ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მერაბ მამარდაშვილი

ეს ინტერვიუ მერაბ მამარდაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისცა ფრანგ ჟურნალისტს ან შევალიეს. იგი გულის შეტევით გარდაიცვალა, როცა მოსკოვიდან თბილისში მოემგზავრებოდა. ეს დიდი ქართველი ფილოსოფოსის ბოლო ინტერვიუა…
90-იანი წლების სტუდენტები მის არც ერთ ლექციას არ ვაცდენდით. ეს ალბათ უფრო ინტუიციით ხდებოდა, ახალგაზრდა ადამიანის ინტუიციით, რომელიც ჭეშმარიტებას მთელი გულით ესწრაფვის. და მაინც, ჩვენ ყველამ, უფროსებმაც და ახალგაზრდებმაც, ის შეცდომა დავუშვით, რაზეც მერაბ მამარდაშვილი გვაფრთხილებდა. იქნებ არც ახლა იყოს გვიან…
ინტერვიუ 1990 წლის 20 აგვისტოს მშფოთვარე თბილისში, საარჩევნო კანონის მიღებიდან რამდენიმე დღეში მის ბინაში შედგა. ეზოში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა და ისეთი ხმაური იყო, იძულებული გავხდით, რამდენჯერმე შეგვეწყვიტა საუბარი.
ან შევალიე: გვიამბეთ ახლა სად ასწავლით, რა თემებზე კითხულობთ ლექციებს ან უფრო ფართოდ – რას იკვლევთ ამჟამად?
მერაბ მამარდაშვილი: მოსკოვში, როგორც ამბობენ ხოლმე, “გასტროლებზე” მივდივარ, რადგან თბილისში ვცხოვრობ და ვმუშაობ. იქ მეგობრების და იმ ადამიანების მიწვევით მივემგზავრები, ვისაც ჩემი ნაშრომები აინტერესებს, მაგალითად – კინემატოგრაფიის ინსტიტუტსა და ფილოსოფიის ინსტიტუტში. თბილისში ვკითხულობ ლექციებს თეატრალურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. თემები სიტუაციურად ჩნდება. ამას წინათ მე მათ შევთავაზე ლექციების კურსი მარსელ პრუსტზე. რომანი “დაკარგული დროის ძიება” ქართულად ნათარგმნი არ არის, ამიტომ ლექციების კურსს, “ცნობიერების გზათა ტოპოლოგია”, რუსულ ენაზე ვკითხულობდი, რაც ბევრს არ მოსწონდა. საინტერესოა, როცა ადამიანთა გზები იკვეთება ან აზრების თანხვედრა ხდება, როცა მათი ბედისწერის განსაზღვრაც კი შესაძლებელია. პრუსტი, ჩემი აზრით, ჭეშმარიტი მწერალია. მის შემოქმედებაში ასახული სულის სიღრმეთა წვდომის არეალი და აზროვნების სივრცე არაჩვეულებრივი მასალაა ცნობიერების თეორიის შესასწავლად.
მთელი სიცოცხლე ცნობიერების პრობლემას მივუძღვენი. დღეს ჩემი პროფესიული ინტერესი იმ საბედისწერო თემებს ემთხვევა, რაც ადამიანებს აღელვებთ. ამიტომ უფრო ხშირად მიწვევენ რუსეთში, სადაც სულიერებაზე, სულზე, შინაგან ცხოვრებასა თუ შინაგან თავისუფლებაზე საუბარს აღმერთებენ. ოცწლიანი პაუზის შემდეგ მე ისევ ყურადღების ცენტრში ვარ.
ან შევალიე: ნუთუ ქართველები ნაკლებად ინტერესდებიან ამ საკითხებით?
მერაბ მამარდაშვილი: დიახ – გაცილებით. ქართველებს ჰქონიათ, იქნებ ცდებიან, რომ თანდაყოლილი სულიერება ახასიათებთ, და ამიტომ არ იტანჯებიან ტიპური რუსული ავადმყოფობით, როდესაც ყრუდ გამუდმებით გტკივა სული. თუ ტკივილი არსებობს, ესე იგი სული ცოცხლობს. ქართველები მოვლენებს და საგნებს სხვაგვარად უყურებენ. ისინი სამხრეთელები არიან, მხიარულები და სიცოცხლის მოყვარულები, ბონ ვივანტ. შესაძლოა, ახლა ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ისტორიულად ეს განსხვავდება რუსული ტკივილისგან, რომელიც პატივისცემის ღირსია, მაგრამ მაინც თავის თავზეა შეყვარებული. არ მინდა შთაბეჭდილება შეგექმნათ, თითქოს ყველა ქართველი არის ბონ ვივანტ, არც ასე მარტივადაა საქმე.
ან შევალიე: როგორ განსაზღვრავდით თქვენს ფილოსოფიურ კრედოს?
მერაბ მამარდაშვილი: არსებობს განზოგადებული განსაზღვრა, რომელიც ერთდროულად ხსნის ყველაფერს და არაფერს. მე მეტაფიზიკოსი ვარ. წარსულში ჩემი მოღვაწეობის სფეროს მეტაფიზიკა ერქვა. იგი მოიცავს ყოფას, ცნობიერებას, შეცნობას, ონტოლოგიას და ასე შემდეგ. ჩემი ფილოსოფიის და კვლევის ძირითადი საგანი, არსებითად, კლასიკური და კარტეზიანული ხედვაა, ანუ თანამედროვეობის ფილოსოფია – ცოგიტო.
ან შევალიე: ასე რატომ აინტერესებთ დღეს რუსებს ცნობიერების პრობლემები?
მერაბ მამარდაშვილი: ეს მხოლოდ რუსებს არ ეხებათ. სიტუაცია მეტისმეტად ზოგადია – მე პოსტტოტალიტარულს ვუწოდებდი. მაგრამ რუსებს ერთი სპეციფიკური ნიუანსიც ახასიათებთ, რაც ძველ რუსულ ტრადიციასთანაა დაკავშირებული, რომელიც ქრისტიანობის ისტორიული ინტერპრეტაციიდან მომდინარეობს. რუსულ მართლმადიდებლობას ახასიათებს თავისებური დათრგუნულობა და ნაღველი. ეს სულის ემბრიონული მდგომარეობაა, სულის ჩაგრულობა, რომელსაც მოსწონს ასე ყოფნა. ისტორიულად, რუსული კულტურა მუდამ გაურბოდა ფორმებს, ამ თვალსაზრისით იგი ქაოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ყოფიერებასთან.
ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ყოველთვის არსებობს მეტაფიზიკური ასპექტები, რომელთა საფუძველიც ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის ან სოციალური ყოფის სიღრმეშია და რეალურად შეესატყვისება პირველად, მთავარ არჩევანს, რომელსაც თითოეული ადამიანი აკეთებს. ინდივიდი მეტაფიზიკურ არჩევანს ისე აკეთებს, რომ მხოლოდ მისი ემპირიული ქცევაა შესამჩნევი. სხვათა შორის, პოლიტიკასა და სოციოლოგიაში ასეთი არჩევანი ყურადღების მიღმა რჩება, იქ ზედაპირული რაციონალური სქემები მუშაობს, სადაც მიზანი და მისი მიღწევის გზები უფრო ფასეულია. არსებითად, საფუძველში, მხოლოდ თავისუფალი ნება დევს, რომელიც არჩევანს აკეთებს თავისუფლებასა და მონობას შორის, რადგან მონობაც არჩევანია. თავისუფლებით სარგებლობა ადამიანური ფენომენია. თუ ადამიანი მონაა, ეს მისი არჩევანია – არა შეგნებული და რაციონალური, არამედ თითქოს სუფრასთან მჯდომმა გადაწყვიტა, იყოს მონა და არა თავისუფალი ადამიანი.
ან შევალიე: ახლა ევოლუცია ხდება? კეთდება არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის?
მერაბ მამარდაშვილი: დიახ. ესაა ბრძოლის არსი. ახლა ამ სპეციფიკურ რუსულ ნიადაგს ვემშვიდობებით და შეგვიძლია პრობლემა რუსული ფაქტორის გარეშე განვიხილოთ. ვაცნობიერებთ ამას თუ არა, ბრძოლა მაინც გრძელდება. საბჭოთა სივრცე, რომელზეც რუსი ერი დომინირებს, და ეს სივრცე ბევრად მეტს მოიცავს ვიდრე ნაციის ცნებაა, ცდილობს გათავისუფლებას ამ სიტყვის ევროპული გაგებით, როგორც ის განმარტებულია აშშ-ს კონსტიტუციაში ან საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში. ამ ბრძოლას არავითარი კავშირი არ აქვს ნაციონალიზმთან, მაგრამ შესაძლოა, ეროვნულ მოძრაობაში ჰპოვოს გამოხატულება.
ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მოქალაქის რეალურ თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, თავისუფალ საზოგადოებაზე, რომელიც თავის თავს განაგებს, ვსაუბრობთ ბურჟუაზიამდელ პრივილეგიათა გაუქმებაზე. სიტყვა “ბურჟუა” სულ სხვა მნიშვნელობით გამოიყენება, “კაპიტალისტს” ნიშნავს, რაც არ შეესატყვისება მის პირვანდელ მნიშვნელობას. სინამდვილეში ის წარმოიშვა გერმანული სიტყვა “ბიურგერიდან”, რაც მოქალაქეს ნიშნავს. ამ განსაზღვრებიდან სამოქალაქო დემოკრატიამდე მივდივართ, რაც ევროპული დემოკრატიისა და კულტურის საფუძველია. აქ სერიოზული კრიზისები არ იგულისხმება. ნუ ვიაზროვნებთ მხოლოდ თანამედროვე ხატებით, ნუ წარმოვიდგენთ ნიუ-იორკს ან მეხიკოს მრავალმილიონიანი მოსახლეობით და ურბანიზაციის პრობლემატიკით. ფლორენციაც ქალაქი იყო, ქალაქის ცივილიზაცია, აი, ეს არის ევროპა.
ან შევალიე: როგორ ფიქრობთ, შეძლებს საბჭოთა კავშირი ამ გზით წასვლას?
მერაბ მამარდაშვილი: საქართველოს და რუსეთის პრობლემაც ესაა, ჩაებან ამ საერთო ბრძოლაში, რომელიც ევროპაში ბობოქრობს. თავად ევროპა ამ ბრძოლის შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ XIV საუკუნიდან თეოკრატიული ილუზიების და სახელმწიფოების ხანა დასრულდა, მეტაფიზიკური ანუ ფილოსოფიური თვალთახედვით, ტოტალიტარული საზოგადოება და სახელმწიფო უკვე რეგრესს ნიშნავს და საზოგადოებას ცივილიზაციამდელ, ბურჟუაზიამდელ მდგომარეობაში აბრუნებს. კორპორატივიზმი, პრივილეგიები, საზოგადოებრივი ფენები ძალაუფლებას იბრუნებენ, ჯერ ერთი, იქიდან ცოცხალი ვერ გამოაღწევთ, მეორე – მოგიწევთ იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ სტრუქტურების აბლაბუდაში გამომწყვდეულხართ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გესმით თქვენი ადგილი სამყაროში ან იმ ამოცანის არსი, რომლის შესრულებაც დაგისახავთ. ეს ყველაფერი კი აბსურდამდე მიდის. თქვენ განასახიერებთ კლასიკურ მდგომარეობას, რომელშიც ექსპერიმენტულად რეალიზდება სულიერი ცხოვრების და საერთოდ ცხოვრების დიადი კანონი, რომელიც მოციქულმა პავლემ ჩამოაყალიბა. გახსოვთ, მან გაიმეორა სოკრატეს მიერ წარმოთქმული აზრი: “მსურს ერთი და ვაკეთებ მეორეს. მსურს სიკეთე და ჩავდივარ ბოროტებას”. ეს სიტუაცია ადამიანური ყოფის ერთი ეპიზოდია. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება შედგება იმგვარი ეპიზოდებისგან როგორიც ახლა ხდება. მე ახლა აბსტრაქტულად აღვწერე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ბრძოლა.
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ფილოსოფიურ მეთოდზე და გარწმუნებთ, რომ ფილოსოფიის აბსტრაქტული ფორმულირება ბევრად უფრო ახლოს არის რეალობასთან, ვიდრე თავად რეალობაა. რატომ არ მაძლევთ უფლებას, გავაკეთო ჩემი საქმე ისე, როგორც მე მესმის? შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ იმ ადგილასაც კი ვერ აღმოვჩნდე, სადაც ამ საქმის კეთება შემიძლია? იქნებ ეს ადგილი უკვე დაკავებულია სხვა ადამიანის მიერ, რომელიც ამ საქმისთვის შეუფერებელია?
დემოკრატია – შრომის თავისუფლებაა და არა შრომის აუცილებლობა, როგორც სოციალისტურ და კომუნისტურ უტოპიებშია ფორმულირებული. შრომის თავისუფლება, ნიშნავს საქმის გაკეთებას ისე, როგორც თქვენ ეს გესმით. ამიტომ აქ შრომის ადგილი არ არის. სოციალიზმმა ის, როგორც ფენომენი, მოსპო, შემოქმედების შედეგის დონეზე გაანადგურა. შეხედეთ ეზოს, სადაც უაზროდ მოძრაობს მანქანა. იგი მუდმივად ერთი და იგივე ოპერაციას აკეთებს. ამტვრევენ ასფალტს, რაღაც სამუშაოს ასრულებენ, ისევ ასფალტს აგებენ, ორი თვის შემდეგ ისევ ამტვრევენ. ეს ნგრევა აისახება ან შედეგზე ან შრომის ნაყოფიერებაზე, მუშაობის სურვილზე, შრომის დისციპლინაზე. ბოლოს კი მოდის სიღატაკე.
შრომის განადგურება სოციალიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანია. სოციალიზმი შრომის მტერია. სოციალიზმი სიღარიბეა, რადგან მხოლოდ შრომას მოაქვს სიმდიდრე. შრომა განადგურებულია, ამიტომ ვართ ღარიბები. თუ არსებობს სურვილი, რომ ამ სავალალო მდგომარეობიდან გამოვიდეთ, არა აგიტაციის მეშვეობით, არამედ თავისუფალი შრომის აღდგენის გზით… თავისუფალი შრომა – ეს არის სამოქალაქო საზოგადოება.
ან შევალიე: სამოქალაქო საზოგადოების დაბადება ნიშნავს თუ არა კადრების წმენდას?
მერაბ მამარდაშვილი: ეს დაუშვებელია. როცა ვიყენებთ ტერმინს “წმენდა”, 1917 წლის ბოლშევიკების გზას ვადგებით. მათ ჩათვალეს, რომ იციან სად, ვინ და როგორ უნდა გაანაწილონ. ეს განაწილების იგივე ეთიკაა და არა წარმოება. დავუშვათ მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ვნიშნავ X და Y- ს რაიმე პოსტებზე, და ყველაფერი მოძრაობაში მოდის. საბჭოთა სისტემამ უკვე გამოიყენა კადრების დანიშვნის ეს მეთოდი და სახეზეა ამ ავანტიურის მეტაფიზიკური და სულიერი აბსურდულობა, რომელიც ფენომენს, რომელსაც ადამიანი ჰქვია, სრულიად ეწინააღმდეგება.
ეს საკითხი ბავშვობიდან მაინტერესებდა. ვეჭვობდი, რომ არსებობს ყოფიერების ონტოლოგიური და არა ეკონომიკური, პოლიტიკური ან იურიდიული კანონები. ყოფიერების განსაზღვრული ნაწილი სრულიად გარდაუვალია, მას ვერსად წაუხვალ.
რასაც ირგვლივ ვხედავთ – ჩვენს ჭუჭყიან სახლებში, ცარიელ მაღაზიებსა და ადამიანთა სახეებზეც კი, რომლებიც ცხოველურად იკრიჭებიან – ძალადობა, სადიზმი, უკანონობა ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა და გამოსავალს ვერ პოულობდა, რადგან სახელმწიფოს მონოპოლია ძალადობაზე იყო დაფუძნებული. ახლა, როცა მონოპოლია დანგრეული და ნეიტრალიზებულია, ადამიანის “მეს” მთელი სიბინძურე ბნელი კუნჭულებიდან დაიძრა. თუ სამოცდაათი წელი გეძინა, არა მართალის უმანკო ძილით, როცა განწმენდილი იღვიძებ, შეიძლება სახეშეცვლილმაც გაიღვიძო, იქნებ რომელიმე მწერადაც გადაიქცე, როგორც ეს კაფკას ერთ პერსონაჟს დაემართა. აი, რა ხდება მოსკოვშიც და თბილისშიც.
მოხსნა თანამდებობიდან ერთნი და დანიშნო სხვები, ეს პასუხი არ არის. საიდან მოვლენ სხვები? იქნებ მარსზე მოვიძიოთ ისინი? იქნებ ძილში ეს ადამიანები მართლაც მწერებად გადაიქცნენ? რამდენი ცვლილება მოხდა ადამიანში საბჭოთა პერიოდში? საბჭოთა ადამიანი – უხილავი დეგრადაციის და დეფორმაციის პროდუქტია. ძალიან ძნელია ამ ჯაჭვის გაწყვეტა. იქნებ პროცესი შეუქცევადიც აღმოჩნდეს? ამ კატეგორიებით უნდა ვიაზროვნოთ, თუ გვსურს, იმედის წვეთი მაინც დაიბადოს. სხვა შემთხვევაში, არაფერი გამოვა.
ან შევალიე: თქვენ ოდესღაც ინფანტილიზმზე ლაპარაკობდით, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არ არის დამახასიათებელი. უკავშირდება ეს მოვლენა იმას, რაზეც ახლა ვსაუბრობდით?
მ. მამარდაშვილი: ეს ერთი და იგივეა. როცა რეგრესზე ვლაპარაკობ, ბავშვობასთან დაბრუნებას ვგულიხმობ. ეს ტრაგედიაა. სწორედ ესაა იმის ღრმა აზრი, რაც ახლა ხდება. უკვე ვისაუბრეთ რუსების ტრადიციულ უარყოფით დამოკიდებულებაზე ფორმის და წესრიგის მიმართ. როცა ამ კატეგორიებს უნდობლობას უცხადებენ, იქმნება თეორია, რომ ადამიანი უზარმაზარი შინაგანი სიმდიდრის მფლობელია, მისთვის ერთი ფორმა არასაკმარისია, და რომ მის ტალანტს ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია. ერთი რუსი მწერალი ამბობდა, რომ ესპანელთან ესპანელი ხარ და ფრანგთან – ნამდვილი ფრანგი.
ამასთან დაკავშირებით ერთი ანეკდოტი მაგონდება. დავუშვათ, ეს ამბავი საფრანგეთში ხდება. ერთხელ დედოფალმა სამეფო კარზე სახელგანთქმული კომედიანტი მიიწვია და მაშინდელი ცნობილი პერსონაჟების განსახიერება სთხოვა. მსახიობმა ითამაშა დონ კარლოსი, ჰამლეტი, თეატრალური რეპერტუარის დიდი საყვარლები განასახიერა. ბოლოს აღტაცებულმა დედოფალმა სთხოვა მას, საკუთარი თავი წარედგინა. კომედიანტმა დედოფლის წინაშე მუხლი მოიყარა და თქვა: “თქვენო უდიდებულესობავ, მაპატიეთ, პირად ცხოვრებაში – იმპოტენტი ვარ”. უნდა ვკითხოთ რუსს, თუ ის უფრო მეტად ესპანელია, ვიდრე ესპანელი და უფრო ფრანგი, ვიდრე თავად ფრანგი, მაშინ ვინ არის ის სინამდვილეში?
გონებრივი თვალსაზრისით, ბავშვი სულიერების ნაყოფია. მისი ემბრიონული მდგომარეობა კი – ის არჩევანია, რომლისკენაც ტრადიციული რუსული კულტურა მიილტვის, თუმცა XX საუკუნეში სხვაც ბევრი იყო. აღნიშნული ტენდენცია ერთადერთი არ იყო, მაგრამ მუდმივად ემბრიონული მდგომარეობისკენ მიისწრაფვოდა. დედის საშოში ხომ თბილა და დაცული ხარ.
მოდით, ეს მეტაფორა საბჭოთა სახელმწიფოს მოვარგოთ. საბჭოთა “მოქალაქე” სახელმწიფოსთან მიმართებაში სწორედ რომ ემბრიონს წააგავდა. მას სურდა, რომ როგორც ჩანასახს, ისე შემოკვროდა საშვილოსნო. დედა კი იქნებ ბოროტიც აღმოჩენილიყო. ადამიანი – ბავშვი კი მონას წააგავს, რომელიც სულ თავს იმართლებს. ის სულ გაიძახის, – “არა, მე დამნაშავე არა ვარ”. ჩანასახის ამ იდიოტური მოთქმა-გოდებით კვდებოდნენ ბოლშევიკები КГБ-ს ციხეებში. ასეთი მსხვერპლი იწვევს თანაგრძნობას?
ღრმა მეტაფიზიკური აზრი თავის გამოხატულებას სოციალურ და ემპირიულ ზედაპირზე ჰპოვებს. თქვენ ხედავთ კავშირს სახელმწიფოსა და ხალხს შორის, როცა პირველი ეხმარება მეორეს, ის კი ამ დახმარებას იღებს? რისთვის დგას ეს დაუსრულებელი რიგები? როცა ისინი ითხოვენ ბინებს, პურს… ისინი თავიანთი “უფლებებისთვის” იბრძვიან, ოღონდ აქ არ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე ევროპული გაგებით. ეს ჩანასახის “უფლებებია”, რომელსაც დახმარება სჭირდება და არა უფლება.
ასეთია მდგომარეობა. ახლა პარლამენტს ვქმნით. თუ ჩვენი აზროვნების სტილი არ შეიცვლება, სულ ასე ვიძახებთ: “მე უფლება მაქვს, ეს უსამართლობაა”.
ან შევალიე: როგორ ფიქრობთ, მიიყვანს ეროვნული აღორძინება ხალხს მომწიფებულ მდგომარეობამდე?
მ. მამარდაშვილი: დიახ, თუ აზრი გონებას დაიპყრობს; თორემ შეიძლება ეროვნული თავისუფლებისკენ ისწრაფვოდე ისე, რომ ამ აზრით არ იყო გამსჭვალული. შეიძლება ამ მიმართულებით იარო, იმოქმედო ისე, რომ ეროვნული თავისუფლების მიზანი შინაგანად გინათებდეს გზას. ამისათვის მხოლოდ შენ კი არ უნდა ილაპარაკო, სხვასაც უნდა დაუთმო სიტყვა, დროდადრო შეჩერდე, გააზრებისთვის მოიტოვო სივრცე და დრო. აუცილებელია, ადამიანმა თავს მისცეს იმის შანსი, რომ მიხვდეს და ჩაწვდეს რაღაცას. თუ სულ ვმოქმედებ, არ ვჩერდები, ვიმეორებ უკვე ასჯერ ნათქვამს, რაიმეს გაგების არავითარი შანსი არ გამაჩნია.
ჩემთვის ეროვნული ამოცანების გადაჭრა ნიშნავს, შექმნა თავისუფალი და აყვავებული საქართველო, ძლიერი – არა იმპერიალისტური ან მილიტარისტული აზრით. თავისუფალი განვითარება ხდება იქ, სადაც ცხოვრობენ და სუნთქავენ ზოგადსაკაცობრიო ტრაგიზმით (ამ სიტყვის მეტაფიზიკური გაგებით), უგუნური კინკლაობების გარეშე; სადაც არ შეჩერდებიან იმ კარის წინ, რომლის იქით, შესაძლოა, ტრაგიზმის განცდა დახვდეთ, რაც ადამიანის ცხოვრებას ბუნებრივად ახასიათებს. უნდა შეგეძლოს ღირსებით მიიღო ადამიანური ტრაგედია. ეს ტრაგედია რომ გადაიტანო, ადამიანი უნდა იყო, ჩვენ კი, საბჭოთა ადამიანები, ჯერ ასეთები არ ვართ. მიმაჩნია, რომ ქმნის პროცესი საქართველოში სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს. ჩემთვის ეროვნული განთავისუფლება ფორმაა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების დაბადებამდე მიგვიყვანს. არ მგონია, ჩემი თანამემამულეები სამოქალაქო საზოგადოების და კერძოდ საზოგადოების შენების აუცილებლობას აცნობიერებდნენ. საზოგადოების ფენომენი აზრის თავისუფლებაშია. საზოგადოება და სახელმწიფო სხვადასხვა რამაა. საზოგადოება დამოუკიდებელ ადამიანთა ჯგუფია, რომელთა ინტერესები კრისტალიზდება და სადაც პოლიტიკური მრავალპარტიულობა რეალურად არსებობს.
ჩვენთან არის მრავალპარტიულობა, მაგრამ არ არის მრავალპარტიული სინამდვილე. მოსახლეობის რომელი ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, მაგალითად, ნაციონალ-დემოკრატიული პარტია? საჭიროა სინამდვილის სტრუქტურირება. საზოგადოება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, სახელმწიფო კი საზოგადოებრივი სამსახურის ორგანიზმი. ჩვენთან ეს არ არის, რადგან არ არის საზოგადოება. არც სახელმწიფოა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. სახელწიფომ ჩაყლაპა საზოგადოება, რადგან ეს, სახელმწიფო კი არა, მისი აჩრდილია.
სიტყვათა შეთანხმებამ, რაც მხოლოდ მეტაფორა გვეგონა და არა ცნება, სწორ ახსნამდე მიგვიყვანა. როცა ვამბობ “აჩრდილი”, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ მეტაფორის შემდგომი განვითარებისკენ. მოჩვენების, მოლანდების წარმოდგენა სისხლს, ზომბებს, ვამპირს უკავშირდება. თუ ჩვენი სახელმწიფო აჩრდილია, წინ ბევრი მსხვერპლი გველის, ბევრად მეტი, ვიდრე ანტიჰუმანურ, რაციონალურ სახელმწიფოში შეიძლება იყოს. აქ ჩემი პროფესიული ინტერესების ცენტრში ვხვდებით, რომლის საგანს ცნობიერების შესწავლა წარმოადგენს.
ან შევალიე: როგორ ახსნით იმას, რომ ქართული თვითშემეცნება ასეთი მრავალფეროვანი და ურთიერთგამომრიცხავი ფორმებით გამოვლინდა? საიდან ამდენი ერთმანეთზე გამძვინვარებული და განცალკევებული პარტია, ასოციაციები და ა.შ.?
მ. მამარდაშვილი: საქმე ისაა, რომ არავის არაფერი გაეგება და არც ერთმანეთის ესმით. ჩვენ პოსტტოტალიტარული მდგომარეობიდან გამოვდივართ. გარედან არსებული ჯაჭვები გაწყდა, ამიტომ შინაგანმა ბორკილებმა და დეფორმაციამ იჩინა თავი, სამოქალაქო და პოლიტიკური აზრი ჩაახშეს, ასი წელია, აქ პოლიტიკით არავინ ყოფილა დაკავებული.
როცა სახელმწიფო ვახსენე, რომელმაც საზოგადოება შთანთქა, ვიგულისხმე, რომ საბჭოთა სახელმწიფო არ იყო პოლიტიკური ფენომენი. ასევე იყო კომუნისტური პარტიაც. ეს უფრო საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმა გახლდათ, ცხოვრების წესი. სახელმწიფო სულ სხვა რამაა. სახელმწიფო ხელისუფლების გარეშე არ არსებობს. სად არის საბჭოთა კავშირში ხელისუფლება? ამ აზრამდე ფილოსოფიური ანალიზით მივედი. მე ტრადიციებმა გამზარდეს და საბჭოთა საზოგადოების პირმშო არ ვარ. ვისაც საბჭოთა ხელისუფლებასთან რაიმე კავშირი აქვს, მას ეს არ ესმის. მე ვხედავ, რომ ეს არის ხელისუფლება ხელისუფლების გარეშე. მართვა შუამავლების გზით ხორციელდება. ეს ინდივიდები არიან, რომლებიც საკუთარ თავს მართავენ, მაგრამ მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. იგივე ხდება, როცა ერთმანეთს ებღაუჭებიან, სიძულვილში იქნება ეს თუ სიყვარულში. სწორედ ეს სიყვარულ-სიძულვილი აერთიანებს ამ ხალხს რიგებში, იქ არის სოლიდარობის გრძნობაც, გაუცხოებაც და სიძულვილიც. ეს მთელი სამყაროა, რომელიც დახურულ ჭურჭელში მოთავსებულ მორიელს წააგავს.
ბოლო დროს ოდნავი პროგრესი შეინიშნება. პოლიტიკურ არენაზე სტრუქტურათა მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს. ეს წინგადადგმული ნაბიჯია, იმის მიუხედავად, თუ რას ვფიქრობ მე ელცინზე და მის პოლიტიკურ პროგრამაზე. წინააღმდეგიც რომ ვიყო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. პირველად რუსეთში პოლიტიკურ არენაზე სტრუქტურათა მოწესრიგება ხდება, გამოჩნდა ახალი ფორმები, რომლებმაც საგანთა ამორფულობა გადევნეს. არ ღირს წინ აღუდგე იმას, რაც არ არის. სად არის სახელმწიფო, სად არის პარტია? პროცესი დაიწყო. მე არ ვიღებ ელცინის პროგრამას, მაგრამ მისი ქმედების შედეგად გარკვეული წესრიგი შეიმჩნევა. ის, რაც ფარულად არსებობდა, ახლა ცხადი გახდა და ეს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია.
პოზიტიურად მიმაჩნია ყველა პროცესი, რომელიც საქართველოში სტრუქტურათა მოწესრიგებას განაპირობებს. როგორ ვიწყებ მე მუშაობას? ვამზადებ ჩემს საწერ მაგიდას, ვაწყობ ნივთებს, დღიურებს, დოკუმენტებს, საბეჭდ მანქანას ან პერსონალურ კომპიუტერს. წინ სამუშაო მელის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ვიმუშავებ, მაგრამ სივრცის სტრუქტურიზაცია აუცილებელია. როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან? ვიცხოვროთ და ვნახოთ. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, გამოთქვას აზრი ისე, რომ არ ჩაახშოს სხვისი ხმა ყვირილით, მუქარით ან ეროვნული ინტერესების ღალატის ბრალდებით. უპირველეს ყოვლისა კი, შეაჩერეთ ის ხალხი, ვინც ძალიან ჩქარობს. მე რადიკალური ნაციონალისტების უფლებებზე ვსაუბრობ.
ან შევალიე: ანუ?
მ. მამარდაშვილი: მემარჯვენე ნაციონალისტები არიან გამსახურდიას დაჯგუფების წევრები. სახიფათო ის კი არ არის, რომ ეს დაჯგუფება არსებობს, ის უნდა არსებობდეს, სტრუქტურიზაციის ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, მაგრამ სტრუქტურა ისეთი უნდა იყოს, რომ მათ უფლება არ მიეცეთ, გააჩუმონ სიმართლე საქართველოს პატრიოტული იერის, მისი ისტორიის ან მომავალი საქართველოს სახელით. ამას წინ უნდა აღვუდგეთ. თავად ამ ტენდენციას აქვს არსებობის უფლება. პოლიტიკური სპექტრი ჯერ არ არსებობს, მხოლოდ ცალკეული პიროვნებები ჩანან, რომლებიც ხელის ცეცებით მიიკვლევენ გზას. დღეს ვხედავთ არა პარტიებს, არამედ პიროვნებებს. საჭიროა ყველა პარტია გამოხატავდეს რომელიმე სოციალური ან ეკონომიკური ჯგუფის ინტერესებს, რომლებიც ერთმანეთისგან ინტერესებით და სტატუსით განსხვავებულნი არიან.
ან შევალიე: როგორ ფიქრობთ, ბოლო დღეების მოვლენები ამ პროცესის ერთი ეტაპია?
მ. მამარდაშვილი: იმედი ვიქონიოთ, რომ ასეა. წინ უნდა აღვუდგეთ ფარისეველთა მცდელობას, შეაჩერონ ეს პროცესი. ჩვენ ახლა მოძრაობაში ვიმყოფებით და ეს უნდა გაგრძელდეს. ზუსტად არ ვიცი, საით მივდივართ, მიმართულებას ვიმედოვნებ გზაში გავარკვევთ. მაგრამ არ უნდა შეგვაჩერონ და გვითხრან, რომ “საქართველომ უნდა დაიცვას ქართული სისხლის სიწმინდე”. ნუ ვიჩქარებთ, ეს მხოლოდ მოწიფულ ადამიანებს ესმით. სამწუხაროდ, კულტურული და პოლიტიკურად მომზადებული ადამიანი ირგვლივ ცოტაა. არ მინდა გამოვიყენო სიტყვა “ინტელიგენცია”, რომელსაც ვერ ვიტან, განსაკუთრებით იმ თვითტკბობის ინტონაციით, რომლითაც მას წარმოთქვამენ ხოლმე. განსაკუთრებული აღტაცებით ამ სიტყვას რუსულად წარმოთქვამენ. იგი ევროპულ ენებში არ არსებობს, ჩვენთან კი ლამის სექსუალური, ეროტიული სიამოვნება ახლავს თან. მძულს ეს თვითტკბობის გრძნობა.. მე კომპეტენტურ, მოზრდილ ადამიანებზე მოგახსენებთ. ისინი ცოტანი არიან, რადგან მათი ენერგია სხვა მიმართულებით წარმართეს, თვითგადარჩენის ინსტინქტამდე დაიყვანეს. რასაკვირველია, ქართული ღირსება ცოცხლობს. ჩვენ არ გვსურდა, მიგვეღო ეს ნეხვური, ღატაკური ყოფა, რომლითაც რუსები კმაყოფილები იყვნენ. მათთვის ის მისაღები აღმოჩნდა, ჩვენთვის, ქართველებისთვის კი – არა.
მაგრამ, საბოლოო ჯამში, თითოეული ცდილობს, გადარჩეს დამოუკიდებლად, რადგან ნავში მარტოა თავის ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად. მარტოა, ვის გარეშე? რესპუბლიკის? res publica – ანუ საზოგადოებრივი საქმე, საზოგადოებრივი სივრცე. XIX – XX საუკუნეებში იტალიაში საზოგადოების დაცემის ტენდენცია დაიწყო, დაირღვა საზოგადოებრივი კავშირები და გაბატონდა პრინციპი “ყველა საკუთარი თავისთვის”. ეს ყველაფერი იტალიელებისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობით ხდებოდა. ჩვენთანაც ასეა – ასეთივე მიმზიდველობით დაცურავს ყველა თავისი ნავით და გაურბის, არაფრად აგდებს საზოგადოებრივ ინტერესს.
შეხედეთ თბილისურ სახლებს, ტროტუარებს, საზოგადოებრივ გარემოს – ჭუჭყიანი ჭიშკრები, გაცვეთილი სახლები, ვირთხები და ჩამონგრეული კედლები; ასეთია იგი გარედან. სამაგიეროდ, შიგნით ნახავთ კეთილმოწყობილ სახლებს, ავეჯით და ნივთებით გადატვირთულს, მაღალხარისხიან აპარატურას. ეს ატმოსფერო ქართველის საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას ასახავს, რაც არ გააჩნიათ რუსებს. ის, რაც ჩემს გარშემოა, საკუთარი თავის მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე მეტყველებს. მაგიდაზე ვაფენთ სუფრას და არა გაზეთს. რუსებს შეუძლიათ თევზი გაზეთის ნახევზე შეჭამონ. ნორმალური ქართველი ამას არ გააკეთებს. ნაჭუჭის შიდა მხარე ქართველის საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას, მისი ღირსების გრძნობას ასახავს. ნაჭუჭის მიღმა – ასფალტი და ქუჩებია, ანუ საზოგადოებრივი სივრცე, სამოქალაქო სივრცე, რაც საპირისპიროზე მეტყველებს. ეს არის ფიზიკური სახე იმ სოციალური და სულიერი ფენომენისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველს res publica-ს მიმართ.
მოდით, შევხედოთ ამას მეორე მხრიდან. ჩვენს დემოკრატიას მთავარი წინაპირობა არ გააჩნია. მე უკვე გამოვიყენე სიტყვა – res publica, რაც დემოკრატიული სისტემის პიკს წარმოადგენს. პოლიტიკური დემოკრატია შეუძლებელია საზოგადოებრივი სივრცესთან დამოკიდებულების გარეშე, რასაც res publica ანუ რესპუბლიკური ურთიერთობა ჰქვია. სხვა ვარიანტი გამორიცხულია. შესაძლოა, იყოთ რესპუბლიკელი და მონარქიულ პოლიტიკურ რეჟიმში ცხოვრობდეთ, მაგალითად – ინგლისში.
ეს არაფერს ნიშნავს. ეს დემოკრატიული ფორმა არ არის, მაგრამ დემოკრატიაა, რადგან დემოკრატიის მთავარი არსი “რესპუბლიკური აზროვნებაა”. ჩვენ ეს არ გაგვაჩნია. პარტიები თავისი უფლებებისთვის ზრუნავენ, რაც დემოკრატიის პირველი ნაბიჯი სულაც არ გახლავთ, თუ სიტყვა “ნაბიჯს” არა ქრონოლოგიური, არამედ საწყისის, პირველადის მნიშვნელობით გამოვიყენებთ. პარტიებს შორის პარლამენტში ბრძოლა, მეათე ნაბიჯი შეიძლება იყოს. ეს ყოველივე უსარგებლოა, თუ უკან არ დავბრუნდებით, საწყის წერტილში და არ შევქმნით res publica-ს.
ჩვენ გვჭირდება რესპუბლიკა, რათა შემთხვევითობაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, განსაკუთრებით კი – რუსების გადაწყვეტილებებზე. ჯერჯერობით მათგან თავისუფლები არ ვართ. ანტირუსულ განწყობილებას პოლიტიკური ხასიათი აქვს, რადგან რუსებსა და ქართველებს შორის სიძულვილი არ არის, არანაირი შეტაკება ეროვნულ ნიადაგზე. ყველა არაკეთილმოსურნე სიტყვა მათ მიმართ ნათქვამი, ნებისმიერი ბრძოლა, მხოლოდ პოლიტიკურია. ნაციონალური ნიუანსები აქ არ არსებობს. მათი წარმოჩენა შესაძლოა აფხაზებთან ან ოსებთან მოხდეს, ისიც – უვიცობის ან ისტორიული სიბრმავის გამო.
შეიძლება პრორუსული განწყობილების ბრალდება წამიყენონ, რადგან რუსულად უაქცენტოდ ვლაპარაკობ და ეს უკვე ცუდის ნიშანია.მე დიდხანს ვცხოვრობდი რუსეთში და ბევრს ვწერ როგორც რუსულად, ისე ქართულად, მაგრამ ჩემში ანტირუსული საწყისი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვენს ანტირუს პოლიტიკოსებში, რადგან ისინი გარეშე მტრის ფაქტორებზე მეტისმეტად არიან კონცენტრირებულნი. ეს პოლიტიკური მიმართებაა და ვერც კი ამჩნევენ, რომ რუსების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულება მათგან მომდინარეობს. ამას სამუდამოდ უნდა მოეღოს ბოლო.
არცთუ ცოტა ცოდვა შემოგვრჩა საქართველოს ისტორიიდანაც, რომლებიც ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ. ესეც გვეყოფა, რუსეთის ისტორიის მანკიერებები კი ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო არ არის. მთავარია, მათ გადაწყვეტილებაზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. მათ უფლება აქვთ, საკუთარი ბედი ისე გადაწყვიტონ, როგორც სურთ, ისევ – უარყოფითად და მარცხი განიცადონ ამ გზაზე.
ჩვენი საკუთარი გზა უნდა ვიპოვოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რუსულ დემოკრატიულ და პროგრესულ ძალებთან კონტაქტის დამყარება. აუცილებელი წინაპირობაა გზების ფიზიკური და შინაარსობრივი გაყოფა. გვეყოფა ერთად ტანჯვა და ნეხვში ერთად ცხოვრება.
ან შევალიე: პირადად თქვენ პოლიტიკური ცხოვრების მიღმა დარჩით?
მ. მამარდაშვილი: არა, არც მთლად ასეა. თუმცა საკმაოდ სასაცილო როლი მაქვს – თეატრალურ პერსონაჟს ვგავარ, ისეთს, სცენაზე რომ ერთი წუთით გამოჩნდებიან და მერე ისევ გარბიან, შემდეგ ისევ უმიზეზოდ ვხედავთ მას და ისევ ქრება. ჩვეულებრივ, ეს დიდ სიცილსა და მხიარულებას იწვევს დარბაზში.
ტემპერამენტით და გონებით აქტივისტი არ ვარ. საზოგადოებრივი ორგანიზმის თავკაცობით სიამოვნებას ვერ ვიღებ. აქტივისტი ის ადამიანია, რომელიც მუდამ სხვათა საქმეებით არის დაკავებული. ეს ჩემს ხასიათში არ ზის. თუ რაიმე ამის მსგავსი გამაჩნდა, საბჭოთა წყობილებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩაკლა. კომკავშირული ორგანიზაციის და ნებისმიერი აქტივობის მიმართ სიძულვილი მთელი ცხოვრება თან მდევდა. სინამდვილეში ეს საქმიანობა მრავალ ამოცანას მოიცავს, ადამიანების დახმარებას გულისხმობს. ეს მესმის, მაგრამ ჩემი თავი აქტივისტის როლში ვერ წარმომიდგენია. ფილოსოფოსს მარტოობა და სიწყნარე სჭირდება. თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩავებმები, აზროვნებისთვის აუცილებელ სიჩუმეს და მარტოობას უნდა შეველიო.
ამავე დროს, რასაც მე ვაკეთებ, ეს პოლიტიკაა, რადგან ვამბობ იმას, რასაც ვხედავ, გამოვხატავ ჩემს აზრებს – ჩემი საუბარი ხომ პოლიტიკური აქცენტებისგან შედგება. ვიღაც ჩემი პოლიტიკური ოპონენტი ხდება, ვიღაც პოლიტიკური მეგობარი. ამ თვალსაზრისით, მეც ჩართული ვარ პოლიტიკურ მოღვაწეობაში. არ ვესწრები ეროვნული ფრონტის კრებებს და კომუნისტური პარტიის წევრი ვარ.
ან შევალიე: ისევ კომუნისტური პარტიის წევრი ხართ?
მ. მამარდაშვილი: ჩემი პარტიაში ყოფნა პოლიტიკური აქტი არ არის და ვერც ჩემს პარტბილეთს მივანიჭებ პოლიტიკურ ფუნქციას. არ ვთვლი საჭიროდ, ეს ავუხსნა იმ ადამიანებს, ვინც პარტბილეთები გადაყარა. არ მაღელვებს, რას ფიქრობენ ჩემზე. არსებობს გარე და შიდა პარტიულობა. ენაც ორია – შიდა პარტიისთვის და გარე პარტიისთვის. თუ შენ შიდა პარტიას არ ეკუთვნი, პოლიტიკური აზრით, შენ სულაც არ ხარ პარტიის წევრი.
ახლა პარტიიდან გამოსვლა ნიშნავს, პოლიტიკური მნიშვნელობა მივანიჭო იმას, რაც არასდროს ყოფილა. პარტიულობა რაღაც სოციალური დაზღვევის მსგავსი იყო მაშინ. ამიტომ შევედი. ჩემი იქ შესვლა თავისებური სამუშაო მაგიდის მომზადება იყო, რადგან ფილოსოფიურ ჟურნალებთან თანამშრომლობას ვაპირებდი. ფილოსოფოსის საქმიანობა ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო, თანამშრომლობა კი – პარტბილეთის გარეშე. სულაც არ ვჩივი, ეს ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილა და არც პარტიის აცრემლებულ მსხვერპლად მომაქვს თავი.
მე ქართველი ვარ, ფილოსოფოსი. სიყმაწვილიდან შინაგან ემიგრაციაში ვიმყოფები. კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო ჯაშუში. წარმატებული ჯაშუშური საქმიანობისთვის, და არცთუ იშვიათად ეს შემოქმედებისთვის აუცილებელი პირობაა, ძალიან ჰგავდე გარშემო მყოფებს. ფლობერი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ის მეშჩანია (ფილისტერი), რაც მას აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევს ლიტერატურულ მოღვაწეობაში. დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანის მანტიის ტარებას მეტისმეტად ბევრი ენერგია მიაქვს. შეიძლება ჰიპი გახდეთ, მაგრამ ამის უკან პრიმიტიული აზროვნება იმალება. რამდენი დრო უნდა დახარჯო სარკის წინ, რომ ასეთი გაწეწილი გამოიყურებოდე. დარჩე შეუმჩნეველი და არ დაკარგო თავისუფლება: ეს იმდენად რთული ამოცანაა, მთელი სასიცოცხლო ძალები სჭირდება და თეატრალური ჟესტებისთვის ენერგია არ რჩება. მე პირადად თეატრალურობისკენ მიდრეკილი არ ვარ.
ან შევალიე: მინდა, კიდევ ერთ საკითხზე გკითხოთ აზრი – როგორ ახსნით რუსეთისა და საქართველოს გულგრილ დამოკიდებულებას გერმანიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ?
მ. მამარდაშვილი: მართალი ბრძანდებით. ეს პრობლემა რომ გაინტერესებდეს, ევროპაში უნდა ცხოვრობდე, არა – გეოგრაფიულად, არამედ ევროპული ცხოვრების წესით. ევროპაში ეს აღელვებთ იმიტომ, რომ მიღებული გადაწყვეტილება საერთოევროპულ მომავალზე აისახება. ეს ჩვენთვის მარსიანული ისტორიაა. ენა კი საერთო გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ.
ან შევალიე: და მაინც, გაისმის ფრაზა: ევროპის ნაწილი ვართო.
მ. მამარდაშვილი: ეს ჩვენი შინაგანი ცხოვრების ძალიან სერიოზული ფენომენია, რადგან ჩვენ თავად არ გვაქვს სინამდვილის საერთო საზომი. თქვენი ენით ვსარგებლობთ, მაგრამ ჩვენი სინამდვილე არ შეესატყვისება თქვენსას. პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროს გაჩნდა, რამაც რუსეთის ისტორიული თუ პოლიტიკური გზის არჩევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ასეთია ცნობიერების დეფორმირებული სტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ელემენტი.
საერთოდ, თავი და სხეული ერთი ბუნების არიან და ინფორმაცია, რომელიც სხეულიდან თავს გადაეცემა, ერთგვაროვანია. მოდით, მეტაფორულად ასე ჩამოვაყალიბოთ: თავი (სადაც ხდება იმის გაცნობიერება, რაც სხეულს ემართება) და სხეული თავიანთი ბუნებით განსხვავდებიან – ასეთი მდგომარეობაა საბჭოთა კავშირის ხალხების და რუსეთის შემთხვევაში.
რუსი ინტელიგენციის ტრაგედია ისაა, რომ ენას, რისი საშუალებითაც მოვლენების გააზრება ხდება, არაფერი აქვს საერთო ამ მოვლენების არსთან და ეს მათთვის გაუგებარია. ჩვენთვის სულერთია, რა ხდება გერმანიაში. თქვენ ეს პარადოქსალურად გეჩვენებათ, რადგან თვლით, რომ თუ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი, ერთი სინამდვილე გვაქვს, ანუ ენის საერთო ეკვივალენტი გაგვაჩნია. ცდებით – სინამდვილის ნაწილი უნდა იყო, რომ ეს სინამდვილე გაღელვებდეს.
ახლახან აკრძალული სიტყვები “დემოკრატია” და “კერძო საკუთრება” გაათავისუფლეს ისე, როგორც ახალ აღთქმაში დემონების განდევნა მოხდა. ახლა ამ სიტყვების წარმოთქმა შეიძლება, მაგრამ გამოხატავენ კი ისინი კონკრეტულ რეალობას? არა, მათ სულში ფესვი არ აქვთ გადგმული. ასეთია საბჭოთა ადამიანების სამოქალაქო ცნობიერება.
ან შევალიე: დავუბრუნდეთ პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში, სადაც გამსახურდია მთავარ როლს ასრულებს. როგორ შეაფასებდით მის მოღვაწეობას?
მ. მამარდაშვილი: გამსახურდიას მოღვაწეობა, ფაქტობრივად, დემოკრატიული გარდაქმნების დესტრუქტურიზაციაში გამოიხატება. სიტუაციის დესტაბილიზაციის გზით, გამსახურდია ცდილობს, ხალხის დაუოკებელი მღელვარება, ადამიანური ვნებები გამოიყენოს, ის, რაც ჰაერში ტრიალებს. მაგრამ ის პოლიტიკოსი არ არის, მხოლოდ თავისუფლებას მოყოლილი ემოციებით იკვებება.
თუ სიტუაციას გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ აწმყო ახალგაზრდებს ეკუთვნის. ეროვნულ მოძრაობაში ცოტაა მოწიფული ადამიანი, და ისინიც დიდად აქტიურები არ არიან. მხოლოდ ოცდაათ წლამდე ახალგაზრდები, უფროსები უკვე მიეჩვივნენ წინააღმდეგობის გაწევას იატაკქვეშეთში ან პროფესიული შინაგანი მოღვაწეობით. კინემატოგრაფია ამის მაგალითია. მათთვის ცნობილია იატაკქვეშეთის კანონები, იციან, როგორ მიიყვანონ საქმე ბოლომდე. ისინი ამ ბრძოლაში გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ.
იფიქრებდა ადამიანი პოლიტიკურ ბრძოლაზე, მაგრამ სივრცე გაივსო ვნებებით, ემოციებით, ამბიციებით. მოწიფულობა ნაკლად იქცა, რადგან უფროსები მობეზრდათ. ჩემი ფილოსოფიის ერთგული ვრჩები და გავურბივარ პოლიტიკაზე საუბარს ახალგაზრდებთან; უნებურად უფროსი თაობის კაცი ვხდები, ვინც მათ დაუსრულებლად რჩევა-დარიგებებს აძლევს. მათი მესმის – უფროსი თაობა მათთვის სიცოცხლესთან არ ასოცირდება. არ მინდა ვიყო იქ, სადაც ჩემი ნახვა არ სურთ. სურვილის არქონა ჯაშუშის ცხოვრების ერთი უდიადესი კანონია, რაზეც უკვე ვისაუბრე და რომელიც მე მეკუთვნის.
თარგმნა ლიკა ბერძენიშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი