შეძრული ადამიანი უთუოდ ფიქრობს იმაზეც, საიდან მოდის ეს ფორიაქი, ეს უნდობლობა ცხოვრებისადმი, ეს გამუდმებული ძრწოლა – ყოველივე, რაც შეიძლება ეგზისტენციალურ შიშად მოინათლოს, რაიც, ჩვეულებრივ, ცხოვრების ზედაპირზე მდებარე თვალშისაცემი მიზეზებით აიხსნება ხოლმე და რასაც, ვგონებ, გაცილებით უფრო ღრმა და შორეული წარმომავლობა აქვს.

ახლა კი წარმოსახვით ერთი საუკუნით უკან გადავინაცვლოთ, ტაბიძეების იმერულ ოდაში: 1892 წლის ადრიანი გაზაფხული იჟო. ოჯახის მარჩენალი – სოფლის მასწავლებელი ვასილ ტაბიძე ბავშვის დაბადებამდე გარდაცვლილიყო ფილტვების ანთებით და თავის ჩვილ “გატუნიას” დედამისი – მაკრინა ადეიშვილი ცრემლმორეული, შიშით იკრავდა გულში. იქვე მოკალათებულიყო ტებიძეების პირმშო, რომელსაც ხან აბესალომს ეძახდნენ, ხარ პროკლეს და ამ უმწეო ბავშვების შემხედვარე ოცდაათი წლის ქალს ერთი ნატვრაღა ჰქონდა – მალე დაღამებულიყო, რომ ძილში წასულს აღარ ეფიქრა, როგორ უნდა ერჩინა, ხაფითისა და სახადისათვის განერიდებინა, ფეხზე დაეყენებინა ეს ორი ობოლი ბიჭი.

გალაკტიონის მთელი არსებობა დაზაფრულია დედის მუცლიდან გამოყოლილი გამყინავი შიშით ცხოვრებისა. და კიდევ – უპასუხო, მაგრამ მტკივანი კითხვით: სასურველ თუ არასასურველ სტუმრად მოევლინა იგი ამ ქვეყანას?
ბევრი რამ გალაკტიონის ცხოვრების დრამაში – მისი მარტოსულობა, მისი ავადმყოფური უნდობლობა გარეშემოთადმი, მისი გამუდმებული მცდელობა ხელისუფალთა ერთგული გულშემატკივრის ნიღბის მორგებისა, მისი მემთვრალეობა და მთვარეული ხეტიალი, და ბოლოს, – რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, – მისი ტრაგიკული ნახტომი საავადმყოფოს ფანჯრიდან, სწორედ ბავშვობისდროინდელი შიშით აიხსნება; იმ შიშით, სისხლს რომ უყინავს ბედისწერისაგან დევნილ ადამიანს და თავის დემონთან დამალობანას თამაშით დაღლილს, თვითონვე რომ აღასრულებინებს ფატალურ განაჩენს.

ამ “მთვრალეულ ხეტიალსა” და “ფატალურ განაჩენს” შორის ფარული კავშირი გალაკტიონმა თვითონვე წარმოაჩინა, ოღონდ წარმოიდგინთ, სხვისი, ასეკვე ტრაგიკული ბიოგრაფიის თვალმიდევნებისას. აი, რას წერს გალაკტიონი თავის პატარა ლიტერატურულ ჩანახატში მამია გურიელის “მემთვრალეობაზე”: “ის სვამდა ღვინოს, თუმცა ლოთი არ იყო. სვამდა მისთვის, რომ თავდავიწყებას მისცემოდა, რომ გალუცინაციებში შეჭრილიყო: შეიძლება იმიტომაც, რომ ამით მოესპო სიცოცხლე და ფორმალური თვითმკვლელობით გამოწვეულ სკანდალებს აცილებოდა, ვინ იცის?!”

მართლაც, ვინ იცის? და ვინ იცის, მხოლოდ მამია გურიელი იგულისხმებოდა გალაკტიონის ესკიზში თუ მისივე ცხოვრების ქარგა უნებლიედ კარნახობდა პოეტს ამ ნაღვლიან სიტყვებს.

გალაკტიონის “ძვირფასი საფლავები” (მამია გურიელის ესკიზითურთ) 1919 წლითაა დათარიღებული. ერთი შეხედვით, კაცმა შეიძლება გაიფიქროს: ეს ხომ კლასიკური დეკადანსის პერიოდია. ეს “სუიციდალური აქცენტი”, ეს სიკვდილთან თამაში (“არლეკინის კომპლექსი”, როგორც ფსიქოლოგები იტყოდნენ), ეს სიკვდილთან დაწყვილებული სილამაზის კულტი – მოკლედ ყოველივე, რაც სიმბოლიზმის რეკვიზიტიდან მოდის და რაც “დეკადანტური თაობის” უცილობელი ნიშან-თვისებაა. რომ ესაა ერთგვარი დამღა იმ “დაწყევლილი პოეტებისა”, რომელთა სამაგიდო წიგნებიც ნიცშესა და შოპენჰაუერის ტომებია, და კიდევ – შპენგლერის “ევროპის დაისი”.
რაღა თქმა უნდა, ეს ყოველივე გვხვდება გალაკტიონის პოეზიაში. ის თავისი დროის შვილი იყო და ისეთივე გატაცებით კითხულობდა “ევროპის დაისს”, როგორც მისი ყაიდის თანატოლები. მაგრამ ამ თანატოლთაგან განსხვავებით, ერთხელ უკვე გადარჩენილი იყო სიკვდილს და ერთთავად იმის შიში ღრღნიდა – სასულიერო სემინარიაში მისი თვითმკვლელობის წარუმატებელი ცდის შესახებ დედამისს არ გაეგო.

ყოველი თავმოყვარე მოწაფე, სტუდენტი კურსზე ჩატოვებას, რაღა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელ სილის გაწნად აღიქვამს. ცხოვრებისაგან ამ სილის გაწნას – სემინარიის კლასში ჩატოვებას, გალაკტიონი იმწამსვე კარბოლმჟავის დალევით პასუხობს. თითქოს უნდა დაასწროს იმავ სემინარიაში იმავ კარბოლმჟავით (იმჟამინდელი თვითმკვლელობის აუცილებელი ატრიბუტი – ესეც ნიშანდობლივია!) მოწამლულ თავის კერპს – “დემონს” (სიმბოლური ფსევდონიმა) – ქუჩუ ქავთარაძეს.

ეს ჟესტი გალაკტიონისათვის მთლად სპონტანური არ იყო. მისი წერილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთგვარი “ფსიქოლოგიური შემზადების” პერიოდიც გაიარა: “…მე ვერ გამიგია, რას ნიშნავს ნახევარი საათი კითხვა, როცა სხვებს მხოლოდ თხუთმეტ ან ოც მინუტს კითხავდნენ, – აღუწერს გალაკტიონი დედამისს გამოცდის მსვლელობას და განაგრძობს, – ჩემთვის ჯერ არაფერი გამოუცხადებიათ და არც სხვებისთვის. პირველ ენკენისთვემდე ვერაფერს გაიგებო. ამგვარად არის ჩემი საქმე, თუ არ გადამიყვანეს, თავს მოვიკლავ და ის იქნება, მობეზრებული მაქვს მაინც ცხოვრება…”

თუ რა ხდება იმ ყმაწვილის გულში, რომლიც ჯერ კიდევ თვრამეტი წლისაც არ გამხდარა და რომელსაც “მობეზრებული აქვს ცხოვრება”, რამდენიმე სიტყვით აღწერს გალაკტიონისავე ძმისშვილი ნოდარ ტაბიძე: “დედისადმი გაგზავნილი ეს ბარათი, რომელიც 1909 წლის 24 აგვისტოთი თარიღდება, დაწერილია აღელვების ჟამს, დიდი განცდისას. ეს ჩანს სიტყვათა შერჩევასა და ხელწერაშიც.

წერილი კარგად ავლენს გალაკტიონის მარტოობას, სულიერ დეპრესიას. ობლობის განცდა მომაკვდინებელია.
გალაკტიონის სიტყვები ლამაზ სანტიმენტალურ ფრაზებად არ უნდა მივიღოთ.

როგორც ჩანს, ახლოვდება ტრაგიკული აქტი; ჩახმახი შემართულია” (ნ. ტაბიძე, “გალაკტიონი”, თბ., 1999 წ.).
გალაკტიონის ცხოვრების თვალმიდევნებისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ ეს ჩახმახი მუდამჟამ შემართული იყო… ვიდრე 1959 წლის 17 მარტამდე. ამის მეტყველი დასტური გალაკტიონისავე დღიურის ფურცლებია: “12 იანვარს ვიყიდე ბილეთი ბათუმამდე რკინის გზისა და ბათუმიდან სოხუმამდე გემის, ჩავედი ბათუმში, მაგრამ სოხუმში აღარ წავედი, გადავრჩი! დღეს ისევ ტფილისში ვარ; განა შეიძლება კალმით აღწერა ყოველივე იმის, რაც უკანასკნელი თოთხმეტი დღის განმავლობაში განვიცადე? სოხუმში მივდიოდი, რომ ღამით გემიდან გადავარდნილიყავი ზღვაში. არავისი და არაფრის იმედი არა მქონდა” (14 იანვარი, 1933 წელი).
ახლა ჩვენს შეწყვეტილ თხრობას დავუბრუნდეთ: გალაკტიონის ბავშვობის დღეებს, რიონის ნაპირს, საიდანაც შორეული დათოვლილი მწვერვალები მოჩანს, ტაბიძეების პატარა ოდას, რომელშიც მამა-მარჩენალის დაკარგვის პირველმა ელდამ გაიარა და გარეშემოთათვის უხილავი გახდა. ბიჭები წერა-კითხვას სწავლობენ ნაცრით დაფარულ ფიცარზე, საღამოობით კი გატრუნულები უსმენენ დედის ნაღვლიან ხმას.

გალაკტიონის ერთ-ერთი თანაკლასელი იგონებდა, რომ სიყმაწვილეში “მას უყვარდა განმარტოებით დგომა. დაახლოებული ამხანაგები, მით უმეტეს, მეგობრები ბევრი არ ჰყავდა. მეტად გულჩახვეული იყო, არ უყვარდა თავის გულისნადების გამოაშკარავება. დადიოდა ჩაფიქრებული, თითქოს რაღაც დიდად აწუხებდა. წუხილით კი, მართლაც, აწუხებდა – თავისი ობლობა”.

გალაკტიონის ეს მარტოსულობა სულ უფრო და უფრო მძაფრდებოდა. აი, რას სწერდა იგი 1912 წელს თავის ახლადშეძენილ მეგობარსა და მესაიდუმლეს – იოსებ გრიშაშვილს: “იცი, საყვარელო სოსო, ამ ბოლო დროს რაღაც უჩინარი სენი მეპარება. საშინელი სენი მარტოობისა, ესეც ხომ თავისებური ავადმყოფობაა, და, ვით სიკვდილით დასჯილი სახრჩობელის წინ, თვალით ვეძებ მონათესავე სულს… საშინელებაა!

აშკარად ვგრძნობ ჩემი სულის ობლობას, ჩემს უთვისტომობას, ჩემს მარტოობას…” – რა საოცრად ჰგავს ეს მწარე აღსარება ბარათაშვილის მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ წერილს. მაგრამ ბარათაშვილისაგან განსხვავებით, გალაკტიონი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ის ერთი მესაიდუმლე თუ ჰყავდა სადმე, ისიც დაეკარგა და მოემდურებინა.

გალაკტიონის იმდროინდელი პორტრეტი გრიგოლ რობაქიძეს ჩაუნიშნავს: “გალაკტიონი იყო თავისებური ყოველმხრივ: – ემჩნეოდა უხერხულობა, თვითონაც ამჩნევდა ამას… მორცხვობა კიდევ უფრო ამძაფრებდა მისს უხერხულობას. შემოგეფრქვეოდა ხალისით, გადამეტებული ხალისით – “მეტი” აქ გამოწვეული იყო ალბათ ნდომით უხერხულობის დაფარვისა”.

ახლა თვითონ გალაკტიონს მოვუსმინოთ: “არსად არ ვგრძნობ ისე ობლად და მარტო თავს, როგორც სხვასთან, თუნდ საზოგადოებაში”, – სწერდა იგი თავის სიყრმის მეგობარს მიხეილ ბოჭორიშვილს.
გალაკტიონი იწერდა ყველაფერს და წერდა ყველაფერზე – პაპიროსის კოლოფებზე, აფიშების არშიებზე, დეპეშების ბლანკებზე და კონვერტებზე, კინოთეატრის ბილეთებზე. ამასთანავე, მას, ეტყობა, ავადმყოფურად უჭირდა საერთოდ რაიმე ქაღალდის გადაგდება. ამას უკვე ვეღარ ახსნით მისი არქივის მომავალ მკვლევარებზე ზრუნვით, პირიქით, საქმე გაურთულა მათ. მეზობელს რომ დაეტოვებინა კარებში ბარათი: “სადილზე გეპატიჟებითო”, იმ ქაღალდის ნაგლეჯსაც კი ვერ ელეოდა.

რა შიშმა, რა ზეწოლამ უნდა აიძულოს ამგვარი ტიპის ადამიანი, რომ უკვე ოცდაათი წლისამ მთელი თავისი ახალგაზრდობისდროინდელი არქივი დაწვას? ყოველივე, ალბათ, უფრო გასაგები იქნება, თუ დავძენთ, რომ ეს 1921 წლის თებერვალში ხდება:
“დავკარგე, გავანადგურე ყველაფერი, რაც მიწერია ბაშვობიდანვე, სუყველაფერი. არასოდეს არ მიგრძვნია რაიმე მსგავსი. თითქოს მომკვდარიყო ჩემი სიყვაწვილე…”

გალაკტიონზე, გულახდილიო – არ ითქმოდა. თვითონვე აღმოხდა სიმწრით ერთ თავის ჩანაწერში: “მე, თურმე, მთელ დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწრფელი საუბარი… ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შეადგენს”. ჭეშმარიტად გულახდილი იგი, ეტყჟობა, მხოლოდ ქაღალდთან და კალამთან მარტოდმარტო დარჩენილი იყო. იმ ქაღალდთან, ახლა ფერფლად რომ იქცა და თებერვლის სუსხიანმა ქარმა გალაკტიონის იმედებთან ერთად რომ მიმოფანტა.

“პოეტების მეფეს” საბჭოთა საქართველოში წარსულიც რევოლუციური უნდა ჰქონოდა და, ვინ იცის, ეგებ სწორედ დამწვარი არქივი უშლიდა ხელს გალაკტიონს ამ წარსულის ხელახალ ძერწვაში. სულის სიღრმეში კი ბუდობდა გამყინავი, ბავშვობიდან გამოყოლილი არსებობის შიში, სრულ გალადხილობას ახლა უკვე ლექსებში და დღიურებშიც რომ უკრძალავდა…

თუკი “მაგნებისთვის” (როგორც იგი იტყოდა) დაწერილ ლექსებს გალაკტიონი განიხილავდა არა მარტო როგორც საარსებო წყაროს, არამედ როგორც ლოიალობის დამადასტურებელ, თავისებურ “ხელშეუხებლობის სიგელს”, მისმა ხერხმა მხოლოდ სანახევროდ გაჭრა: მისი მეუღლე – ოლია ოკუჯავა ჯერ 1929 წელს გადაასახლეს შუა აზიაში ორი წლით, მეორეჯერ და უკვე საბოლოოდ კი 1937-ში. ამავე წელს ოლიას ექვსი ძმიდან ხუთი დახვრიტეს (მათ შორის შალვა – მამა ბულატ ოკუჯავასი).

ზარდაცემული გალაკტიონი ცოლს ემშვიდობებოდა ლექსით “უკანასკნელი მატარებელი”:
 
ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
 
ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, –
რა საჭიროა ახლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?
 
ცხოვრების მორიგი დარტყმისაგან თავის დასაცავად გალაკტიონი კვლავ სიფრიფანა ფურცლებს იფარებს – პათეტიკურ ლექსებს და პუბლიცისტურ პოემებს… ერთადერთი წერილით პასუხობს იგი ოთხი წლის განმავლობაში ბანაკიდან გამოგზავნილ ოლიას სასოწარკვეთილ წერილებს. თუმცა ფულს რეგულარულად უგზავნის. უნუგეშო სურათია…

ოლიას გადასახლებაში “გაქრობის” შემდეგ, სიკვდილი – “აღა-მაჰმად-ხანის ბოროტი თვალივით” – სულ უფრო და უფრო დაჟინებით იცქირება გალაკტიონის იმდროინდელი ჩანაწერებიდან და ჩანახატებიდან. აქ ისევ გალაკტიონის ლექსი გაგახსენდებათ:
 
როგორც თვითმკვლელი დღიურს,
შლიდა ლაჟვარდი ყანებს,
ვარდებს ეძინათ ტყიურს,
ტყესაც ეძინა მწვანეს…
 
ცხოვრების მიმწუხრს გალაკტიონი მიუახლოვდა ფიზიკურად და სულიერად მოტეხილი, გადასახლებიდან არდაბრუნებული ცოლითა და არდაბადებული შვილით, დარდის ღვინოში ჩამკვლელი, დევნის მანიით შეპყრობილი. თუ ამ თვალით შეხედავთ მის ცხოვრებას, გალაკტიონის თვითმკვლელობა 1959 წლის 17 მარტს მხოლოდღა წერტილის დასმაა ერთი ხანგრძლივი ტრაგიკული კოშმარისათვის.

ეგზისტენციალური შიში დასრულდა. შემთხვევით როდი წერს თავის ესეიში “აბსურდი და თვითმკვლელობა” ალბერ კამიუ, რომ “არსებობს ერთი, მართლაც სერიოზული ფილოსოფიური პრობლემა – პრობლემა თვითმკვლელობისა. გადაწყვიტო, ღირს თუ არ ღირს ცხოვრება იმად, რომ იცხოვრო, – ნიშნავს უპასუხო ფილოსფიის ფუნდამენტურ საკითხს”.

შიშით და იჭვით შეპყრობილი ნატურა გალაკტიონისა მთელი ცხოვრება ილტვოდა იქითკენ, რომ “ყოფნა-არყოფნის” სასწორი “არყოფნისაკენ” გადაეძალა, მაგრამ განგებამ აქეთ, მეორე მხარეს მისი უბადლო ნიჭი მოათავსა, რომელმაც გადაწონა ყველა ადამიანური სისუსტე და გალაკტიონის სათუთ, მტკივან სულს მარადიული სიცოცხლე მიანიჭა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი